უნდა გადაიტანოს თუ არა საზოგადოების ყველა წევრმა კორონავირუსი - ხათუნა ზახაშვილის განმარტება აქტუალურ კითხვებზე
კორონავირუსის პარალელურად, ქვეყანაში სხვა რესპირაციული ვირუსებიც გამოჩნდა და ბევრი სიმპტომი ერთმანეთს ემთხვევა. ადამიანებს ძალიან უჭირთ გარკვევა, კორონავირუსი აქვთ თუ სხვა სეზონური ვირუსი. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და არის თუ არა კორონავირუსი ყველასთვის გადასატანი ვირუსი, აქტუალურ თემაზე გადაცემაში "პირადი ექიმი" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ეპიდემიოლოგი ხათუნა ზახაშვილი საუბრობს:

- როდესაც ახალი პანდემიური ვირუსი ჩნდება და ის ჩნდება არა მარტო საქაქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, ამ ვირუსებს უცნაური ზნე აქვთ ხოლმე. ესეც ჰიპოთეზაა, მაგრამ ამ ვირუსს
აქვს უნარი, რომ გამოაძევოს სხვა ვირუსები გარემოდან, ანუ ჩაანაცვლოს ყველა და მათ მაგივრადაც იმოქმედოს. დომანიანტია და ყველაზე მეტ შემთხვევას იწვევს. ამიტომ, მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ რესპირაციულ დაავადებაზე, რომლის პირველი ნიშნები კოვიდის შემთხვევაშიც ჩნდება ხოლმე, მსგავსი სიმპტომებით მიმდინარე დაავადება შეიძლება 200-ზე მეტმა ვირუსმა გამოიწვიოს, მაგრამ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს სხვა ვირუსები თითქოს ჩანაცვლდა, ჩაიწია, უფრო ცოტანი დარჩნენ. არსებობენ, რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა ძირითადად დაავადების გამომწვევი კორონავირუსია. სხვა დანარჩენ ვირუსებსაც გადაცემის იგივე გზა აქვთ. თუ ადამიანი შეუძლოდ გრძნობს თავს, განა ასე მნიშვნელოვანია იცოდეს, კოვიდი აქვს, რინოვირუსი თუ გრიპის ვირუსი? ის ხომ ავადაა, მას ხომ შეუძლია გაავრცელოს და ვირუსი სხვა ადამიანს გადასცეს. მოდით, მოვიქცეთ ისე, როგორც კოვიდის დროს.
პრევენციული საშუალებები ერთნაირი აქვს სხვა რესპირაციულ ვირუსებსაც და კოვიდ 19-საც. დავიცვათ ეს წესები, რაც მოწოდებულია კოვიდისთვის და დავიცავთ ჩვენს გარშემომყოფებს სხვა ვირუსებისგან. ასევე, კოვიდმა დაგვაყენა მოცემულობის წინაშე, როდესაც ერთია რისკი საკუთარი თავისთვის და მეორეა, რისკი გარშემომყოფებისთვის. ყველა ჩვენგანმა დღეს უნდა ვიფიქროთ არა მარტო საკუთარ ჯანმრთელობაზე, არამედ სხვებზეც. ვიფიქროთ, რომ ჩვენ თუ სხვა ადამიანებს გადავდებთ ამ ვირუსს, რომლის შესახებაც ბევრი არაფერი ვიცით, რომლის სამკურნალოდაც სპეციფიკური საშუალება დღემდე არ აქვთ ქვეყნიერებაზე და რომლის მიმართაც ექიმებს ბრძოლა მხოლოდ სიმპტომური თერაპიის მეშვეობით უწევთ, ძალიან მაღალი რისკის ქვეშ ვაქცევთ მათ და მოდით, მოვიქცეთ ასე, ყველანი, მთელი საზოგადოება, ყოველი შემთხვევა, რომელიც მიმდინარეობს რესპირაციით, დღეს განხილული უნდა იყოს, როგორც კოვიდი. ამ გზით უფრო მეტი ადამიანის დაცვას მოვახერხებთ და უფრო უკეთესად მოვახერხებთ გავრცელების პრევენციას.

- უნდა მოიხადოს თუ არა კორონავირუსი ყველამ?

- იმ ქვეყნებს, რომლებმაც სცადეს ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავების პრინციპით ევლოთ, აშკარად არ გაუმართლათ, ამ იმუნიტეტის ჩამოყალიბებას ბევრად უფრო დიდი დანაკარგი მოჰყვა და შედეგი არ მოუტანია . მაშინ, როდესაც ჯოგურ იმუნიტეტზე ვლაპარაკობთ, უნდა გავითვალისწინოთ, ეს ტერმინია, რომელიც ვეტერინარიიდანაა ნასესხები და ჯანდაცვაში გადმოტანილი. ამ ტერმინის პირდაპირი გადმოტანა მთლად მართებული არ არის. ვეტერინარების კონცეფცია ჯოგური იმუნიტეტის შესახებ გულისხმობს, რომ ეს არის იმუნიტეტი ჯოგში, ცხოველთა რაღაც ჯგუფში, რომელსაც არ აქვს შეხება სხვა ჯგუფთან. ეს არის ერთიანი ეკოსისტემა, რომელშიც შეიჭრება რაიმე დაავადების გამომწვევი, გამოიწვევს ნაწილი ცხოველების დახოცვას, ნაწილი გადაიტანს და ჩამოუყალიბდება იმუნიტეტი, ნაწილი კი არ გადაიტანს და არც ექნება იმუნიტეტი. ჯოგში შემდეგ თაობას არავის არ აქვს იმუნიტეტი, ანუ თანდაყოლილ იმუნიტეტს ეს რაღაც არ იწვევს. ცხოველებისგან და ჯოგისგან განსხვავებით კი, ადამიანები არასოციალური არსებები არ არიან, რომლებსაც შეხება ვერ ექნებათ სოციუმთან და თუ წარსული გამოცდილების რამდენიმე ელემენტს გავიხსენებთ, როგორ ჩაიარა შეკრულ საზოგადოებაში რომელიმე დაავადების აფეთქებამ, რომელსაც სხვა სოციუმთან შეხება არ ჰქონდა, მართლაც ასეთი სურათი იყო. თუ წარმოვიდგენთ, რომ საზოგადოება კუნძულზე ცხოვრობს, შეზღუდული რაოდენობით და მასში არავინ შედის და გამოდის, იქ რომ გავრცელდეს კოვიდი, ნაწილს მოკლავს, ნაწილი გადაიტანს და ალბათ დარჩება იმუნიტეტი და გაჩერდება დაავადება. კუნძულზე მაცხოვრებთა შორის ნაწილი დარჩება, რომლებსაც არც გადაუტანია და არც შეხებია დაავადება. როგორც კი მიგრაცია დაიწყება, იგივე განმეორდება. სწორედ აქ არის ამ დაავადების მთელი არსი და ვერაგობა. ეს დაავადება სახადად ვერ განიხილება. ყველა კორონავირუსს ვერ მოიხდის, ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. ჩემი მრწამსით თუ საზოგადოების წევრობით, ვთვლი, რომ ეს არაადამიანური მიდგომაა იმიტომ, რომ ამის უკან დგას წართმეული სიცოცხლე, რომელიც უპირველესი კატეგორიაა და არ შეიძლება ჩემი გადარჩენის ხარჯზე, სხვისი სიკვდილის ალბათობა განვიხილო. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ასე არ უნდა წავიდეს საზოგადოება. დღეს როდესაც ირჩევენ გზას, რომ როგორმე შეაჩერონ დაავადების სწრაფი გავრცელება, სწორედ იმ ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენისთვისაა ეს მიმართული.

- მთელი დღის განმავლობაში სამედიცინო ნიღბის ტარება სახიფათოა თუ არა ჯანმრთელობისათვის?

- მთელი დღის განმავლობაში სამედიცინო ნიღბის ტარება რომ რაიმე ზიანს მიაყენებს ორგანიზმს, ინფორმაცია არ არსებობს. საუბარი არ გვაქვს რესპირატორებზე, რომლებიც 4 საათიანი მოხმარებისთვისაა განკუთვნილი და რეკომენდებულია, რომ 4 საათის შემდეგ მოიხსნას მომხმარებელმა, გავიდეს უსაფრთხო გარემოში და მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ შეუძლია ისევ მისი გამოყენება. ისეთი ნიღბები, რომლებიც საზოგადოდ გამოიყენება, ადამიანის ჯანმრთელობას რისკს არ უქმნის.


2462
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები