ადამიანი, რომელსაც აქვს გარკვეული რესპირატორული სიმპტომები, არ არის კოვიდპაციენტთან კონტაქტში მყოფი და არც რისკჯგუფს წარმოადგენს, შესაბამისად, გადაწყვეტს, რომ სახლში იმკურნალოს სიმპტომურად, თუმცა, სურს, რომ გადამოწმების მიზნით ფილტვებში მოუსმინოს ექიმმა, რა უნდა გააკეთოს ამ დროს - კითხვით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მივმართეთ:
- ფაქტია, რომ ექიმთან უშუალო კონტაქტის გარეშე, პაციენტს ფილტვებს ვერავინ გადაუმოწმებს. როდესაც ადამიანი ბინაზეა, უჩნდება სიმპტომები და არ აქვს საეჭვო კონტაქტის შესახებ ინფორმაცია, ნებისმიერ შემთხვევაში ოჯახის ექიმს უნდა დაუკავშირდეს. თუ ოჯახის ექიმი მისცემს მას შესაძლებლობას, რომ მივიდეს ადგილზე და გაესინჯოს, რა თქმა უნდა, პაციენტს მისვლა შეუძლია. მაგრამ, თუ სიცხე უფიქსირდებათ, ტემპერატურიან პაციენტებს ვერ იღებენ, გასაგები მიზეზების გამო, რომ შეიძლება ის ვირუსის მატარებელი იყოს და ამბულატორია გავრცელებისგან თავს იცავს. მიმდინარეობს ონლაინ კონსულტაცია. ასეთი ადამიანი უნდა დარჩეს ბინაზე, თვითიზოლაციაში. 12 დღის განმავლობაში თუ არ მოხდა პაციენტის მდგომარეობის გართულება, ჩვეულებრივად, ბინაზე ხდება მისი მართვა, ოჯახის ექიმის მიერ და რეკომენდაციებია მიცემული, რომ ტემპერატურის აწევის დროს, დაუნიშნოს სიცხის დამწევი საშუალება. მაგრამ, თუ დამძიმდა სიტუაცია და გამოუვლინდა ძლიერი ტკივილი გულ-მკერდის არეში ან მკვეთრად გამოხატული მშრალი ხველა, თავბრუს ხვევა და ასე შემდეგ, ოჯახის ექიმის რეკომენდაციით, გადაჰყავთ კლინიკაში და იქ უკვე პროტოკოლის მიხედვით მიმდინარეობს მკურნალობა. ამ ბოლო დროს, იქიდან გამომდინარე, რომ თუნდაც მსუბუქი სიმპტომების გამოხატვის შემთხვევაში შესაძლოა გარკვეული გართულება მოხდეს თრომბოემბოლიასთან დაკავშირებით, განიხილება, რომ ცვლილება შეიტანონ და ბინაზე ჩატარდეს სისხლისა და D-დიმერის ანალიზი, მაგრამ ჯერჯერობით არ არის დამტკიცებული. ამ ეტაპზე, ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს პაციენტების მართვა და როგორც გითხარით, ექიმმა ზუსტად იცის, რა მომენტში დაინახოს საფრთხე და შესაბამისად, დროულად მოახდინოს რეაგირება, რომ საჭროების შემთხვევაში პაციენტი კლინიკაში გადაიყვანონ.
- კერძო დაზღვევის მქონე პაციენტებს ეუბნებიან, რომ ოჯახის ექიმის მომსახურება მათი მხრიდან უფასოდ არ ეკუთვნით და 112-ში ამისამართებენ. ამავდროულად, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ წინასწარვე მოიძიონ ადამიანებმა ოჯახის ექიმები, რომ საჭიროების შემთხვევაში მათთან ჰქონდეთ კომუნიკაცია. როგორ უნდა მოიქცნენ კერძო დაზღვევის მქონე პაციენტები?
- კერძო დაზღვევებს ინდივიდუალური ხელშეკრულებები აქვთ და ბევრი რამ არ შედის მათ მომსახურებაში. ვინაიდან კოვიდთან ბრძოლის პროტოკოლს სახელმწიფო ახორციელებს, იმიტომ გადაამისამართა კერძო დაზღვევის ექიმმა 112-ში. კერძო დაზღვეულებმა, რომლებსაც თავისი დაზღვევის ექიმი ვერ აწვდის მომსახურებას, უნდა დარეკონ 112-ზე. ვინაიდან ბევრი ზარია, ამიტომ გამოცხადა ამირან გამყრელიძემ, რომ ყველა ადამიანმა მოიძიოს, მისამართის მიხედვით, რომელ პოლიკლინიკაშია ჩაწერილი და თავიანთი ოჯახის ექიმის მომსახურებით ისარგებლოს. ადამიანებს 112-დან გადამისამართებული ოჯახის ექიმი გაუწევს კონსულტაციას თუ საყოველთაო დაზღვევის ოჯახის ექიმი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ, როცა 112-ში ირეკება, ზარი აღრიცხვაზე ადის და დაავადებათა კონტროლის ცენტრს გადაეცემა ინფორმაცია. ბაზაში აჰყავთ ასეთი პაციენტები და საჭიროების შემთხვევაში, ტესტს უფასოდ უტარებენ. თუმცა, კონსულტაციისთვის, ვიდრე 112-ში დარეკავთ და და უკუზარს მიიღებთ, თქვენს ოჯახის ექიმებს მიმართეთ.