პირველი ნოემბრიდან საქართველოში რძის ნაწარმის მწარმოებლებისთვის ახალი მოთხოვნა შვიდა ძალაში. კერძოდ, ყველა იმ პროდუქტს, რომელებიც ბაზარზე განთავსდება და ნედლი რძისგანაა დამზადებული, მკაფიოდ უნდა ჰქონდეს მინიშნებული, რომ ნედლი რძეა გამოყენებული. რამდენად მნიშვნელოვანი ცვლილებაა ეს და მომხმარებლებისთვის რატომაა სასარგებლო, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროგრამის კოორდინატორს, ვახტანგ კობალაძეს ვკითხეთ:
"რძის ნაწარმს, რომელიც ნედლი რძისგანაა დამზადებული, სურსათის დასახელებასთან ერთად, მკაფიოდ უნდა ეწეროს, რომ ნედლი რძისგანაა დამზადებული. აქამდე ეს ასე მკვეთრად არ იყო დაფიქსირებული. პირველ რიგში, აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს ნედლი რძის გაყიდვას და ძალიან კარგია ქართული წარმოებისთვის. მომხმარებლისთვისაც მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ ნათლად მიიღებს ინფორმაციას, თუ რომელი პროდუქტია ნედლი რძისგან დამზადებული. ჩვენთან მასიურად მშრალი რძე გამოიყენება, ამას კანონი არ კრძალავს და ნედლ რძესთან შედარებით, იაფიცაა. ის, რომ უფრო იაფია მშრალი რძე და მას იყენებენ რძის გადამამუშავებლები და რძის პროდუქტების მწარმოებლები, ხელსაც უშლის ნედლი რძის წარმოების გაზრდას. რაც შეეხება მომხმარებლებს, მათ აქამდეც შეეძლოთ, დაეხედათ შემადგენლობაზე და წაეკითხათ, მაგრამ ახლა, მკაფიოდ უნდა იყოს აღნიშნული. მაგალითად, როცა ეწერება "არაჟანი", იქვე მითითებული იქნება, რომ დამზადებულია ნედლი რძისგან. სხვანაირად ინგრედიენტების ჩამონათვალში უნდა ენახათ და სამწუხაროდ, ბევრმა არც იცის ამის შესახებ. აქიდან გამომდინარე, ნამდვილად პოზიტიური ცვლილებაა."- გვითხრა ვახტანგ კობალაძემ.
თამარ იაკობაშვილი