პირველ რიგში გირჩევთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე! კორონავირუსული ინფექციის დადებითი პასუხი იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ აუცილებლად რამე გაგირთულდებათ - შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ეს დაავადება უმტკივნეულოდ ჩაივლის და ძალიან მალე, მაქსიმუმ 2 კვირაში თქვენ დაუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
თუ რისკ-ჯგუფში ხართ (გაეცანით რისკ-ჯგუფის ჩამონათვალს), მაშინ აუცილებლად შეატყობინეთ ამის შესახებ ოჯახის ექიმს და იყავით მასთან მუდმივ კონტაქტზე.
თუ არ ხართ რისკ-ჯგუფში, მაშინ თავადაც იოლად გაუმკლავდებით ყველაფერს - იმოქმედეთ ზედმეტი ემოციების გარეშე!
სვით ბევრი სითხე - ეს იმისთვის არის საჭირო, რომ მოხდეს ორგანიზმის დეზინტოქსიკაცია და ვირუსული ინფექციით გამოწვეული სიმპტომები შემსუბუქდეს. სითხეების სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ ცხელი ჩაი (კარგია მოცხარის, მოცვის, ჟოლოს, ცაცხვის ჩაი), ჩვეულებრივი ან მინერალური წყალი (ცივს ნუ დალევთ - შეათბეთ მიღების წინ), ცხელი კომპოტი. თუ რძეზე ალერგია ან აუტანლობა არ გაქვთ, შეგიძლიათ სვათ ცხელი რძეც.
თუ შეუძლოდ გრძნობთ თავს, ნუ დაწვებით გაუნძრევლად ზურგზე, ეცადეთ უფრო ხშირად გვერდზე დაწვეთ. თუ ძალიან სუსტად არ ხართ, წამოდექით, იარეთ, ისუნთქეთ, რათა ფილტვებმა აქტიურად იმუშაოს.