ტემპერატურის გაკონტროლება ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში სეზონურ გრიპთან ერთად, კორონავირუსის ფართო გავრცელება შეინიშნება. ერთ-ერთი გამოხატული სიმპტომი კი ტემპერატურაა. როგორი თერმომეტრი არსებობს და მათ შორის, რომელია ყველაზე ზუსტი, ოჯახის ექიმი ანა ბარათაშვილი გვესაუბრება:
- არსებობს სამი სახეობის თერმომეტრი: ვერცხლისწყლიანი, ელექტროთერმომეტრები და ახალი თაობის თერმომეტრები, რომლებიც ინფრაწითელ გამოსხივებაზეა დამყარებული. ვერცხლისწყლიანი თერმომეტრი პირველი თაობის თერმომეტრია, მასშია მოთავსებული ვერცხლისწყლის შემცველი სვეტი და, ადამიანის ტემპერატურის შესაბამისად, სვეტი განსაზღვრულ დონემდე აიწევს. ცდომილება საკმაოდ მინიმალური აქვს, სადღაც 0,1. მისი გამოყენება სხვადასხვა გზითაა შესაძლებელი, შეიძლება გაიზომოს იღლიაში, პირის ღრუდან და სწორი ნაწლავიდნ. იაფიცაა, უბრალოდ დაზიანების შემთხვევაში, საშიშია იმიტომ, რომ ტოქსიკურ ნივთიერებას წარმოადგენს. პატარა ბავშვებისთვისაც ხელში მიწოდება და თამაში, რა თქმა უნდა, არ არის რეკომენდებული. ელექტრონულ თერმომეტრს რაც შეეხება, მასში ჩანერგილია სპეციალური გადამცემი საშუალება, რაც ციფრებში გამოსახავს ჩვენი სხეულის ტემპერატურას. ასეთი თერმომეტრები ძირითადად წყალგაუმტარია, ხმოვანი სიგნალი გააჩნიათ, რაც გვაცნობებს, რომ უკვე გამზომა. უფრო სწრაფია, ვიდრე ვერცხლისწყლიანი თერმომეტრი, თუმცა ცდომილება შეიძლება მან უფრო მეტი მოგვცეს იმიტომ, რომ ზუსტად სჭირდება ინსტრუქციის დაცვა. სწორად უნდა იყოს იმ ადგილზე მოთავსებული, სადაც ტემპერატურა უნდა გაიზომოს. ხმოვანი სიგნალის შემდეგ, რამდენიმე წამი კიდევ სჭირდება ხოლმე დაყოვნება. საერთო ჯამში, 30-დან 60 წამამდეა საჭირო გასაზომად. ყველა თერმომეტრს აქვს ინსტრუქცია და მნიშვნელოვანია მისი ზუსტად დაცვა, ცდომილების თავიდან ასარიდებლად. მოსახერხებელია იმ მხრივ, რომ მარტივად გამოსაყენებელია. ბავშვებისთვისაც უსაფრთხოა და ინფრაწითელი გამოსხივების თერმომეტრთან შედარებით, უფრო იაფია. 0,5 გრადუსამდე შეიძლება იყოს ცდომილება. რაც შეეხება ინფრაწითელი გამოსხივების მქონე თერმომეტრებს, ეს შედარებით სიახლეა. სხვადასხვა ორგანიზმი და, მათ შორის, ჩვენც ინფრაწითელ გამოსხივებას ვასხივებთ. ამას აპარატი აღიქვამს და ტემპერატურულ მაჩვენებლად გარდაქმნის. გამოსხივება შეიძლება იყოს კონტაქტურიც და დისტანციურიც. დისტანციური თერმომეტრები, რაც ახლაა, ძირითადად ინფრაწითელ გამოსხივებაზეა დამყარებული. მათ დამატებითი ფუნქციები აქვთ ხოლმე. ბგერითი სიგნალები, მეხსიერება, განსაზღვრულ დისტანციაზე ზომავს და მისი დეზინფექცია უფრო მარტივია. ჭირვეულ ბავშვებისთვის, რომლებსაც არ უყვართ ტემპერატურის გაზომვა, მოსახერხებელია, მძინარე ბავშვსაც შეგვიძლია გავუზომოთ. ცდომილებას 0,3-0,5 გრადუსის ფარგლებში გვაძლევს. არასწორ მონაცემს აფიქსირებს მაშინ, როდესაც ბავშვი ტირის ან ყვირის. შედარებით ძვირი ღირს და ცდომილებაც გასათვალისწინებელია.
- კიდევ ერთხელ რომ განვმარტოთ, მათ შორის ყველაზე სანდო რომელია?
- ტემპერატურის სიზუსტის თვალსაზრისით, ყველაზე სანდო ვერცხლისწყლიანი თერმომეტრია. უბრალოდ, როგორც აღვნიშნე, თავისი მინუსები აქვს, შედარებით დიდი დრო სჭირდება გაზომვას. პატარა ბავშვისთვის უსაფრთხო არ არის იმ მხრივ, რომ თამაშის დროს შესაძლოა დააზიანოს. ბავშვებს ერთ მდგომარეობაში გაჩერებაც უჭირთ ხოლმე. მაგრამ, სიზუსტის თვალსაზრისით, ვერცხლისწყლიანი თერმომეტრი ყველაზე ზუსტად ზომავს ჩვენს ტემპერატურას.
- რამდენი წუთია საჭირო, რომ ვერცხლისწყლიანმა თერმომეტრმა ზუსტად დააფიქსიროს ტემპერატურა?
- მინიმუმ 5 წუთი უნდა იყოს. თუ მაჩვენებელს ვამჩნევთ, რომ არ არის სანდო, 1-2 წუთი შესაძლოა კიდევ საკონტროლოდ ჩავიდოთ. საბოლოოდ, 5-7 წუთი სჭირდება მას, რომ ტემპერატურა ზუსტად ასახოს.
- რამდენ ხანში ერთხელ უნდა გადავამოწმოთ ტემპერატურა, რომ მის სიზუსტეში დავრწმუნდეთ?
- დღის განმავლობაში რამდენჯერმე უნდა მოხდეს გადამოწმება იმიტომ, რომ ტემპერატურას თავისი ციკლი აქვს და იცვლება. ჩვეულებრივ, ჯანმრთელი ადამიანის შემთხვევაშიც, ტემპერატურა მცირედ ცვლილებას განიცდის. 3-4 საათში ერთხელ შესაძლებელია გადამოწმება, გააჩნია, რა პათოლოგიასთან ან დაავადებასთან გვაქვს საქმე.
- გასინჯვის ხერხებს ხომ არ აქვს რაიმე მნიშვნელობა ტემპერატურის სიზუსტესთან დაკავშირებით?
- გააჩნია თერმომეტრს, ვერცხლისწყლიანი თერმომეტრი იღლიაში, პირის ღრუში ან სწორ ნაწლავში იდება. სწორ ნაწლავში, როგორც წესი, ტემპერატურა უფრო მაღალია, ვიდრე იღლიის ფოსოსა და პირის ღრუში. იქ 1 გრადუსით მაღალი მაინც უნდა იყოს და ეს იცის ექიმმა. რაც შეეხება სხვა თერმომეტრებს, ელექტროთერმომეტრი კანთან მჭიდრო კავშირში უნდა იყოს და კარგად დაფიქსირდეს. რაც შეეხება ინფრაწითელს, ინფრაწითელ გამოსხივებასაც თავისი ადგილი გააჩნია. ან შუბლზე უნდა იყოს, ან მაჯაზე, ან საფეთქლის მიდამოში. იქ, სადაც სისხლძარღვები ახლოსაა კანთან.
- ადამიანთა ნაწილი სოციალურ ქსელში წერდა, რომ ტემპერატურის გაზომვისას ინფრაწითელი გამოსხივებით ჯანმრთელობას საფრთხე ვუქმნით. რა შეგიძლიათ უთხრათ მათ?
- არა, რა თქმა უნდა. არანაირი კავშირი არ აქვს მას ჯანმრთელობის დაზიანებასთან. თავად ორგანიზმი, ნებისმიერი საგანი ასხივებს ამას, აპარატი უბრალოდ აღიქვამს და გარდაქმნის ციფრულ მაჩვენებლად, რაც ჩვენთვის გასაგები იქნება.
- რა უნდა გავაკეთოთ, თუ ვერცხლისწყლიანი თერმომეტრი გატყდება?
- აუცილებლად უნდა მოვარიდოთ ადგილს ბავშვი. ვერცხლისწყალი როგორც პატარა ბურთები, ისე გადმოიღვრება და არა როგორც სითხე. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ შევაგროვოთ. უშუალოდ ხელით კონტაქტისგან თავი უნდა შევიკავოთ, ხელთათმანი უნდა გამოვიყენოთ. თუ ტანსაცმელზეა ნარჩენი, სამწუხაროდ, უნდა გადავაგდოთ. ნივთი იქნება ეს თუ ტანსაცმელი, აუცილებლად სპეციალური წესით უნდა მოხდეს მათი განადგურება. ადრე, როგორც ვიცი, სპეციალურ სამსახურსაც იძახებდნენ. მოდიოდნენ და მიჰქონდათ დაზიანებული თერმონეტრი, ვერცხლისწყლის ბურთულებთან ერთად, რომ მისი გაუნებელყოფა სპეციალურ ადგილას მომხდარიყო. ახლა როგორ ხდება, დაზუსტებული ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ საკმაოდ ტოქსიკური ნივთიერებაა და მისი ურნაში მოთავსება ნამდვილად არ არის სასურველი.
თამარ იაკობაშვილი