ქვეყანაში რთული კოვიდსიტუაციაა. ვითარებას ართულებს არჩევნების შემდგომი აქციები, სადაც არ არის დაცული ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციები. შეიძლება ითქვას, რომ უკვე გაჩნდა პოლიტიკოსთა კლასტერიც. გასულ კვირაში კოვიდინფიცირებულთა რიცხვს შეემატა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ასევე - სალომე სამადაშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი... ეპიდემიის მიმდინარეობასთან
დაკავშირებულ კითხვებზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე გვესაუბრება.
- როგორია ქვეყანაში კოვიდსიტუაცია, როგორსაც ველოდით თუ უარესი?
- ველოდით, რომ გაიზრდებოდა ინფიცირების მაჩვენებელი, მაგრამ, სამწუხაროდ, ნავარაუდევზე სწრაფი მატება გვაქვს. ვითარებამ მოლოდინს გადააჭარბა.
- დღევანდელი მდგომარეობა საყურადღებოა თუ საგანგაშო?
- საყურადღებო, რომელიც საგანგაშოსკენ იხრება.
- რა ახდენს ამაზე გავლენას?
- ის, რომ არ ვიცავთ წესებს. ეს ხომ ძალიან მყარი სამეცნიერო მტკიცებულებაა! თუ მოსახლეობის 95% იცავს პირბადის მოხმარების წესს, ეს 70%-ით ამცირებს შემთხვევების მატების რაოდენობას.
- ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ახდენს თუ არა გავლენას კოვიდვითარებაზე?
- ამ საკითხის კომენტირება არ მინდა, თორემ ისევ დამაბრალებენ, პოლიტიკაში ერევაო. ძალიან საინტერესოა - ჩემზე სულ ამბობენ, პოლიტიკაში მოსასვლელად ემზადებაო, არადა, ყველა ხედავს, რომ ჩემს ადგილზე ვარ, ისინი კი, ვინც ბევრს ლაპარაკობდნენ, სხვადასხვა პარტიაში აღმოჩნდნენ. ამიტომ არ მინდა შეფასება. მოსახლეობა კარგად ხედავს, რაც ხდება და ყველა თვითონ შეაფასებს სიტუაციას.
- მაშინ ცოტა სხვანაირად გკითხავთ... ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეპიდემია იარაღია მმართველი პარტიის ხელში - კორონავირუსით გვაშინებენ და უნდათ, ამ მიზეზით მიტინგების ჩატარება გადაგვაფიქრებინონო...
- ჩემი საქმე არ არის, ვინ რას ამბობს.
გახსოვთ, სააღდგომოდ რა ამბავი იყო ატეხილი? მაშინ ეკლესიამ მშვენიერი პოზიცია აირჩია - თვითონ დაარეგულირა სიტუაცია - რიტუალი ჩატარდა, მაგრამ წესების დაცვით... ვისაც მაინცდამაინც უნდა პროტესტის გამოხატვა, ეს მაგალითი გადაიღოს. პროტესტის უფლება ყველას აქვს, ჩვენს ქვეყანაში გარანტირებულია გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ამ ყველაფერს წესების დაცვა სჭირდება, რათა შენს თანამოქალაქეს არ შეუქმნა საფრთხე.
- მეორე ტალღის პიკს როდის ველით?
- ნოემბრის შუა რიცხვებში ან მეორე ნახევარში. თუ წესებს დავიცავთ, პიკი დამანგრეველი არ იქნება.
- დამანგრეველი პიკი როგორი შეიძლება იყოს?
- ბევრი ჩვენი თანამოქალაქე კორონავირუსს გადაიტანს პრობლემების გარეშე, მაგრამ რაც მეტი ადამიანი გახდება ავად, მით მეტი გარდაიცვლება. სამწუხაროდ, ეს არის დღევანდელი რეალობა. მსოფლიოში გაცილებით უარესი მაგალითებია და სწორედ ეს უარესი არ გვინდა... ჩვენთვის კარგი ვარიანტი იყო, რომ 3 000-ს არ გასცდენოდა ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა, მაგრამ ჯერ პიკი არ დამდგარა და უკვე მივუახლოვდით 3000-ს.
- და პიკისას რას ელით?
- არ მინდა მაგაზე ლაპარაკი, იმიტომ, რომ მოლოდინი ძალიან ცუდია...
ამას მსოფლიოში ვერც ერთი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს. ნახეთ, რა ხდება გერმანიაში, საფრანგეთში, სხვა განვითარებულ ქვეყნებში. რატომ კეტავენ ყველაფერს? იმიტომ, რომ ჯანდაცვის სისტემები ვერ უძლებს. რაც უნდა ძლიერი სისტემა გქონდეს, არის რაღაც, რასაც ვერ გაუძლებ.