ქვეყანაში პანდემიური სიტუაცია დღითი დღე რთულდება - სექტემბრიდან მოყოლებული, ასე იწყება თითქმის ყველა ჩემი სტატია კოვიდინფექციაზე, თუმცა დღეს განსაკუთრებულად რთული ვითარება გვაქვს - ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა დღიური მაჩვენებელი 4000-მდე აღწევს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი თვითიზოლაციაშია, ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი კი უკვე "კოვიდს" ებრძვის... დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძესთან ინტერვიუ სწორედ
თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრით დავიწყეთ.
- თენგიზის მდგომარეობა სტაბილურია, ორმხრივი პნევმონია აქვს და მაღალი ტემპერატურა, მაგრამ ღვთის მადლით, ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. იმედია, ასე გაგრძელდება.
- არსებობს სტატისტიკა, ან მოდელი, როგორ უნდა დავთვალოთ ინფიცირებულთა ზუსტი რაოდენობა?
- ბოლოს ვაშინგტონის შტატში, სიეტლში გამოქვეყნდა ჯანმრთელობის გაზომვის ინსტიტუტის (IHME) მონაცემები, სადაც აკეთებენ მოდელირებას ევროპისა და ამერიკისთვის. ისინი ჩვენთან დიდი ხანია თანამშრომლობენ და საქართველოსთვის ცალკე აკეთებენ მოდელირებას. მათი შეფასებებით, ევროპაში ერთი შემთხვევა ვლინდება დაახლოებით ხუთი ინფიცირებულიდან, ჩვენთან კი ერთი - 2,5 ინფიცირებულიდან, ანუ ჩვენ 2,5-ჯერ მეტი ინფიცირებული გვყავს, ვიდრე ვავლენთ და ვაცხადებთ.
- ფიქრობთ რომ ამ ეტაპზე ტრანსპორტისა და მოლების შეჩერება შედეგს მოგვიტანს?
- რაც შეამცირებს მობილობას, შედეგს ყველაფერი მოგვიტანს.
- რამდენ ხანში?
- სამწუხაროდ, არც ერთი ღონისძიება სწრაფად ეფექტიანი არ არის. როგორც ნებისმიერი თავყრილობა 10-14 დღის შემდეგ ავლენს უარყოფით შედეგს, შეზღუდვებსაც 2-3 კვირის შემდეგ მოჰყვება შეღავათი.
- ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა პიკია, თუ პიკი წინ გვაქვს?
- სამწუხაროდ, ყველა ჩვენი გათვლა გვეუბნება, რომ ახლა, პრაქტიკულად, ავადობის პიკზე ვართ. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა, პიკი პლატოზე გადავიდეს.
განაგრძეთ კითხვა