"ვიმოქმედოთ ისე, როგორც ბატონების დროს... დადებითი ემოციები ჩვენი ყველაზე დიდი რესურსია და ეხმარება იმუნურ სისტემას" - ჯანა ჯავახიშვილის რჩევები კოვიდინფიცირებულებს
"ვიმოქმედოთ ისე, როგორც ბატონების დროს... დადებითი ემოციები ჩვენი ყველაზე დიდი რესურსია და ეხმარება იმუნურ სისტემას" - ჯანა ჯავახიშვილის რჩევები კოვიდინფიცირებულებს

ცნობილი ფსიქოლოგი, პროფესორი ჯანა ჯავახიშვილი სოციალური ქსელის საშუალებით კოვიდინფიცირებულებს ურჩევს, თუ როგორ გაუმკლავდნენ ამ რთულ დიაგნოზს ფსიქოლოგიურად.
წარმოგიდგენთ ჯანა ჯავახიშვილის 3 რჩევას კოვიდის წინააღმდეგ:
  1. გავხდეთ მეომარი. ჩვენს ორგანიზმში არის როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური პრობლემების დაძლევის რესურსები, ჰოდა, ეს რესურსები არც კი გვეკითხებიან - თავისით ერთვებიან საქმეში და იბრძვიან, მუშაობენ, მოქმედებენ, ყოჩაღობენ, როცა ავად ვხდებით. სინამდვილეში შიში უკან იხევს მაშინ, როცა რისიც გვეშინოდა ის გვემართება. საშიში უფრო მოახლოვებაა, თორემ როდესაც რაიმე არასასურველი მოხდა, ჩვენ ინსტინქტურად გადავდივართ ბრძოლის მოდუსში, ვხვდებით მეომრები. ჰოდა,
    შევუწყოთ ჩვენს თავს ხელი ამ ბრძოლაში, უფრო აქტიურად მოვახდინოთ შიშის ენერგიის ტრანსფორმაცია ბრძოლის ენერგიაში. მითუმეტეს, რომ მოგების შანსები მაღალი გვაქვს: 85% წინააღმდეგ 15%-ისა (ან, 95% წინააღმდეგ 5%-ისა). რას ნიშნავს ბრძოლა? წარმოვიდგინოთ ჩვენი იმუნური სისტემა - ის მთელს სხეულშია განფენილი, ყველა ორგანოში, ფაქტობრივად ჩვენ - ჩვენი იმუნური სისტემა ვართ (და პლიუს...). ამიტომ, დავეხმაროთ მას - ვიმოძრაოთ შეძლებისდაგვარად ბევრი, ვსვათ ბევრი სითხე, ვაკეთოთ სუნთქვითი ვარჯიშები და ა.შ. გარდა ამისა, ჩემი დაკვირვებით, ზოგიერთი ჩემი ფბ მეგობარი აღმოსავლური ორთაბრძოლის მეთოდებსაც იყენებს კოვიდთან ბრძოლაში - ანუ, ცდილობს კოვიდის ენერგია თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. ჩემმა სტუდენტმა, ხატიამ, სწორედ ეს დაწერა თავის პოსტში: კოვიდ-იზოლაციაში ყოფნის ამ დროს ვიყენებო, რომ ბევრ რამეზე დავფიქრდე, გადავსინჯო,
    რაც მიყვარს ის ვაკეთოო და ა.შ. ესეც ეფექტური სტრატეგიაა მსუბუქი და საშუალო სიმძიმით მიმდინარეობის შემთხვევაში.
  2. გავხდეთ ჩვენი ორგანიზმის ექსპერტი. არის რისკი, რომ დაინფიცირების შემთხვევაში ადამიანს გაუჩნდეს უკონტროლობისა და უსუსურობის განცდა. ამის საწინააღმდეგოდ, შევეცადოთ, რომ დავიბრუნოთ კონტროლი. ამისთვის, გავეცნოთ სანდო ინფორმაციას (მაგ., ექიმების - ნანა გეგეჭკორისა და ზურაბ გურულის გზამკვლევს, რომელიც ფართოდ ზიარდება უკანასკნელ კვირებში სოციალურ ქსელებში), რათა ვიცოდეთ, თუ როგორ უნდა ვამონიტოროთ ჩვენი მდგომარეობა (მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი საჭიროა) - ვიცოდეთ, თუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და რომელ დღეებში. პარალელურად, საკუთარი მდგომარეობის მონიტორინგისა, ვიყოთ კონტაქტში კომპეტენტურ ექიმ(ებ)თან, რომელიც გართულების შემთხვევაში დაგვეხმარება მივიღოთ სათანადო სპეციფიკური მკურნალობა და გადაწყვეტილებები (მაგ., გადავიდეთ თუ არა სამკურნალოდ საავადმყოფოში). თუ რისკის ჯგუფს მივეკუთვნებით - ვიყოთ მჭიდრო კონტაქტში ჩვენი ძირითადი დაავადებ(ებ)ის ექიმ(ებ)თან, იქნება ეს ჰიპერტენზია, დიაბეტი თუ სხვა, არ შევწყვიტოთ ამ დაავადებების მართვა. გავხდეთ ჩვენი მდგომარეობის ექსპერტები - ჩვენს ორგანიზმს ჩვენზე დიდხანს და ჩვენზე უკეთ არავინ იცნობს. ყოველივე ეს დაგვეხმარება კონტროლის განცდის დაბრუნებაში.
  3. გავუკეთოთ შეღავათები საკუთარ თავს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ დადებითი ემოციები გვაჯანსაღებს, და სხვა დადებით ეფექტებთან ერთად, ეხმარება ჩვენს იმუნურ სისტემას ვირუსთან ბრძოლაში. დადებითი ემოციები - ჩვენი ყველაზე დიდი რესურსია. ამიტომ, გავიხესნოთ რა გვიყვარს, ვინ გვიყვარს, რა და ვინ გვიხარია, და ვასიამოვნოთ საკუთარ თავს და ერთმანეთს (თუ თქვენთან ერთად თქვენი ოჯახის წევრებიც ავად არიან, მათაც) - იქნება ეს ვირტუალური კონტაქტი, თუ რაიმე სასიამოვნოს გახსენება, თვალიერება, მოსმენა, კეთება თუ სხვა. ვიმოქმედოთ ისე, როგორც ბატონების დროს - ბატონებიც ხომ ვირუსული დაავადებაა, ხოდა ის ტრადიციული მუხტი, რაც ოდითგანვე მოდის ვირუსებთან გამკლავებაში, აქაც ავამოქმედოთ.
  4. მეგობრებო, ვინც ავად ხართ - ყველას სწრაფ გამოჯანმრთელებას გისურვებთ, ვინც უკვე გამოჯანმრთელდით - კარგ და ეფექტურ რეაბილიტაციას" - წერს ჯანა ჯავახიშვილი.
505
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები