თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კოვი-19 მსოფლიოში გამოჩნდა და დღემდე თემის ირგვლივ უამრავი შეკითხვაა. გამართლებულია თუ არა ანტიბიოტიკოთერაპია, შესაძლებელია თუ არა ვირუსი გადაიტანოთ და ანტისხეულები არ აღმოგაჩნდეთ, ინფიცირების დასრულების შემდეგ უნდა მიიღოთ თუ არა იმუნომოდულატორები - ამ და სხვა აქტუალურ თემებს "საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის"ორგანიზებით გამართულ ფეისბუქ-ლაივში ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცდნიერო პრაქტიკული ცენტრის ექიმმა-ინფექციონისტმა, მედიცინის დოქტორმა მაია ჟამუტაშვილმა ისაუბრა:
- კორონავირუსული ინფექცია გახლავთ ჩვეულებრივი ზემო სასუნთქი გზების ინფექცია, რომელიც მიმდინარეობით დიდად არ განსხვავდება სხვა ვირუსებისგან. რაც შეეხება გადამდებლობას, ძალიან მაღალია. ბევრ პაციენტთან ეს დაკავშირებულია შიშთან და გარკვეულ ნევროზულ მდგომარეობასთან. აქიდან გამომდინარე, როდესაც დაავადება იწყება ცხელებით, ყველა პაცინტს აქვს სურვილი, რომ კლინიკაში მოთავსდეს და გამოკვლევების ფართოს სპექტრი ჩაუტარდეს. მაგრამ, ყველა პაციენტთან ეს არ გახლავთ საჭირო იმიტომ, რომ ვირუსი 88%-ში ცხელებასთან და გარკვეულ სიმპტომებთანაა დაკავშირებული. დამატებითი გართულების გარეშე, მას არ სჭირდება მკურნალობა, იგივე ანტიბიოტიკოთერაპია, თუ არ არის მეორადად ბაქტერიული ინფექცია და თუ არ გახანგრძლივდა მიმდინარეობა.
- რეგიონებში ოჯახის ექიმები პირველივე დღეებიდან ნიშნავენ ძლიერ ანტიბიოტიკებს. რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ მსგავსი მიდგომა?
- მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერი ინფექცია დაკავშირებულია ვირუსთან, ბაქტერიასთან და სხვა გამომწვევებთან. კორონავირუსი დაკავშირებულია ვირუსთან. აქიდან გამომდინარე, კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ანტიბიოტიკოთერაპია ცალსახად არ ინიშნება. მას სჭირდება მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა და დინამიკაში მეთვალყურეობა, ანალიზების კონტროლი. არ არის შექმნილი სპეციფიური ანტივირუსული მკურნალობა, პრეპარატიც გამოცდის სტადიაზეა. რაც შეეხება ანტიბიოტიკოთერაპიას, პირველი დღიდან ის არ არის რეკომენდებული და მოწოდებული. ეს გახლავთ ვირუსი და ის პნევმონიაც ვირუსულია. თუ არ არის ანთების მარკერები, ანთების მარკერებში ვგულისხმობ კვლევებს: სისხლის საერთო ანალიზი, C რეაქტიული რაოდენობრივი, ფერიტინის, პროკალციტონინის და გარკვეული მაჩვენებლებ მომატებული, ანტიბიოტიკს ჩვენ ცალსახად არ ვნიშნავთ.
- შეიძლება თუ არა, პირიქით, უარყოფითი შედეგი გამოიწვიოს პირველივე დღეებიდან ანტიბიოტიკების დანიშვნამ?
- უარყოფითი შედეგები შეიძლება არ გამოიწვიოს, მაგრამ ნებისმიერი მედიკამენტის დანიშვნა გვერდით მოვლენებთანაა დაკავშირებული. როდესაც არ არის საჭირო, არ უნდა დაინიშნოს. აღვნიშნავ ასევე იმასაც, რომ ყველაფერი ანთების მარკერებზეა დამოკიდებული. ანთების მარკერების გარეშე, პირველ დღეებში, არ არის რეკომენდებული ანტიბიოტიკოთერაპია. როდესაც არის ფილტვის დაზიანების მაღალი ინდექსი, შესაბამის ანთების მარკერებთან, რა თქმა უნდა, ჩვენ არც თუ ისე იშვიათად ვიყენებთ კომბინირებულ ანტიბიოტიკოთერაპიას, რომელიც გაიდლაინებითაა მოწოდებული. პირველ ეტაპზეც, თუ კომპლექსურად გამოვიკვლევთ მძიმე პაციენტს და მოგეხსენებათ, ძირითადად სიმძიმე დაკავშირებულია ფილტვებთან არსებული პრობლემებით, ე.წ სატურაციით, რომელიც უნდა იყოს 90-დან 100-მდე და როდესაც მოსვენებულ მდგომარეობაშია სუნთქვის გაძნელება, ცხელება და გარკვეული პრობლემები ფილტვებთან დაკავშირებით, მაშინ ყველა პაციენტი გადადის კლინიკაში. შესაბამისი კვლევების საფუძველზე, მათი მკურნალობის საკითხი წყდება.
- ხდება თუ არა ისე, რომ ოჯახში აბსოლუტურად ყველა წევრს აქვს კოვიდინფექცია, ერთი ან ორი ადამიანი, რომელიც მჭიდრო კონტაქტშია ამ ადამიანებთან გადარჩება ხოლმე დაინფიცირებას და ამ შემთხვევაში რა განაპირობებს მსგავს უცნაურ შემთხვევას?
- მოგახსენებთ, რომ კოვიდ-19-ს აქვს ძალიან მაღალი მიმღებლობა. მაგრამ, არის შემთხვევები, როდესაც ოჯახის 7 წევრიდან 6 ინფიცირებულია ვირუსით და მე-7 გადარჩება. ეს მაინც დაკავშირებულია ვირუსის მგრძნობელობასთან და დამოკიდებულია ვირუსის კონცენტრაციაზე. რაც უფრო დაბალი კონცენტრაციისაა ვირუსი, გადამდებლობა მით უფრო ნაკლებია, გააჩნია, რა შეხება აქვთ ოჯახის წევრებთან და დისტანცია არის თუ არა დაცული. დაავადება რომ განვითარდეს, აუცილებელია, ვირუსის გარკვეული რაოდენობა მოხვდეს ორგანიზმში. სანამ ჩაერთვება სპეციფიური იმუნური სისტემა, მანამდე დაცვის არასპეციფიური ფაქტორებია, რომელიც არ უშვებს ვირუსს იმუნურ სისტემამდე და არ ყალიბდება დაავადება. თუ ეს არის დაბალი კონცენტრაციით, როგორც წესი, ორგანიზმი ერევა. ოქროს სტანდარტია ცხვირ-ხახის ნაცხში ვირუსის გამოკვლევა იმიტომ, რომ ეს გახლავთ ზედა სასუნთქი გზების რესპირაციული დაავადება და ძირითადად იწყება ლორწოვანიდან გავრცელება. ვირუსის ციკლურობასაც აქვს გარკვეული მნიშვნელობა, რომელიც პირდაპირ კავშირშია, რამდენად ხანგრძლივია ეს დაავადება.
- ძალიან ბევრი ადამიანი გვეკითხება, რომ ტესტით დაუდასტურდა 10 დღის წინ ვირუსი, სიმპტომები კი ერთი დღით ადრე დაეწყოთ. რამდენ დღეში შეუძლიათ, გავიდნენ გარეთ ასეთი პაციენტები და რამდენ დღეში აღარ არიან საშიში საზოგადოებისათვის?
- 7-8 თვის წინ, როდესაც ეს დაავადება დაიწყო და საკარანტინო სივრცეზე იყო საუბარი, ინკუბაციური პერიოდი, მაქსიმუმ, 14 დღე გახლდათ. თუ თქვენ ბრძანებთ, რომ 1 დღით ადრე ჰქონდათ შეხება და დაავადება გამოუვლინდათ, ეს საკმაოდ სწრაფია, ძირითადად დაავადება ვლინდება პაციენტთან შეხებიდან მე-5-მე-6-მე-7 დღეს. თუ კონკრეტულად ასახელებს პაციენტს, ვისგანაც ეს დაავადება გადაედო, მაქსიმალური პერიოდი გახლავთ 12 დღე. რომ დადასტურდება, იქიდან 12 დღის განმავლობაში უნდა იყოს იზოლაციაში ან მკურნალობა ჩაიტაროს, სიმძიმიდან გამომდინარე. ზოგადად, ითვლება, რომ 12 დღის შემდეგ, პრაქტიკულად, ვირუსის კონცენტრაცია ძალიან დაბალია.
- წყალბადის ზეჟანგს ძალიან ბევრი ადამიანი იყენებს სამკურნალოდ, ამაზე რას ფიქრობთ?
- ჩვენს პრაქტიკაში სამკურნალოდ წყალბადის ზეჟანგს არ ვიყენებთ. ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ იმიტომ, რომ ძირითადად რაც არის რეკომენდებული ბოლო პროტოკოლებითა და გაიდლაინებით, ეს არის ის, რომ უნდა გავმიჯნოთ ვირუსული და მეორადი ბაქტერიული ინფექცია. ვირუსის დროს მკაცრად განვსაზღვრავთ გარკვეულ მაჩვენებლებს, რომლებიც კოვიდის დროს დაკავშირებულია გართულებებთან. მეორადი ბაქტერიული ინფექციის დროს, პროტოკოლების მიხედვით, ვიყენებთ ორ კომბინირებულ ანტიბიოტიკოთერაპიას, ხოლო როდესაც დამძიმებულია პაციენტის მდგომარეობა, ჟანგბადის მომარაგება ისაზღვრება.
- ძალიან ბევრმა ადამიანმა იყიდა სატურატორი და პანიკას ტეხენ მაშინ, როდესაც სატურაცია 92, 91-ია. რა შემთხვევაშია საგანგაშო სატურაცია?
-სატურაცია ანუ ჟანგბადით მომარაგება ოთახის ტემპერატურაზე ნორმა გახლავთ 90-იდან 100-მდე. როდესაც 90-ის ქვემოთ არის მაჩვენებელი და ეს შეესაბამება სუნთქვის გაძნელებას, მოსვენებულ მდგომარეობაში სუნთქვის სიხშირეს, რომელიც აღემატება 28-ს, 30-ს და ასე შემდეგ, საკითხი დგება ჟანგბადით მომარაგებაზე, იშვიათ შემთხვევაში კი მექანიკურ ვენტილაციაზე.
- შეიძლება თუ არა სატურატორი ცდებოდეს?
- ცხელების პერიოდში, როდესაც სიცხე აქვს ადამიანს, შესაძლებელია სატურაცია შედარებით დაბალი იყოს. არ უნდა შეგვეშინდეს და რამდენჯერმე გავიზომოთ. რა თქმა უნდა, უტყუარი არაფერია. ეს დამოკიდებულია სატურატორის ხარისხზე, რამდენჯერმე უნდა იყოს გადაკონტროლირებული.
- რისი ბრალია, როდესაც კოვიდის გადატანის შემდეგ გარკვეული სიმპტომები მაინც გრძელდება?
- თუ პაციენტს ტემპერატურის შეგრძნება აქვს, მაგრამ, რეალურად, ტემპერატურა არ აღენიშნება, მისი მდგომარეობა არანაირ პრობლემას არ ქმნის. იმიტომ, რომ მსუბუქად გამოხატული ინტოქსიკაცია გარკვეული პერიოდის განმავლობაში გრძელდება და როგორც წესი, პრობლემას არ ქმნის. მაგრამ, თუ ტემპერატურა მოემატა და თავს კარგად ვერ გრძნობს, რა თქმა უნდა, დინამიკაში უნდა გაკეთდეს გარკვეული გამოკვლევები. რაც შეეხება მინიმალურ კვლევებს, რაც უნდა ჩაიტაროთ, ეს გახლავთ რუტინული კვლევები. ეს გახლავთ ანთების მარკერები, სისხლის საერთო ანალიზი, CRP რაოდენობრივი, აუცილებლად D-დიმერის მაჩვენებელი, რომელიც თრომბოზის განმსაზღვრელია.
- შესაძლებელია თუ არა ანტისხეულების ტესტი შეცდეს, გამოიმუშაოს ორგანიზმმა, მაგრამ არ გამოჩნდეს?
- როგორც წესი, როდესაც ადამიანი ინფიცირდება ეს იმას ნიშნავს, რომ პირველ ეტაპზე გამომწვევი ვირუსია, რომლის აღმოჩენაც შედარებით მაღალტექნოლოგიური კვლევებით ხდება. გარკვეული დღეების შემდეგ გამომუშავდება პირველადი ანტისხეულები, რომლებიც M კლასისაა და 3-4 კვირის შემდეგ გადადის G კლასისი ანტისხეულში, რომელიც დაავადების გადატანის მაჩვენებელია. როგორც წესი, 90-იდან 95 პროცენტამდე M კლასის ანტისხეული ვირუსს მოჰყვება. ეს იმას ნიშნავს, რომ ვირუსის კონცენტრაცია ნელ-ნელა იკლებს და მე-3-მე-5-მე-7 დღიდან გამოჩნდება პირველი ანტისხეულები. ძალიან მცირე პროცენტში, 3-დან 4 %-მდე, იმუნური რეაქცია შესაძლებელია სხვა სახით გამოვლიდნეს და ანტისხეულები არ ჩამოყალიბდეს. ყოფილა ასეთი შემთხვევები, მაგრამ ეს ატიპურია. როგორც წესი, ძირითადად ყალიბდება. ჩვენ პაციენტებს ვურჩევთ ხოლმე, რომ 1 თვის შემდეგ ჩაიტარონ ანტისხეულებზე ტესტი.
- გამოჯანმრთელების ფაზაში, დაავადების შემდგომ პერიოდში, თუ არის რეკომენდებული რომელიმე პრეპარატის, იმუნომოდულატორის ან იმუნოსტიმულატორის დანიშვნა?
- პროტოკოლების მიხედვით, გამოჯანმრთელების შემდეგ არანაირი პრეპარატის მიღება არ არის საჭირო. საუბარია მანამდე, მწვავე პერიოდში, D ვიტამინზე, ცინკზე, B ჯგუფის ვიტამინზე, გარკვეული სტატიები იწერება B1 ვიტამინზე, რომელიც პრაქტიკულად ძალიან მოქმედებს იმუნურ სისტემაზე და ხელს უწყობს უჯრედული იმუნური სისტემის განვითარებას. მაგრამ, გამოჯანმრთელების შემდგომ არანაირი პრეპარატი არ ინიშნება.
- რა არის ყველაზე კარგი იმუნომოდულატორი, ვიდრე კორონავირუსი დაგვემართება?
- ყველაზე კარგი იმუნომოდულატორია ჯანსაღი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი. როდესაც დაგვემართება, სითხეები და თავისა და კლინიკური სიმპტომების ძალიან მკაცრი მონიტორინგი. ასევე, სიმშვიდე არის პირველი, ვინაიდან, მოგეხსენებათ, რომ კორონავირუსი ძალიან დამთრგუნველია, თუნდაც ის, რომ პაციენტი, როდესაც გაიგებს, კორონავირუსითაა დაავადებული, უნდა განცალკევდეს, არ უნდა ჰქონდეს სოციუმთან ურთიერთობა და გარკვეული ნევროზული სტრესი ჩნდება. მაგრამ ამას თანდათან ვეგუებით და ვიცით, რომ თუ დაგვემართება, 12 დღის განმავლობაში იზოლირებულნი უნდა ვიყოთ, არ დავაინფიციროთ სხვა იმიტომ, რომ მიმღებლობა საკმაოდ მაღალია.
- პაციენტმა კორონავირუსი დაამარცხა, მაგრამ ისევ მისცა სიცხე 38-38,5. ეს რისი ბრალი შეიძლება იყოს?
- გარკვეული პერიოდის შემდეგ, კოვიდის კონცენტრაცია ქვეითდება და პაციენტი გადამდები აღარაა, მაგრამ შესაძლებელია იყოს ბაქტერიული ინფექცია. როდესაც არის ცხელება, აუცილებელია მოხდეს დამატებითი გამოკვლევები, დამატებითი შეფასება და ამ სიტუაციაში ზუსტად არის რეკომენდებული, რომ ჩაერთოს ანტიბიოტიკოთერაპია, თუ ეს მეორადი ბაქტერიული ინფექციაა. ამიტომ, ასეთმა პაციენტებმა აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს და ჩაიტარონ გამოკვლევები.
- კლექსანი არის მედიკამენტი, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი ოჯახის პირობებში იყენებს. რამდენი უნდა იყოს საპროფილაქტიკო დოზა?
- მნიშვნელობა აქვს D-დიმერის მაჩვენებელსა და წონას. 100 კილომდე საპროფილაქტიკო დოზა გახლავთ 0,4 მილილიტრი. 100-ის ზემოთ 0,6, თუ საუბარია საპროფილაქტიკო დოზაზე. ზოგჯერ ინიშნება 0,8, გააჩნია D-დიმერის მაჩვენებელს. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ პაციენტის ფონი. კლექსანი ძირითადად ინიშნება საპროფილაქტიკო და სამკურნალო დოზა და როგორც ვთქვი, დამოკიდებულია წონაზე. მაგრამ, როგორც წესი, სისხლდენების პრევენციიდან გამომდინარე, აუცილებელია ყოველ მე-5-მე-6 დღეს D- დიმერი ვაკონტროლოთ. როდესაც D- დიმერი 0,4-ია საპროფილაქტიკო დოზას ვიწყებთ, ასევე მძიმე პნევმონიის დროსაც, როდესაც D-დიმერი ნორმაშია, იქიდან გამომდინარე, რომ მიკროთრომბების პრობლემა თავიდან ავიცილოთ, მაინც ხდება საპროფილაქტიკო დოზის დანიშვნა და ყოველ მე-4-მე-5 დღეს D-დიმერი კონტროლდება. ერთჯერადად კეთდება მუცელში, 24 საათის განმავლობაში.
- ძალიან ბევრი პაციენტი, როდესაც სუნთქვის გაძნელება აქვთ და საავადმყოფოში ვერ გადადიან, იწყებს დექსამეტაზონის გამოყენებას. რა რჩევას მისცემთ მათ?
- დექსამეტაზონი არის გარკვეულ სიტუაციებში ძალიან კარგი პრეპარატი, მაგრამ კატეგორიულად უნდა გავმიჯნოთ მისი მოხმარება კორონავირუსის დროს. ეს არის დაკავშირებული სატურაციასთან, ჟანგბადის მომარაგებასთან და სუნთქვის უკმარისობასთან. სატურაცია უნდა იყოს 94-ის ქვემოთ, რომ დექსამეტაზონი გამოვიყენოთ. დექსამეტაზონის დღიური დოზა გახლავთ 6 მილიგრამი. ზოგადად, 4 მილიგრამიანია, ანუ ამპულა-ნახევარი შეესაბამება 24-იან ნორმას. ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებთან, ვინაიდან დექსამეტაზონი გლუკოზის დონის ცვლილებას იწვევს, შესაძლოა მომატებული იყოს და გარკვეული პრობლემები შექმნას. ამიტომ, სახლის პირობებში არ უნდა დაინიშნოს.