შეიძინეთ ბავშვის თანდასწრებით
ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, ამიტომ მისი ფეხის ზომა რაც უნდა კარგად იცოდეთ, მაინც უნდა მოაზომოთ. შეიძლება, უბრალოდ, მოდელი არ მოერგოს ფეხს.
რომ გადაამოწმოთ, მართლაც მოერგო თუ არა ბავშვს შერჩეული ფეხსაცმელი, ტერფსაზომი გამოიყენეთ ან ამოიღეთ ფეხსაცმლიდან ტერფსაფენი და ბავშვის ტერფს დააზომეთ. ის 1-1,5 სანტიმეტრით გრძელი უნდა იყოს ფეხზე, რათა ცხელ ამინდებში
თუ ერთი ტერფი მეორეზე ოდნავ დიდია, იმ ზომის ფეხსაცმელი იყიდეთ, რომელიც დიდ ფეხს მოერგება. დაშვებულია მხოლოდ ერთი ზომით დიდი ფეხსაცმლის ტარება. უფრო დიდი ზომა, რომელსაც მშობლები ხშირად ყიდულობენ, რადგან ბავშვს ფეხი სწრაფად ეზრდება, დაუშვებელია. ამას შეიძლება ორთოპედიული დარღვევები მოჰყვეს ან ბავშვს სიარულის მანერა დაუმახინჯოს.
ზომის შერჩევაში რომ არ მოტყუვდეთ, ფიზიოლოგირი თავისებურებებიც გათვალისწინეთ: ფეხსაცმლის ყიდვა დღის მეორე ნახევარში უფრო გამართლებულია (ამ დროს ფეხი უკვე გაფართოებულია), მოსასინჯად კი აუცილებლად ფეხზე მდგარ ბავშვს ჩააცვით.
მოხერხებული ფეხსაცმელი
ხარისხიანი საბავშვო ფეხსაცმელი ნატურალური ტყავისგან, ბუნებრივი ქსოვილისგან მზადდება. ხელი ჩაყავით ფეხსაცმელში და დარწმუნდით, რომ შემაწუხებელი ნაკერები და ნაკეცები არ აქვს.
ბავშვს სიარულის მანერა ჯერ კარგად ჩამოყალიბებული არა აქვს, ამიტომ ხშირად ეცემა. ტრავმები რომ თავიდან ავიცილოთ, ამ დროს ფეხსაცმელი მტკიცედ უნდა აკავებდეს ბავშვის კოჭს და სახსარს. მაღალი უნდა იყოს ქუსლის მხარეც, მინიმუმ კოჭამდე მაინც. აუცილებელია 5-10 მმ სიმაღლის ქუსლიც.
ღია ფეხსაცმელი, ე.წ. შლოპანცი და ბასანოჟკები ორთოპედთა მიერ დაშვებულია მხოლოდ 8 წლიდან, ისიც იმ შემთხვევში, თუ ბავშვს ორთოპედიული პრობლემა არ ჰქონია.
ნახმარი ფეხსაცმელი
კარგი ფეხსაცმელი ძვირია, ამიტომ ბავშვებს ხშირად ერთმანეთის გამონაცვალი აცვიათ. ხშირად მშობელი მეორად ფეხსაცმელსაც ყიდულობს. ორთოპედები ნახმარი ფეხსაცმლის კატეგორიული წინააღმდეგები არიან. სხვის ფეხსაცმელს ძველი მფლობელის ტერფის ფორმა აქვს მიღებული და შეიძლება ის თქვენს შვილს სულაც არ შეეფერებოდეს. თანაც ნახმარი ფეხსაცმელი კოჭს ცუდად აფიქსირებს.
ნუ ეძებთ სუპინატორიან ფეხსაცმელს
ხშირად მშობლები იმ მოდელებს ანიჭებენ უპირატესობას, რომლებსაც სუპინატორი მოჰყვება. არადა სუპინატორი ორთოპედიული საშუალებაა და მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევებისას ინიშნება. მით უმეტეს 6 წლამდე სუპინატორის ხმარება ორთოპედის დანიშნულების გარეშე სულაც არაა სასურველი.
თუ ბავშვს ორთოპედიული ფეხსაცმელი სჭირდება, ის სპეციალურ მაღაზიაში უნდა შეიძინოთ და ექიმის დაკვირვების ქვეშ უნდა გამოიყენოთ. საერთოდაც, როცა ბავშვი სიარულს დაიწყებს (მანამდეც არ იქნება ურიგო), სასურველია, ორთოპედთან გაიაროთ კონსულტაცია მისთვის ყველაზე შესაფერისი ფეხსაცმლის შესარჩევად.