"ცხვირიდან ჭარბი გამონადენი და ცხვირით სუნთქვის გაძნელება უფრო რინოვირუსისთვისაა დამახასიათებელი, ვიდრე კორონავირუსისთვის" - რას ეყრდნობიან ოჯახის ექიმები, როცა დაავადებას ტელეფონით მართავენ
"ცხვირიდან ჭარბი გამონადენი და ცხვირით სუნთქვის გაძნელება უფრო რინოვირუსისთვისაა დამახასიათებელი, ვიდრე კორონავირუსისთვის" - რას ეყრდნობიან ოჯახის ექიმები, როცა დაავადებას ტელეფონით მართავენ
სეზონიდან გამომდინარე, გაციების სიმპტომები დღეს უამრავ ადამიანს აწუხებს. მათი უმრავლესობა ყოველდღე შიშით ელოდება  მდგომარეობის გაუარესებას, ყველას აწუხებს კითხვა, მაინც რომელი სიმპტომების შემთხვევაში უნდა მიიტანონ ეჭვი სეზონურ გრიპსა და გაციებაზე და როგორ განასხვაონ კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული სიმპტომები.
ოჯახის ექიმები პირველები არიან, ვინც ამ პრობლემებით შეწუხებულ ადამიანებს რეკომენდაციებს აძლევენ. ამიტომ მოსახლეობაში დაგროვილ კითხვებზე პასუხების მისაღებად ოჯახის ექიმს, ანა ბარათაშვილს მივმართეთ:

- სეზონური ვირუსები ოქტომბრის ბოლოდან აქტიურდება და ზედა და ქვედა სასუნთქი გზების მწვავე რესპირატორულ ინფექციებს იწვევს. დაახლოებით, 200-მდე სახეობის ვირუსია. გაციების მსგავსი სიმპტომები
ძირითადად რინოვირუსითაა გამოწვეული. ასევე მიქსოვირუსებით, პარამიქსოვირუსებით, ადენოვირუსებით, პიკორნავირუსებით და კორონავირუსების ოჯახით (ახალი კორონავირუსი არ იგულისხმება.) უფრო მძიმედ მიმდინარეობს A და B ტიპის ვირუსებით გამოწვეული ინფექცია, რომელიც გრიპის მაგვარი სიმპტომებით ხასიათდება, მაღალი ცხელებით მიმდინარეობს და შეიძლება ქვედა სასუნთქ გზებზეც გადავიდეს ინფექცია.

- ამირან გამყრელიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში უფრო მეტად რინოვირუსი ცირკულირებს. როგორ იწყება რინოვირუსი, რომელიც დღეს შეიძლება ადამიანებს კოვიდის სიმპტომები ჰგონიათ და ძალიან ღელავენ?

-სიმპტომების მიმდინარეობა ბავშვებსა და ზრდასრულებში განსხვავებულია. ბავშვებში შეიძლება უფრო მწვავედ დაიწყოს, ცხელებით მიმდინარეობდეს, თან ახლდეს ცხვირიდან გამონადენი, ცხვირის გაჭედვა, ყელის ტკივილი, ხველა, თუმცა ზრდასრულებში მაინც ძირითადი სიმპტომია ცხვირით სუნთქვის გაძნელება, გამონადენით. გარდა ამისა, ყელის ტკივილი, ხველა. დასაწყისში, ერთეულ შემთხვევებში
შესაძლოა ცხელებაც გვქონდეს. მაგრამ, ყველაზე უფრო ხშირი სიმპტომი ეს არის ცხვირიდან გამონადენი, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ყელში ჩაფხაჭნის შეგრძნება და ცემინება.

- კორონავირუსისა და სეზონური გრიპის სიმპტომები ერთმანეთს ძალიან ჰგავს, მაინც როგორ უნდა გაარჩიონ ადამიანებმა, რომ სეზონური ვირუსი აქვთ და არა კორონავირუსი?

- არც ერთ სამედიცინო ლიტერატურაში სარწმუნოდ არ არის დასაბუთებული ზუსტი სიმპტომები, რომლის მიხედვითაც შეგვეძლება ვთქვათ, ადამიანს რინოვირუსი სჭირს თუ კორონავირუსი. ყველა რესპირატორულ ინფექციას, ეს იქნება გრიპი, გაციება, კორონავირუსით გამოწვეული ინფექციები თუ სხვა სეზონური ზედა და ქვედა სასუნთქი გზების რესპირატორული ინფექცია, მსგავსი სიმპტომი აქვს. მაგრამ, უხეშად, პროცენტული თანაფარდობით რომ დავთვალოთ, რინოვირუსული ინფექციას, როგორც აღვნიშნე, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, გამონადენი და ყელში ჩაფხაჭნის შეგრძნება ახასიათებს. კორონავირუსს რაც შეეხება, მისი ყველაზე ხშირი სიმპტომია ცხელება, ხველა, სუნთქვის გაძნელება. დასაწყისში შესაძლებელია უფრო მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდებოდეს და ნელ-ნელა სიმპტომები დამძიმდეს, სუნთქვის გაძნელების ეპიზოდები უფრო ხშირი გახდეს. კორონავირუსის დროს სუნთქვის გაძნელება ქვედა სასუნთქი გზებიდან მომდინარე სიმპტომი უფროა. გემოსა და ყნოსვის დაქვეითებაც ახასიათებს საწყის ეტაპზე. ცხვირიდან ჭარბი გამონადენი უფრო რინოვირუსისთვისაა დამახასიათებელი, ვიდრე კორონავირუსისთვის. ბავშვებთან კორონავირუსი აბსოლუტურად განსხვავებულად მიმდინარეობს და შესაძლოა რესპირატორულ სიმპტომებთან ერთად, გამოვლინდეს დიარეა და გულის რევის შეგრძნება.

- ოჯახის ექიმები,ზოგადი სურათისთვის, ძირითადად, რა სიმპტომებს ეყრდნობით ხოლმე პაციენტებთან, რომ გაარჩიოთ, რა შემთხვევაში, როგორ უნდა მოიქცნენ ისინი?

- პაციენტის ჩივილებს დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორ იწყება სიმპტომები, რა დროის განმავლობაში მიმდინარეობს, როგორ განვითარებას განიცდის და რა ახალი სიმპტომები დაემატა. ძირითადად, გაციების მაგვარ დაავადებებს, ხანმოკლე მიმდინარეობა ახასიათებს. ინკუბაციის პერიოდიც უფრო ხანმოკლეა, სადღაც 24-დან 72 საათამდე. ამ დროის გავლის შემდეგ, იწყება სიმტომები და ერთ კვირაში პაციენტი თავისით გამოჯანმრთელდება. მოზრდილ ადამიანებში ცხელებას ნაკლებად ველოდებით. როცა პაციენტს ეწყება მსგავსი სიმპტომები და მე-2 - მე-3 დღეს მიმართავს ექიმს, იქ უკვე მიმდინარეობის მიხედვით ვაფასებთ, არის თუ არა რაიმე საგანგაშო ნიშანი, რის მიხედვითაც შესაძლოა ადამიანს უფრო სერიოზული სამედიცინო ჩარევა და გამოკვლევები დასჭირდეს. მხოლოდ გაციების სიმტომებით მიმდინარე ინფექციების შემთხვევაში, პაციენტს დამატებითი ლაბორატორიული კვლევები, როგორც წესი, არ სჭირდება ხოლმე. კორონავირუსის დროს შესაძლოა ნელ-ნელა დამძიმდეს პაციენტი. ანამნეზს დიდი მნიშვნელობა აქვს, ვისთან ჰქონდა კონტაქტი, სამსახურში დადის თუ ბინის პირობებშია. ხომ არ იყო კოვიდდადასტურებულ ადამიანთან კონტაქტში, ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა, ვითვალისწინებთ ასაკს, თანმხლებ დაავადებებს და ინდივიდუალურად ვწვყვეტთ, ვის რა ფორმის დახმარება სჭირდება.
თამარ იაკობაშვილი

1189
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ექიმი
0
ე.ი.შორიდან მკითხაობთ.
14:59 / 24-11-2020
მსგავსი სიახლეები