"სეზონური ვირუსი მაინც შემცივნებითა და სურდოთი იწყება, დააკვირდნენ 2-3 დღის განმავლობაში სიმპტომებს" - ექიმი, რომელიც სატელეფონო კონსულტაციებს უფასოდ ატარებს
"სეზონური ვირუსი მაინც შემცივნებითა და სურდოთი იწყება, დააკვირდნენ 2-3 დღის განმავლობაში სიმპტომებს" - ექიმი, რომელიც სატელეფონო კონსულტაციებს უფასოდ ატარებს
"ძალიან სწრაფად იცვლება მოვლენები კოვიდთან დაკავშირებით... გულს მტკენს, როცა მესმის, რომ ვერ უკავშირდებიან ოჯახის ექიმს, ცხელ ხაზს... ვფიქრობ, შევძლებ ზოგიერთი თქვენგანის დახმარებას, თუ არ გაქვთ დროული რეკომენდაციები. ვარ სერტიფიცირებული ოჯახის ექიმი და 35 წლიანი გამოცდილების მქონე პედიატრი. იქნებ, სხვებმაც მომბაძონ და დავეხმაროთ საჭიროების მქონე პაციენტებს. სატელეფონო კონსულტაციისთვის შეგიძლიათ დამირეკოთ 599 106629. თუ ვინმეს არ გაქვთ ანგარიშზე, რომ დამირეკოთ, მომწერეთ პირადში და მე გადმოგირეკავთ."- ეს პოსტი სოციალურ ქსელში ოჯახის ექიმმა და პედიატრმა, თამარ ცანავამ გამოაქვეყნა. მალევე უამრავმა ადამიანმა გააზიარა და დახმარება
ითხოვა. როგორც თავად ამბობს, დღის განმავლობაში 100-ზე მეტი ადამიანი ურეკავს და მისგან რჩევებსა და რეკომენდაციებს იღებს. საიდან გაუჩნდა იდეა, რომ ადამიანებისათვის ამ ფორმით შეეთავაზებინა დახმარება და, ძირითადად, რა ტიპის ჩივილებით ურეკავენ პაციენტები, თამარ ცანავა თავად გვიყვება:

- ბოლო პერიოდში საგრძნობლად მოიმატა ინფიცირებულთა რაოდენობამ და უკმაყოფილო ადამიანების რიცხვიც გაიზარდა. მეგობრებისგან, ნათესავებისგან და ძალიან ბევრი ადამიანისგან მესმოდა და ვხედავდი, რომ სახელმწიფოს რესურსი არ ჰყოფნიდა. შემდეგ, გადავწყვიტე, რომ ეს პოსტი დამედო და ჩემი ფეისბუქმეგობრებისთვის შემეთავაზებინა დახმარება. რამდენიმე ადამიანმა მთხოვა გამესაჯაროებინა და 15-20 წუთში დაიწყო ზარები. დღემდე არ გაჩერებულა. ადამიანებს დილის 9 საათიდან ვპასუხობს ღამის თორმეტ-პირველ საათამდე. ძალიან ბევრ მათგანს სჭირდება ოჯახის ექიმის დახმარება, რაშიც კიდევ ერთხელ დავრწმუნდი.

-
ძირითადად, რა ტიპის კონსულტაცია სჭირდებათ ხოლმე მათ?

- უმრავლესობას სიმპტომები აქვს, თუმცა ზოგჯერ ეს სეზონური ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია. ძალიან რთულია, ტელეფონით გაარჩიო, რა სჭირს ადამიანს, მაგრამ მე მათ მიმართულებას ვაძლევ, რომ დააკვირდნენ 2-3 დღის განმავლობაში და გაუარესების შემთხვევაში, სხვა ზომები მიიღონ. სეზონური ვირუსი მაინც შემცივნებითა და სურდოთი იწყება. ბევრი ადამიანი მეუბნება, რომ მათი ოჯახის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა და ცხელ ხაზზე როდესაც რეკავენ, ეუბნებიან, რომ სხვა ოჯახის წევრებსაც ექნებათ უკვე კოვიდი, იყვნენ იზოლაციაში და სიმპტომების გართულების შემთხვევაში ჩაუტარებენ ტესტს. უკვე დიაგნოსტირებაც კი შეფერხებულია და მგონია, უფრო მეტი ადამიანია დღეს კოვიდით დაავადებული, ვიდრე სტატისტიკაში ჩანს. დღეში 100-ზე მეტ ადამიანს ველაპარაკები და ასეთი სურათი იკვეთება.

- ინიციატივაში თუ აგყვნენ სხვა ექიმებიც?

- ჩემმა მეგობარმა, ძალიან კარგმა და გამოცდილმა ექიმმა, ლელა ჯღამაძემ გაიზიარა ინიციატივა. ის აქამდეც ბევრ ინფორმაციას დებდა საკუთარ გვერდზე კოვიდთან დაკავშირებით და ამ ფორმით ეხმარებოდა ადამიანებს.

- ახლა რა არის თქვენი ძირითადი საქმიანობა?

-სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ უბნის პედიატრად დავიწყე მუშაობა. მოხდა გადამზადება და ოჯახის ექიმის კვალიფიკაცია მომენიჭა, მუდმივად ვიმაღლებდი კომპეტენციას. ვიყავი ოჯახის ექიმიც და პედიატრიც. რამდენიმე წლის წინ სამსახურიდან წამოვედი, მოვხვდი ძალიან კარგ საერთაშორისო კომპანიაში, სადაც ისევ ადამიანის ჯანმრთელობას ვემსახურები, პრევენციის მიმართულებით. დღემდე იქ ვმუშაობ.

- რა არის ხოლმე თქვენი მთავარი რეკომენდაცია, როდესაც უამრავი ადამიანი გირეკავთ სხვადასხვა სიმპტომით და რა უნდა გაითვალისწინონ ბავშვებმა?

- ახლა ისეთი პერიოდია, ყოველდღე მატულობს ინფიცირებულთა რიცხვი და ეს მატება გაგრძელდება. სიტუაციის გაკონტროლება ძალიან ჭირს და ამიტომ, ბევრი რამ უკვე ადამიანის შეგნებაზეა დამოკიდებული. ჩემი პირველი რჩევაა, რომ როგორც კი ერთი პატარა სიცხის ეპიზოდი იქნება ან სხვა რაიმე სიმპტომი, სახლში დავრჩეთ, არ წავიდეთ სამსახურში და მოვერიდოთ თავშეყრის ადგილებს. ასევე, ადამიანებმა უნდა გაიგონ, რომ კოვიდი არ არის განაჩენი. როგორც აქამდე ვცხოვრობდით სეზონურ ვირუსებთან ერთად, ასევე შევძლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება, თუმცა ძალიან ყურადღებით და უფრო მეტი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ჩვენსავე ჯანმრთელობას და ჩვენ ირგვლივ მყოფ ადამიანებს, განსაკუთრებით კი რისკჯგუფებს. ბავშვები, ახალგაზრდები, 40-50 წლის ადამიანები, ვისაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა არ აქვს, ძალიან ადვილად და მსუბუქად გადიან ამ პერიოდს. ბავშვებში ზოგჯერ სიცხისა და ჩვეულებრივი რესპირატორული ნიშნებით მიდის, შეიძლება სიმტომები 2-3 დღეზე მეტ ხანს არ გაგრძელდეს, თუმცა ინფიცირებულები და, შესაბამისად, გადამდები არიან. როდესაც მშობლებს ველაპარაკები, პირველი რჩევაა, რომ ბავშვები სითხით და ბალანსირებული საკვებით დატვირთონ. ძალიან ბევრი მეკითხება, რა ვიტამინი შეიძლება გამოიყენონ. ახლა არცერთი ვიტამინი კორონავირუსისგან ვერ დაგვიცავს. ცოტა რთული გასაგებია ხოლმე მშობლებისთვის, როდესაც პრეპარატს არ ვნიშნავ. ვუხსნი რომ ზედმეტი მედიკამენტი შეიძლება, პირიქით, საზიანო აღმოჩნდეს. ძალიან მინდა, ეს კოშმარი მალე დამთავრდეს. რახან ავიღე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, ამას ვერ შევწყვეტ. ვიდრე შევძლებ, გავაკეთებ. თუ კიდევ შემოგვიერთდებიან ექიმები, ძალიან კარგი იქნება და უფრო მეტ ადამიანს დავეხმარებით. ბევრი არაფერი სჭირდებათ, ხშირად თავადაც იციან, როგორ უნდა მოიქცნენ, მაგრამ ექიმი რომ ეუბნება, უფრო მშვიდდებიან. პაციენტს სტრესსა და ნერვიულობას რომ მოუხსნი, ეს ძალიან დიდი საქმეა, რომ დაეხმარო ვირუსის დაძლევაში.

თამარ იაკობაშვილი


altვის უნდა მიმართოთ, თუ სახლში გადაწყვეტთ მკურნალობას და რას სთავაზობს სახელმწიფო კერძო დაზღვევის მქონე პაციენტებს


28667
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
ნინო
0
ძალიან კარგი პიროვნება და ექიმი. ბავშვობიდან მისი მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავით, მერე ჩემი შვილების ეწიმი იყო.
21:45 / 25-10-2020
ნანა
0
ძალიან დიდი მადლობა რომ არსებობთ . თავს წირავთ თქვენთვის უცნობი ადამიანებისათვის, მიზერული ანაზღაურების ფასად, ამ პერიოდში განსაკუთრებით იგრძნობა, როგორი საჭირონი ხართ საზოგადოებისათვის..საზოგადოებისათვის, რომლებიც არ აფასებენ თქვენს თავგანწირვას სათანადოდ
18:04 / 25-10-2020
მსგავსი სიახლეები