"ეს არის ყველაზე კრიტიკული მომენტი, როდესაც ბავშვი სასწრაფოდ საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას" - ექიმის გაფრთხილება მშობლებს
"ეს არის ყველაზე კრიტიკული მომენტი, როდესაც ბავშვი სასწრაფოდ საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას" - ექიმის გაფრთხილება მშობლებს
ელექტროტრავმა სერიოზული დაზიანებაა და ძალიან საყურადღებოა როგორც ბავშვებში, ასევე ზრდასრულ ადამიანებში. ზოგჯერ მშობლები დენის დარტყმას დიდ ყურადღებას არ აქცევენ, თუ ხილულად რაიმე დაზიანება არ აღენიშნება ბავშვს, აღარ თვლიან საჭიროდ, რომ საავადმყოფოში წავიდნენ, არადა ეს გადაწყვეტილება შესაძლოა, ბავშვის სიცოცხლის ფასადაც დაუჯდეთ. რა დაზიანებები შეიძლება მიიღოს ბავშვმა დენის დარტყმის შედეგად, რამდენად დიდი საფრთხე შეიძლება შეექმნას მის ჯანმრთელობას და რა უნდა გაითვალისწინოთ სახლში დენის წყაროებთან მიმართებით - თემაზე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების ექიმი, პედიატრი სოფიო ნიკოლაძე გვესაუბრება:

mshoblebi
- ელექტრული დაზიანებები
ყოველთვის უბედური შემთხვევის შედეგად ვითარდება. ელექტროდენის პირდაპირმა ეფექტმა, თბოენერგიამ და პირდაპირმა მექანიკურმა ტრავმამ, შეიძლება გამოიწვიოს ღრმა ქსოვილოვანი დაზიანება და ორგანოთა დისფუნქცია. სათანადო თერაპიას კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც ტრავმის პირველად მართვას, დეტალურ გამოკვლევასა და მრავალჯერად ქირურგიულ ჩარევას გულისხმობს. 

- რა დროა საკმარისი, რომ ბავშვმა სერიოზული დაზიანება მიიღოს?

- არ არის განსაზღვრული და არც ერთ რეკომენდაციაში არ წერია კონკრეტული დრო. გააჩნია დაბალ ძაბვასთან გვაქვს საქმე, თუ მაღალთან. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დაზიანება. ელექტროტრავმას ზოგჯერ არასერიოზულად აღიქვამენ. თუ გარეგნულად არაფერია გამოხატული, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაზიანება არ მიგვიღია. მთელი რიგი რეკომენდაციებია, როგორ უნდა ვმართოთ ტრავმა.

- როგორი უნდა იყოს პირველადი დახმარება და აუცილებელია თუ
არა ექიმთან კონსულტაცია?

- როდესაც ბავშვზე ელექტროველი იმოქმედებს, შეიძლება საკმაოდ სერიოზული შედეგები განვითარდეს და ის იყოს უგონო, უპულსო და აპნოეს მდგომარეობაში. ეს არის ყველაზე კრიტიკული მომენტი, როდესაც ბავშვი სასწრაფოდ საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას და ასეთ შემთხვევაში, სიცოცხლის გადარჩენის ალგორითმით ვსარგებლობთ, ანუ რეანიმაციულ ღონისძიებებს მივმართავთ, რაც სუნთქვის აღდგენას გულისხმობს. ჩვენივე უსაფრთხოებაც გასათვალისწინებელია. ამიტომ, უნდა ვეცადოთ, ბავშვი ისე მოვაშოროთ დენის სადენს, რომ ჩვენც არ დავზიანდეთ. ხის ზედაპირზე დავდგეთ, შევეცადოთ, რომ არ ვიყოთ სველი და გვეცვას რეზინის ხელთათმანი. შესაძლებელია ხის ჯოხითაც მოვაშოროთ ბავშვს სადენი.
მივმართოთ აუცილებლად კლინიკას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როცა ბავშვი გონზეა, აქტიურია, გვესაუბრება და გვეუბნება, რომ არაფერი აწუხებს. ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ელექტროდენმა მასზე იმოქმედა. ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებში გულის კუნთის დაზიანებები, რომელიც შესაძლოა ხილულად არ ჩანდეს, მაგრამ რითმის დარღვევა აღმოჩნდეს. ყველა მშობელს, ყველა ადამიანს, კარგად უნდა ესმოდეს, რომ მსგავს შემთხვევაში ბავშვი სტაციონარში უნდა გადაიყვანონ, სადაც გადაუდებელი დახმარება ჩაუტარდებათ, ექიმი დეტალურად გამოიკითხავს ანამნეზს და სასიცოცხლო პარამეტრებსაც შეამოწმებს..

- სახლის პირობებში, ვიდრე თქვენამდე მოიყვანენ ბავშვს, თუ არის რეკომენდებული რაიმე პრეპარატის მიღება?

- მშობელმა ბავშვს არანაირი პრეპარატი არ უნდა მისცეს. ერთადერთი, რაც შეიძლება გამოიყენონ ბინაზე ელექტრული დაზიანების დროს და ისიც იმ შემთხვევაში, თუ გვაქვს კანზე არსებული დამწვრობა, სპრეია გარეგანი მოხმარებისთვის. დაზიანებულ არეზე შეუძლიათ მოიხმარონ. სხვა პრეპარატის გამოყენება, ბინის პირობებში, არ შეიძლება. აუცილებელია საავადმყოფოში უსაფრთხოდ გადაყვანა, ხოლო თუ ბავშვი უგონო მდგომარეობაშია, უნდა დარეკონ 112-ში და სთხოვონ, რაც შეიძლება სწრაფად მივიდნენ. კრუნჩხვის დროს დედამ უნდა დააწვინოს მოსვენებულ პოზიციაში, შეეცადოს, რომ პირის ღრუ გაუღოს და არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოს სახლში არსებული ნივთები. ხელებითა და სხვადასხვა საგნით, მაგალითად კოვზით ცდილობენ ხოლმე პირის ღრუს გახსნას, რაც დაუშვებელია. აუცილებელია გამოაღონ ფანჯარა და სუფთა ჰაერის ჩასუნთქვის შესაძლებლობა მისცენ ბავშვს. თუ სისხლს აღებინებს, ეცადონ, რომ გვერდზე დააწვინონ ან წამომჯდარ მდგომარეობაში ამყოფონ, რომ არ გადაეყლაპოს. რომელიმე კიდურის დაზიანების შემთხვევაში კი აუცილებელია კარგად დავუფიქსიროთ, შესაძლებელია სახლში არსებული დოლბანდი ან თავშალიც გამოვიყენოთ და უსაფრთხოდ გადავიყვანოთ კლინიკაში.

- თუ ბავშვი არ ამბობს, რომ დენმა დაარტყა, როგორ უნდა მიხვდეს მშობელი?

- დედამ შეიძლება ვერაფერი შენიშნა, მაგრამ იცის, რომ სახლში შიშველი სადენი აქვს, ან შესაძლოა ბავშვისთვის ხელმისაწვდომი იყოს ჩამრთველი, რომელშიც თითი ჩაყო. ნებისმიერ შემთხვევაში, მშობლის მონაყოლს ვეყრდნობით, მაგრამ ბავშვს მაინც გამოუვლინდება რაიმე ჩივილი. მაგალითად, თუ მოწყენილია, არაადექვატურია, არ არის ისეთი, როგორიც მანამდე იყო, რაც გულისხმობს იმას, რომ თითქოს მივარდნილია, ან პირიქით, ზედმეტად აგზნებული და აჟიტირებულია, რომელიმე კიდური სტკივა, აქვს უსიამოვნო შეგრძნება გულ-მკერდის არეში - ესაა ნიშნები, რა დროსაც ჩვენ შესაძლოა ელექტრულ დაზიანებაზე მიგვატანინოს ეჭვი და გავითვალისწინოთ, რა გარემოში იყო ბავშვი, ხომ არ იყო ისეთ სივრცეში, სადაც შიშველი სადენი ან მისთვის მისაწვდომი ჩამრთველებია.

- სახლში ყველაზე მეტად დენის რომელი წყარო უნდა იყოს დაცული, რომ ბავშვს საფრთხე ავარიდოთ?

- თუ პატარა ბავშვი გყავთ და ჩამრთველი მისთვის ხელმისაწვდომ ადგილასაა, არსებობს სპეციალური დამცავი საშუალებები, რომლითაც აუცილებლად უნდა დახუროთ. მშობელი ძალიან კარგი მეთვალყურე უნდა იყოს. თუ სადმე შენიშნავს, რომ სადენი შიშველია, აუცილებლად უნდა დაფაროს შესაბამისი საშუალებებით. ძირითადად, მომართვიანობის კუთხით, ყველაზე ხშირად ჩამრთველიდან იღებენ დაზიანებას. სახლში ყველა სადენი შეამოწმეთ, რამდენად იზოლირეული და დაცულია. ნებისმიერი ელექტროტრავმის გართულება გულის გაჩერებაა. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით უნდა ვუთხრათ მშობლებს, რომ აუცილებელია ბავშვის კლინიკაში გადაყვანა და იქ 24 საათი გაჩერება, რადგან ბინაზე მკურნალობისთვის არ არსებობს პრეპარატი. მნიშვნელოვანია, სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ იყოს.

- რა იქნება თქვენი ძირითადი რეკომენდაცია მშობლებისადმი?

- ჩვენს კლინიკას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ელექტროტრავმის მართვაში. ნებისმიერი პაციენტი, რომელიც მიიღებს ელექტროტრავმას, ეს იქნება ბავშვი თუ მოზარდი, დაბალი ძაბვის ელექტროტრავმა, თუ მაღალი, აუცილებლად საჭიროებს კლინიკაში უსაფრთხოდ მიყვანას, კარდიომონიტორინგს. ელექტროკარდიოგრამაზე გვექნება თუ არა ცვლილება, გადაღების მომენტში, ასეთ პაციენტს მაინც ვათავსებთ სტაციონარში, 24 საათის განმავლობაში. მშობელმა შესაძლოა აღნიშნოს, რომ თუ იმ მომენტისთვის ყველაფერი წესრიგშია, მას შეუძლია ბავშვის ბინაზე წაყვანა. ამ შემთხვევაში, ეს არ არის გამართლებული. ჩვენ მშობელს განვუმარტავთ იმ შესაძლო გართულების შესახებ, რომ ელექტროტრავმით დაზიანებამ შესაძლოა გულის გაჩერება გამოიწვიოს. თუ რომელიმე სასიცოცხლო პარამეტრში ცვლილება გვაქვს, ეს ძალიან საყურადღებოა, შესაძლოა არა 24 საათი, არამედ 48 საათიც გავაჩეროთ პაციენტი სტაციონარში. დაუზიანებლობის შემთხვევაშიც კი ადამიანი, რომელიც ელექტროტრავმას მიიღებს, 24 საათი უნდა გაჩერდეს კლინიკაში და ყველა საჭირო კვლევა ჩაიტაროს.

ცნობისათვის:

ელექტროდაზიანების სიმძიმე დამოკიდებულია 6 ძირითად ფაქტორზე:
  • რეზისტენტობა (კანი, ლორწოვანი, შინაგანი ორგანოები);
  • ელექტრული დენის ნაკადის ტიპი: ცვლადი და მუდმივი;
  • ელექტროდენის ნაკადის სიხშირე;
  • ინტენსიურობა;
  • დენის წყარო;
  • კონტაქტის ხანგრძლივობა დენის წყაროსთან.
ადამიანის სხეულის რეზისტენტობა დენის ნაკადს წინააღმდეგობას უწევს. ქსოვილებს: კანს, ძვალს, ცხიმს მაღალი რეზისტენტობა აქვს, ამიტომ გადახურების და კოაგულაციის ტენდენცია ახასიათებს და არა დენის ნაკადის გატარების. ხოლო ნერვებსა და სისხლძარღვებს - დაბალი რეზისტენტობა აქვს.
ელექტრული დაზიანება უდიდეს გავლენას ახდენს კანზე. მშრალი კანი წინააღმდეგობას უწევს 40 000 ომს. შედარებით მშრალ, გაუხეშებულ ხელისგულის კანს შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს 1X106 ომს. თხელ და დაბინძურებულ კანს შედარებით ნაკლები რეზისტენტობა აქვს. იგი 300-1000 ომს უწევს წინააღმდეგობას. დაბალი წინააღმდეგობა აქვს პირის ღრუს, ნერვულ დაბოლოებებს და სისხლძარღვებს.

ელექტროტრავმის სახეები და კლინიკური დაზიანებები


დაზიანების კლასიფიკაციის მიხედვით არჩევენ ელექტროტრავმის 3 სახეს:
  • მაღალი ძაბვის დენით გამოწვეული (> 1000 V);
  • დაბალი ძაბვის დენით გამოწვეული (< 1000 V);
  • ელვის/მეხის ზემოქმედებით გამოწვეული, რომელიც ხასიათდება პოტენციალთა სხვაობით ატმოსფეროსა და დედამიწას შორის და აღემატება 10 მილიონ ვოლტს.

კლინიკური დაზიანების 4 სახე არსებობს:
კლასიკური დაზიანების მოდელი ვითარდება, როცა ხდება სხეულის ნაწილის დაზიანება და აღინიშნება დაზიანების შემავალი და გამავალი ჭრილობები;
რკალური დამწვრობები ვითარდება დენის ნაკადის რკალური დარტყმისას კანზე, მაგრამ დენის ნაკადი არ შედის სხეულში;
ალით დაზიანებები შეიძლება გამოიწვიოს რკალისებურად წარმოქმნილმა დენის ნაკადმა, რაც გამოიწვევს ტანსაცმლის აალებას და აღნიშნულის გამო თერმულ დაზიანებას;
ხოლო, მეხის დარტყმით გამოწვეული დაზიანებები ვითარდება მუდმივი დენით დაზიანების მსგავსად, რომელიც გრძელდება წამის 1/10-დან 1/100-მდე.
კარდიალური დაზიანებები მოიცავს არითმიას და მიოკარდიუმის დაზიანებას. ვლინდება როგორც დაბალი, ისე მაღალი ძაბვით დაზიანებისას;
მეხის დარტყმით გამოწვეულმა დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს ასისტოლია; ზოგიერთმა პაციენტმა შესაძლოა გადაიტანოს მიოკარდიული დაზიანება და პარკუჭის პერფორაცია. ოკულარული დაზიანებები ძირითადად ვითარდება მეხის დარტყმის შედეგად. თვალის დაზიანებები წარმოდგენილია შემდეგი სახით: რქოვანას დაზიანება, უვეიტი, ირიდოციკლიტი, სისხლჩაქცევები მინისებურ სხეულში, ქორიონალური გარსის რუპტურა, ბადურას აშრევება, ქორიორეტინიტი, შეიძლება მოგვიანებით განვითარდეს კატარაქტა და ოპტიკური ნერვის ატროფია. ოფთალმოლოგის მეთვალყურეობა აუცილებელია.

ნევროლოგიური დაზიანებებიდან აღსანიშნავია, თავის ტვინის, ზურგის ტვინის, პერიფერიული მოტორული და სენსორული ნერვების, სიმპატიკური ნერვული ბოჭკოების დაზიანება. ასევე, ცენტრალური დაზიანებები, როგორიცაა: მგრძნობელობის დაკარგვა, აპოპლექსიური დამბლა, ამნეზია, დეზორიენტაცია,სიყრუე, ვიზუალური დარღვევები, სენსორული დეფექტები. ჰემიპლეგიას და ტეტრაპლეგიას შეიძლება ჰქონდეს სენსორული ხასიათი.
აუცილებლად უნდა მოხდეს ცნობიერების დონისა და მენტალური სტატუსის შეფასება.

მცირე ასაკის ბავშვები რადგან კბენენ ელექტროსადენებს, ვითარდება დამწვრობა ძირითადად ზედა და ქვედა ტუჩის არეში. ნაპრალის სრული დამწვრობის შემთხვევაში დაზიანება ვრცელდება ლორწოვანზე, სუბმუკოზურ შრეზე, კუნთებზე, ნერვებზე და სისხლძარღვებზე; პრევრალური დაზიანებისას შეიძლება განვითარდეს ფართო ემფიზემა. პირველადად ვითარდება ფილტვის დაზიანება, ხოლო მეორადად კუჭის შიგთავსის ასპირაციის გამო ვითარდება პნევმონიტი;ჩატარებული უნდა იქნას საჭიროებისამებრ რეანიმაციული ღონისძიებები გულისცემისა და სუნთქვის აღდგენის მიზნით.

მნიშვნელოვანია საშარდე სისტემისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანება. თერმულ დაზიანებას შეიძლება წინ უსწრებდეს ვაზოსპაზმი, მოგვიანებით - თრომბოზი, იშემიური ნეკროზი, შესაძლოა მოხდეს ანევრიზმის ჩამოყალიბება, რასაც მოყვება სისხლძარღვების განვითარება დაზიანებიდან კვირების განმავლობაში. სახის და კაროკიდური არტერიების დამწვრობის შედეგად დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს გვიანი სისხლდენა. დამწვარი ან განგრენოზული ქსოვილის შეუსაბამო მოცილებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ინფექციის განვითარება.

თამარ იაკობაშვილი

4559
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები