ბავშვთა სხვადასხვა ასაკში შესაძლებელია მხედველობის გარკვეული პრობლემა შეიქმნას და ამ დროს ექიმთან ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ სპეციალისტს მიმართოს, სახლის პირობებში როგორ შეუძლია შეამოწმოს, არის თუ არა მხედველობის პრობლემა და ზოგადად, მხედველობასთან დაკავშირებული რა პრობლემებია ძირითადად გავრცელებული ბავშვებში - გვესაუბრება იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი-ოფთალმოლოგი ხათუნა ჯაყელი:
- რომელ ასაკშია ექიმთან ვიზიტი და გასინჯვა საჭირო?
- ახალშობილებს გეგმიურად ყველა ორგანოს სკრინინგი უტარდებათ და მათი მდგომარეობის შეფასებაში მხედველობის სკრინინგიცაა გათვალისწინებული. ექიმთან ვიზიტი კი მნიშვნელოვანია 3 წლის ასაკში, სასკოლო ასაკში და შემდეგ უკვე 18 წლის ასაკში, თუ პრობლემისადმი მიდრეკილება ვლინდება. რა თქმა უნდა, ბავშვები როდესაც იზრდებიან, მხედველობასთან დაკავშირებით ჩივილებს თავად გამოხატავენ. მაგრამ, ვიდრე თავად აღიქვამს პრობლემას, როგორც ვთქვი,გეგმიურად შემოწმება 3 და 5 წლის ასაკში ხდება. 2,5-3 წლის ასაკი კრიტიკულია იმიტომ, რომ ძირითადად ამ დროს ხდება ხოლმე პრობლემის გამოვლენა. ძალიან ხშირად მშობელი ჩივილით მოდის, რომ ერთ დღეში განვითარდა სიელმე. ხშირად ასეთი ბავშვები ნევროლოგთან ხვდებიან, თუმცა რეალურად ამის მიზეზი ის არის, რომ თანდაყოლილი რეფრაქციული მანკი აქვთ, რომელიც ამ ასაკისთვის მანიფესტირდება. სასკოლო ასაკისთვისაც მნიშვნელოვანია შემოწმება იმიტომ, რომ ბავშვი უფრო სერიოზულ ეტაპზე გადადის, წერა და კითხვა უნდა დაიწყოს და აუცილებლად უნდა შემოწმდეს, მისი მხედველობა დასაკორექტირებელი ხომ არ არის.
- რა ნიშნების დროს უნდა მიხვდეს მშობელი, რომ აუცილებლად უნდა მიმართოს სპეციალისტს?
- მაგალითად, თუ გამოხატული სიელმეა. როდესაც ატყობს, რომ ტელევიზორთან ძალიან ახლოს მიდის. უნდა დააკვირდეს, როგორ იქცევა საგნების დათვალიერებისას. როგორც აღვნიშნე, როდესაც ბავშვი იზრდება, თავად გამოხატავს ჩივილებს და მერე უფრო ადვილად სამართავია.
- სახლის პირობებში თუ შეიძლება, რომ მშობელმა ბავშვს მხედველობა შეუმოწმოს, თუ არსებობს რაიმე სავარჯიშო ან ხერხი, რითაც მიხვდება, ბავშვს სჭირდება თუ არა სპეციალისტის დახმარება?
- სახლის პირობებში მშობელსაც შეუძლია, რომ რაღაც მანძილიდან საგნები, რომლებიც მისი თვალისთვის ხილვადია, შეამოწმოს, ბავშვიც ხედავს თუ არა. სპეციალიზებული რაიმე სავარჯიშო არ არსებობს. ჩვენ 5 მეტრის მანძილზე ვამოწმებთ ცალ-ცალი თვალით, ადამიანისათვის რამდენად აღქმადია სხვადასხვა ასობგერა თუ ფიგურა. მშობლისთვის უფრო მოსახერხებელია, რომ შეამოწმოს, ბავშვიც ხედავს თუ არა იმას, რასაც თავად აღიქვამს.
- რამდენ ხანს და რა მანძილით უნდა იყოს ბავშვი კომპიუტერთან, ტელეფონთან და ტელევიზორთან?
-ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, ტექნიკის გამოყენებას გვერდს ვერ ავუვლით, მაგრამ ვცდილობთ, მშობლებს რეკომენდაციები მივცეთ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ბავშები ზედმეტი გართულებებისგან. პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია მანძილი. კომპიუტერის მანძილი მეტრი-მეტრ-ნახევარია, ტელევიზორთან საშუალო მანძილია 3-დან 5 მეტრამდეა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია დრო, რომელსაც ბავშვი ატარებს ტექნიკასთან. რეკომენდებულია, რომ 20-30 წუთი იყოს კომპიუტერთან, მაგრამ რამდენადაც ეს ჩვენს პირობებში არ არის მოსახერხებელი და ახლა ონლაინ გაკვეთილებიც უფრო დიდი დროით გრძელდება, ასეთი რეკომენდაციაა, რომ კომპიუტერის ყოველი მოხმარების მერე, გარკვეული პერიოდი აუცილებლად შეისვენოს. ფარმაცევტულ ბაზარზე ძალიან მომრავლდა თვალის დამატენიანებელი წვეთები, რაც თვალის ლორწოვანს გამოშრობისგან იცავს. ეს უშუალოდ დაკავშირებულია გამოსხივებასთან. როდესაც კომპიუტერთან დიდხანს ვზივართ, თვალი ხამხამის რეჟიმს კარგავს. ხამხამი ეს არის დამცველობითი ფუნქცია იმისათვის, რომ სისტემატურად მოხდეს თვალის დანამვა. დიდი დროით კომპიუტერისა და ტელეფონის გამოყენებისას ეს რეჟიმი ირღვევა.
- თვალის დამატენიანებელი წვეთები ექიმის დანიშნულებით უნდა გამოიყენონ თუ დამოუკიდებლადაც შეუძლიათ ყიდვა?
- ყველა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უმჯობესია, რომ თვალის პრობლემაზე ექიმს მივმართოთ, თუმცა ეს წვეთები, ფართოდ იყიდება ჩვენს ქსელში. დაცვის თვალსაზრისითაც შეიძლება, რომ კომპიუტერის ყველა მომხმარებელმა, ბავშვმაც და ზრდასრულმაც, გამოიყენოს, კომპიუტერთან დაჯდომის წინ, დაახლოებით 3-4 საათში ერთხელ. ტელევიზორი ნაკლებად საშიშია, ამ თვალსაზრისით, იმიტომ, რომ უფრო დიდი დისტანციით ვზივართ. ტელევიზორში ბავშვი მულტფილმს ან ფილმს უყურებს. ამ დროს რაღაც მოძრაობებს ასრულებს. პერიოდულად, თავსაც ატრიალებს, რაც კომპიუტერთან თამაშის დროს არ ხდება. ტელევიზორთანაც გარკვეული შეზღუდვები უნდა დავიცვათ და მთელი დღის განმავლობაში არ უნდა იჯდეს ბავშვი, მაგრამ დაახლოებით, 1 ფილმსა და მულტფილმს რომ გადაბმულად უყუროს, ეს აბსოლუტურად უვნებელია. მობილური კიდევ უფრო საზიანოა, ვიდრე კომპიუტერი და ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტად ხდება მხედველობის დაძაბვა. ირღვევა ხამხამის რეჟიმი, რადგან მობილურის ეკრანი, რაც არ უნდა დიდი იყოს, კომპიუტერის ეკრანს მაინც ჩამორჩება. მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ბავშვები სხვა რამით დავაკავოთ და ნაკლებად იყვნენ ტექნიკაზე დამოკიდებულნი.
- დისტანციური სწავლება ერთ-ერთი რთული გამოწვევაა როგორც ბავშვებისთვის, ასევე მშობლებისთვის. რა შეგიძლიათ ურჩიოთ მშობლებს, რა გაითვალისწინონ ამ რეალობაში?
- ძალიან კარგი იქნება, თუ რეკომენდაციებს სკოლები გაითვალისწინებენ და გაკვეთილების ჩატარების განრიგს ისე შეურჩევენ ბავშვებს, რომ არ აიძულონ, მთელი დღე ისხდნენ კომპიუტერთან. მე ვფიქრობ, რომ ეს თავად სასწავლო დაწესებულებამ უნდა გაითვალისწინოს. მშობლები, რომლებსაც სხვა გზა არ აქვთ და მათი შვილები კომპიუტერთან სასწავლო პროცესის გამო სხედან, მაქსიმალურად უნდა ეცადონ, რომ არასასწავლო საათებში სხვა რამით დააკავონ, იკვებონ ჯანსაღად, მიიღონ ვიტამინებით სავსე პროდუქტები, რომლებიც მხედველობასაც უხდება და ზოგადად ჯანმრთელობასაც, მეტი დროით იყვნენ ჰაერზე.
- თუ არსებობს საკვები, რომელიც ხელს უწყობს ან პირიქით აქვეითებს მხედველობას?
-კონკრეტულად რომ რაიმე პროდუქტი მხედველობას აქვეითებდეს, ვერ ვიტყვით, თუმცა, საკვები, რომლებიც მავნეა ორგანიზმისთვის და ნივთიერებათა ცვლაზეც მოქმედებს, მხედველობაზეც აისახება. ხოლო, საკვები, რომელიც მდიდარია ვიტამინებით,ომეგა 3-ით მდიდარი პროდუქტები, თევზეული, ხილი, ბოსტნეული, ძალიან კარგია მხედველობისთვის.
- მხედველობასთან დაკავშირებული რომელი პრობლემებია უფრო გავრცელებული ბავშვებში?
-მხედველობასთან დაკავშირებულ პრობლემებს შორის ძირითადადაა რეფრაქციული მანკები - ახლომხედველობა, ანუ მიოპია, შორსმხევდელობა, ანუ ჰიპერმეტროპია და ასტიგმატიზმი. გარდა ამისა, არსებობს თვალის ორგანოს დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია მხედველობის დაქვეითებასთან, მაგალითად, თანდაყოლილი გლაუკომა, რომელიც მეორადად იწვევს მხედველობის დაქვეითებას.
- რა დაავადებები შეიძლება გახდეს მხედველობის დაზიანების მიზეზი?
- მაგალითად, რევმატიზმი, შაქრიანი დიაბეტი, ენდოკრინოლოგიური და ნევროლოგიური დაავადებები. ყოველივე ეს შეიძლება მხედველობის დაზიანების მიზეზი გახდეს. რეფრაქციული მანკები საკმაოდ მჭიდროდაა დაკავშირებული გენეტიკასთან.
თამარ იაკობაშვილი