"კარგად დაითვალიერეთ ფეხები ყოველდღე. ღრმა ვენების თრომბოზი დათვალიერებითაც შეგიძლიათ ამოიცნოთ..." - რას გვირჩევს ექიმი და რომელი სიმპტომები არ უნდა გამოგვრჩეს
აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ნანა გეგეკჭკორი, რომელსაც კოვიდინფექციის მკურნალობის საკითხში დიდი გამოცდილება დაუგროვდა, ფეისბუქ ლაივის საშუალებით საინტერესო კითხვებს სცემს პასუხს.
ქალბატონმა ნანამ თავადაც გადაიტანა კოვიდინფექცია და როგორც ამბობს, ფილტვების დაზიანებაც ჰქონდა, თუმცა მკურნალობა და მედიკამენტები არ გამოუყენებია.
ნანა გეგეჭკორი საუბრის დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ მისი რჩევები სრულად ეყრდნობა ამერიკულ გაიდლაინებს და ზოგიერთ საკითხში შეიძლება ზუსტად არ ემთხვეოდეს საქართველოში მიღებულ გაიდლაინს.
რა შემთხვევაში მოვახერხებთ, რომ ინფიცირებული ადამიანისგან დაავადება არ გა
დაგვედოს, რა უნდა გავაკეთოთ სიმპტომების გამოვლენისას, როცა ჯანდაცვის სექტორი ასე გადატვირთულია, ვინ ითვლება მსუბუქა და ვინ - მძიმე პაციენტად. ქალბატონი ნანა, რომელსაც ასობით კოვიდპაციენტის მართვამ მოუწია, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრობს.

გადაცემის გზები

ვიცით, რომ კოვიდი ადამიანის მიერ გამოყოფილი წვეთების საშუალებით გადადის საუბრის, ყვირილის, სიმღერის, ხველის, ცემინების დროს. ამ წვეთებს, სხვა რესპირატორული ინფექციაებისგან განსხვავებით, აქვთ უნარი გარკვეული დროის განმავლობაში ჰაერში აეროზოლების სახით დარჩნენ დაახლოებით, 2-3 საათის განმავლობაში. თუ ხართ კოვიდის გადამდებ ფაზაში, იყავით ოთახში, სადაც ახველებდით, საუბრობდით, თქვენი გასვლის შემდეგაც კი ამ ოთახში შესული პირი დაინფიცირების რისკის ქვეშაა. ეს რისკი არ არის ძალიან მაღალი, მაგრამ მაინც არსებობს. უსაფრთხო დისტანციად ითვლება დაავადებულისგან 2 მეტრი, თუმცა თუ ახველებს და აცემინებს, უფრო შორსაც იტყორცნება წვეთები. სუნთქვისას ძალიან მცირეა ამოსუნთქული ბაქტერიების რიცხვი, ხოლო
თუ საუბრობს დაავადებული ადამიანი, ამოტყორცნილი ვირისების დოზა 10-ჯერ იზრდება.
დღევანდელი კვლევების მიხედვით, რაც უფრო მეტია შესუნთქული ბაქტერიების დოზა, მით უფრო რთულად მიმდინარეობს დაავადება. ერთადერთი ძალიან ეფექტური იარაღი ამ დაავადების წინააღმდეგ, ეს არის პრევენცია და ის თქვენს ხელშია. იმიტომ ვყვები ამ ყველაფერს, რათა დაგარწმუნოთ, რომ ნიღაბი აუცილებელია და აი, რატომ:
ნიღაბი გიცავთ ვირუსების დიდი დოზით ჩასუნთქვისგან. ნიღაბი, რომელსაც თქვენ ატარებთ, ვირუსების ჩასუნთქვისგან სრულად არ იცავს, ალბათ გსმენიათ ვინმესგან: „ნიღაბი მეკეთა და მაინც დავინფიცირდი“. დიახ, მართლაც შეიძლება დაგემართოთ დაავადება ნიღბითაც, მაგრამ ის მნიშვნელოვნად შეამცირებს დოზას, რასაც თქვენ შეისუნთქავთ და ამაზეა დამოკიდებული დაავადების მიმდინარეობის სირთულეც.
ერთადერთი ნიღაბი, რომელიც ამ შესუნთქვისგან გიცავთ, არის N95, მას ვიყენებთ ექიმები კოვიდპაციენტებთან მუშაობისას, რადგან ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, ავად გავხდეთ. N95 თქვენ არ გჭირდებათ, ჩვეულებრივი ნიღბითაც გახვალთ ფონს, ოღონდ მხოლოდ ნიღაბი არ არის საკმარისი. დისტანციაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ორივეს ერთად დაიცავთ, ძალიან შემცირდება დაინფიცირების შანსი. თუ აღმოჩნდით ისეთ ოთახში, სადაც მანამდე დაავადებული ადამიანი საუბრობდა, ახველებდა, მღეროდა ან ყვიროდა 2-3 საათით, არის შანსი, რომ თქვენც დაინფიცირდეთ. ნიღაბი ამ შემთხვევაში ერთადერთი დაცვის საშუალება იქნება.
მესამე ფაქტორი პრევენციისა გახლავთ ზედაპირებთან შეხება. თავიდან გვეგონა, რომ უფრო საშიში იყო ზედაპირებთან შეხება. ახლა კი ითვლება, რომ დოზა, რომელიც შეიძლება მიიღოთ ზედაპირებთან შეხებით, ბევრად ნაკლებია. 2-3 საათის შემდეგ შეიძლება ვირუსი ზედაპირებზე სიცოცხლისუნარიანიც აღარ იყოს. ამის მიუხედავად, არ გირჩევთ არანაირი დოზის მიღებას. მცირე დოზამაც შეიძლება გამოიწვიოს დაავადება. შეიძლება ფიქრობთ, „ვარ ახალგაზრდა, არავითარი დაავადება არ მაქვს და მერე რა, დამემართოს კოვიდი, გრიპი ხომ მემართება?“ მე მოგიყვებით, როგორ არ არის კოვიდი გრიპი, ნამდვილად არ არის და არ გირჩევთ მის უსიმპტომოდ გადატანასაც კი. რადგან უსიმპტომო პაციენტების ფილტვებზეც კოვიდი კვალს ტოვებს. ასე რომ, ზედაპირებთან შეხების შემდეგ აუცილებლად უნდა დაიბანოთ ან გაისტერილოთ ხელები.
დაიმახსოვრეთ, დაავადების თავიდან ასაცილებლად გაქვთ 3 იარაღი: ნიღაბი, დისტანცია და ჰიგიენა. ეს დაგიცავთ თქვენ და იმ ადამიანებს თქვენს გვერდით, ვისთვისაც კოვიდი შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს. როცა ქუჩაში ესაუბრებით ნაცნობს, სამსახურში - თანამშრომელს, შეიძლება ის იყოს ავად და გარგნულად ეს სულ არ ეტყობოდეს. თქვენ ახალგაზრდა და ჯანმრთელი ხართ, მაგრამ სწორედ თქვენ იქნებით ის, ვინც დაავადებას მიუტანს მას, რომელიც დიდი რისკის ქვეშაა. თუ ამ სამ იარაღს არ გამოიყენებთ, საქართველოს მთავრობასაც მოუწევს გააკეთოს ის, რაც მსოფლიომ გააკეთა - ქვეყნის ჩაკეტვა. ამით კი პირველ რიგში თქვენ დაზარალდებით, დაიკარგება თქვენი სამსახური, გაჩერდება თქვენი ბიზნესი.

სიმპტომები

თუ გაქვთ რესპირატორული სიმპტომები, არ იცით ტესტის პასუხი, და არ იცით, გრიპი გაქვთ თუ კოვიდი, ასი პროცენტით იგულისხმეთ, რომ ეს არის კოვიდი. შეიძლება არ აღმოჩნდეს, მაგრამ ჯობია თავი დაიზღვიოთ, ვიდრე ეთამაშოთ ამ დაავადებას.
ყველაზე გავრცელებული და ხშირი სიმპტომები არის ისინი, რაც რესპირატორულ ინფექციებს ახასიათებს.
  • თავის ტკივილი,
  • თავბრუსხვევა,
  • ძალიან ძლიერად გამოხატული სიცხე,
  • საერთო სისუსტე,
  • ხველა,
  • სუნთქვის უკმარისობა,
  • ქოშინი,
  • მუცლის ტკივილი
  • ღებინება,
  • ტკივილი ქვედა კიდურებში,
  • სხვადასხვანაირი გამონაყარი, მათ შორის მოვარდისფრო-მოიისფრო გამონაყარი განსაკუთრებით ფეხის თითებთან, რომელიც შედარებით სპეციფიურია კოვიდისთვის.

mshoblebi
ამის გარდა პირველი გამოვლინებები შეიძლება იყოს ნებისმიერი ორგანოთა სისტემის დარღვევები. ანუ გამოვლენა იყოს სრულიად არაკოვიდისეული, თუნდაც შარდსაწვეთი გზების ინფექციისთვის დამახასიათებელი. როცა ორგანიზმი კოვიდთან ბრძოლაში ებმება, რაც გაქვთ ქრონიკული პროცესები, ისინი მწვავდება და შეიძლება ის იყოს პირველი გამოვლინება. ამიტომ კარგად შეისწავლეთ თქვენი მდგომარეობა, როცა კარგად ხართ. ყოველი ახალი სიმპტომის გამოვლენისას შეადარეთ ამ მდგომარეობას და განსხვავებული სიმპტომი შეიძლება იყოს სწორედ კოვიდის გამოვლინება.
სპეციფიური, მხოლოდ კოვიდისთვის დამახასიათებლი, არის ორად ორი სიმპტომი. ერთია გემოსა და ყნოსვის დაკარგვა. თუნდაც არაფერი გაწუხებდეთ და მხოლოდ გემო და ყნოსვა დაკარგოთ, 99%-ით იყავი დარწმუნებული რომ კოვიდი გაქვთ. თავადაც მქონდა ეს სიმპტომი, როცა ავად ვიყავი. სრულად იკარგება ორივე შეგრძნება და წარმოუდგენელი დისკომფორტია, ეს არაფერში აგერევათ და ვერ გამოგეპარებათ.
მეორე, რაც კოვიდისთვისაა დამახსიათებელი - სუნთქვის უკმარისობა, ხველა, ქვედა სასუნთქი გზების დაავადების სიმპტომები იწყება მე-4-მე-5 დღეს, შეიძლება მე-7 დღისკენაც და არა თავიდან. გრიპის დროს, როგორც გახსოვთ, ყველაფერი ერთად იწყება.
როგორც წესი, კოვიდის დროს ავადობა იწყება უფრო მსუბუქად, და მე-4-მე-5 დღეს იწყება სუნთქვის პრობლემები, ასე ხდება უმეტეს შემთხვევებში, თუმცა არაა გამორიცხული, სხვაგვარადაც მოხდეს.

ვინ არის მსუბუქი პაციენტი

მსუბუქია ის პაციენტი, ვისაც შეუძლია ცხოვრების ჩვეული წესის გაგრძელება და ვერანაირი სიმპტომი მის ყოფას ხელს არ უშლის. შეიძლება ახველებთ, მაგრამ შეგიძლიათ იაროთ, აკეთოთ თქვენი საქმე ისე, რომ არ გქონდეთ ძლიერი ტაქიკარდია, არ გივარდებოდეთ წნევა, არ გქონდეთ სუნთქვის მძიმე უკმარისობა, არ გეხვეოდეთ თაბვრუ და კუნთების სისუსტისგან არ ვარდებოდეთ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გქონდეთ მაღალი სიცხე, აუტანელი კუნთების ტკივილი, თავის ტკივილი, მაინც ითვლებით მსუბუქად, რადგან არ გაქვთ სუნთქვის უკმარისობა. მიაქციეთ ყურადღება, რომ სითხეებს, რასაც მიიღებთ, თიტქმის იგივე რაოდენობით გამოყოფდეთ. თუ თირკმელი ნორმალურად ფუნქციონირებს, დაახლოებით იმდენივე სითხე უნდა გამოყოთ, რამდენიც მიიღეთ. დააკვირდით შარდს, ის არ უნდა იყოს კონცენტრირებული, ანუ ძალიან მუქი ყვითელი, ან ყავისფერი, თქვენთვის ჩვეული ფერისგან ძალიან შეცვლილი არ უნდა იყოს. შარდი კონცენტრირებულია მაშინაც, თუ ცოტა სითხეს იღებთ, მაგრამ თუ საკმარისად ღებულობთ სითხეებს, შარდი კონცენტრირებული და ზედმეტად მუქი არ უნდა იყოს. თუ ჩამოთვლილი ცვლილებები შენიშნეთ, ექიმთან აუცილებლად უნდა დარეკოთ.
მიიღეთ სითხეები, უმჯობესია, თუ ეს იქნება ბოსტნეულის ნახარშები ან ვიტამინებით მდიდარი წვენი. შესაძლებელია სუპებიც, წყალიც. მინიმუმ 2 ლიტრი სითხეა დღეში საჭირო, თუმცა გულის უკმარისობის ან თირკმლის პრობლემების მქონე ადამიანებმა სითხეების მიღება უნდა აკონტროლონ.
mshoblebi
თუ არ გაქვთ სუნთქვის გამოხატული უკმარისობა, არ გაქვთ ჟანგბადის ნაკლებობა სისხლში, რომელიც შეგიძლიათ გაიზომოთ, არ გაქვთ გონების დაბინდვა, არ ხართ ძილად ისე მივარდნილი, რომ თქვენი გაღვიძება რთულია, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ხართ მსუბუქად დაავადებული.
მსუბუქად შეიძლება დაავადდეს რისკჯგუფში მყოფი ადამიანიც და არარისკჯგუფში მყოფიც. თუ მსუბუქიც ხართ და არც რისკჯგუფებს მიეკუთვნებით, დაივიწყეთ ტესტიც, საავადმყოფოც და ექიმიც, თუმცა შეიძლება ფილტვები დაზიანებული გაქონდეთ, მაგრამ ეს მცირე დაზიანება სუნთქვაზე არ აისახება.
ის, რომ რისკჯგუფს განეკუთვნებით, არავითარ შერმთხვევაში არ ნიშნავს, რომ დაავადება ძალიან რთული ფორმით გექნებათ ან სასიკვდილო იქნება, ეს ნამდვილად არ ნიშნავთ ამას. უბრალოდ, სტატისტიკურად უფრო მეტია შანსი, რომ რთულად მიმდინარეთა რიცხვში მოხვდეთ.

ვინ არის მძიმე პაციენტი, ვინც ვერ დარჩება ბინაზე

  1. თუ გაქვთ სუნთქვის სიხშირე 20-25-ზე მეტი წუთში, თავიდანვე უნდა მიმართოთ ექიმს. თუ ეს აღემატება 25-ს, განსაკუთრებით, 30-ს, ექიმს უნდა დაუკავშირდეთ.
  2. ჟანგბადის დონე სისხლში უნდა იყოს 95%-ზე მაღალი, 94%-ზე, განსაკუთრებით კი 92%-ზე და დაბლა, პაციენტს სუნთქვის გამოხატული უკმარისობა აქვს.
  3. როცა დაავადება სწრაფად იცვლება და მძიმდება და ადამიანი მინიმალურ დატვირთვასაც ვერ ასრულებს, თავიდანვე უნდა მიმართოს ექიმს.
  4. თუ სუნთქვის ან ჟანგბადის უკმარისობა გაქვთ, თუნდაც სიცხე არ გქონდეთ და არ გახველებდეთ, მაინც უნდა მიმართოთ ექიმს.
  5. გონების დაბინდვაც ერთ-ერთი ნიშანია ჟანგბადის ნაკლებობის. თუ პაციენტის პასუხები არაადეკვატურია, ძილისგან გამორკვევა უჭირს, ეს ნიშნავს, რომ ტვინი ჰიპოქსიურ მდგომარეობაშია.
  6. გულ-მკერდის ძლიერი ტკივილი, რომელიც არ იცვლის ხასიათს, მოდის უეცრად, არ იცვლება მოძრაობებით, არ იცვლება ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის დროს, ძალიან სახიფათო სიგნალია. თუ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის დროს ტკივილი ძლიერდება, ეს ნაკლებად სახიფათოა.
  7. კარგად დაითვალიერეთ ფეხები ყოველდღე. ღრუ ვენების თრომბოზი დათვალიერებითაც შეგიძლიათ ამოიცნოთ. იცის ტკივილი, უსიამოვნო შეგრძნება, ასიმეტრიული შეშუპება, ფეხები სხვადასხვა ზომისაა.
ასეთი პაციენტები არ უნდა დარჩნენ ბინაზე და უნდა იყვნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

ანალიზები

ვინც რჩება ბინაზე და არის მსუბუქად დაავადებული, ანალიზები, რენტგენი და ტომოგრამა არ სჭირდება. მსუბუქი ფორმის დროს არავითარი აზრი არ აქვს გულმკერდის რენტგენს, ასევე კომპიუტერულ ტომოგრამას. აგიხსნით, რატომ. შემთხვეით რომ შევარჩიოთ მოსახლეობაში 100 ადამიანი და გავტესტოთ, მათგან შეიძლება 10-ს აღმოაჩნდეს ინფექცია ისე, რომ არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდეთ. რომ ჩავუტაროთ ამ 10 სრულიად ჯანმრთელ, უსიმპტომი ადამიანებს კომპიუტერული ტომოგრამა, ორ მესამედს აღმოაჩნდება კოვიდისთვის დამახასიათებელი ცვლილებები ფილტვში. აი, პირველ რიგში რით განსხვავდება კოვიდი გრიპისგან. თქვენ რომ ასეთი კვლევა გრიპის შემთხვევაში ჩაატაროთ, ვერ იპოვით ე.წ. "დაბურული მინის" ეფექტით მიმდინარე პნევმონიას. გრიპის დროს ასეთი პნევმონია აქვთ მათ, ვინც კრიტიკულად მძიმეა. ზუსტად ამიტომ არ არის კოვიდი გრიპი, კოვიდი იწვევს ფილტვის დაზიანებას სრულიად უსიმპტომი პაციენტებშიც კი. უბრალოდ, ამ დაზიანების ხარისხი არ აისახება სუნთქვის ხარისხზე. სამაგიეროდ, სულ მცირე დაზიანებაც ძალიან მნიშვნელოვანი ხდება მათთვის, ვისაც უკვე აქვს ფილტვებში გარკვეული პრობლემები.
რომც იპოვოთ პნევმონია, თუ ხართ უსიმპტომო, მსუბუქი შემთხვევა და არ გაქვთ გამოხატული სუნთქვის უკმარისობა, ტომოგრამას აზრი მაინც არ აქვს, რადგან ვერ დააკმაყოფილებთ მკურნალობის ვერცერთ მეთოდში ჩართვის კრიტერიუმებს. თქვენი მკურნალობა იქნება ზუსტად იგივე, რაც მაშინ, როცა არ გეცოდინებოდათ, რომ ფილტვების ანთება გაქვთ.
როცა თავად ვიყავი ავად, საკმარისად მქონდა ფილტვები დაზიანებული, მაგრამ არანაირი პრეპარატებით არ მიმკურნალია, რადგან არ მქონდა გამოხატული სუნთქვის უკმარისობა. როცა მიდიხართ ანალიზებზე, ტესტზე, ტომოგრამაზე, შეიძლება კოვიდი არ გქონდეთ და რიგში დაავადდეთ. ამიტომ სიმპტომების შემთხვევაში დარჩით იზოლაციაში. ამერიკული გაიდლაინით ეს არის 10 დღე. ამავე გაიდლაინით, იზოლაციიდან გამოდიხართ იმ შემთხვევაში, თუ ბოლო 48 საათის განმავლობაში იყავით სიცხის გარეშე. ვისაც ხველა და სიმპტომები უგრძელდებათ, ვურჩევდი 14 დღით დარჩნენ იზოლაციაში.




რა უნდა გავაკეთოთ, როცა სიმპტომები გვიჩნდება?

ინფიცირებულთა 80% კოვიდინფექციას გადაიტანს უსიმპტომოდ ან უმცირესი სიმპტომებით. ამ პაციენტებს სამედიცინო სისტემისგან არავითარი ყურადღება არ სჭირდებათ. მისი მართვა ბინაზე ისევე შესაძლებელია, როგორც აქამდე მართავდით ნებისმიერ რესპირატორულ ინფექციას. თუნდაც იცოდეთ, რომ ტესტი დადებითია, მსუბუქ და მითუმეტეს, ასიმპტომურ ფორმას არ სჭირდება არავითარი პრეპარატი. გვაქვს შედარებით სპეციფიური წამლები კოვიდინფექციისთვის, მაგრამ მათი გამოყენება ჰოსპიტლის გარეთ დაუშვებელია. მათ ახასიათებთ იმდენად საერიოზული გვერდითი მოვლენები და ისეთ ინტენსიურ მონიტორინგს საჭიროებენ, რომ ჰოსპიტლის გარეთ მათმა გამოყენებამ შეიძლება სასიკვდილო გართულებებიც გამოიწვიოს. მსუბუქი პაციენტებისთვის საჭირო არ იქნება არც ტესტირება. არ არის აუცილებელი, ტესტმა გითხრათ, რომ ავად ხართ. თავს ნუ იმტვრევთ იმაზე ფიქრით, გრიპი გაქვთ თუ კოვიდი, გადადით 10-დღიან იზოლაციაში (ამერიკული გაიდლაინით 10 დღეა საჭირო) და მხოლოდ ამის შემდეგ დაუბრუნდით საზოგადოებრივ ცხოვრებას. ტესტის პასუხს აზრი არა აქვს, რადგან ეს ვერაფერს შეცვლის თქვენს მკურნალობაში.

როგორ ავიცილოთ თრომბოტული გართულებები


ფიზიკური აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია, სიარული ოთახში ბუქნები, რომელიც ცინიზმის მიზეზი გახდა, სინამდვილეში დაგიცავთ თრომბოტული გართულებებისგან. ეს უკანსკნელი გახლავთ კოვიდის ერთ-ერთი საკმაოდ საშიში და არც ისე იშვიათი გართულება. ამის თავიდან ასაცილებლად ერთადერთი, რაც სახლში შეგიძლიათ გააკეთოთ, არის ფეხების მოძრაობა. ვენური სისტემა გრავიტაციის საწინააღმდეგოდ მუშაობს, ქვემოდან ზემოთ მიედინება და მეტი საფრთხე არსებობს მისი შედედების. ეს რომ არ მოხდეს, ფეხები უნდა ამოძრაოთ. თუნდაც იწვეთ, ფეხები სხეულთან შედარებით უფრო ზემოთ მოათავსეთ, რომ ხელი შეუწყოთ სისხლის მიმოქცევას. შეგიძლიათ ამოძრაოთ ტერფები, რომლებიც წვივის კუნთებს შეკუმშავს, ეს კი დრენაჟის ფუნქციას ასრულებს ქვემო კიდურების ღრმა ვენებისთვის. ეს დაცვის ერთადერთი გზაა. შეგიძლიათ გამოიყენოთ ს პეციალური გეტრები ან კოლგოტები. სისხლის გამათხელებლები სახლში არავის არ სჭირდება, თუ ექიმი არ დანიშნავს. ეს ეხება ასპირინსაც. თუ ამ წამლებს სხვა დაავადების გამო ისედაც იღებთ, რა თქმა უნდა, უნდა გააგრძელოთ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეწყვიტოთ. ვინც მანამდე არ იღებდა ამ წამლებს, მათ არც უნდა მიიღონ. ეს ლაივიც და ფეისბუქზე დაბრუნებას გადამაწყვეტინა მეგობრის წერილმა, რომელმაც მთელი ოჯახისთვის შეიძინა ასპირინი და მეკითხებოდა, რამდენი დავლიოო, გაოგნებული ვიყავი და ძალიან შევშინდი. მაშინ გადავწყვიტე ხალხის გარკვეული კატეგორიისთვის ხმა მიმეწვდინა. ზედმეტი მკურნალობით შეიძლება უფრო დიდი საფრთხე შეიქმნათ.


რა წამლები გამოვიყენოთ სიცხისა და ტკივილების დროს

პარაცეტამოლი და იბუპროფენი. დაიწყეთ პარაცეტამოლით და თუ ეს საკმარისი არ არის, შეიძლება ჩავრთოთ იბუპროფენიც. არა იმიტომ, რომ იბუპროფენი ამძიმებს დაავადებას, ამის დამადასტურებელი არცერთი კვლევა არ არსებობს, არამედ იმიტომ, რომ სითხის ნაკლებობის პირობებში და გადაჭარბებულად მოხმარების დროს ნეფროტოქსიურობა ახასიათებს და შეიძლება თირკმელი დააზიანოს. ამიტომ ეცადეთ, ჯერ გამოიყენოთ პარაცეტამოლი და თუ არ მოქმედებს, გამოიყენეთ იბუპროფენი.
ტემპერატურის მართვა ამ დაავადების დროს რთულია. არ არის საჭირო, ის ბოლომდე ჩამოიყვანოთ, თუმცა თუ იღებთ საკმარისი დოზით სიცხის დამწევს და ტემპერატურა საერთოდ არ მოდის ქვემოთ, არის 40-41, აუცილებლად უნდა მიმარტოთ ექიმს. მაღალი სიცხის დროს გულისცემაც ჩქარდება და თუ ფილტვის დაზიანებაცაა, შეიძლება სუნთქვის უკმარისობა ძალიან გამოხატული გახდეს. 38,5-მდე თუ დაგრჩათ ტემპერატურა სიცხის დამწევების ფონზე, არა უშავს, ეს ახასიათებს ამ დაავადებას.

ვიტამინები

არცერთი კვლევის მიხედვით, არცერტი ვიტამინი არ ცვლის კოვიდის მიმდინარეობას. არც D ვიტამინი არც C და არც მულტივიტამინები. თუ გაქვთ D ვიტამინის ნაკლებობა ან საკმარის დროს არ ატარებთ ჰაერზე, შეგიძლიათ მიიღოთ, მაგრამ გარკვეული დოზით. თუ C ვიტამინი ფსიქოლოგიურ სიმშვიდეს მოგიტანთ, გარკვეული დოზით მისი მიღება შეგიძლიათ. თუმცა დოზები აკონტროლეთ ინსტრუქციის მიხედვით. მართალია, კოვიდინფიცირებულთა დიდ ნაწილს აღმოაჩნდა D ვიტამინის დეფიციტი, მაგრამ ამასა და დაავადებას შორის კავშირი დადგენილი არ არის.




35552
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
Teona
0
Gamarjjobat. Maqvs cistiti ese damidgina eqimma orikviris ukan. Da maqvs ku nawlavis problema mainteresebs es virusstan raime shuashia?
18:13 / 03-11-2020
გულიკო
0
ავადმყოფობა დაიმბიცირების დღიდან ითვლება?
23:02 / 01-11-2020
მსგავსი სიახლეები