ბოლო დროს საქართველოში კოვიდინფექციის მაჩვენებელი ძალიან სწრაფი ტემპით მატულობს. ეპიდემიოლოგი პაატა იმნაძე საზოგადოებაში დაგროვილ აქტუალურ კითხვებს "კვირის პალიტრის" საშუალებით პასუხობს:
- არიან ჩვენ გარშემო ადამიანები, ვინც ეს დაავადება გადაიტანა და მათგან ბევრი საინტერესო რამ გვესმის. რა არის დადგენილი, განკურნების შემდგომ რა კვალს ტოვებს "კოვიდ-19" ორგანიზმში?
- ამაზე უკვე ბევრი კვლევაა ჩატარებული. აღმოჩნდა, რომ ვირუსმა შეიძლება ორგანიზმის ბევრ სისტემაზე იმოქმედოს. მათაც კი, ვინც მსუბუქად გადაიტანა დაავადება, შესაძლებელია, რაღაც პერიოდის განმავლობაში ზოგიერთი ორგანოს პრობლემები დარჩეს.
- კარგა ხნის გამოჯანმრთელებულებმა მითხრეს, რომ ვერ გრძნობენ, რას ჭამენ, მეხსიერების პრობლემებსაც უჩივიან...
- გემოს დაკარგვა ხშირია. ზოგს ცოტა ხნით, ზოგს კი უფრო დიდი ხნით უგრძელდება.
- იმედი გვქონდა, რომ წლის ბოლოს, ან მომავალი წლის დასაწყისში ვაქცინა გვექნებოდა.
- ტრამპსაც აქვს იმედი, რომ წლის ბოლოს ვაქცინა იქნება. მოდი, რეალისტები ვიყოთ - არა მგონია, გამოცდილი და ხელმისაწვდომი ვაქცინა ზამთრის ბოლომდე ან გაზაფხულამდე იყოს ჩვენთან.
- ოპოზიციური პარტიები არჩევნების გადადებაზე ალაპარაკდნენ. თქვენ, როგორც ექიმი, ხედავთ ამის აუცილებლობას?
- თუ ქუჩაში დავდივართ, სამსახურში, არჩევნებზე რატომ არ უნდა მივიდეთ? მით უმეტეს, რომ ნიღაბი და დისტანცია ყველგან ერთნაირად ეფექტიანია.
- როგორც ითქვა, ადრე თუ გვიან კორონავირუსს ყველა გადაიტანს, ზოგი - განმეორებითაც...
- ეს არასწორი მიდგომაა! მთავარია, ჩვენ ნიღაბი გამოვიყენოთ და დისტანცია დავიცვათ.
- რა შეგიძლიათ უთხრათ იმ ადამიანებს, ვისაც კორონავირუსის არსებობისა არ სჯერა და იმათ, ვისაც მისი პანიკურად ეშინია?
- ეს ორი უკიდურესობაა... პანიკა არასდროს არის სასარგებლო, იმიტომ, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, ნერვული სისტემა გაწონასწორებული გვქონდეს. პანიკა ორგანიზმისათვის ძალიან სახიფათოა. და ვისაც არ სჯერა, რა უნდა ვუთხრა? რაღაცას რომ ვიტყვი, ამბობენ, გვაშინებსო. მე არავის ვაშინებ. რა ვუყოთ, ვისაც არ სჯერა, ოღონდ სხვას ნუ შეუქმნის საფრთხეს და თვითონ რაც უნდა, ის ქნას.
წაიკითხეთ სრულად