"უსიმპტომოდ გადატანილი კოვიდისთვის დამახასიათებელი ფილტვების ანთება არ არსებობს, ხოლო თუ პაციენტმა გადაიტანა ფილტვების ანთება, ის გამოჩნდება რენტგენზე" - რადიოლოგი აქტუალური კითხვებს პასუხობს
"უსიმპტომოდ გადატანილი კოვიდისთვის დამახასიათებელი ფილტვების ანთება არ არსებობს, ხოლო თუ პაციენტმა გადაიტანა ფილტვების ანთება, ის გამოჩნდება რენტგენზე" - რადიოლოგი აქტუალური კითხვებს პასუხობს
კორონავირუსის ერთ-ერთი ხშირი და სერიოზული გართულება ფილტვების ანთებაა. იმ ფონზე, რომ საქართველოში ინფიცირების მზარდი სტატისტიკაა და სამედიცინო რესურსიც არასაკმარისია, ადამიანები დამოუკიდებლად ცდილობენ ფილტვების შემოწმებას სპეციალისტებთან. რამდენად გამოჩნდება კოვიდით გამოწვეული ფილტვების ანთება რენტგენზე და აუცილებელია თუ არა კომპიუტერული ტომოგრაფია ფილტვის დაზიანების აღმოსაჩენად, ექიმი-რადიოლოგი ნინო ლაშხია გვესაუბრება:

mshoblebi

- სხივური დიაგნოსტიკის ძირითადი მეთოდები, რომლებიც გამოიყენება ზემოთხსენებული ინფექციის დროს, არის კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ-CT), რენტგენოლოგიური და ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა. ყველა აღნიშნულ მეთოდს თავისი დრო და ჩვენება აქვს. კტ-დიაგნოსტიკა გამოიყენება ადრეულ სტადიებზე, რენტგენოლოგიური-უფრო გვიან სტადიებზე და დინამიკაში
დასაკვირვებლად. ასევე, მაშინ, როდესაც კტ-კვლევა შეუძლებელია პაციენტის სიმძიმის გამო, ხდება ადგილზე, პალატაში. ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა - პლევრის ღრუების დასათვალიერებლად პლევრალური გამონაჟონის გამოსარიცხად, ასევე გამონაჟონის მოცულობის მონიტორინგისთვის.
რენტგენით, რა თქმა უნდა, შესაძლებელია მრავალი, სხვადასხვა პროცესის მიმდინარეობის დადასტურება, მაგრამ კოვიდინფექციის საწყის სტადიაზე, ვგულისხმობ ფილტვების დაზიანების ხარისხს, რომელიც < 25%-ზე და რასაც "დაბურული მინის" (Groudn Glass) ეფექტი ქვია, რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა პრაქტიკულად უძლურია, მხოლოდ ძალიან გამოცდილი ექიმის თვალს შეუძლია გაარჩიოს და მიიტანოს ეჭვი მსგავს დაზიანებაზე, ისიც ირიბი მაჩვენებლებით და საუკეთესო, თანამედროვე აპარატის საშუალებით. კომპიუტერული ტომოგრაფია კი მილიმეტრიან შრეებში, ბევრად ღრმა სტრუქტურების დათვალიერების და მისი გავრცელების პროცენტულად დათვლის საშუალებასაც იძლევა. მსგავსი ეფექტი დამახასიათებელია არა მარტო კოვიდ-პნევმონიებისთვის, არამედ ფილტვის ქსოვილის სხვა პათოლოგიების
დროსაც. უბრალოდ უკვე დაგროვდა მასალა და პრაქტიკული გამოცდილება, რაც გვაძლევს საშუალებას უფრო ზუსტი დიფერენციალური დიაგნოზის ჩატარებისთვის და ვირუსული პნევმონიების კლასიფიკაციისთვის. კოვიდ ინფექცია აზიანებს ორივე ფილტვს, მის ქვედა წილებს, უპირატესად უკანა სეგმენტებს, პრინციპული გავრცელებით პერიფერიისკენ და სუბპლევრალურად. როგორც ზემოთ აღვნიშნე, საწყის ეტაპზე რენტგენოლოგიურად არ ვლინდება "დაბურული შუშის" კერები, შემდგომ, დაავადების პროგრისირებისას, ეს კერები დიდდება ზომებში და მკვრივდება, რაც რენტგენზეც თვალსაჩინო ხდება.

- გაციების სიმპტომების შემთხვევაში, უნდა მივიდნენ, თუ არა ადამიანები რენტგენის გადასაღებად?

- არა, თუ გაციებას თან ახლავს მაღალი ცხელება, ხველება, სუნთქვის გაძნელება და სხვა სიმპტომები, უნდა დაუკავშირდნენ თავიანთ ოჯახის ექიმს და მისდიონ მის რეკომენდაციებს. ამიტომ, როცა ექიმი ჩათვლის საჭიროდ, მაშინ უნდა ჩაიტარონ პროცედურა.

- რას ურჩევთ ადამიანებს, რომლებსაც ფილტვების ანთებაზე ეჭვი აქვთ, მაგრამ ფინანსურად არ აქვთ კატეს გადაღების საშუალება, გადაიღონ მაინც რენტგენი?

- როგორც კი სუნთქვის გაძნელება დაეწყებათ, ექიმს უნდა მიმართონ. პაციენტის მდგომარეობის შეფასებიდან გამომდინარე, მოხდება მათი ჰოსპიტალიზაცია, სხვათა შორის, ახალი რეგულაციებით საშუალო სიმძიმის პაციენტების მკერნალობა ამბულატორიულადაც ხერხდება. სუნთქვის გაძნელებასაც სჭირდება ვერიფიცირება - ეს პანიკითაა გამოწვეული, თუ სინამდვილეში მართლა უჭირთ. კატეს საშუალება თუ არ აქვთ, პირველ ეტაპზე აზრი არ აქვს რენტგენის გადაღებას. ხოლო, თუ დამძიმებული პაციენტია, ის ისედაც ვეღარ მოდის რენტგენზე.

- გადატანილი ფილტვების ანთება თუ გამოჩნდება მოგვიანებით რენტგენზე, თუნდაც უსიმპტომოდ ან მსუბუქად გადატანილი?

- უსიმპტომოდ გადატანილი კოვიდისთვის დამახასიათებელი ფილტვების ანთება არ არსებობს, ხოლო თუ პაციენტმა გადაიტანა ფილტვების ანთება, ის უკვე გამოჩნდება რენტგენზე.

- რაც შეეხება დასხივებას, რამდენად დიდია სხვაობა რენტგენსა და კატეს შორის და რა ინტერვალით შეიძლება მათი გაკეთება?

- ძალიან ხშირად მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, ყველა მეთოდი, ეს იქნება რენტგენი, თუ კტ-კვლევა სასარგებლო პროცედურა არ არის. კტ კვლვებით გართობაც არ ვარგა, რადგან სხივური დატვირთვა ახლავს თან. თუ ჩვეულებრივი რენტგენოლოგიური კვლევისას დასხივების დოზა ფილტვებისთვის შეადგენს 0.010-0.015msV (მილიზივერტი), კტ-კვლევისსას ის 3-4 msv-ს შეადგენს. როცა საჭიროება მოითხოვს, ყოველ დღეც უკეთებენ, ეს ადამიანის მდგომარეობის სიმძიმეზეა დამოკიდებული.

- ბავშვებისთვის რა სიხშირით არის რეკომენდებული კატე ან რენტგენი?

-კატე სულ სხვა რამეა, რენტგენი სხვა. ბავშვებისთვის პროფილაქტიკის მიზნით კატე არ არის რეკომენდებული, თუ აუცილებელი ჩვენება არ არის.ხოლო, ფილტვებზე სურათის გადაღება რენტგენით, წელიწადში ერთხელ პროფილაქტიკისთვის შეიძლება.

-ხომ არ გაქვთ რეკომენდაციები მათთვის, ვისაც დასჭირდა რამდენჯერმე რენტგენი ან კატე,რაღაც დროით კვებაში ან ცხოვრების წესში ხომ არ უნდა შეიტანონ რამე ცვლილება, რომ მიღებული დასხივება გაანეიტრალონ?

- მიღებული დასხივება არაფრით ნეიტრალდება. მითებია, რომ დასხვივებამდე ალკოჰოლი მიიღონ ადამიანებმა და ასე შემდეგ. არაფერი განსაკუთრებული რეკომენდაცია არ მაქვს, მხოლოდ მეძუძურ დედებს ვეუბნები, რომ 2-3 საათით ადრე გამოიწველონ რძე და მერე აჭამონ ბავშვებს.

-ბევრჯერ შეგვიმჩნევია, რომ სტომატოლოგები ორჯერ უღებენ რენტგენს ერთი სამკურნალო კურსის განმავლობაში - ეს რამდენად გამართლებულია? კბილის დროს დასხივება იგივეა, რაც სხვა ორგანოების გადაღებისას და აპარატებს თუ აქვს მნიშვნელობა?

-ძალიან ხშირად მსმენია ეს შეკითხვა. გააჩნია გამოკვლევას-ისევ და ისევ კტ, რომელიც აუცილებელია კბილის იმპლანტების ჩაყენებისას, პანორამული (ციფრული) რენტგენოგრაფია და დამიზნებითი (რადიოვიზიოგრაფია). ყველა ზემოთჩამოთვლილ მეთოდს თავისი სხივური დატვირთვა აქვს, ყველაზე ნაკლები კი ვიზიოგრაფიას. აუცილებელია დამცავი საშუალებების გამოყენება, თუმცა ყველაზე მგრძნობიარე ორგანოები ელექტრომაგნიტური ტალღების მიმართ, როგორიცაა ფარისებრი ჯირკვალი, სასქესო ორგანოები და თიმუსი(მკერდუკანა ჯირკვალი) შორს მდებარეობენ დასხივების არეალიდან ან დაცულია ტყვიის ფირფიტით. სხვადასხვა მათემატიკური გამოთვლების თანახმად, წელიწადში საშუალოდ დასაშვებია რამდენიმე ათასი დამიზნებითი სურათი, 80-მდე პანორამული და 20-მდე კტ. ბოლო გამოკვლევებით კი დადგინდა, რომ სტომატოლოგიური გამოკვლევების მეთოდები არ ვნებს ბავშვებს, მეძუძურ დედებს და ახალშობილებსაც კი, დასხივების დოზა მინიმალურია.
და ბოლოს ნუ დაგვავიწყდება, რომ არსებობს მზის რადიაცია და ასევე სხვა თანამედროვე, ე.წ გაჯეტებიდან მომდინარე რადიაციაც.

თამარ იაკობაშვილი

5103
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ლია
0
გამარჯობათ მაქვს ზურგის ტკივილი 22 23 დღეა და როგორ მოვიქცე საჭიროა რენტგენის გადაღება
19:25 / 22-11-2020
me
0
ერთი დღე მქონდა სიცხე, სახსრები მტკიოდა, მესამე დღეს დავკარგე გემოს და სუნის შეგრძნება, გულმკერდი ისე მტკიოდა, თითქოს ძალიან მახველებდა, არადა საერთოდ არ მახველებდა, ჩასუნთქვისას მქონდა შეგრძნება, რომ ჟანგბადი არ მყოფნიდა. ფსიქოლოგიურად ვიყავი ძალიან მძვიდად, მაგრამ უჯანგბადობის შეგრძნებამ ცოტა შემაშინა, დავურეკე ოჯახის ექიმა, მომისმინდა და მითხრა, რომ არაფერი არ მჭირდა და არაფერი არ მჭირდებოდა. ეხლაც არ ვიცი მქონდა თუ არა კოვიდი :)))
16:17 / 21-11-2020
მსგავსი სიახლეები