მას შემდეგ, რაც კორონავირუსი მსოფლიოში გავრცელდა, აქტიურად ცდილობენ შექმნან ეფექტური ვაქცინა ან პრეპარატი. ამის პარალელურად, ადამიანები ისეთი პროდუქტების შეძენასა და გამოყენებას ცდილობენ, რაზეც სმენიათ, რომ ვირუსებთან საბრძოლველად ეფექტურია. ასეთია, მაგალითად, ნიორი, ალკოჰოლი, წიწაკა და სხვა. რამდენად ეფექტურია საზოგადოებაში გავრცელებული საშუალებები და რას უნდა მიაქციონ მომხმარებლება ყურადღება, ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი" საუბრობს:
-ალკოჰოლის კვლევის და ალკოჰოლთან დაკავშირებით საერთაშორისო განათლების სპეციალური ფონდი, მთელ მსოფლიოში ყველაზე სანდო კვლევებს კრებს, რაც ალკოჰოლისა და კორონავირუსის ურთიერთობასთანაა დაკავშირებული. ძალიან უცნაური კანონზომიერება დადგინდა. მსოფლიოში ყველა ელოდებოდა, რომ ვირუსით გამოწვეული სტრესის ქვეშ უფრო მეტად ხანდაზმულები ან ბავშვები იქნებოდნენ. თუმცა აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტად ეს განცდები მძაფრად ჰქონდათ და დრამატულად აღიქვეს 16-დან 30 წლამდე, განსაკუთრებით 19-დან 30 წლამდე ასაკის ადამიანებმა. ეს ნიშანდობლივია იმიტომ, რომ სიცოცხლისუნარიანობა, მათი ლტოლვა სიხაულისა და კომუნიკაციისკენ დათრგუნული აღმოჩნდა. ადამიანები, რომლებიც შეზღუდულნი არიან თავიანთ ყოველდღიურ აქტივობაში, უფრო მეტად მიდრეკილნი აღმოჩნდნენ სტრესის დასაძლევად სხვადასხვა ნივთიერებების გამოყენებისაკენ. ეს შეეხო ალკოჰოლს, ნარკოტიკულ ნივთიერებებს და აქ სტატისტიკა ძალიან დასაფიქრებელია. ამერიკის შეერთებულ შტატებში, უკიდურეში შეზღუდვის, ე.წ. ლოქდაუნის, პერიოდში ალკოჰოლის მოხმარების მაჩვენებელი 14%-ით გაიზარდა, მთელ ქვეყანაში. აღმოჩნდა, რომ ამაში ძალიან დიდია ქალის მიერ ალკოჰოლის მოხმარების წილი. ყველაზე დრამატული შედეგები ავსტრალიას აქვს. აღმოჩნდა, რომ ორსული ქალების მიერ ალკოჰოლის მოხმარების მაჩვენებელი 35,6 %-ია. ეს მაჩვენებელი ავსტრალიელ ორსულ ქალებს პირველ ადგილზე აყენებს. მიუხედავად საზოგადოებაში გავრცელებული სხვადასხვა მონაცემისა, ამ მომენტისათვის არც ერთი ავტორიტეტული ორგანიზაცია არ ემხრობა იმ აზრს, რომ ალკოჰოლის მიღება კოვიდ 19-ის პროფილაქტიკისთვის გამოვიყენოთ. არ გვაქვს ამის მტკიცებულებები და სტატისტიკურად დასაბუთებული მასალა, რომელიც გვეტყვის, რომ ალკოჰოლის მოხმარება ადამიანებს კოვიდისგან იცავს. ჩვენ თბილი სითხეების რაციონალურ გამოყენებაზე ვსაუბრობთ, მაგრამ არა ცხელი და მდუღარე სითეების მოხმარებაზე. არსებობს კვლევები, თუ ადამიანი სისტემატურად ძალიან ცხელ, თითქმის მდუღარე ჩაის ან ყავას მიირთმევს, ეს საყლაპავის სიმსივნეს იწვევს. ჩვენ ვსაუბრობთ ზომიერი, 40 გრადუსამდე ტემპერატურის და არა მდუღარე სითხეების გამოყენებაზე და ასევე რაციონალურ მოხმარებაზე იმიტომ, რომ არ დაგავიწყდეთ, თუ კვებას მაშინვე დააყოლებთ ჩაის ან ყავას, თქვენ ამ პროდუქტში არსებულ რკინას დაკარგავთ. ჩვენ ახლა, კოვიდის პირობებში, რკინის დაკარგვის უფლება არ გვაქვს და ხელოვნურად ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებით არ შევქმნათ წინაპირობა.
საზოგადოებაში გავრცელებულ აზრს აქვს საფუძველი, თუ რატომ უნდა გამოიყენონ ხახვი, ნიორი, ჯანჯაფილი ან წიწაკა, მაგრამ, როდესაც სერიოზულად დაინტერესდნენ მკვლევარები ამ საკითხით, მათ ჩათვალეს, რომ ეს არის უფრო მითი, ვიდრე რეალობა. ნიორში ალიცინია. ეს არის ანტიბაქტერიული ნივთიერება, რომელიც მის ეფექტურობას განსაზღვრავს. დადგენილია, რომ დიასახლისები, რომლებიც დიდი რაოდენობით ნიორს ჭრიან, მოიხმარენ კერძებში, ძალიან ბევრი ბაქტერიისგან არიან დაცულნი. მაგრამ, დღემდე არ არსებობს კონკრეტული კვლევა, რომელშიც მითითებული იქნება, თუ როგორ იცავს ნიორი კოვიდ 19-ის გამომწვევი ვირუსისგან ადამიანს. რა თქმა უნდა, ამ ტიპის პროდუქტების გამოყენება, რომლებიც ბუნებრივად არასასურველ, ჩვენთვის უხილავ აგენტებს ამარცხებს, მნიშვნელოვანია. მაგრამ, გაითვალისწინეთ, თუ თქვენ კონკრეტული ნახშირწყლების აუტანლობა გაქვთ, დაზარალდებით იმიტომ, რომ მათ სერიოზული ნაწლავური პრობლემები შეგექმნებათ, რაც კოვიდ 19-ის შემთხვევაში არ არის სასიამოვნო ტვირთი, რადგან თავად ეს ვირუსი ისედაც ემუქრება კუჭ-ნაწლავის ტრაქტს. რაც შეეხება, ლიმონსა და C ვიტამინს. აქაც დადგენილია, რომ ყველა იმ ადამიანს, ვისაც C ვიტამინის ნაკლებობა აქვს, კოლაგენის სინთეზი დარღვეული აქვთ. არსებობს რისკი, რომ სისხლძარღვის კედელი მყიფე იყოს, არ იყოს მაგარი და გაუძლოს სისხლის წნევას, განსაკუთრებით კი გაუძლოს ანთებით პროცესებს, რომლებიც ისედაც აზიანებს ამ კდელებს. ასეთი ადამიანებისათვის ყოველთვის მიზანშეწონილია C ვიტამინის სტატუსის შეფასება და დეფიციტის შემთხვევაში, შევსება ისევე, როგორც D ვიტამინზე ვსაუბრობთ. ყველას, ვისაც აკლია D ვიტამინი, უნდა შეივსოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმუნიტეტი ზარალდება. შეგვიძლია თუ არა ლიმონიანი ჩაით შევივსოთ C ვიტამინის დეფიციტი? თუ დეფიციტი ლაბირატორიულად დადგენილია, არა. ასეთ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება ექიმთან შეთანხმებით შევსება. ლიმონიანი ჩაი მდუღარე წყლითაა მომზადებული, მაშინ მასში C ვიტამინი პრაქტიკულად ცოტაა, სამაგიეროდ, დაატუტიანებს ჩვენს ორგანიზმს, რაც საერთო მჟავა-ტუტოვანი წონასწორობისთვის კარგი არჩევანია. რაც შეეხება წიწაკას არაყში ან ჯანჯაფილის უკონტროლო გამოყენებას, ყველას, ვისაც კუჭ-ნაწლავის პრობლემა გაქვთ, ასეთ კომბინაციას არ გირჩევდით, თუმცა ზომიერად ყველა პროდუქტი შეიძლება იყოს გამოყენებული, განსაკუთრებით, დაბალანსებული კვების პრინციპი იმიტომ, რომ დღეისათვის ერთადერთი რეკომენდაცია, რაც მტკიცებით ვიცით, ეს არის ხილისა და ბოსტნეულის რაციონალური გამოყენება ისე, რომ დღიური რაციონის სულ ცოტა ნახევარი მაინც იყოს, ცილოვანი კომპონენტის მარცვლეულთან კომბინაცია და იქ, სადაც არ არის რძის შაქრის აუტანლობა, რძის ნაწარმის ეფექტური გამოყენება. ეს არის მარტივი ცილა, რომელსაც ადამიანი კარგად ითვისებს.