კორონავირუსის სამკურნალოდ ჯერ კიდევ არ შექმნილა ეფექტური ვაქცინა და სამკურნალო პრეპარატი. ამიტომ, ექიმებს ძირითადად სიმპტომურად უწევთ ადამიანების მკურნალობა. პარალელურად, მოსახლეობაში არაერთი ხერხია გავრცელებული, რასაც თვითმკურნალობისა და თუ პრევენციის მიზნით აქტიურად მიმართავენ. ბევრი ადამიანი სვამს ლიმონიან წყალს სისხლის გათხელების მიზნით და თრომბის განვითარების თავიდან ასარიდებლად. რამდენად აქვს ლიმონიან წყალს ეს თვისება, კიდევ რა გზას მიმართავენ თვითმკურნალობისას და რატომ უნდა ვიყოთ ანტიბიოტიკებთან ფრთხილად, აქტუალურ თემაზე ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი არჩილ მარშანია გვესაუბრება:
- კოვიდ 19-ის ერთ-ერთი გართულება ნამდვილად შეიძლება იყოს თრომბოემბოლიური გართულება, თუმცა მისი პრევენცია ლიმონიანი წყლით არ ხდება, ეს არ შეესაბამება სიმართლეს.
მითი მოდის იმ გარკვეული კვლევებიდან, რომლებიც ჩატარებულია ექსპერიმენტალურად, ლაბორატორიულ და ცხოველების დონეზე, რაც არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ლიმონიანი წყალი არის რომელიმე დაავადების პრევენცია.
თრომბემბოლიური გართულებების რისკის დადგენა ექიმის შეფასებით ხდება, რაც მოიცავს სამედიცინო ისტორიის გამოკითხვას, კლინიკურ შეფასებასა და ლაბორატორიულ კვლევებს. თუკი გართულების რისკებია, შემდეგ ხდება სპეციალური მედიკამენტების დანიშვნა, ინიექციით ან ტაბლეტირებული ფორმით და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება თვითმკურნალობა, იქნება ეს ლიმონიანი წყალი თუ ასპირინი. თვითმკურნალობით შესაძლებელია მეტი ზიანი მივიღოთ, ვიდრე სარგებელი. მთავარია გვახსოვდეს, რომ მსუბუქ და ასიმპტომურ კოვიდ19-ს მკურნალობა არ სჭირდება, ამ დროს მნიშვნელოვანია სიმპტომების (მაღალი ტემპერატურა, ხველა, კუნთების ტკივილი, სისუსტე და ა.შ.) კონტროლი და ექიმთან მუდმივი კონტაქტი, დღის განმავლობაში ადეკვატური ფიზიკური აქტივობა, გადაღლის გარეშე, სითხეების მიღება, ჯანსაღი კვება, სახლის განიავება.
ადეკვატური ჰიდრატაცია (წყლის მიღება) და ადეკვატური ფიზიკური აქტივობა არის ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი ნებისმიერი გართულებისთვის.
წყალი უნდა მივიღოთ დაახლოებით 2 ლიტრი დღეში, თუმცა არ არსებობს ერთი კონკრეტული მოცულობა, რომელსაც ვურჩევთ ყველას. ცხადია, ეს ინდივიდუალურია, ამიტომ უნდა ვიცოდეთ ის ნიშნები, რომლებიც არაადეკვატურ ჰიდრატაციაზე მიუთითებს, ესენია:
წყურვილის შეგრძნება; პირის, ტუჩების და კანის სიმშრალე; შარდის სიხშირის შემცირება (დღეში 4-ზე ნაკლები); შარდის მუქი შეფერილობა (ნორმაში უნდა იყოს ღია ყვითელი) ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები ადეკვატური ჰიდრატაციის გასარკვევად გამოდგება. თუ რომელიმე მათგანი აღგენიშნებათ, სითხეების მიღება გჭირდებათ.
გადაჭარბებული მიღების კუთხით, ალბათ უფრო საფრთხილო იქნება, თუ წყალში ლიმონის წვენი იქნება დიდი რაოდენობით. მან შეიძლება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება, კბილების დაზიანება გამოიწვიოს. ამიტომ რამდენიმე ნაჭერი მხოლოდ გემოს ცვლილებისთვის საკმარისია და არ შეიცავს რაიმე განსაკუთრებულ საფრთხეს.
იგივე მოცემულობაა სხვა ყველა ვიტამინის თუ მულტივიტამინების მიმართაც. თუკი ადამიანი იკვებება ჯანსაღად და ბალანსირებულად, ხილი, ბოსტნეული და ადეკვატური რაოდენობით ცილები შედის რაციონში, მას არ სჭირდება რუტინულად რაიმე ვიტამინის მიღება. ნებისმიერი ვიტამინის დანამატად მიღება უმჯობესია, გამოკვლევის საფუძველზე მოხდეს. არც ერთი ვიტამინის რუტინულად მიღების დადებითი როლი არ არის დადასტურებული კოვიდ19-ის წინააღმდეგ, მსგავსი რეკომენდაციები არ არსებობს.
რატომ ინიშნება ანტიბიოტიკი, რა არის ამის მიზეზი? რატომ მაინცდამაინც ეს ანტიბიოტიკი? არის თუ არა ის პირველი რიგის ანტიბიოტიკი ამ კონკრეტული დაავადების მკურნალობისთვის? თუ არ არის, რატომ? რომელი პროტოკოლით ხელმძღვანელობს ექიმი? - ექიმი ვალდებულია ჰქონდეს სწორი კომუნიკაცია პაციენტთან და გასცეს ყველა თქვენს შეკითხვას არგუმენტირებული პასუხი. ნუ მოგერიდებათ შეკითხვების დასმა და ესაუბრეთ მას.
მეორე - მედიკამენტი, რომელიც ძლიან გავრცელდა და მისი არასწორად გამოყენება ხდება, არის დექსამეტაზონი.
დექსამეტაზონი გამოიყენება კოვიდ 19-ის მკურნალობისას, თუმცა ის ეფექტურია მხოლოდ მძიმე ან კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისთვის და აქვს კონკრეტული დოზირება და ჩვენებები, რომელიც მკურნალი ექიმის მიერ უნდა იქნას გამოყენებული და დაუშვებელია მისი თვითნებური მიღება პაციენტების მხრიდან, რადგან ნაადრევად დაწყებული დექსამეტაზონი პირიქით, ახანგრძლივებს კოვიდ 19-ის მიმდინარეობას და ართულებს მდგომარეობას.
ამიტომ მიჰყევით მხოლოდ ოფიციალურ რეკომენდაციებს, დაიცავით წესები და პანდემიას მარტივად დავძლევთ. ჯანმრთელობას გისურვებთ!
თამარ იაკობაშვილი