უკვე საყოველთაოდ ცნობილია, რომ კოვიდინფექციის ყველაზე ხშირი მძიმე გართულება თრომბოემბოლიაა, რადგან ვირუსი სისხლის შედედების სისტემას არღვევს. ამიტომ პაციენტები მუდმივად მწოლიარე მდგომარეობაში არ უნდა იყვნენ, უნდა იარონ ოთახში, ეცადონ, იმოძრაონ, თუმცა ამაში ვარჯიში და აქტიური ფიზიკური დატვირთვა არ იგულისხმება. "შეუძლიათ რამდენიმე ბუქნი გააკეთონ. მუდმივად არ უნდა იწვნენ. ერთი 24-საათიანი წოლის რეჟიმიც კი დიდი რისკია. თუკი პაციენტი მწოლიარეა, მას პერიოდულად პოზიციას უცვლიან, ატრიალებენ და მათ პროფილაქტიკისთვის, დაბალი დოზით უკეთებენ დაბალ მოლეკულურ ჰეპარინს, ე.წ. სისხლის გამათხელებელს“ - აცხადებს ირმა კვიცარიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას. ორ საათში ერთხელ უნდა გაანიავონ ოთახი. ტემპერატურა უნდა გაიზომონ დღეში მინიმუმ, სამჯერ და მონაცემები ოჯახის ექიმს გააცნონ. COVID-ით ინფიცირებისას ფილტვის ვენტილაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამიტომ პაციენტებმა საათში ერთხელ თითო ბუშტი უნდა გაბერონ. თუკი პაციენტს დიაბეტი აწუხებს, ინფიცირების შემთხვევაში არ ჭამოს ხილი, რადგან ვირუსი პანკრეასზე ახდენს მძიმე გავლენას. მიიღეთ რაც შეიძლება ბევრი სითხე.