გრიპის ვაქცინაციასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სამედიცინო დაწესებულებებს საგანგებოდ მიმართა. მისი თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ გრიპის ვაქცინაციის დროს რისკ ჯგუფში მყოფ მოქალაქეებს კლინიკები მომსახურებაში თანხის გადახდას სთხოვენ, რაც დაუშვებელია.
"სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რისკ ჯგუფში მყოფ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩაიტაროს ნებისმიერ პოლიკლინიკაში, სადაც იმუნიზაციის (ამცრელი) კაბინეტებია, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
როგორც ვაქცინას, ისე აცრის პროცესს აფინანსებს სახელმწიფო და დაუშვებელია რომელიმე პოლიკლინიკამ ან სამედიცინო დაწესებულებამ, მოსთხოვოს მოქალაქეს შესაბამისი გასამრჯელო ან გადახდა გარკვეული თანხის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში.
ფორმის გახსნა, ექიმის კონსულტაცია - ეს ყველაფერი ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვითი ან შესაბამისი სადაზღვეო პროგრამით და დაუშვებელია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიის დროს, რომ ადამიანს გადაახდევინონ თანხა მომსახურეობაში.
ვაქცინა ყველა ამ დაწესებულებას მიღებული აქვს უფასოდ სახელმწიფოსგან.
ამიტომ ვთხოვ ჩემს კოლეგებს, სამედიცინო პერსონალს, რომ ეს პრეცენდენტი არ იქნეს დაშვებული.
ვთხოვ ჩვენს კოლეგებს, დაიცვან წესი, რადგან წელს გრიპისგან დაცვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რათა არ მოხდეს კოვიდთან ზედდება" - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, გრიპის ვაქცინაცია მთელი სეზონის განმავლობაში გრძელდება, თუმცა იმუნიტეტის გამომუშავებას 10-14 დღე სჭირდება, ამიტომ საუკეთესო პერიოდი აცრისთვის სწორედ ოქტომბრის ბოლო ან ნოემბრის პირველი ნახევარია.