რამდენად საიმედოა 10-წამიანი სუნთქვის შეკავების ტესტი და მერამდენე დღეს ჯობია კომპიუტერული ტომოგრამის გადაღება: "შეიძლება კატე კვლევაზე არანაირი სიმპტომი არ გამოჩნდეს და ის ნელ-ნელა განვითარდეს"
რამდენად საიმედოა 10-წამიანი სუნთქვის შეკავების ტესტი და მერამდენე დღეს ჯობია კომპიუტერული ტომოგრამის გადაღება: "შეიძლება კატე კვლევაზე არანაირი სიმპტომი არ გამოჩნდეს და ის ნელ-ნელა განვითარდეს"
კორონავირუსის გავრცელებიდან მოკლე ხანში სოციალურ ქსელში გავრცელდა რჩევა, რომელიც კოვიდინფექციის დროს თითქოს ფილტვების მდგომარეობის შემოწმებაში დაგვეხმარებოდა. ეს რჩევა, რომელსაც ერთგვარი ტესტის სახე ჰქონდა, ალბათ ბევრს გახსოვთ: "შეიკავეთ სუნთქვა 10 წამის განმავლობაში და თუ ეს შეძელით ხველის გარეშე, სავარაუდოდ, თქვენი ფილტვები დაზიანებული არ არის". ამ ტესტის საიმედოობის შესახებ კითხვა ერთ-ერთმა მოქალაქემ ჯანმრთელობის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ვიდეოინტერვიუს დროს ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას დაუსვა. ამ მეთოდის სანდოობის საკითხი უამრავ ადამიანს აინტერესებს, ამიტომ გთავაზობთ ინფექციონისტის პასუხს ამ კითხვაზე:
"ეს ტესტი ძალიან პოპულარულია და გარკვეულწილად რაღაც ინფორმაციას
გვაძლევს, მაგრამ ეს არ გახლავთ ასპროცენტიანი შესაფასებელი ტესტი. ამიტომ მხოლოდ ამ ტესტზე დაყრდნობით ფილტვების მდგომარეობას ნამდვილად ვერ შევაფასებთ" - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.
მან ბევრ სხვა აქტუალურ კითხვას უპასუხა და მათ შორის კომპიუტერული ტომოგრამის შესახებ. როგორც იცით, ძალიან ბევრი კოვიდდადებითი ადამიანი, ასევე საეჭვოს სიმპტომების მქონე მოქალაქეები ცდილობენ, რაც შეიძლება დროულად ჩაიტარონ ე.წ კატეკვლევა, რათა ფილტვის დაზიანების პროცესები არ გამოეპაროთ. რამდენად აუცილებელია და სიმპტომებიდან მერამდენე დღეს ჯობია კომპიუტერული ტომოგრამის გაკეთება, ამის შესახებ ალექსანდრე გოგინავა პასუხობს:
"ძირითადად, როდესაც ფილტვები ზიანდება, მანამდე მას არაერთი სიმპტომი უსწრებს წინ. ტემპერატურა, ხველა, ძლიერი სისუსტე, დისკომფორტი გულ-მკერდის არეში. ძალიან იშვიათია, რომ სერიოზული პნევმონია, ფილტვის მაღალი ხარისხის დაზიანება განვითარდეს მაშინ, თუ ეს სიმპტომები გამოხატული არ გვაქვს.
ამიტომ ყველა პაციენტს კტ კვლევა არ სჭირდება. ის ესაჭიროებათ პაციენტებს, ვისაც აქვს გახანგრძლივებული ცხელება, ვისთანაც სიმპტომები პროგრესირებს, ან ხანდაზმულები არიან, აქვთ ფონური დაავადებები, თუ არის სიცხე შეუქცევადი, ძლიერი ხველა, სუნთქვის უკმარისობა. ბინაზე მყოფი პაციენტების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, თუ პირველის დღეებში არ აქვთ დაავადების მძიმედ მიმდინარეობა, კომპიუტერული ტომოგრამის ჩატარებას ავადობის პირველ დღეებში მათთვის აზრი არ აქვს. თუ კვლევის ჩატარება გვინდა, ის უმჯობესია ჩავიტაროთ დაავადებიდან ერთი კვირის თავზე. რადგან საწყის პერიოდში, თუ სიმპტომებიც ძლიერად გამოხატული არ არის, შეიძლება კატეკვლევაზე არანაირი სიმპტომი არ გამოჩნდეს და ის ნელ-ნელა განვითარდეს და დაიწყოს პროგრესირება. ამიტომ თუ მაინც იტარებთ ამ კვლევას, ჩაიტარეთ მე-7-მე-8 დღეს".
6164
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები