რა შემთხვევაში მივა სასწრაფო დახმარება გამოძახებაზე - მინისტრის ახალი ბრძანება
რა შემთხვევაში მივა სასწრაფო დახმარება გამოძახებაზე - მინისტრის ახალი ბრძანება
კოვიდპანდემიის პირობებში ავამყოფთა ნაწილი შინ რჩება, მძიმე გართულებების მქონე პაციენტებს კი აუცილებლად ესაჭიროებათ სასწრაფო დახმარება. ასეთ გადატვირთულ რეჟიმში მძიმე ავადმყოფები რომ სასწრაფო დახმარების გარეშე არ დარჩნენ და ბრიგადა აუცილებლად მივიდეს მასთან, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, ამისათვის მინისტრის ახალი ბრძანება გამოვიდა.
რა შემთხვევაში გადის სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე -  ამის შესახებ "კოვიდ-19-ის" საეჭვო და დადასტურებულ შემთხვევათა ბინაზე მართვის ინსტრუქციისა და მტკიცების შესახებ ჯანდაცვის მინისტრის 12 ნოემბრის ბრძანების დანართშია განმარტებული.

სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადა შემთხვევაზე გადის:

1.თუ პაციენტს აღენიშნება ტემპერატურა 38,8 ან მეტი და
რომელიმე, ჩამოთვლილ ჩივილთაგან ერთ-ერთი:

  • ხველა, ყელის ტკივილი,
  • თავის ტკივილი,
  • გამონადენი ცხვირიდან/ცხვირის გაჭედილობა,
  • კუნთების,
  • სახსრების ტკივილი
  • დიარეა.
და ამასთან, პაციენტი მიეკუთვნება ქვემოთ ჩამოთვლილი რისკის ჯგუფიდან რომელიმეს:
  1. 65 წელი და მეტი;
  2. ორსული;
  3. მშობიარობის შემდგომი პერიოდი 2 კვირა;
  4. თანმხლები ქრონიკული მდგომარეობები: ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, გულის კორონარული დაავადება, გულის უკმარისობა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ბრონქული ასთმა, იმუნოსუპრესიული მდგომარეობები (ქიმიოთერაპიაზე მყოფი ან 30 დღის უკან დასრულებული ქიმიოთერაპიის კურსი, აივ-ინფიცირებული), დიალიზზე მყოფი პირი.

2. თუ ტემპერატურასთან (არ აქვს მნიშვნელობა ტემპერატურის ოდენობას) ერთად გამოხატულია ქვემოთ ჩამოთვლილი გართულებებიდან ერთ-ერთი:
  1. მრავალჯერადი ღებინება (ორი და მეტი);
  2. დაბინდული ცნობიერება (მივარდნილია);
  3. ქოშინი მოსვენებულ მდგომარეობაში (ფიზიკური აქტივობის გარეშე);
  4. კრუნჩხვა.

3. თუ გამოძახება ხდება ქუჩაში/დაწესებულებაში;

  1. თუ პაციენტი არის უცხოენოვანი;
  2. თუ პაციენტი არის 5 წლის ან ნაკლები ასაკის
    მქონე პირი.

შემთხვევა/გამოძახება გადაეცემა ოჯახის ექიმს:

1. თუ პაციენტს აღენიშნება ტემპერატურა 38,8-ზე ნაკლები და რომელიმე, ჩამოთვლილ ჩივილთაგან ერთ-ერთი: ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, გამონადენი ცხვირიდან/ცხვირის გაჭედილობა, კუნთების, სახსრების ტკივილი და დიარეა - მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი მიეკუთვნება ქვემოთ ჩამოთვლილი რისკის ჯგუფიდან რომელიმეს:
• 65 წელი და მეტი;
• ორსული;
• მშობიარობის შემდგომი პერიოდი 2 კვირა;
• თანმხლები ქრონიკული მდგომარეობები: ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, გულის კორონარული დაავადება, გულის უკმარისობა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ბრონქული ასთმა, იმუნოსუპრესიული მდგომარეობები (ქიმიოთერაპიაზე მყოფი ან 30 დღის უკან დასრულებული ქიმიოთერაპიის კურსი, აივ-ინფიცირებული), დიალიზზე მყოფი პირი.

2. თუ პაციენტს:
• აღენიშნება ტემპერატურა (არ აქვს მნიშვნელობა ტემპერატურის ოდენობას) და აქვს ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, გამონადენი ცხვირიდან/ცხვირის გაჭედილობა, კუნთების, სახსრების ტკივილი და დიარეა;

ან

• აქვს ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, გამონადენი ცხვირიდან/ცხვირის გაჭედილობა, კუნთების, სახსრების ტკივილი და დიარეა;

ან

• აღენიშნება მხოლოდ ტემპერატურა (არ აქვს მნიშვნელობა ტემპერატურის ოდენობას), არა აქვს გულმკერდის არეში ტკივილი, მუცლის ტკივილი, ჭვალი და ა.შ.

ამასთან, პაციენტი არ მიეკუთვნება რისკის ჯგუფს და არ აღენიშნება ქვემოთ ჩამოთვლილი გართულებებიდან რომელიმე:
  • მრავალჯერადი ღებინება (ორი და მეტი);
  • დაბინდული ცნობიერება (მივარდნილია);
  • ქოშინი მოსვენებულ მდგომარეობაში (ფიზიკური აქტივობის გარეშე);
  • კრუნჩხვა.

3. როდესაც მოქალაქე ითხოვს მხოლოდ ოჯახის ექიმის კონსულტაციას, აღენიშნება მხოლოდ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.
ოჯახის ექიმთან არ ხდება შემთხვევის გადამისამართება, თუ მოქალაქეს აღენიშნება გულთან დაკავშირებული პრობლემები, მუცლის ტკივილი, ჭვალი და ა.შ.

თამარ იაკობაშვილი




7441
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
llcl
0
ისწავლეთ ხალხო უცხო ენები, თურქული, არაბული, რუსული, სომხური, ინგლისური, გერმანული, ჩინური და ისე დაურეკეთ სასწრაფოს, თორემ ქართულზე არ მოდიან
12:12 / 17-11-2020
ილონა
4
აი ესე დავრჩით სრულიად უპატრონოდ, არაფრის იმედი არ უნდა გვქონდეს, თორემ მანამდე ხომ რას ამბობ იმისთანა ექიმები გვყავდა....
02:04 / 17-11-2020
მსგავსი სიახლეები