პროდუქტები, რომლებიც ბავშვმა ყოველდღე უნდა მიიღოს, განსაკუთრებით ვირუსების სეზონზე - პედიატრის რეკომენდაციები
პროდუქტები, რომლებიც ბავშვმა ყოველდღე უნდა მიიღოს, განსაკუთრებით ვირუსების სეზონზე - პედიატრის რეკომენდაციები
იმუნიტეტის გასაძლიერებლად კვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორად შერჩეული პროდუქტები კი ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის. პანდემიის პირობებში, რა პროდუქტები უნდა მიიღოს ბავშვმა და რაზე უნდა თქვან უარი, აქტუალურ თემაზე ცნობილი პედიატრი ეკა უბერი გვესაუბრება:

- კვებითი რეკომენდაციები პანდემიის პირობებში განსხვავებული და განსაკუთრებული არ არის. მთავარია, რომ ბავშვს სრულფასოვანი და მრავალფეროვანი კვებითი მოდელი შევთავაზოთ. თუმცა, ბავშვის თავისებურებიდან გამომდინარე, შესაძლებელია რომელიმე პროდუქტს ვერ იღებდეს და ამ შემთხვევაში კვებით დანამატებს მივმართავთ ხოლმე, რომ არსებული დეფიციტის შევსება მოხდეს. ერთადერთი კვებითი დანამატი, რომელიც აუცილებელი პირობაა,
განსაკუთრებით 2 წლამდე ასაკის ბავშვებში და განსაკუთრებით ახლა, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, D ვიტამინია. მოგეხსენებათ, D ვიტამინს უხშირესად ორგანიზმი მზის სხივიდან იღებს. იქიდან გამომდინარე, რომ ამ თვეების განმავლობაში, მზის სხივები ნაკლებია და, შესაბამისად, ბავშვების გარეთ გასვლის ხანგრძლივობა მკვეთრად შემცირებულია, აუცილებელი პირობაა, რომ 2 წლამდე მუდმივად იღებდნენ D ვიტამინს, პროფილაქტიკურ დოზაზეა საუბარი. ხოლო 2 წლიდან - არა მზიან თვეებში, ეს საქართველოს პირობებში ვრცელდება გვიანი შემოდგომიდან აპრილის ჩათვლით. შესაძლებელია მშობელმა თავისი ინიციატივით მისცეს ბავშვებს, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე D ვიტამინის პრეპარატებს სხვადასხვა შემცველობა აქვს, ამიტომ, სასურველია, რომ პროფილაქტიკური დოზა, კონკრეტული მედიკამენტიდან გამომდინარე, ექიმის მიერ იქნას განსაზღვრული.

-
კვების როგორი მოდელია ბავშვთა ასაკისთვის ოპტიმალური?

- ოპტიმალურია კვების მოდელი მდიდარი ცილებით და დაბალანსებული ნახშირწყლებითა და ცხიმებით. არ არის აუცილებელი, რომ იყოს ძალიან მაღალკალორიული. აქვე გასათვალისწინებელია, რომ 3 წლიდან ვაჟებისა და გოგონების კვებითი ულუფაც განსხვავდება ერთმანეთისგან. ვაჟების კვების რაციონში ხორცის მოცულობა უფრო მაღალი უნდა იყოს, ვიდრე გოგონებისაში.

- რა შეიძლება მიირთვას ბავშვმა საუზმედ?

- საუზმისთვის სასურველია, რომ იყოს კვების მონაცვლეობა, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მარცვლეულის მიღება. დღის პირველ ნახევარში, მაქსიმალურად კალორიული საკვები უნდა იყოს წარმოდგენილი. პირველ რიგში, ეს შეიძლება იყოს მარცვლეული, რძის ნაწარმიდან ყველი, ხაჭო, არაჟანი, ასევე კვერცხი. შეიძლება მცირე რაოდენობით ჩაი. თუმცა, ჩაი აუცილებელი პირობა არ არის.

- საუზმისთვის ჩაისა და კარაქიანი პურის კომბინაციაზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?

- კარაქის სახით ბევრი ცხიმია წარმოდგენილი და პურში ნახშირწყლები და ცხიმები უფრო მეტია, ვიდრე ცილები. მნიშვნელოვანია, რომ დილიდან კვება ცილოვანი პროდუქტით იყოს დაწყებული. ეს წარმოდგენილია, როგორც ვთქვი, მარცვლეულითა და რძის ნაწარმით.

- რა არის ყველაზე მავნე პროდუქტები, რასაც ძირითადად მიირთმევენ ხოლმე ბავშვები?

- შემწვარ კარტოფილზე უფრო მავნე არაფერია. ნებისმიერი შემწვარი პროდუქტი კიბოს ხელშემწყობი კარცეროგენია. ამიტომ, შეძლებისდაგვარად, შემწვარი კარტოფილი და,ზოგადად, შემწვარი პროდუქტები, რაც შეიძლება გვიან ასაკში იყოს გამოყენებული. რა თქმა უნდა, ბავშვი ისე ვერ გაიზრდება, რომ არ დააგემოვნოს, მაგრამ მშობელი უნდა ეცადოს, რომ მიზანმიმართულად ეს პროდუქტები არ მისცეს. უნდა ეცადონ, რომ მოხარშული ფორმით ჩაანაცვლონ.

- ზამთარი მოდის და განსაკუთრებით აქტუალურია ციტრუსები. რაციონში რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მათ არსებობას?

- თუ ბავშვს კონკრეტული ხილის მიმართ ალერგია არ აქვს, თავისუფლად შეიძლება იყოს ციტრუსებიც წარმოდგენილი რაციონში. ყველაზე კარგია ფორთოხალი, შემდეგ მოდის ლიმონი და ბოლოს უკვე მანდარინი.

- ხომ არ შეგიძლიათ საკვები პროდუქტების კომბინაცია შესთავაზოთ მშობლებს, რაც ბავშვების რაციონს დააბალანსებს?

- მაგალითად, სადილისთვის წიწიბურა და მოხარშული ხორცი, მოხარშული ქათამი ან მოხარშული თევზი, ბრინჯი და იგივე გარნირი, მოხარშული ქათამი მოხარშულ სტაფილოსთან, ცოცხალ ბულგარულთან, კიტრთან და პომიდორთან ერთად, ყველის ნაჭერი. საღამოს, მაწონი და ხაჭო, რამდენიმე ორცხობილასთან ერთად.
mshoblebi

- ბოლო კვება რომელ საათზე უნდა იყოს?

- ბოლო კვება დაძინებამდე მინიმუმ 1 საათით ადრე. აქვე, მინდა მივმართო მშობლებს, რომ ეპიდსიტუაცია არ ნიშნავს, რომ ბავშვები ჩაკეტოთ ოთახში და არ ასეირნოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ფიზიკური აქტივობა ახლა შემცირებულია იმ ფონზე, რომ ბევრი ბაღი და სკოლა დახურულია, რაც ჭარბი წონის და შესაბამისად დიაბეტის განვითარებისა და სიმსუქნესთან ასოცირებული დაავადებების განვითარების რისკებს ზრდის. მაქსიმალურად შეეცადონ, რომ არაჯანსაღი შაქრები, ტკბილეული, ცომეული მინიმუმამდე იყოს დაყვანილი და რაც შეიძლება დიდხანს ამყოფონ ბავშვები სუფთა ჰაერზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ისეთმა ბავშვებმაც კი, რომლებიც საერთოდ არ იყვნენ მიდრეკილნი სიმსუქნისკენ, მკვეთრად მოიმატეს წონაში.

თამარ იაკობაშვილი

14650
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
მაია
0
შესანიშნავი, ამომწურავი და დროული ინფორმაციაა. გმადლობთ
09:51 / 29-10-2020
მსგავსი სიახლეები