კვლევებით დადასტურდა, რომ ჭარბწონიანობა კორონავირუსის შედარებით რთულად მიმდინარეობის ერთ-ერთი წინაპირობაა. ამ ფონზე, ბევრმა ადამიანმა, რომელსაც ეს პრობლემა აწუხებს, სხვადასხვა დიეტასა და გასახდომ პრეპარატს მიმართა. გარდა ამისა, საკმაოდ გავრცელებულია და საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანებიც აქტიურად არეკლამებენ "ენერჯი დიეტას". სოციალური ქსელებიდან ჩანს, რომ მათ ბევრი მიმდევარი ჰყავთ. მართლაც შესაძლებელია თუ არა გასახდომი პრეპარატებითა და საკვები დანამატებით წონაში კლება და რას წარმოადგენს სინამდვილეში ეს პროდუქტები, თემაზე ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა გვესაუბრება:
- აღნიშნული კითხვა ნამდვილად საინტერესოა, ვინაიდან დღეს სოციალური ქსელები აჭრელებულია სხვადასხვა სარეკლამო განცხადებით, მოკლე ექსკურსი რომ ჩავატაროთ, არის შემდეგი: იმისათვის, რომ პრეპარატი გამოვიდეს ფარმაცევტულ ბაზარზე, ის გადის უამრავ კვლევას, წლების განმავლობაში და მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი მისი გაყიდვა. ამ პროცესებს არეგულირებს წამლისა და საკვების სააგენტო, სწორედ ამ სააგენტოს მიერ მსოფლიოში სიმსუქნის სამკურნალო მხოლოდ 5 პრეპარატია დარეგისტრირებული. 5-დან 2 საქართველოს ბაზარზეცაა, რომელთა დანიშნვნაც კლინიკო-ლაბორატორიული დიაგნოსტირების შემდეგ ხდება. ექიმები გასახდომ საშუალებებს არ ნიშნავენ. ეს ორი პრეპარატი სიმსუქნის მკურნალობაში გამოიყენება და გახდომის ეფექტი აქვს, რეცეპტით იყიდება და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით გაიცემა. პაციენტები სწორად შერჩეულ კვების მოდელთან ერთად მიიღებენ. პრეპარატს თავისი დანიშვნის ჩვენება აქვს და ინიშნება მხოლოდ გარკვეული კლინიკო-ლაბორატორიული დიაგნოსტირებისას. შესაბამისად, სხვა გასახდომ საშუალებებს, რომლებიც წარმოდგენილია ბაზარზე, არ გააჩნიათ არც რეგისტრაცია და არც კლინიკური კვლევა, თუ რა დადებითი ან უარყოფითი გავლენა შეიძლება იქონიოს ორგანიზმზე.
- პრეპარატებს, რომლებსაც წონაში კლებისთვის გამოიყენებენ, ვერ დავასახელებთ, მაგრამ თუ შეგიძლიათ, დაგვიხასიათეთ ეს პრეპარატები მოქმედების სისტემის მიხევდით, რომელი რით აღწევს შედეგს?
- პრეპარატებს, რომლებიც წარმოდგენილია არა რეგისტრაციისა და კლინიკური კვლევის შედეგად ბაზარზე და ხშირ შემთხვევაში წავაწყდებით სოციალურ ქსელებში მათ რეკლამას, ძირითადად საფაღარათო და შარდმდენი ეფექტები აქვთ, რაც იწვევს წონაში კლებასაც, მაგრამ, გარდა ამისა, ისინი მოქმედებენ ორგანოთა სხვა სისტემებზე, შარდ-სასქესო, გულ-სისხლძარღვთა, კუჭ-ნაწლავის სისტემაზე, ასევე კუნთოვან და ძვლოვან ქსოვილზე, იწვევენ მათ გამოფიტვას, რამაც ხშირ შემთხვევაში შეიძლება სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს.
- როგორც სპეციალისტი, რამდენად ხართ მომხრე ან წინააღმდეგი ამ პრეპარატების, პრაქტიკაში გამოყენების?
- მსგავს პროდუქციას მე რეკომენდაციას არ ვუწევ, თავის გვერდითი ეფექტებიდან გამომდინარე. შესაბამისად არც წონის კლებისთვის და არც მისი შენარჩუნებისათვის მათი გამოყენება არ შეიძლება.
- რამდენად ხშირად მიმართევენ ადამიანები ამ პრეპარატებს თვითნებურად?
- მათი გამოყენება ძალიან ხშირად თვითნებურად ხდება. განსაკუთრებით თინეიჯერებში, რაც დაუშვებელია, რადგან განსაკუთრებით მოზარდ პოპულაციაში მას აქვს უმარავი გვერდითი ეფექტი და შესაძლებელია არასწორი ნივთიერებათა ცვლის გამო ძალიან ბევრ პრობლემას წავაწყდეთ, ამიტომ მშობლებმა უნდა მიაქციონ მსგავს საკითხებს ყურადღება, რადგან არ მოხდეს შვილების მიერ მსგავსი პროდუქციის შეძენა და გამოყენება.
- რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას ამან ჯანმრთელობას და რა ტიპის დარღვევები შეიძლება განვითარდეს? ბევრჯერ დაუწერიათ სოციალურ ქსელში, რომ ახალგაზრდა უეცრად გარდაიცვალა და ის ამ დროს იყო ან დიეტაზე ან გასახდომ საშუალებებს იღებდა. შეიძლება ეს მართლაც იყოს კავშირში ერთმანეთთან?
- დიახ, სამწუხაროდ, შესაძლებელია აღნიშნული ფაქტები დაკავშირებული იყოს მსგავს პროდუქციასთან, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, ის იწვევს ორგანიზმის გამოფიტვას მინერალებისგან, ვიტამინებისგან და სხვა ყველა იმ სასარგებლო ნივთიერებებისგან, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისათვის.
- ზოგადად, წონის კორექციის დროს, კვების შერჩეულ მოდელთან ერთად, პრეპარატის მიღება რამდენად საჭიროა?
- ვიდრე მოხდება წონის კორექციისათვის კვების შედგენა, აუცილებელია გარკვეული კლინიკო-ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ჯანსაღი კვების რაციონის ანუ დიეტის შედგენა, ხოლო თუ კვლევებისას ვნახეთ გარკვეული დარღვევები ნივთიერებათა ცვლაში, მხოლოდ ამის შემდგომ ვიღებთ გადაწყვეტილებას, ესაჭიროება თუ არა პაციენტს რაიმე პრეპარატი.
- საკმაოდ გავრცელებულია საზოგადოებაში და ბევრი ცნობილი ადამიანი არეკლამებს "ენერჯი დიეტას", ადამიანები სვამენ კოქტეილებს, რამდენად რეკომენდებულია მსგავსი ფორმით წონის კლება და რა რისკები ახლავს მას?
- როგორც უკვე აღვნიშნე, მსგავს პროდუქციას არ ვუწევ რეკომენდაციას. აღნიშნულ პროდუქტთან დაკავშირებით ვერ გეტყვით განსაკუთრებულს, რაც მანამდე არ გითხარით, რადგან ამ პროდუქტსაც არ გააჩნია კლინიკური კვლევა, რაც მედიცინააში მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ თამამად დაინიშნოს სხვადასხვა სამკურნალო საშუალება.
- პანდემიის დროს ჭარბწონიანობა რისკფაქტორად დასახელდა. დღესვე რომ დაიწყონ დიეტა ამ ადამიანებმა, ეს გამართლებული იქნება? ხომ ამბობენ, რომ დიეტაც სტრესია...
- დიეტა ეს გახლავთ სწორი, ბალანსირებული, რაციონალური, ჯანსაღი კვება. შესაბამისად იმისათვის, რომ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა და იმუნური სისტემა მზად იყოს, აუცილებელია კვების რაციონში ცვლილებების შეტანა. ჩვენ თუ ვსაუბრობთ შიმშილზე. რა თქმა უნდა, ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ხოლო თუ ვსაუბრობთ დღის განმავლობაში ჯერად კვებაზე (4-5 ჯერ ), სადაც იქნება ცხიმები, ცილები, ნახშირწყლები, მიკრო-მაკროელემენტები და საჭირო რაოდენობით წყალი, ეს მხოლოდ თუ დაგვეხმარება ვირუსთან ბრძოლაში და ნამდვილად არ მოახდენს უარყოფით გავლენას იქნება ჩვენს ორგანიზმზე.
- ბევრმა ჭარბწონიანმა დაიწყო ომეგა 3-ის, D ვიტამინის, ასევე E ვიტამინის მოხმარება. პროფილაქტიკისთვის ეს საშუალებები გამართლებულია?
- მსგავის დანამატები ნამდვილად სასარგებლოა ორგანიზმისათვის. ამიტომ, მათი გამოყენება აბსოლუტურად დასაშვებია, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ D ვიტამინთან დაკავშირებით ახალ კორონავირუსთან მიმართებითძალიან ბევრი კვლევა არსებობს , რაც ადასტურებს მის დადებით ზეგავლენას კოვიდის მკურნალობაში.
- რა პროდუქტები უნდა მოიხმარონ წარბწონოიანმა ადამიანებმა ზამთრის პერიოდში, ამ დროს ხომ იმდენი ხილ-ბოსტნეული არ გვაქვს?
- ვერ ვიტყოდი, რომ საქართველოში ზამთრის სეზონზე ხილის და ბოსტნეულის დეფიციტი გვაქვს. ზოგადად, ბუნება ყველა სეზონზე გვთავაზობს იმ პროდუქტებს, რაც აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისათვის. ზამთრის პერიოდში უხვად გვაქვს ციტრუსი: ფორთოხალი, მანდარინი, გრეიფრუტი, ასევე კივი, ვაშლი, გოგრა, ბოსტნეულიდან კომბოსტო, სტაფილო, ჭარხალი და ბევრის სხვა რამ, რაც აუცილებელია ჩვენი იმუნური სისტემისათვის და გამართული ნივთიერებათა ცვლისთვის.
თამარ იაკობაშვილი