„კოვიდ-19-ით შეიძლება 10-ჯერ მეტი ადამიანი დაიღუპოს, ვიდრე იღუპება გრიპის ვირუსით... ბოლომდე არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ვირუსი დასუსტდა“ - ინფექციონისტის პასუხები აქტუალურ კითხვებზე
„კოვიდ-19-ით შეიძლება 10-ჯერ მეტი ადამიანი დაიღუპოს, ვიდრე იღუპება გრიპის ვირუსით... ბოლომდე არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ვირუსი დასუსტდა“ - ინფექციონისტის პასუხები აქტუალურ კითხვებზე
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები დღითიდღე მატულობს. იმ ფონზე, რომ ქვეყანას არცთუ ძლიერი ჯანდაცვის სისტემა აქვს, ეს ციფრები, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია. ერთი მხრივ, არსებობს საშიშროება, რომ დაავადებულ ადამიანებს სისტემა ვეღარ გაწვდეს, მეორე მხრივ, ვრცელდება დამაიმედებელი ცნობებიც, რომ ვირუსი ისეთი აგრესიული აღარ არის და ადამიანები გაცილებით სწრაფად ჯანმრთელდებიან. სინამდვილეში, რა შეიცვალა კორონავირუსთან მიმართებაში ბოლო თვეების განმავლობაში, რამდენად უსაფრთხოა ბინაზე მკურნალობა და მართლაც ნაკლებად გადამდებნი არიან თუ არა ბავშვები - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ექიმი ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა გვესაუბრება.

- ბოლომდე არ
ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ვირუსი დასუსტდა და უფრო მსუბუქად მიმდინარეობს. მსოფლიო სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ლეტალობა, შედარებით, შემცირებულია, რაც რამდენიმე ფაქტორითაა გამოწვეული: ერთი ის, რომ შეიძლება ვირუსი ნაკლებად აგრესიულად მიმდინარეობდეს და მეორე ის, რომ თავად მკურნალობისა და დაავადების მართვის მეთოდები დაიხვეწა. რაც შეეხება საქართველოს სტატისტიკას, ჩვენთანაც შეინიშნება ტენდენცია, რომ დაავადება მეტ-ნაკლებად უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ იმის თქმა, რომ სურათი გაცილებით განსხვავებულია, გაზაფხულთან შედარებით, არ შეგვიძლია.

- პაციენტების ნაწილს მკურნალობის გავლა ბინაზე უწევს. გვახსოვს ექიმების განცხადებები, რომ კორონავირუსით გამოწვეულ პნევმონიას მხოლოდ კომპიუტერული ტომოგრაფიით ადგენდნენ. ბინაზე მყოფ პაციენტს ვინ გაუკონტროლებს გართულებას?

- ბინაზე რჩებიან პაციენტები, რომლებსაც არ აღენიშნებათ სიცხე, არ აქვთ საერთo სისუსტე, ფონური დაავადება, სუნთქვის უკმარისობა, ხველა. ეს სიმპტომები
მიუთითებს, რომ ასეთ პაციენტებს არ აქვთ პნევმონია. მსუბუქ პაციენტებთან მსგავსი კვლევა თუ არ ჩატარდება, ამით არაფერი დაშავდება იმიტომ, რომ 99 %-თან მძიმე ორმხრივი პნევმონია არ ვითარდება. ხოლო, დანარჩენი პაციენტები, ვისაც ჩემ მიერ ჩამოთვლილი სიმპტომები აქვთ, ხვდებიან სტაციონარში, უტარდებათ კომპიუტერული ტომოგრაფია და თუ არ აღენიშნებათ დაზიანება, გადადიან ბინაზე ან სპეციალურ საკარანტინე ზონებში. ამიტომ, სწორად უნდა მოხდეს პაციენტების შერჩევა. გარდა ამისა, ის ადამიანები, რომლებიც სახლში მკურნალობენ, სპეციალურად გადამზადებული ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან, რომლებსაც აქვთ იმის უნარი, რომ კლინიკურად მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, დროულად მოახდინონ პაციენტის შეფასება და სტაციონარში გადმოყვანა. ამიტომ, მსუბუქი პაციენტების ბინაზე დატოვება საშიში არ არის.

- პაციენტები აღნიშნავენ, რომ გამუდმებით უკონტროლებენ სისხლს და სისხლის გამათხელებლებს უკეთებენ. სახლში მყოფ პაციენტებს ეს მომსახურება არ სჭირდებათ?

- როგორც აღვნიშნე, სახლში უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტები რჩებიან. მათთან ეს პრობლემა ნაკლებადაა. დაავადებას შემდედებელი სისტემის დაზიანება ახასიათებს, ანუ იწვევს სისხლის შედედებას და თრომბების წარმოქმნას, ამიტომ, იმ საშუალო და მძიმე პაციენტებისთვის, ვინც სტაციონარშია, აქვთ პნევმონია და ცხელება, აუცილებელია, რომ კლინიკური ჩვენების მიხედვით, სპეციალური შედედების საწინააღმდეგო პრეპარატი გაკეთდეს.

- საქართველოში უკვე იწყება გრიპის სეზონი და ვიცით, რომ გრიპის ვირუსს და კორონავირუსს მსგავსი სიმპტომები აქვთ. თუნდაც ოდნავ მომატებული ტემპერატურა უკვე საკმარისი მიზეზია კორონავირუსზე ტესტის ჩასატარებლად?

- თუ ტემპერატურა 37-ია და თან პაციენტს სხვა სიმპტომებიც ახლავს მაგ შემთხვევაში, კი. თუ 37,3-ს აცდა და პაციენტს აქვს შემცივნება, დისკომფორტი, სახსრების ტკივილი, ყელის ტკივილი, ხველა, ყნოსვისა და გემოვნების დაქვეითებადა სიმპტომები 2-3 დღეზე მეტხანს გაგრძელდა, აუცილებელია, რომ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს. სხვა შემთხვევებში, ჯობს, რომ ჯერ იზოლაციაში იყვნენ, მოერიდონ სხვა ადამიანებთან კონტაქტს და გააკონტროლონ კლინიკური მდგომარეობა, ტემპერატურის გაზომვით და ზოგადი მდგომარეობის შეფასებით. 2-3 დღეში თუ კვლავ გრძელდება ტემპერატურა და სხვა სიმტომები, მნიშვნელოვანია დროულად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს. ჩემი რეკომენდაცია იქნება, იმ 2-3 დღის განმავლობაში მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნას, რათა მაინც თავი დავიზღვიოთ, რომ თუ დაავადება გვაქვს, სხვას არ გადავდოთ.

- კიდევ ერთხელ რომ ჩამოვთვალოთ სიმპტომები, რა დროსაც ადამიანმა კორონავირუსის არსებობაზე უნდა მიიტანოს ეჭვი?

- რესპირაციული ინფექციების სიმპტომები მეტ-ნაკლებად ერთნაირია. კორონავირუსს მაინც ყველაზე მეტად ახასიათებს ტემპერატურის მომატება. ასევე შეიძლება გამოვლინდეს მშრალი ხველით, ყნოსვისა და გემოვნების დაქვეითებით, შეიძლება თან ახლდეს ყელის და ზურგის კუნთების ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, ბავშვებში მუცლის ტკივილი, დიარეა. იშვიათად, რომ მხოლოდ ერთი სიმპტომი ჰქონდეს ადამიანს, ხშირ შემთხვევაში 2-3 სიმპტომი მაინც ახლავს ხოლმე დაავადებას. ამიტომ, თუ კომბინირებულად რამდენიმე მათგანი მაინც გექნებათ და ეს გახანგრძლივდება 2-3 დღეზე მეტხანს, აუცილებელია, რომ მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას.

- მართალია, რომ მცირეწლოვანი ბავშვისგან გადადებული ვირუსი უფრო სუსტად მიდინარეობს ზრდასრულებში?

- მცირეწლოვანი ბავშვებიდან ვირუსის გადადება ზრდასრულებისთვის უფრო იშვიათია. თუმცა, დაავადების სიმძიმეზე არ მოქმედებს, პაციენტს ბავშვისგან გადაედო თუ უფროსისგან.

- ძირითადად, სიმპტომების გამოვლენიდან, მსუბუქი ფორმით დაწყებული დაავადება რამდენ დღეში მძიმდება ხოლმე?

-ინდივიდუალურია, თუმცა შეიძლება ფონური დაავადების მქონე პაციენტებში დაავადების დაწყებიდან მეორე-მესამე დღეს გამოვლინდეს პნევმონია და სუნთქვის უკმარისობა. არის შემთხვევები, როდესაც დაავადება პროგრესირებს მეექვსე- მეშვიდე დღის შემდეგ. პირველიდან რვა დღის ჩათვლით დაახლოებით 90 %-ში თანაბრად მოსალოდნელია, რომ დაავადება დამძიმდეს. 10 დღის გასვლის შემდეგ მდგომარეობის დამძიმების ძალიან იშვიათი შემთხვევებია.

- 30-50 წლის ადამინების უმრავლესობას შეიძება არ ჰქონდეს დიაგნოსტირებული რომელიმე ქრონიკული დაავადება, მაგრამ დღეს თითქმის არავის აქვს იდეალური ჯანმრთელობა. რაღაც პერიოდულობით ბევრს აწუხებს, წნევა, გულის აჩქარება, ზედმეტი წონა... ეს ყველაფერი უკვე რისკია, რომ კორონავირუსი გართულებებით ჩაივლის?

- არტერიული ჰიპერტენზია და ზოგადად, გულ-სისხლძარღვთადაავადებები, მათ შორის, დიაბეტი, ბრონქული ასთმა, თირკმლის უკმარისობა, ღვიძლის ქრონიკული დაავადებები კორონავირუსის მძიმე მიმდინარეობის ფაქტორებია. ასევე, საკმაოდ სერიოზული კვლევებია იმის თაობაზე, რომ ჭარბი წონა დაავადების მძიმე მიმდინარეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა, მათ შორის, ახალგაზრდა ასაკშიც.

- თუ ყოფილა შემთხვევა, რომ პაციენტები, რომლებსაც მანამდე განსაკუთრებულად არც ერთი დაავადება არ აწუხებდათ, მაინც დამძიმდნენ და მათი გადარჩენა გართულდა ან ლეტალურად დასრულდა?

- მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, ახალგაზრდებშიც შეიძლება მძიმედ წავიდეს დაავადება და, სამწუხაროდ, ფატალურად დასრულდეს. საქართველოშიც ყოფილა შემთხვევები, როდესაც შედარებით ახალგაზრდა, 40-50 წლის ადამიანებში მძიმედ განვითარებულა დაავადება და ერთეულ შემთხვევებში იყო ფატალური გამოსავალიც, მაგრამ პროცენტულად ეს არის ძალიან ცოტა. თუმცა, თეორიული შანსი არსებობს. ზოგადად, ყველა დაავადებას და არა მარტო კორონავირუსს,შეუძლია, რომ გარკვეულ შემთხვევებში მძიმედ განვითარდეს. ეს დამოკიდებულია ადამიანის იმუნურ პასუხზე, ვირუსის რაოდენობაზე, ვირულენტობასა და აგრესიულობაზე. ჯანმრთელობის შეფასებისას, შესაძლოა პაციენტს არ ჰქონდეს ასაკი, სხვადასხვა ქრონიკული დაავადება, მაგრამ შეიძლება ჰქონდეს იმუნური სისტემის დარღვევა, რაც არ არის დიაგნოსტირებული, მაგრამ დაავადების განვითარების დროს, შესაძლოა, რომ ამან მძიმე მიმდინარეობა განაპირობოს.

- მოსახლეობის ნაწილს საერთოდ არ სჯერა ვირუსის, ნაწილს კი პანიკურად ეშინია მისი. თუ გქონიათ შემთხვევა, რომ შიშისა და გადამეტებული შფოთის გამო ადამინებს სიცხე ან სუნთქვის გაძნელება ჰქონოდათ და ეჭვი კორონავირუსზე მიიტანეს?

-ძალიან ბევრი ასეთი შემთხვევა გვქონია, როდესაც ადამიანს კორონავირუსის პანიკური შიში აქვს და ემოციურ ფონზე ტემპერატურა 38 გრადუსამდეც კი მომატებია. თუმცა, შემდეგ დაგვიმშვიდებია და აღმოჩენილა, რომ მას ვირუსი არ აქვს. ორი პოლუსია. ერთი, ვისაც არ სჯერა დაავადების არსებობის, მეორე, ვისაც პანიკურად ეშინია. მე მინდა, საზოგადოების ორივე ნაწილს მივმართო და მოვუწოდო, რომ პირველ რიგში, კორონავირუსი არსებობს და ეს ჩვენი რეალობის ნაწილია, არის ვირუსული ინფექცია, რომელსაც არ აქვს ფატალობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი. დაახლოებით, 1-დან 3 პროცენტამდეა ლეტალობა. ამიტომ, თუ ჩვენ სწორი ინფორმაცია გვექნება კორონავირუსის შესახებ, ბევრად უფრო გაგვიადვილდება ამ დაავადებასთან ბრძოლა. გვქონდეს ინფორმაცია, არ გვეშინოდეს ვირუსის, თუმცა, ვიყოთ ფრთხილად და გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რასაც სპეციალისტები გვაძლევენ.ეს დაგვეხმარება, რომ დაავადება რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით და დროულად დავამარცხოთ.

- ადამიანების ნაწილი აღნიშნავს, რომ ეს ჩვეულებრივი გრიპია, უსაფუძვლოდ ვარქმევთ "კორონავირუსს" და ხელოვნურად ვქმნით შიშს. რა განასხვავებს მას ჩვეულებრივი გრიპისგან და რატომ უნდა იყვნენ ადამიანები შედარებით უფრო ფრთხილად?

-პირველ რიგში, ვიზუალურად გრიპის ვირუსი და კორონავირუსი საკმაოდ განსხვავებულად გამოიყურებიან. სხვადასხვა ოჯახს მიეკუთვნებიან. საერთო, გარდა იმისა, რომ ორივეს შეუძლია მეტ-ნაკლებად მსგავსი სიმპტომების გამოწვევა, არ აქვთ.SARS-CoV-2 არის ახალი ვირუსი, რომელიც 2019 წლის დეკემბერში იქნა აღმოჩენილი. მანამდე ეს ვირუსი არასდროს ყოფილა რაიმე დაავადების გამომწვევი, თუმცა სხვა კორონავირუსებმა 2003 და 2012 წელს საკმაოდ სერიოზული ეპიდემია გამოიწვია. ხოლო ახალმა კორონავირუსმა შეძლო და პანდემია გამოიწვია მსოფლიოში. ამიტომ, ეს ვირუსი ნამდვილად განსხვავებულია სხვა ვირუსებისგან, მათ შორის, გრიპის ვირუსისგან. შედარებისთვის, გრიპის ვირუსს დაახლოებით 0,1 %-მდე აქვს ლეტალობა, ხოლო კორონავირუსს მინიმუმ 1 % პროცენტი. ამიტომ, კოვიდ-19-ით შეიძლება 10-ჯერ მეტი ადამიანი დაიღუპოს, ვიდრე იღუპება გრიპის ვირუსით. თან, ისიც აღსანიშნავია, რომ ბევრად უფრო რთულად მიმდინარეობს ასაკოვან ადამიანებში, ვიდრე გრიპის ვირუსით გამოწვეული ინფექცია.

- შინ მყოფი პაციენტებიდან ბევრს სჭირდება მოგვიანებით ჰოსპიტალიზაცია?

-ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა საქართველოში ძალიან იშვიათია შემთხვევები, როცა პაციენტები ბინაზე დარჩნენ სამკურნალოდ და შემდეგ გახდა მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო. ჯერჯერობით საქართველოში არის იმის რესურსი, რომ ყველა იმ ადამიანი, ვისაც სჭირდება, დროულად იყოს გადაყვანილისტაციონარში. თუმცა, ევროპასა და ამერიკაში ამის პრობლემა იყო. ხშირ შემთხვევაში დამძიმების დროსაც კი ვერ ხერხდებოდა დროული სტაციონირება. ჩვენთან ასეთი სიტუაცია არ არის, მაგრამ თუ ეპიდსიტუაციას არ გავუფრთხილდებით და არ დავიცავთ წესებს, თეორიულად შესაძლებელია, რომ მოხდეს ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა, რაც, პირველ რიგში, ძალიან ცუდი იქნება პაციენტებისთვის. ამიტომ, მოსახლეობას მოვუწოდებ, რომ მეტად მოუსმინონ სპეციალისტებს და გაითვალისწინონ მათი რჩევები.

- თბილისის ინფექციური საავადმყოფო უკვე გადატვირთულია?

- ჩვენი კლინიკა, ამ ეტაპზე, ფაქტობრივად, სრული დატვირთვით მუშაობს. ნაწილში რემონტი მიმდინარეობს, ხოლო დანარჩენი ნაწილები თითქმის სავსეა.

- პაციენტები უფრო მალე ჯანმრთელდებიან, ვიდრე 6-7 თვის წინ?

- პაციენტების გამოჯანმრთელების პროტოკოლი შეიცვალა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამოვლენიდან 10 დღის შემდეგ უკვე ადამიანი გადამდები აღარ არის. ამიტომ, თუ პაციენტს არ აღენიშნება ბოლო 3 დღის განმავლობაში არანაირი სიმპტომი და გასულია უკვე სტაციონარიზაციიდან 10 დღე, მისი ბინაზე გაწერა თავისუფლადაა შესაძლებელი. ამიტომ, გაწერის კრიტერიუმებმა მოგვცა შესაძლებლობა, რომ უფრო ადრე მოვახერხოთ ადამიანების ბინაზე გაშვება.

- რა შეგიძლიათ უთხრათ, ერთი მხრივ, იმ ადამიანებს, ვისაც კორონავირუსის არსებობის არ სჯერა და, მეორე მხრივ, მათ, ვისაც პანიკურად ეშინია?

- იმ ადამიანებს, ვისაც განსაკუთრებულად ეშინია კორონავირუსის, მინდა ვუთხრა, რომ არ შეეშინდეთ. კაცობრიობა შეძლებს, რომ ეს გამოწვევა, რასაც ახალი კორონავირუსული ინფექცია ჰქვია, დაამარცხოს. ეს არის ვირუსული ინფექცია, რომლის მართვა, სწორი ინფორმაციის შემთხვევაში, შესაძლებელია. ხოლო, იმ ადამიანებს, ვისაც არ სჯერა, მინდა ვთხოვო, რომ დაიჯერონ. თუ არ დაიჯერებენ, მაინც გაითვალისწინონ რეკომენდაციები იმიტომ, რომ ჩვენ მხოლოდ ჩვენს ჯანმრთელობაზე არ ვართ პასუხისმგებლები. ჩვენ პასუხს ვაგებთ ოჯახის წევრების წინაშეც და, ზოგადად, გვაქვს მოქალაქეობრივი ვალი, რომ გავიფრთხილდეთ სხვა ადამიანებს. თუ ერთი ადამიანი არ დაიცავს წესებს, მას სხვების დაინფიცირება შეუძლია. ამიტომ, იმის მიუხედავად, ეთანხმებით თუ არა რეკომენდაციებს, გთხოვთ, რომ გამოიჩინონთ მეტი გულისხმიერება და პანდემიის კიდევ უფრო აგრესიული მიმდინარეობისგანდაიცვათ როგორც საკუთარი თავი, ასევე ირგვლივ მყოფები.

თამარ იაკობაშვილი

4141
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
ნანა
2
სახლში მკურნალობის დროს ოჯახის ექიმის კომპეტენცია იზრდება და მნიშვნელოვანია, არიან კი ისინი მზად ასეთი გამოწვევისთვის აქვთ სათანადო ცოდნა და გამოცდილება? ოთხი უბნის პოლიკნილიკა გამოვიცვალე როცა დამჭირდა ყველგან სავალალო მდგომარეობაა ციდნის მხროვ.. ხელს ნუ დავაფარებთ და ძირითადად საჭორაოდ სხედან, ვენიდან სისხლს ვერ იღებენ და გადასხმას ვერ აკეთებენ.... რეტგენი ვერ გაურჩევიათ,ზოგან არც აქვთ..სამაგიეროდ ენები აქვთ ალესილი დაცწაგრძელებული.
21:32 / 18-10-2020
kolxi
0
რას წერ თუ ღმერთი გწამს? ვინ რა აღიარა?შვედეთის მაგალითმა არ გაამართლაო ვერ გაიგე? სანამ უამრავი ხალხი არ გარდაეცვალათ,ვერ მიხვდნენ,რომ საჭირო ყოფილა შეზღუდვებიც,პირბადეებიც და კარანტინებიც.
21:03 / 14-10-2020
მსგავსი სიახლეები