გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები საკმაოდ საყურადღებოა და ადამიანები, რომლებსაც აღნიშნული დაავადებები აქვთ, კორონავირუსის დროს განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ. თუმცა, ჩვენმა ბევრმა მოქალაქემ შესაძლოა, საერთოდ არ იცოდეს საკუთარი დაავადების შესახებ, რადგან შესაბამისი გამოკვლევა არადროს ჩაუტარებიათ. არიან თუ არა ის ადამიანები რისკის ქვეშ, ვისაც პედიოდულად გულის აჩქარება, გულის არეში დისკომფორტი აწუხებთ, თუმცა გულის დაავადება არ უფიქსირდებათ და რა დროს ვითარდება თრომბოემბოლია. ყველაზე აქტუალურ კითხვებს ჩაფიძის გულის ცენტრის კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სოფიო უნგიაძე პასუხობს:
- გულისცემის აჩქარება და დისკომფორტი შესაძლოა განპირობებული იყოს, როგორც გულის პათოლოგიით, არითმიებით, სხვადახსვა დაავადების გართულებებით, ასევე დაკავშირებული იყოს ემოციურ ფონთან, რაც ამ პერიოდში, გარემო სიტუაციიდან გამომდინარე, საკმაოდ აქტუალურია.
ემოციური გადაძაბვის და ფიზიკური დატვირთვის ფონზე, გულისცემის აჩქარება ფიზიოლოგიური მოვლენაა და პათოლოგიად არ ითვლება. თუმცა, მშვიდ პერიოდში მდგომარეობა უნდა უბრუნდებოდეს ნორმას.
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ჩივილების უკან არ იმალებოდეს სხვადასხვა მაპროვოცირებელი ფაქტორები - მაგალითად, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა, ანემია, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია, ორგანული დარღვევები.
რაც შეეხება კორონავირუსს, რისკის ჯგუფებს მიეკუთვნება :
ხანდაზმული ასაკი, თანმხლები ქრონიკული დაავადებები მაგ: შაქრიანი დიაბეტი, გულის ქრონიკული დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, ასთმა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, სიმსივნე. გულის უკმარისობა, კორონარული არტერიების დაავადება. მხოლოდ გულისფრიალის შეგრძნება დამოუკიდებელ რისკის ჯგუფს არ მიეკუთვნება.
გულისფრიალი COVID-19-ის დროს შესაძლოა კომპენსაციურად ტემპერატურულ რეაქციას უკავშირდებოდეს. ასევე, გაძლიერებული ოფლიანობისას ხდება ელექტროლიტების დაკარგვა, ვითარდება ჰიპოკალემია და ამ ფონზე შესაძლოა აჩქარებას და არითმიას ჰქონდეს ადგილი. აქიდან გამომდინარე, ვურჩევდი პაციენტებს, რომ მიიღონ სითხეები, მოახდინონ ჰიპოკალემიის კორეგირება, იკვებონ ჯანსაღად, თუკი შესაძლებელია იარონ და იმოძრაონ, სახლის პირობებში.
სტრესის დროს ადამიანის ორგანიზმში გამოიყოფა ე.წ. სტრესული ჰორმონები, რომლებიც არღვევს უჯრედის ნორმალურ ფუნქციონირებას, ირღვევა ბალანსი, რაც უარყოფითად აისახება ორგანიზმის ფუნქციურ მდგომარეობაზე და იწვევს ან აღრმავებს სხვადასხვა დაავადებას, მათ შორის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ.
ძალიან მნიშვნელოვანია ქრონიკული სტრესული გარემო, რაც ცხოვრების რეჟიმისა და ტემპის, უარყოფითი და უკონტროლო მუდმივი ინფორმაციის გავლენით, სამუშაოსთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური სტრესის შედეგად ვითარდება. აღნიშნული უკავშირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მხრივ მაღალ რისკებს (მაგ: მეხანძრეები, პოლიციელები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი - სტატისტიკურად გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების მაღალ რისკს მიეკუთვნებიან).
კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში მუდმივად უარყოფითი ინფორმაცია, ასევე სოციალური იზოლაციით გამოწვეული ფსიქო-ემოციური სტრესი - გასათვალისწინებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მქონე პაციენტებთან. იზოლაციისა და კარანტინის პირობებში მნიშვნელოვანია ნორმალური ძილი, კვება, ვარჯიში, თუკი შესაძლებელია უარყოფითი ემოციებისაგან თავის არიდება, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან სოციალური ურთიერთობა, კომფოტის შექმნა - უსმინეთ საყვარელ მუსიკას, უყურეთ ფილმებს, შეინარჩუნეთ იუმორი, დაგეგმეთ და ორგანიზება გაუკეთეთ თქვენს მომავალ გეგმებს, რამდენადაც ამის შესაძლებლობა გექნებათ.
გულისფრიალითა და აჩქარების შეგრძნებით პაციენტებს ვურჩევდი 24 საათიან კარდიოგრამის მონიტორინგს (ჰოლტერს), რომელიც 24 საათის განმავლობაში იწერს თქვენს გულისცემას, შემდგომში შეფასება და ინტერპრეტაცია, ასევე ელექტროლიტების (კალიუმი, მაგნიუმი), სისხლის საერთო ანალიზის, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შეფასებას.
მაგალითად: თუკი, გულისფრიალი და აჩქარება უკავშირდება ემოციურ გადაძაბვას, ამ ფონის მოწესრიგების შემდეგ ხშირად ფუნქციური ცვლილებები ნორმაში დგება. კალიუმის ნაკლებობის შემთხვევაში, მიზანშეწონილია ბალანსის აღდგენა, როგორც მედიკამენტურად, ასევე ჯანსაღი კვებით, მაგ, კალიუმის დიდის რაოდენობით შეიცავს - ბროკოლი, კარტოფილი, ფორთოხალი, პომიდორი, გარგარი, მარცვლეული, ჩირები და სხვა...
ხშირად გულის მხრივ ჩვილები არ ატარებს შეტევით, მწვავე ხასიათს, შესაძლოა თანდათანობით განვითარდეს, დააბრალონ გადაღლას, ემოციას და პირველად დიაგნოსტირებულ საკმაოდ მძიმე დაავადებებთან გვქონია საქმე.
ასევე ინდივიდუალურია აღქმის უნარიც.
მყოლია პაციენტი, რომელსაც დღე-ღამის მანძილზე 15 000 მეტი ე.წ. გულისცემის ამოვარდნა დაფიქსირებია და არ უგრძვნია, მაშინ როდესაც მეორე პაციენტს 24 საათში - 3 ამოვარდნა დაუფიქსირდა და სამივე მტკივნეულად აღიქვა.
მაგალითად: სულ ცოტა ხნის წინ მყავდა პაციენტი, რომელმაც გამოხატული სისუსტისა და ძილიანობის გამო მოგვმართა და სასწრაფო ჩარევა დასჭირდა (პულსი 32 ჰქონდა წუთში და სტიმულატორის გადაუდებლად იმპლანტაცია ჩაუტარდა).
შესაძლოა პაციენტს წლების მანძილზე აღენიშნებოდეს ჩივილები, რომელსაც თავად არ თვლის მნიშვნელოვნად და ექიმისთვის 1 დეტალიც კი ძალიან საყურადღებოა.
თრომბოემბოლია ხშირ შემთხვევაში სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებთან არის დაკავშირებული, შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა ორგანოში, თითოეულ მათგანს კი - განსხვავებული სიმპტომები გააჩნია.
მაგ: გულის მკვებავი მსხვილი სისხლძარღვების თრომბოზის დროს - ვითარდება მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიისას - სუნთქვის უკმარისობა, მძიმე გართულებები. თავის ტვინის მკვებავი სისხლძარღვების თრომბოზისას - ინსულტი და ა.შ.
უმოძრაოდ ყოფნა, ჭარბი წონა, ორსულობისა და მშობიარობის შემდგომი პერიოდი, ქირურგიული ოპერაციის შემდგომ ხანგრძლივი წოლითი რეჟიმი, სხვადასხვა მედიკამენტები - მათ შორის კონტრაცეპტივების მიღება, თამბაქოს მოხმარება, სიმსივნური პროცესები, დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა, მაგალითად თვითმფრინავით ხანგრლივი ფრენა - ეს ის არასრული ჩამონათვალია, რაც უკავშირდება რისკებს. აქიდან გამომდინარე, რეკომონდებულია:
რაც შეიძლება მალე დაიწყეთ მოძრაობა ოპერაციის ან სხვა მიზეზით წოლითი რეჟიმის დროს - რაც შეიძლება სწრაფად გააქტიურება. თვითმფრინავით მგზავრობისას ან ხანგრძლივი ჯდომისას - პერიოდულად ადექით და გაიარეთ, გაავარჯიშეთ ტერფები (მარტივი ვარჯიშები). ჯანსაღი ცხოვრების წესი- შეწყვიტეთ მოწევა, წონის კორექცია. ზომიერი ფიზიკური აქტივობა - დაუთმეთ სპორტსა და ვარჯიშს დღეში 30-40 წუთი, სეირნობა, ცურვა საუკეთესო საშუალებებია თრომბის რისკის შესამცირებლად. მემკვიდრული წინასწარგანწყობისა და თრომბოფილიის შემთხვევაში - რეკომენებულია ექიმის მუდმივი მეთვალყურეობა და მკურნალობა. მიიღეთ საკმარისი რაოდენობით წყალი. იკვებეთ სწორად.
ეს შესაძლოა განპირობებულია იყოს ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებით, შედედების ფაქტორების გააქტიურებით, სისხლძარღვების ანატომიური და ფუნქციური ცვილებებით.
ძვალ-სახსროვანი (ართრიტები, ოსტეოპოროზი, ართროზი) და სხვა თანმხლები დაავადებების გამო, ასაკთან ერთად ფიზიკური აქტივობა იზღუდება, განსაკუთრებით ჭარბწონიანებში, სტატისტიკურად თრომბოზების სიხშირე მეტია 65 წელს ზემოთ ასაკში. ყოველივე ეს ხელს უწყობს თრომბის ფორმირებას.
შეძლებისდგავადრად, ფიზიკური აქტივობა, თანმხლები დაავადებების მართვა, ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების ადექვატური მიღება მნიშვნელოვანია თრომბოემბოლიის პროფილაქტიკისთვის, ხანგრძლივი წოლითი რეჟიმის შემთხვევაში, ექიმთან შეთანხმებით, - საჭიროა ანტიკოაგულაციური მკურნალობა და წამალების დახმარებით თრომბოზის პრევენცია.
თამარ იაკობაშვილი