"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდი რაოდენობით სითხის მიღება და ფიზიკური აქტივობის შენარჩუნება" - ეპიდემიოლოგის შეფასება საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე
"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდი რაოდენობით სითხის მიღება და ფიზიკური აქტივობის შენარჩუნება" - ეპიდემიოლოგის შეფასება საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე
საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მზარდი სტატისტიკა შეინიშნება. ვირუსი მხოლოდ ერთ კონკრეტულ რეგიონში კი არა, საქართველოს ყველა მხარეშია გავრცელებული. ძალიან ბევრი პაციენტი ბინაზე მკურნალობს. ზოგიერთი აღნიშნავს, რომ რესურსები უკვე არასაკმარისია და სათანადო მომსახურებას ვეღარ იღებენ. ამ ფონზე, არსებობს მოსაზრება, რომ ვირუსის მიმდინარეობა, გაზაფხულთან შედარებით, შესუსტებულია. საუბრობენ, რომ ახლა უფრო მეტი უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტია, ვიდრე წინა თვეებში. რამდენად სარწმუნოა მსგავსი დამოკიდებულება, რა შემთხვევაში ითვლება ადამიანი უსიმპტომო პაციენტად და როგორ უნდა მიიტანოს ეჭვი კორონავირუსზე - ყველაზე აქტუალურ კითხვებს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური
იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ექიმი ეპიდემიოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, "საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის" თავმჯდომარე ოთარ ჩოკოშვილი უპასუხებს:

- სხვადასხვა კვლევა ჩატარდა და ყველა ქვეყანა განსხვავებულ მონაცემს აფიქსირებს უსიმპტომო პაციენტების შესახებ. ზოგიერთი ამბობს, რომ მათი რიცხვი საშუალოდ 20-30%-ია, ზოგი აღნიშნავს, რომ უფრო ნაკლებია, ნაწილი კი ამბობს, რომ 50%-ს აღემატება. მონაცემის ზუსტი დადგენა, სამწუხაროდ, რთულია, მაგრამ მთავარი არის ის, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც კორონავირუსი ორგანიზმში აქვთ, რაც ტესტით დგინდება, მაგრამ არაფერი აწუხებთ, განსხვავებით იმათგან, ვისაც დაავადება კლინიკური ფორმით აქვთ გამოვლენილი. უსიმპტომობა ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ადამიანს არ აქვს კლინიკურად გამოხატული რაიმე მნიშვნელოვანი სიმპტომი. ზოგ შემთხვევაში, გამოხატულება შეიძლება მინიმალური იყოს ისე, რომ პაციენტმა არც მიაქციოს ყურადღება. ამიტომ, ერთ-ერთ სირთულეს
უსიმპტომო პაციენტების დროული დიაგნოსტიკა წარმოადგენს. საბედნიეროდ, კვლევების ნაწილი ამტკიცებს იმასაც, რომ უსიმპტომო ადამიანებისგან ვირუსის გავრცელების წვლილი არც ისე მაღალია, როგორც სიმპტომიანების, განსაკუთრებით მათი, ვისაც რესპირატორული სიმპტომები (ხველა, ცემინება) აქვს. მაგრამ, მათი დიაგნოსტირება მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ უსიმპტომოა პაციენტი, ის ნაკლებად ერიდება სხვებთან კონტაქტს, არ იცის თავისი მდომარეობის შესახებ.
არც ისე მარტივი ჩამოსაყალიბებელია ის ფაქტორები, თუ რა დროს უნდა მიიტანოს უსიმპტომო პაციენტმა კორონავირუსზე ეჭვი. მათი დიაგნოზი ხშირად ისმება იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირებულ ადამიანთან არიან კონტაქტირებულნი. გარდა ამისა, შეიძლება სადმე გამოკვლევა მოსთხოვონ და უცებ აღმოაჩინონ, რომ მათ ორგანიზმში კორონავირუსია. ზოგიერთ მათგანში მინიმალური სიმპტომებია გამოვლენილი. მაგალითად, ასეთ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ სისუსტე, სახსრებისა და კუნთების ტკივილი. სიმპტომიან პაციენტებსაც კი ტემპერატურა ზოგჯერ 37.1 აქვთ. საერთოდ არ არის აუცილებელი, კორონავირუსის დროს მაინცდამაინც მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდეს. ზოგიერთისთვის უსიმპტომობა შეიძლება 37 გრადუს ტემპერატურასაც ნიშნავდეს და არც ჩათვალოს გამოკვლევა საჭიროდ. არ ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, იმ ადამიანებზე, რომელთათვისაც 37 გრადუსი ნორმაა. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია ადამიანებმა უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინონ, დააკვირდნენ ოჯახის წევრებსა და კონტაქტში მყოფ პირებს, თავი შეიკავონ სამსახურში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გასვლისგან. თუ დამატებითი ინფორმაცია სჭირდებათ, დარეკონ 112-ზე და მიიღონ შესაბამისი რეკომენდაციები.

- თქვენი დაკვირვებით და არსებული მონაცემებით, საქართველოში ყველაზე მეტად რომელი თანმხლები დაავადების მქონე ადამიანების მდგომარეობა დამძიმდა ან ლეტალური გამოსავლით დასრულდა?

- ბოლომდე დათვლილი და ჩამოყალიბებული სტატისტიკა არ არსებობს, რადგან პროცესი ახლა იწყება ჩვენს ქვეყანაში. თუმცა, გარდაცვლილების უმეტესობა ასაკოვანი იყო, ზოგიერთს ისედაც მძიმე მდგომარეობა ჰქონდა, მაგრამ კორონავირუსმა გარკვეულწილად დააჩქარა ეს პროცესი. მაგრამ, ზოგადად, საქართველოში ადამიანები მაინც იმავე სურათს იმეორებენ, რასაც უცხოური მონაცემები გვაძლევს. თუ პაციენტს აღენიშნება სხვადასხვა ქრონიკული დაავადება, მათ შორისაა, სიმსივნე და მასთან დაკავშირებული გართულებები, შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ფილტვის დაავადების მძიმე ფორმები, ესენია ის, რაც ყველაზე ხშირად ხდება გართულებისა და მდგომარეობის დამძიმების მიზეზი. მაგრამ, არის ისეთი შემთხვევები, რომ მძიმე დაავადების მქონე პაციენტებთანაც კი ვირუსი მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს. მაგრამ, მათ უფრო დიდი რისკი აქვთ, რომ ვირუსის შედარებით რთული ფორმა განუვითარდეთ. შეიძლება, ჯანმრთელ ადამიანსაც ან მას, ვისაც ჯანმრთელი ჰგონია თავი,დაუდგინდეს პათოლოგია და ამას გართულება მოჰყვეს. ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. ფიქრი, რომ ახალგაზრდა ხართ და ქრონიკული დაავადებები არ აღგენიშნებათ, შესაბამისად, ყველაფერი კარგად გექნებათ, თუ დაგემართებათ ვირუსი, მთლად გამართლებული არ არის. უმჯობესია, თუ არ დაგვემართება. ჯობს, რომ სიფრთხილე გამოვიჩინოთ, მით უმეტეს, დღეს, როდესაც საქართველოში ასე იმატა შემთხვევების რაოდენობამ და ქვეყანაში უკვე საკმაოდ დიდი ციფრები აღინიშნება. ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის დღეში 1000 შემთხვევა ძალიან საფრთხილო მაჩვენებელია. ამ ტემპით თუ გაგრძელდება, მსოფლიო რეიტინგში პირველ ასეულში ვართ და ცოტახანში შეიძლება პირველ ათეულში თუ არა, პირველ ოცეულში მაინც გადავიდეთ. რაც, კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან ცუდი იქნება ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის და მით უმეტეს იმ ქვეყნისთვის, რომელმაც მსოფლიოში კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი აჩვენა.

- როგორც ეპიდემიოლოგმა, რომ შეაფასოთ დღევანდელი ვითარება საქართველოში, რა გამოწვევის წინაშე დგას დღეს ქვეყანა კოვიდთან ბრძოლის პარალელურად?

- ეპიდემიოლოგიური ვითარება საკმაოდ დაძაბულია, არ გვაქვს ნამდვილად კარგი მდგომარეობა. თავიდან ერთეული შემთხვევები გვქონდა და ახლა უკვე ათასებზე დავიწყეთ საუბარი. რაც 5-6-თვიან პერიოდში დაფიქსირდა მთლიანად, ახლა დღეში ფიქსირდება იმდენი. გამოდის, რომ დღევანდელი ერთი დღე, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, უდრის მთელ იმ პერიოდს, რაც გავიარეთ, თავისი სიმძიმით. აქიდან გამომდინარე, შეგვიძლია შევაფასოთ, როგორია ინფექციის გავრცელების სიჩქარე. ძალიან სწრაფია და კიდევ უფრო არასასიამოვნო ისაა, რომ თუ აქამდე ერთი რეგიონი იყო უფრო მეტად პრიორიტეტული და დაზიანებული, ახლა უკვე საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში წამოვიდა შემთხვევების ზრდა, მათ შორის, განსაკუთრებულ ადგილს თბილისი იკავებს და ჩვენ უფრო მეტი ყურადღება და სიფრთხილე გვმართებს. აქამდე თუ ადამიანები ამბობდნენ, რომ მათ ირგვლივ არავინ იყო დაინფიცირებული, ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ერთიც იციან და მეტიც. კარგი ის არის, რომ სიკვდილობა 1%-ზე ნაკლებია, მაგრამ ჯერ ბევრი პაციენტი მკურნალობის პროცესშია და დეტალური სტატისტიკა მერე გვექნება. ის, რომ აქამდე უდარდელად ვიყავით და ბევრ ადამიანს არ სჯეროდა, რომ ვირუსი არსებობდა, ასეთი საუბარი და დამოკიდებულება არის ზუსტად იმის მკვებავი, რომ ასე გავრცელდა. საქართველოში რომ ინფექციის გადაცემა 3 კვირით შევაჩეროთ, ჩათვალეთ, რომ ქვეყანაში ახალი ინფიცირების შემთხვევები აღარ გვექნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. როდესაც რომელიმე ქვეყანა იღებს ჩაკეტვის გადაწყვეტილებას, ეს ზუსტად იმაზეა ორიენტირებული, რომ გაწყდეს ინფექციის ჯაჭვი და შეამციროს გავრცელება. ჩვენი საკუთარი რისკებიდან და ქცევიდან გამომდინარე, ყველა ჩვენგანს გვეკისრება მნიშვნელოვანი როლი და გვაქვს პოტენციური უნარი, რომ ხელი შევუწყოთ ეპიდემიიის შეჩერებას . აბსოლუტურად ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ შევაფასებთ რისკს და როგორ გამოვიყენებთ ცოდნას. მოწოდება "დარჩი სახლში" და სოციალური დისტანცირება ახლა უფრო აქტუალურია, ვიდრე იყო ერთად აღებულ წინა თვეებში იმიტომ, რომ დღევანდელი ერთი დღე კი არა, ერთი საათი უდრის მთელი იმ თვეების მონაცემებს, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. თუ ამას ყურადღებას მივაქცევთ და დავიცავთ დაავადების თავიდან აცილების ღონისძიებებს, შევძლებთ, რომ შევაჩეროთ ეპიდემია. აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენი ქვეყანა იმყოფება დაავადების კონტროლისა და ადაპტაციის ფაზაში და ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ ვირუსთან ერთად უსაფრთხო ცხოვრება.

- ყველაზე მეტად რომელი ორგანო ზიანდება კორონავირუსის მიმდინარეობის დროს?

- როგორც აღმოჩნდა, კორონავირუსი გულ-სისხლძარღვთა სისტემის მთავარი მტერია, განსაკუთრებით სისხლძარღვების. სისხლძარღვების შიგნიდან ამოფენილია გარკვეული უჯრედები, რომლებიც სისხლძარღვის კედლის შენარჩუნებაში მთავარ როლს თამაშობს და სისხლის თავისუფლად გატარებას უზრუნველყოფს. მაგრამ, როდესაც ეს ვირუსი შეიჭრება და მათზე ზემოქმედებს, ენდოთელიუმის დაზიანების პროცესი იწყება. ამ დროს შეიძლება თრომბები წარმოიქმნას და გართულებები გამოიწვიოს. კორონავირუსი სხვა ორგანოებსაც უტევს და გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან ერთად, მისი "საყვარელი“ ორგანოებია ფილტვები, შეიძლება ნაწილობრივ თავის ტვინი, ნერვული და კუჭ-ნაწლავის სისტემა.

- რა დროს ვითარდება თრომბოემბოლია და თუ ადამიანები სახლში, თვითნებურად გადაწყვეტენ სისხლის გამათხელებლების მიღებას, რა საფრთხე შეიძლება გამოიწვიოს ამან?

- კლინიცისტი არ ვარ, მაგრამ რამდენიმე სიტყვით შემიძლია გითხრათ, რომ სპეციალური გაიდლაინები არსებობს და აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. თვითნებურად ჩარევა რომ დაიწყოს პაციენტმა, ეს პრაქტიკულად გულისხმობს იმას, რომ მან შეიძლება უფრო მეტი ზიანი მიაყენოს ჯანმრთელობას, ვიდრე მკურნალობის გარეშე მიაყენებდა. თვითნებურად გამათხელებლების მიღებას შეიძლება სერიოზული საფრთხე მოჰყვეს. ჯერ ერთი, დოზასა და საჭიროებას ექიმი აკონტროლებს და ის უნიშნავს ყველა პაციენტს ინდივიდუალურად. პაციენტმა დამოუკიდებლად მიღებისას, შესაძლოა ზედმეტი დოზა მიიღოს, კორონავირუსით არაფერი დაემართოს, მაგრამ სისხლდენა დაეწყოს ან შინაგანი, ან გარეგანი და დადგეს ლეტალური გამოსავალი. ამიტომ, ექიმის დანიშნულების გარეშე ასეთი სენსიტიური მედიკამენტების მიღება, ნაკლებად რეკომენდებულია. სახლში მკურნალობის დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდი რაოდენობით სითხის მიღება და ფიზიკური აქტივობის შენარჩუნება. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს სითხის შეზღუდვის აუცილებლობა არ აქვს. რაც შეეხება თრომბოემბოლიას, თრომბოემბოლია ისეთი მდგომარეობაა, როდესაც სისხლის შედედებული კოლტი წავა და რომელიმე სისხლძარღვს დაკეტავს. გააჩნია, ესრა ადგილას მოხდება. თუ კიდურზე მოხვდება, ამას შეიძლება ძლიერი ტკივილი, კონკრეტული კიდურის დაზიანება მოჰყვეს, შესაბამისი სიმპტომებით გამოვლინდეს და უფრო ხილული იყოს, რაც შედარებითადვილი სამართავია. მაგრამ, თუ ეს მოხვდება ფილტვის არტერიაში, თავის ტვინში და გულის სისხლძარღვებში, შეიძლება სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდეს და ადამიანს ლეტალური გამოსავალი დაუდგეს. თრომბოემბოლია მხოლოდ კორონავირუსის დროს არ ვითარდება. თუნდაც კლინიკაში იყოს ადამიანი, მისი მკურნალობა ძალიან რთულია იმიტომ,რომ უნდა მოხდეს პოვნა, შემდეგ კი დაუყოვნებლივ მოცილება. განსაკუთრებით რთულია, თუ ის დიდი ზომისაა.

- ხომ არ ფიქრობთ, ბინაზე ვინც მკურნალობს, უფრო დიდი კონტროლია საჭირო, რომ რაიმე გართულება არ გაიპაროს?

- ის ადამიანები, ვინც ბინაზე მკურნალობენ, გარკვეული რისკის ქვეშ არიან ისევე, როგორც ისინი, ვინც კლინიკაში მკურნალობენ, რადგან მოგეხსენებათ, რომ 100%-ით დაცული ამ ვირუსის დროს არავინაა. კორონავირუსის სპეციალური მკურნალობის კურსი არ არსებობს. ვინც კლინიკაშია, ისინიც სიმპტომურ და დაავადების გართულების საწინააღმდეგო მკურნალობას იღებენ. ხოლო ბინაზე მკურნალობა, პროტოკოლის მიხედვით, ეკუთვნით მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც ძალიან მსუბუქი, უსიმპტომო მიმდინარეობა აქვთ. ასეთ შემთხვევაში სახლში იქნებიან თუ კლინიკაში, დიდი განსხვავება არაა. რადგან, როგორც აღვნიშნე,არ არსებობს პირდაპირი სამკურნალო საშუალება, რომელიც ვირუსს გაანადგურებს. ერთადერთი საშუალება სიმპტომური და პათოგენეზური მიდგომაა, რაც იმას ნიშნავს, რომ, მაგალითად, თუ ტემპერატურა აუწევს, სიცხის დამწევს მიიღებს.გარდა ამისა, მათზე ზედამხედველობას სპეციალურად გადამზადებული ოჯახის ექიმები იღებენ საკუთარ თავზე. მაგრამ, თუ ადამიანმა შენიშნა, რომ მდგომარეობა დაუმძიმდა, ტემპერატურამ ძალიან მოიმატა და არ ემორჩილება პრეპარატებს, აქვს ძლიერი სისუსტე, ღებინება, დიარეა, ჰაერის უკმარისობა, ქოშინი, ძალიან ადვილად დაღლა - ასეთი სიმპტომების გამოჩენის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა გააქტიურდეს, დაუკავშირდეს 112-ს და მოხდეს დროული სამედიცინო მხარდაჭერა, რომ თავიდან იქნეს აცილებული შემდგომი მძიმე გართულებები. ასეთი სიმპტომების უგულებელყოფა ნამდვილად არ შეიძლება.

- ბავშვების შემთხვევაში აღნიშნავენ, რომ ხშირად ვირუსი დიარეით იწყება, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ენტეროვირუსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმპტომია. როგორ უნდა გაარჩიოს მშობელმა, რეალურად, რა სჭირს ბავშვს?

-ბავშვების შემთხვევაში, ვირუსი ძალიან ხშირად კუჭ-ნაწლავის პრობლემების მიმანიშნებელი სიმპტომებით იწყება. შეიძლება ეს იყოს დიარეა, ღებინება. გარდა ამისა, დაფიქსირდეს ტემპერატურის მცირე მომატება. ასეთ შემთხვევაში მშობელი უნდა დააკვირდეს ბავშვს, სიმპტომები როგორ შეიცვლება, არ უნდა წაიყვანოს სკოლასა და ბაღში, მდგომარეობის შესახებ აცნობოს ადმინისტრაციას. ეცადოს, იზოლირებული ჰყავდეს და, რა თქმა უნდა, დააკვირდეს სიმპტომებს. თუ განმეორდა და უფრო მძიმე ფორმა მიიღო, მიმართოს ექიმს. მხოლოდ ერთჯერადი ღებინებაც კი შეიძლება იყოს კორონავირუსის სიმპტომი. ბავშვებში, საბედნიეროდ, ამ ვირუსს მძიმე მიმდინარეობა არ ახასიათებს, მაგრამ ეს, მეორე მხრივ, ართულებს დიაგნოსტირებას. მკვეთრადგამოხატული სიმპტომები შეიძლება საერთოდ არ იყოს. მშობელი უნდა დააკვირდეს ოჯახის სხვა წევრებსაც. თუ ბავშვის გარდა, ერთ ადამიანს მაინც გამოუვლინდა სიმპტომატიკა, დაუკავშირდეს ოჯახის ექიმს ან პედიატრს და ჩაუტაროს ბავშვს გამოკვლევა. თავად, დამოუკიდებლად, ვერ განსაზღვრავს, ენტეროვირუსია, კორონავირუსი თუ სხვა ტიპის ვირუსი. მნიშვნელოვანია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებთანაც ჰქონდეს მჭიდრო კავშირი და გამოარკვიოსვინმეს, თუნდაც მეზობელ კლასში. ხომ არ დაუდასტურდა კოვიდი და მასთან ხომ არ ჰქონდა მის შვილს კონტაქტი.

- არსებობს მოსაზრება, რომ გაზაფხულთან შედარებით, ვირუსი დასუსტდა და ახლა ნაკლები სიმძმით მიმდინარეობს. თქვენ რამდენად ეთანხმებით ამ აზრს?

- იმის თქმა, რომ შესუსტდა და მნიშვნელოვანი ცვლილება განიცდა, ძალიან რთულია. სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რაც გაზაფხულზე იყო, ახლა იმასთან შედარებით, დაბალია. ასევე, კრიტიკული ფორმების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კორონავირუსის მიმართ ცნობადობა და ინფორმირებულობა გაიზარდა, გამოკვლევების რაოდენობაც უფრო გაფართოვდა და გამოკვლეულთა შორის ძალიან ბევრი დაავადების უსიმპტომოდ მტარებელია. ხოლო, საწყის ეტაპზე ინფექცია ძალინ უტევდა ასაკოვან და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს, დიდი რაოდენობით ავადდებოდნენ, არ არსებობდა სწორი და ჩამოყალიბებული მკურნალობა და შესაბამისად, ამ ყველაფრის ფონზე, უფრო მაღალი იყო ლეტალობა. დღეს მართვა უფრო გაუმჯობესდა და ამ ფაქტორებმაც გავლენა იქონია ვირუსის თავისებურებასა და მის კლინიკურ გამოსავლებზე. მაგრამ, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დაშვებაა - თუ შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად მოიმატებს, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა იყოს, ყველგან არის იმის ალბათობა, რომ ჯანდაცვის სისტემამ ვეღარ გაუძლოს ამ გამოწვევას და ის ადამიანები, რომლებიც საჭიროებენ კლინიკურ მეთვალყურეობას, ჟანგბადის მიწოდებას თუ სხვა თერაპიას, შეიძლება ამ ყველაფრის გარეშე დარჩნენ და მაინც მაღალი იყოს სიკვდილიანობა. ამიტომ, ზუსტად იმის თქმა, რომ გაზაფხულთან შედარებით ვირუსი სუსტია, შეუძლებელია. აქვე ვიტყვი, რომ ვირუსებსა და ბაქტერიებს ზოგადად ახასიათებთ, რომ დროთა განმავლობაში ეჩვევიან თავის ,,მასპინძელს“. ესეც შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი, რომ ვირუსი აღარ არის ისეთი აგრესიული, როგორიც დასაწყისში იყო.

- სისხლის საერთო ანალიზის დროს, რა მაჩვენებელი უნდა იყოს შეცვლილი, რომ ეჭვი მივიტანოთ კორონავირუსზე ან თუ აჩვენებს ზოგადად სისხლის ანალიზი რაიმეს, კორონავირუსთან დაკავშრებით?

- სისხლის საერთო ანალიზში ცვლილებები კლინიკური საკითხებია და ვრცლად ვერ ვისაუბრებ, თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ამ დაავადების ერთ-ერთი მახასიათებელია თრობოციტების შემცირება და სპეციალისტებმა ეს ყველაფერი იციან. ყველა ექიმს აქვს შესაბამისი გაიდლაინები მიწოდებული და ინდივიდუალურად, ანალიზებზე დაკვირვებით, იციან, რა დროს რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება.

- გამოქვეყნდა კვლევები, რომლის მიხედვითაც სისხლის ჯგუფების მიხედვით კორონავირუსით დაინფიცირების რისკები განსხვავებულია, ეს რამდენად სარწმუნო შეიძლება იყოს?

- დააკვირდნენ და პირველი ჯგუფის სისხლი ვისაც აქვს, შედარებით ნაკლები მიმღებლობა აღმოაჩნდათ ვირუსის მიმართ. მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვისაც პირველი ჯგუფის სისხლი აქვს, მშვიდად უნდა იყოს, რადგან ეს ჯერ კიდევ კვლევის საგანია და ზოგადადაც, კორონავირუსთან მიმართებით, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამაა კვლევის საგანი. თან მნიშვნელოვანია რეინფექციის შემთხვევები. ადამიანებმა იმკურნალეს კორონავირუსზე და კვლავ დაავადდნენ. როცა შეისწავლეს, როგორ მოხდა, აღმოჩნდა, რომ კორონავირუსის სხვა სუბტიპით დაავადდნენ. თავად ამ ვირუსს რამდენიმე სუბტიპი ახასიათებს და უკვე გადატანილის შემთხვევაშიც კი მოხდა დაინფიცირება. შესაბამისად, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომ მარტო სისხლის ჯგუფი კი არა, იმუნიტეტიც კი ზოგ შემთხვევაში არ არის ისეთი კარგი დამცველობითი უნარის, როგორიც გვინდა, რომ იყოს.

თამარ იაკობაშვილი
3620
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები