საქართველოში კორონავირუსის მზარდი სტატისტიკის პარალელურად, უამრავ ადამიანს უჩნდება დახმარებისა თუ ინფორმაციის მიღების საჭიროება. 112-ის ხაზების მუდმივი გადატვირთულობის გამო ადამიანები ალტერნატიულ გზებს ეძებენ. "იმედის დილაში" ისაუბრეს ყველა იმ ცხელ ხაზსა თუ პლატფორმაზე, რომლებიც ინფორმაციის მიღებაში დაგეხმარებათ.
112- სასწრაფო, ოჯახის ექიმი - იმ შემთხვევაში თუ კოვიდის სიმტომები გვაქვს, შეგვიძლია 112-ზე დავრეკოთ, ოპერატორი გამოგვკითხავს, რა სიმპტომები და ჩივილები აღგვენიშნება, ამის მიხედვით, ჩვენთან გამოუშვებს ან სასწრაფო დახმარებას, ან ჩვენს მონაცემებსა და ჩივილებს ოჯახის ექიმს გადასცემს. მოგვიანებით ოჯახის ექიმი დაგვიკავშირდება. დღე-ღამის განმავლობაში 112-ზე დაახლოებით 18 000-მდე ზარი შედის და სხვა პერიოდთან შედარებით, 5000-ითაა გაზრდილი ზარების რაოდენობა. 24 საათის განმავლობაში კი 3000-მდე არამიზნობრივი ზარი შედის.
15 05 - ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი. ამ ნომერზე ვრეკავთ, თუ გვინდა, რომ ოჯახის ექიმი დაგვიკავშირდეს. ოპერატორი ჩვენს მონაცემებს გადაამისამართებს და ოჯახის ექიმი კონსულტაციას გაგვიწევს.
144 - ამ შემთხვევაში შეგვიძლია ინფორმაცია მივიღოთ შეზღუდვებთან და ჯარიმებთან დაკავშირებით, მაგალითად, რომელი ქალაქებია დაკეტილი, როდის შეგვიძლია გადაადგილება და ასე შემდეგ. მუშაობს დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე.
144(1) – რამდენიმე ქალაქში ღამით გადაადგილება შეზღუდულია. იმ შემთხვევაში, თუ ამ დროის განმავლობაში აუცილებლად გვჭირდება გარეთ გასვლა, ამისათვის დროებითი საშვი უნდა ავიღოთ. ამიტომ, ვრეკავთ 144-ზე, შემდეგ კი ვკრეფთ "1"- ს და გადაგვამისამართებენ ოპერატორთან, რომელსაც გავესაუბრებით. აღნიშნული ცხელი ხაზი ღამის 10 საათიდან დილის 5 საათამდე მუშაობს.
116 001 - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი, შეგვიძლია ინფორმაცია ტესტებისა და აცრების შესახებ მივიღოთ.
(032 2) 501 105 - წითელი ჯვრის ცხელი ხაზი. აქ გაგვიწევენ ფსიქოლოგიურ დახმარებას. იმ შემთხვევაში, თუ გვაქვს კორონავირუსი, ვართ თვითიზოლაციაში და ფსიქოლოგიურად ცუდად ვგრძნობთ თავს, გაგვესაუბრებიან ფსიქოლოგები და მივიღებთ კონსულტაციას. ცხელ ხაზზე არა მხოლოდ კოვიდთან, არამედ სხვა შემთხვევაშიც შეგვიძლია კონსულტაციის მიღება.
240 90 01 ან 240 90 03 - პირველი არხის საგანგებო ცხელი ხაზი
ambulatoria.moh.gov.ge - ამ საიტზე პირადი ნომრით გავიგებთ, საჭიროების შემთხვევაში, რომელ ოჯახის ექიმს უნდა დავიკავშირდეთ. კერძო დაზღვევის მქონე პაციენტები აღნიშნული ბაზით ვერ ისარგებლებენ.
Covider-კოვაიდერი - ფეისბუკზე შეგვიძლია მოვძებნოთ ჯგუფი, მივწეროთ კითხვა და კომპეტენტურ პასუხებს მივიღებთ.
Med City/მედ სითი - ჯგუფი ფეისბუკზე, შეგვიძლია გამოვაქვეყნოთ პოსტი, რა გვჭირდება, რა გვაწუხებს და რა ტიპის ინფორმაცია გვაინტერესებს. ექიმები გვიპასუხებენ და კონსულტაციას გაგვიწევენ.