ელექტროტრავმა სერიოზული დაზიანებაა და ძალიან საყურადღებოა როგორც ბავშვებში, ასევე ზრდასრულ ადამიანებში. ზოგჯერ მშობლები დენის დარტყმას დიდ ყურადღებას არ აქცევენ, თუ ხილულად რაიმე დაზიანება არ აღენიშნება ბავშვს, აღარ თვლიან საჭიროდ, რომ საავადმყოფოში წავიდნენ, არადა ეს გადაწყვეტილება შესაძლოა, ბავშვის სიცოცხლის ფასადაც დაუჯდეთ. რა დაზიანებები შეიძლება მიიღოს ბავშვმა დენის დარტყმის შედეგად, რამდენად დიდი საფრთხე შეიძლება შეექმნას მის ჯანმრთელობას და რა უნდა გაითვალისწინოთ სახლში დენის წყაროებთან მიმართებით - თემაზე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების ექიმი, პედიატრი სოფიო ნიკოლაძე გვესაუბრება:
- ელექტრული დაზიანებები ყოველთვის უბედური შემთხვევის შედეგად ვითარდება. ელექტროდენის პირდაპირმა ეფექტმა, თბოენერგიამ და პირდაპირმა მექანიკურმა ტრავმამ, შეიძლება გამოიწვიოს ღრმა ქსოვილოვანი დაზიანება და ორგანოთა დისფუნქცია. სათანადო თერაპიას კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც ტრავმის პირველად მართვას, დეტალურ გამოკვლევასა და მრავალჯერად ქირურგიულ ჩარევას გულისხმობს.
მივმართოთ აუცილებლად კლინიკას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როცა ბავშვი გონზეა, აქტიურია, გვესაუბრება და გვეუბნება, რომ არაფერი აწუხებს. ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ელექტროდენმა მასზე იმოქმედა. ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებში გულის კუნთის დაზიანებები, რომელიც შესაძლოა ხილულად არ ჩანდეს, მაგრამ რითმის დარღვევა აღმოჩნდეს. ყველა მშობელს, ყველა ადამიანს, კარგად უნდა ესმოდეს, რომ მსგავს შემთხვევაში ბავშვი სტაციონარში უნდა გადაიყვანონ, სადაც გადაუდებელი დახმარება ჩაუტარდებათ, ექიმი დეტალურად გამოიკითხავს ანამნეზს და სასიცოცხლო პარამეტრებსაც შეამოწმებს..
რეზისტენტობა (კანი, ლორწოვანი, შინაგანი ორგანოები); ელექტრული დენის ნაკადის ტიპი: ცვლადი და მუდმივი; ელექტროდენის ნაკადის სიხშირე; ინტენსიურობა; დენის წყარო; კონტაქტის ხანგრძლივობა დენის წყაროსთან. ადამიანის სხეულის რეზისტენტობა დენის ნაკადს წინააღმდეგობას უწევს. ქსოვილებს: კანს, ძვალს, ცხიმს მაღალი რეზისტენტობა აქვს, ამიტომ გადახურების და კოაგულაციის ტენდენცია ახასიათებს და არა დენის ნაკადის გატარების. ხოლო ნერვებსა და სისხლძარღვებს - დაბალი რეზისტენტობა აქვს.
ელექტრული დაზიანება უდიდეს გავლენას ახდენს კანზე. მშრალი კანი წინააღმდეგობას უწევს 40 000 ომს. შედარებით მშრალ, გაუხეშებულ ხელისგულის კანს შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს 1X106 ომს. თხელ და დაბინძურებულ კანს შედარებით ნაკლები რეზისტენტობა აქვს. იგი 300-1000 ომს უწევს წინააღმდეგობას. დაბალი წინააღმდეგობა აქვს პირის ღრუს, ნერვულ დაბოლოებებს და სისხლძარღვებს.
დაზიანების კლასიფიკაციის მიხედვით არჩევენ ელექტროტრავმის 3 სახეს:
მაღალი ძაბვის დენით გამოწვეული (> 1000 V); დაბალი ძაბვის დენით გამოწვეული (< 1000 V); ელვის/მეხის ზემოქმედებით გამოწვეული, რომელიც ხასიათდება პოტენციალთა სხვაობით ატმოსფეროსა და დედამიწას შორის და აღემატება 10 მილიონ ვოლტს.
კლინიკური დაზიანების 4 სახე არსებობს:
კლასიკური დაზიანების მოდელი ვითარდება, როცა ხდება სხეულის ნაწილის დაზიანება და აღინიშნება დაზიანების შემავალი და გამავალი ჭრილობები;
რკალური დამწვრობები ვითარდება დენის ნაკადის რკალური დარტყმისას კანზე, მაგრამ დენის ნაკადი არ შედის სხეულში;
ალით დაზიანებები შეიძლება გამოიწვიოს რკალისებურად წარმოქმნილმა დენის ნაკადმა, რაც გამოიწვევს ტანსაცმლის აალებას და აღნიშნულის გამო თერმულ დაზიანებას;
ხოლო, მეხის დარტყმით გამოწვეული დაზიანებები ვითარდება მუდმივი დენით დაზიანების მსგავსად, რომელიც გრძელდება წამის 1/10-დან 1/100-მდე.
კარდიალური დაზიანებები მოიცავს არითმიას და მიოკარდიუმის დაზიანებას. ვლინდება როგორც დაბალი, ისე მაღალი ძაბვით დაზიანებისას;
მეხის დარტყმით გამოწვეულმა დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს ასისტოლია; ზოგიერთმა პაციენტმა შესაძლოა გადაიტანოს მიოკარდიული დაზიანება და პარკუჭის პერფორაცია. ოკულარული დაზიანებები ძირითადად ვითარდება მეხის დარტყმის შედეგად. თვალის დაზიანებები წარმოდგენილია შემდეგი სახით: რქოვანას დაზიანება, უვეიტი, ირიდოციკლიტი, სისხლჩაქცევები მინისებურ სხეულში, ქორიონალური გარსის რუპტურა, ბადურას აშრევება, ქორიორეტინიტი, შეიძლება მოგვიანებით განვითარდეს კატარაქტა და ოპტიკური ნერვის ატროფია. ოფთალმოლოგის მეთვალყურეობა აუცილებელია.
ნევროლოგიური დაზიანებებიდან აღსანიშნავია, თავის ტვინის, ზურგის ტვინის, პერიფერიული მოტორული და სენსორული ნერვების, სიმპატიკური ნერვული ბოჭკოების დაზიანება. ასევე, ცენტრალური დაზიანებები, როგორიცაა: მგრძნობელობის დაკარგვა, აპოპლექსიური დამბლა, ამნეზია, დეზორიენტაცია,სიყრუე, ვიზუალური დარღვევები, სენსორული დეფექტები. ჰემიპლეგიას და ტეტრაპლეგიას შეიძლება ჰქონდეს სენსორული ხასიათი.
აუცილებლად უნდა მოხდეს ცნობიერების დონისა და მენტალური სტატუსის შეფასება.
მცირე ასაკის ბავშვები რადგან კბენენ ელექტროსადენებს, ვითარდება დამწვრობა ძირითადად ზედა და ქვედა ტუჩის არეში. ნაპრალის სრული დამწვრობის შემთხვევაში დაზიანება ვრცელდება ლორწოვანზე, სუბმუკოზურ შრეზე, კუნთებზე, ნერვებზე და სისხლძარღვებზე; პრევრალური დაზიანებისას შეიძლება განვითარდეს ფართო ემფიზემა. პირველადად ვითარდება ფილტვის დაზიანება, ხოლო მეორადად კუჭის შიგთავსის ასპირაციის გამო ვითარდება პნევმონიტი;ჩატარებული უნდა იქნას საჭიროებისამებრ რეანიმაციული ღონისძიებები გულისცემისა და სუნთქვის აღდგენის მიზნით.
მნიშვნელოვანია საშარდე სისტემისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანება. თერმულ დაზიანებას შეიძლება წინ უსწრებდეს ვაზოსპაზმი, მოგვიანებით - თრომბოზი, იშემიური ნეკროზი, შესაძლოა მოხდეს ანევრიზმის ჩამოყალიბება, რასაც მოყვება სისხლძარღვების განვითარება დაზიანებიდან კვირების განმავლობაში. სახის და კაროკიდური არტერიების დამწვრობის შედეგად დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს გვიანი სისხლდენა. დამწვარი ან განგრენოზული ქსოვილის შეუსაბამო მოცილებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ინფექციის განვითარება.
თამარ იაკობაშვილი