ბოლო დროს ბევრ რეკომენდაციაში შეგხვდა ფრაზა, რომ ჭარბწონიანობა კორონავირუსის მიმდინარეობას ართულებს და ეს არაერთი კვლევითაა დადასტურებული. წარბწონიანობა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა დღეს. რას გულისხმობს ეს რისკი, რა ოდენობის წონა ითვლება სახიფათოდ და რა უნდა გააკეთონ ჭარბწონიანმა ადამიანებმა პროფილაქტიკისთვის, ამ თემაზე ექიმი ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა გვესაუბრება:
-ჭარბწონიანობა და მეტაბოლური დარღვევები რესპირაციული ვირუსული ინფექციების მიმდინარეობას ამძიმებს, მათ შორისაა, კორონავირუსული ინფექცია. მსოფლიო სტატისტიკითა და სხვადასხვა კვლევით, ჭარბწონიან ადამიანებში ვირუსული ინფექციები და, როგორც აღვნიშნე, ახალი კორონავირუსული ინფექცია მიმდინარეობს შედარებით უფრო მძიმედ, ვიდრე სხვა ადამიანებში. ამიტომ, ჭარბი წონა, ყველა კვლევის მიხედვით, რისკფაქტორს წარმოადგენს, მიუხედავად ასაკისა. რა თქმა უნდა, ასაკიც თუ ემატება და ფონური დაავადებები, ეს კიდევ უფრო მეტად ამძიმებს მდგომარეობას, მაგრამ ახალგაზრდა ასაკშიც ჭარბი წონა დაავადების მიმდინარეობას ართულებს. საშიშად ითვლება, როდესაც სხეულის მასის ინდექსი 40-ზე მეტია, თუმცა შედარებით უფრო ნაკლებ ჭარბწონიან ადამიანებშიც მაინც აღინიშნება დაავადების მეტ-ნაკლებად მძიმე მიმდინარეობა. ამიტომ, მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი. თუ პაციენტებს მეტაბოლური დარღვევები აქვთ, ენდოკრინოლოგს უნდა მიმართონ, სპეციალური კვება და დიეტა უნდა იქნას შერჩეული. მედიკამენტოზური ჩარევა მხოლოდ ექიმთან რეკომენდაციით უნდა მოხდეს. იყავით ფიზიკურად აქტიურები, აკონტროლეთ წონა. ჭარბი წონა 100 პროცენტიანი გარანტია არ არის მძიმე მიმდინარეობის, მაგრამ რისკებს ზრდის.
თემაზე სასაუბროდ ენდოკრინოლოგ ანა მალაზონიასაც მივმართეთ. ის გვიყვება, რა უნდა გაითვალისწინონ ჭარბწონიანმა ადამიანებმა, რომ დაავადების შედარებით მძიმე მიმდინარეობა თავიდან აირიდონ:
- ჭარბწონიან ადამიანებს ხშირად აღენიშნებათ სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება, ნახშირწყლოვანი და ცხიმოვანი ცვლის დარღვევა, არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, რასაც ახლავს სისხლძარღვების დაზიანება და გულსისხლძარღვთა გართულებების რისკის ზრდა. როგორც ცნობილია, კორონავირუსი უხშირესად სწორედ ქრონიკულ ავადმყოფებში რთულდება. ამიტომ, ჭარბი წონის დროს, რეკომენდებულია განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს კვებით რაციონს, ფიზიკურ აქტივობას და ჯანსაღი ცხოვრების წესს, აქ იგულისხმება თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარების შეწყვეტაც. ხშირად ადამიანებს აქვთ ჭარბი წონა, მაგრამ არაფერი აწუხებთ და არ იციან, რომ ამ დროს ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლურმა დარღვევებმა, შესაძლოა გამოიწვიოს სისხლძარღვების დაზიანება. ამიტომ, რეკომენდებულია ექიმთან ვიზიტი, რათა შეფასდეს სისხლძარღვების მდგომარეობა, განისაზღვროს სისხლში ქოლესტერინისა და გლუკოზის დონე, შეირჩეს სწორი კვება და საჭიროების შემთხვევაში დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.
-რა ითვლება ჭარბ წონად?
- ჭარბწონად ითვლება სხეულის მასის ინდექსი 25-დან ზემოთ. სხეულის მასის ინდექსი (BMI) წონის სიმაღლის კვადრატთან შეფარდებით გამოითვლება. თუმცა, გარდა სხეულის მასის ინდექსისა მნიშვნელობა ენიჭება წელის გარშემოწერილობას. მაგალითად, შეიძლება სხეულის მასის ინდექსი იყოს 27 ანუ ჭარბი წონა, მაგრამ იმის ხარჯზე, რომ ადამიანს ჰქონდეს კარგად განვითარებული ძვლოვანი და კუნთოვანი მასა. ამიტომ ჭარბი წონის შეფასებისთვის გამოიყენება არა მხოლოდ სხეულის მასის ინდექსი (BMI), არამედ წელის გარშემოწერილობაც, რომელიც მამაკაცებში არ უნდა აღემატებოდეს 102 სმ-ს, ხოლო ქალებში 88 სმ-ს.
-რა შეიძლება გააკეთონ პროფილაქტიკისთვის ჭარბწონიანმა ადამიანებმა და ხომ არ შეუძლიათ ომეგა 3 ან სხვა ტიპის ვიტამინი მიიღონ?
- ჭარბი წონის დროს ხშირია D ვიტამინის დეფიციტი, კვლევებით დგინდება ამ ვიტამინის დადებითი ეფექტი იმუნური სისტემის გაძლიერების კუთხით, თუმცა ნებისმიერი ვიტამინისა თუ მედიკამენტის დანიშვნა აუცილებლად უნდა მოხდეს ექიმთან შეთანხმებით და მისი რეკომენდაციით. როგორც აღვნიშნე, იმუნიტეტის გაძლიერების საუკეთესო საშუალება, სწორი კვება და ზომიერი ფიზიკური აქტივობაა. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ მეტისმეტად მკაცრი დიეტების დაცვა, წონის კლების მიზნით, არ არის რეკომენდებული. ესეც გარკვეულ წილად სტრესია ორგანიზმისთვის და პირიქით, შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმის გამოფიტვა საჭირო ვიტამინებისა და მიკრო-მაკროელემენტებისგან. აქ საუბარია სწორ, ჯანსაღ, დაბალანსებულ კვებაზე. სწორი კვების რეკომენდაციები, უმჯობესია გაიცეს ინდივიდუალურად, ექიმის მიერ.
- რას ურჩევთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჭარბი წონა აწუხებთ და ამავდროულად, ვირუსის შედარებით მძიმე მიმდინარეობის ეშინიათ?
-ვურჩევ იცხოვრონ ჯანსაღად, მოერიდონ ალკოჰოლს და თამბაქოს, ისეირნონ ფეხით სუფთა ჰაერზე, საკვებ რაციონში შეზღუდონ ტკბილეული, ცომეული და ზედმეტად ცხიმიანი საკვები და შეავსონ რაციონი ახალი ხილით, ბოსტნეულით, უცხიმო რძის პროდუქტითა და უცხიმო ხორცით და რაც ყველაზე მთავარია, შეინარჩუნონ სიმშვიდე, რადგან სტრესი აქვეითებს იმუნიტეტს.
თამარ იაკობაშვილი