ხველა საკმაოდ ხშირი სიმპტომია ბავშვებში. ხველის საწინააღმდეგო სიროფებიც მრავლად გვხვდება სააფთიაქო ქსელში. ყოველთვის სჭირდება თუ არა ბავშვს წამალი, რამდენ ხანს უნდა გრძელდებოდეს ხველა, რომ მშობელმა ექიმთან ვიზიტზე იფიქროს და რა ტიპის ხველაა უფრო საყურადღებო - აქტუალურ კითხვებზე პედიატრი თემურ მიქელაძე გვესაუბრება:
- ხველა პედიატრიულ პრაქტიკაში ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომია. იგი ორგანიზმის დამცველობითი რეაქციაა რესპირაციული პათოგენის, უცხო სხეულის, ნახველის, სეკრეტის, ქიმიური აგენტისა და სხვათა მოსაცილებლად. დღის განმავლობაში 2-დან 30-მდე წამოხველება ნორმად ითვლება. მიმდინარეობის მიხედვით შეიძლება იყოს მწვავე ორ კვირამდე და ქრონიკული. ზოგიერთი ავტორის მიხედვით, ქვემწვავე ხველება 2-დან 8 კვირამდე გრძელდება. ხასიათის მიხედვით შეიძლება იყოს მშრალი და პროდუქტიული. ცალკე გამოვყოფდი ე.წ ტიკურ ანუ ფსიქოგენურ ხველას, რომლის მიზეზებიცაა ეკრან და გაჯეტდამოკიდებულება. საყურადღებოა ვიზინგი, ანუ ამოსუნთქვის გაძნელება, ობსტრუქციული ლარინგიტი (კრუპი), სუნთქვის სიხშირე ერთ წლამდე 50-ზე მეტი, ერთი წლიდან 5 წლამდე - 40 და მეტი, 5 წლიდან 30- ზე მეტი - საჭიროებენ ექიმთან დროულ ვიზიტსა და დინამიკაში დაკვირვებას. ბავშვთა ასაკში ხველა მაინც დაკავშირებულია რესპირაციულ ვირუსულ ინფექციებთან. ადრეული ასაკის ბავშვებში ბრონქოობსტრუქციას ჭარბობს ლორწოს ჰიპეროდუქცია, რაც აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს მკურნალობის ტაქტიკის არჩევისას. ბავშვებში ხველას, უმრავლეს შემთხვევაში, თუ მიზეზი დადგენილია, საერთოდ არ სჭირდება წამალი, გარდა ზემოთ აღნიშნული სინდრომებისა. ასეთი გამოთქმაც კი არსებობს პედიატრიაში - ხველა თავისით რჩება ერთ კვირაში და ექიმი არჩენს 7 დღეში. საგანგაშოა უეცრად განვითარებული ხველა და საყურადღებოა ხველა, რომელიც გრძელდება ორ კვირაზე მეტხანს. ჩვენს სააფთიაქო ქსელებში არსებობს უამრავი ე.წ ხველის საშუალებები, რომელთა გამოყენება, უმრავლეს შემთხვევაში, ბავშვთა ასაკში არ არის მიზანშეწონილი და დაკავშირებულია პოლიფარმაკოთერაპიასა თუ პოლიპრაგმაზიასთან.
- უნდა ვაღიაროთ, რომ ძალიან ბევრი დედა, რომელსაც ერთხელ დაუნიშნა პედიატრმა ხველის წამალი, სხვადასხვა დროს, ექიმის გარეშეც გამოიყენებს მას. მით უმეტეს, ეპიდემიის დროს ყველა არიდებს თავს ექიმთან მისვლას. რა შეგიძლიათ მათ ურჩიოთ, რასთან იყვნენ განსაკუთრებით ფრთხილად?
- არასოდეს არ უნდა გამოიყენონ ექიმის გარეშე არა მარტო ხველის, არამედ სხვა სამკურნალო საშუალებები. ზოგ შემთხვევაში პირიქით, ე.წ ამოსახველებელმა საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიოს ხველის გამწვავება. ხველის დამთრგუნველი საშუალებები ბავშვებში საერთოდ არ უნდა გამოვიყენოთ ან დავნიშნოთ უკიდურესი გამონაკლისის სახით, განსაკუთრებული სიფრთხილით მოზარდებში. ხველაზე ჩვენ შეიძლება რამდენიმე თვეც კი ვისაუბროთ და ვერც ამოვწუროთ სასაუბრო თემა.
- მშობელთა ნაწილში გავრცელებულია აზრი, რომ 6 წლამდე ბავშვისთვის ამოსახველებელი საშუალების მიცემა არ შეიძლება. ეს მართლაც ასეა?
- გეთანხმებით, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ჰიპერტონული საინჰალაციო ხსნარები შეიძლება გამოვიყენოთ.
- იგივე გვინდა გკითხოთ ცხვირის წვეთებზე. სურდოს ყოველთვის სჭირდება წვეთებით მკურნალობა? როდის არის აუცილებელი სურდოს დროს ექიმი და წამალი?
- იგივე ეხება სურდოსაც, ცხვირის გაჭედვაც ორგანიზმის ფიზიოლოგიური რეაქციაა, ლორწოვანზე ხდება ანთების საწინააღმდეგოდ ნეიტროფილების, მაკროფაგების, ლიმფოციტების მიგრაცია და ლორწოს ჰიპერსეკრეცია. მას ხშირად საერთოდ არ სჭირდება მედიკამენტები, მათ შორის ე.წ ჩარეცხვებიც. შეგვიძლია გამოვიყენოთ 0.66% შემცველობის მარილიანი ხსნარი, წვეთების სახით. სხვა შემთხვევაში, დეკონგესატების ხშირად და დიდხანს გამოყენებამ შეიძლება გამოწვიოს ატროფიული და ჰიპერტროფული რინიტები. ალერგიული რინიტის დროს შეიძლება გამოვიყენოთ ტოპიკური კორტიკოსტეროიდები.
- არიან მშობლები, რომლებიც ყოველ წამოხველებაზე, ცხვირში გაჭედვაზე, მუცლის წამოტკივებაზე წამლებს ასმევენ ბავშვებს. ეს სწორი მიდგომაა? მართლაც სჭირდებათ ბავშვებს ამდენი წამალი?
- უმეტეს შემთხვევაში ბავშვებს ე.წ. გაციების, დამამშვიდებელი, მეტეორიზმის, ხველის წამლები საერთოდ არ სჭირდებათ და მათი არამიზნობრივი გამოყენება იწვევს შეჩვევას.
- როდის უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვს შესაძლოა ფილტვების ანთება ჰქონდეს, რა არის ის საგულისხმო დეტალები, რასაც უნდა მიაქციოს ყურადღება და რა არ უნდა გამორჩეს?
- ფილტვების ანთებისთვის დამახასიათებელია სუნთქვის სიხშირე, ცხელების გარეშე: ერთ წლამდე 50 და მეტი, 1-დან 5 წლამდე 40 და მეტი, 5 წლის ზემოთ 30 და მეტი, ცხვირის ნესტოების ბერვა, სუნთქვაში დამხმარე მუსკულატურის ჩართვა. პნევმონიისათვის დამახასიათებელია ცხელება, ხველა, ტაქიპნოე, დისპნოე ან სუნთქვის გაძნელება, მსტვინავი სუნთქვა და გულმკერდის ტკივილი. პნევმონიის დროს, ასევე, შეიძლება აღინიშნებოდეს მუცლის ტკივილი, ღებინება და თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, ინტოქსიკაციის ნიშნები.
თამარ იაკობაშვილი