"ერთი ექიმი სხვას ამბობს, მეორე - სხვას, ვეღარ გაიგო ხალხმა, რა ქნას... ეშინიათ და ცდილობენ, მიაღწიონ საავადმყოფოებამდე. იქ 3 კვადრატულ ოთახში 4 კაცი წევს, მერე აღარ მოსწონთ და უკან წამოსვლა უნდათ"
კორონავირუსი ბავშვების უმრავლესობას მარტივად გადააქვს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი არ შეიძლება ვირუსის გამავრცელებლები გახდნენ. როგორ დავიცვათ ჩვენი შვილები კოვიდინფექციისგან, რა უნდა იცოდნენ მშობლებმა და რა ვითარება გვაქვს ახლა, თემაზე პედიატრი თემურ მიქელაძე "პოსტ ალიონის" ეთერში საუბრობს:

- ვითარება რომ არასახარბიელოა, ყველა ვთანხმდებით. დღეს " შავი პარასკევია" და დააკვირდით, რა მოხდება მაღაზიებში. მინდა, ჩვენს მოსახლეობას მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად დაიცვან ჰიგიენური ნორმები. ერთი დამაიმედებელი, რაც შეიძლება აღვნიშნოთ არის ის, რომ უკვე დავიწყეთ ვაქცინაზე საუბარი. როგორც მოგეხსენებათ, კონკრეტულ შემთხვევაში, საქმე
რესპირაციულ ვირუსულ ინფექციასთან გვაქვს. რესპირაციული ინფექციის მართვა არც ისე ადვილია. ბოლო დროს, თუ დააკვირდებით, სოციალურ ქსელებსა თუ ტელევიზიაში, ყველა ექსპერტი გახდა და ბევრი ცუდი ინფორმაცია ვრცელდება. მეტ-ნაკლებად მოსახლეობა უკვე დაზაფრულია. ამიტომ, ჩვენ მაქსიმალურად ყველა უნდა განვაწყოთ იმისაკენ, რომ ეს აუცილებლად დამთავრდება. არ არსებობს, რომ პანდემია 2 წელზე მეტ ხანს გაგრძელდეს. შესაბამისად, ჩვენ ამ ჯაჭვის წყვეტა გვექნება. ამიტომ, ჰიგიენური ნორმები უნდა დავიცვათ. ასევე, დამაიმედებელი რაც გვაქვს არის ის, რომ ვირუსი ბავშვებში ყველაზე მსუბუქად მიმდინარეობს. მაგალითად, შარშან ამ დროს რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსით გართულების შედეგად ბევრად მეტი შემთხვევა ფიქსირდებოდა და ადგილებიც კი არ იყო პაციენტებისთვის. კოვიდინფექციის დაწყებიდან, დაახლოებით 800-მდე პაციენტის გატარება მომიწია. დაწყებული 28 დღიდან, დამთავრებული 18 წლამდე. მე
პირადად ჰოსპიტალიზაციის არც ერთი შემთხვევა არ მქონია. პაციენტებიდან ყველა ამბულატორიულად, ბინაზე იმართა და ბევრად უფრო მსუბუქად, ვიდრე შარშან, სხვა ინფექციების დროს იმიტომ, რომ მაშინ ბაღები და სკოლები გახსნილი იყო და ბავშვები ერთმანეთს აინფიცირებდნენ. როგორც მოგეხსენებათ, ბავშვები არ არიან ინფიცირების პირველწყარო. ისინი ინფიცირდებიან მშობლებისგან, მომვლელებისგან, საკლასო ოთახებიდან, აქიდან გამომდინარე, მათი იდენტიფიცირება უფრო მარტივია. თუ ოჯახში დაინფიცირებულია დედა, მამა, ბებია და ბაბუა, ბავშვს აღარ სჭირდება ტესტირება. ეს არის ტყუილად დახარჯული დრო, რიგში დგომა, თანხა. ჯობს ის თანხა სწორ კვებაში გამოვიყენოთ, ვიდრე ტესტირებაში. თუ ოჯახში ერთი წევრია დაინფიცირებული, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა წევრი შეიძლება დაინფიცირდეს. კლინიკური სიმპტომების გამოვლენისას, აღარ სჭირდებათ სპეციალური ტესტირება და ამაში ტყუილად თანხისა და დროის დახარჯვა. თუ სტატისტიკას გადავხედავთ, პროცენტული გავრცელება, ასაკის მიხედვით, შეიცვალა. 10-დან 18 წლამდე ასაკში უფრო მეტი გავრცელებაა, იმიტომ, რომ ეს ბავშვები მაინც დადიან, წვეულებებს აწყობენ, დაბადების დღეებს სახლში იხდიან, ჩაკეტილ სივრცეებში გასართობ ღონისძიებებს აწყობენ და აქიდან გამომდინარე, უფრო ამ ასაკშია გავრცელებული მაშინ, როდესაც 3-დან 6 წლამდე ასაკში ჭარბობდა. როცა გაიხსნა ბაღები, დაინფიცირდნენ ბავშვებიც, მასწავლებლებიც, აღმზრდელებიც და ასე შემდეგ. თუმცა, სულ ორკვირიანი გახსნა იყო და მასობრივი გავრცელება მას არ მოჰყოლია.

- დღეის მონაცემებით, რამდენ ბავშვს მკურნალობთ და არის თუ არა მათში მძიმე შემთხვევა?

- სასუნთქი გზების პრობლემა, ბრონქული ასთმა, ნომერ პირველ პათოლოგიად ითვლება ბავშვებში. თუ სხვა ქრონიკული პათოლოგიებია, როგორებიცაა შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 1, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგია, თანდაყოლილი მანკები და ასე შემდეგ, თუ ეს პათოლოგია სწორად მართულია, მათ არაფერი გაურთულდებათ. ისევე, როგორც მოზრდილებს. საუბარი იყო ხოლმე, რომ ეს პაციენტი თანმხლები დაავადებით გარდაიცვალა. როგორც იქნა, ამ ბოლო დროს, გაცვდა და აღარ გამოიყენება მსგავსი ტერმინები. ეს აბსურდია. თუ პაციენტს ნებისმიერი ქრონიკული დაავადება სწორად აქვს მართული, მას არაფერი გაურთულდება. დაახლოებით, 787 პაციენტის გატარება მომიწია და არც ერთი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა არ მქონია. აქიდან გამოჯანმრთელდა 700-მდე პაციენტი, აქტიური ქეისია დაახლოებით 70, რომლებიც ძირითადად ბინაზე მკურნალობენ. გადავწყვიტე, რომ სოციალურ ქსელშიც დამედო ინფორმაცია, ბევრი სითხე უნდა მივიღოთ, ხველის დროს, თუ ალერგია არ არის, თაფლი უნდა გამოვიყენოთ, განსაკუთრებით მშრალი ხველის დროს. ბავშვებში არ არის აუცილებელი სხვადასხვა მედიკამენტოზური თერაპიის გამოყენება, გარდა სიმპტომურისა. თუ ბავშვი ტემპერატურას იტანს, არ არის აუცილებელი 39 გრადუსამდეც ტემპერატურა დავწიოთ იმიტომ, რომ, როგორც მოგეხსენებათ, ცხელება ორგანიზმის დამცველობითი რეაქციაა იმ კონკრეტულ შემთხვევაში რესპირაციული პათოგენის მოსაცილებლად. აქიდან გამომდინარე, მშობლები უნდა დავამშვიდოთ, რომ ბავშვებს ეს ვირუსი შედარებით მსუბუქად გადააქვთ. მაგრამ, ბავშვები არიან ინფიცირების წყარო მათი ბებიებისთვის, ბაბუებისთვის, რომლებმაც შესაძლოა მძიმედ გადაიტანონ.

- როგორ უნდა ვკვებოთ ამ შემთხვევაში ბავშვი სწორად?

- სწორად მინდა გაიგოს მაყურებელმა, ტესტირება აუცილებელია, რომ შემთხვევები გამოვავლინოთ და მოვახდინოთ კონკრეტული ოჯახის იზოლაცია. მაგრამ, თუ ერთ წევრს ან ორს აქვს, 5 წევრი ნუღარ გაიკეთებს იმიტომ, რომ არ არის იაფი. თუ უფასოდ უკეთდებათ, კი ბატონო. რიგშიც არ უნდა ჩადგნენ, რადგან იქ, პირიქით, შესაძლოა სხვა ვირუსული ინფექციაც დაემართოთ. საკმაოდ შეჭირვებულია მოსახლეობა. ნებისმიერი ვიტამინი და მაკრო და მიკრო ნუტრიენტები ჯობს საკვებით მივცეთ. საკვებით ეს ვიტამინები უფრო მეტი შეიწოვება, ვიდრე ხელოვნურად და ბიოლოგიურად აქტიური დანამატებით მიღებული. იქაც ტყუილად უნდა გადაიყაროს გარკვეული თანხა. თაფლი, თუ არ არის ალერგია, ყველაზე კარგი, ბუნებრივი პროდუქტია ხველის საწინააღმდეგოდ. ისევე, როგოც სხვადასხვა ციტრუსი. დიეტური საშუალებები არ უნდა დავნიშნოთ, რაც უყვარს ბავშვს, ის უნდა ჭამოს. მთავარია ისეთი მავნე პროდუქტები, როგორებიცაა სწრაფი კვების პროდუქტები, მაქსიმალურად ამოვიღოთ რაციონიდან, განსაკუთრებით სახლში გამოძახებული პროდუქტები. არასწორი საკვები პროდუქტებით გამოწვეული ნაწლავთა ინფექციებია გავრცელებული. ყოველ დღე მაქვს 2-3 შემთხვევა. კორონავირუსის პარალელურად შეიძლება მიმდინარეობდეს, მაგრამ დიფერენცირება ძნელია, რადგან ნაწლავთა გახშრებული მოქმედება ბავშვებში კოვიდ-19-საც ახასიათებს. თუმცა, ორ დღეში ბავშვებში ყველანაირი პრობლემა მეტ-ნაკლებად მოგვარებულია. ზოგადი სტატისტიკით, დაახლოებით, ბავშვების 0,7% -ში მიმდინარეობს კრიტიკულად ან მძიმედ. ეს პაციენტები საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას. ყველას უნდა კლინიკაში გადასვლა. მესმის, იმიტომ, რომ ყველას ეშინია. ეშინიათ იმიტომ, რომ დააკვირდით, რა მასალა მიდის მათთან. ყოველ დღე ყველა საინფორმაციო გამოშვებაში, სოციალურ ქსელებში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება. ერთი ექიმი სხვას ამბობს, მეორე - სხვას, მესამე უცხოელი ექიმი კი განსხვავებულს ეუბნება. ვეღარ გაიგო ხალხმა, რა ქნას და აქიდან გამომდინარე, ცდილობენ, რომ მიაღწიონ საავადმყოფოებამდე. მიდიან საავადმყოფოში, 3 კვადრატულ ოთახში, დაახლოებით 4 კაცი წევს, მერე აღარ მოსწონთ და უკან წამოსვლა უნდათ. თუ 112 არ გპასუხობთ, თქვენს ექიმს მიმართეთ. სოციალურ სივრცეშიც არის სამედიცინო პლატფორმები. მაღალი დონის პროფესიონალები 1-2 საათში გასცემენ თქვენს კითხვაზე პასუხს.

- სეზონური გრიპისთვის შემოვიდა ვაქცინა, რა შემთხვევაშია რეკომენდებულია მათი გაკეთება?

- გრიპი ჯერ არ გავრცელებულა საქართველოში. პირველ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გვაძლევს. ვაქცინა არის მაღალი ხარისხის. კეთდება 6 თვის ასაკიდან, ნებისმიერ ასაკში, განსაკუთრებით რისკ ჯგუფის პაციენტებში. 1200-მდე დოზა გავაკეთე განსაკუთრებული რისკ ჯგუფის პაციენტებთან. სახელმწიფომაც შემოიტანა, დაახლოებით, 250 ათასი დოზა. რისკ ჯგუფის ადამიანებმა უნდა მიმართონ თავიანთ პოლიკლინიკას და აიცრებიან. ვაქცინა მაღალხარისხიანია და არანაირი უკუჩვენება არ აქვს. უნდა აღვნიშნო, რომ 50 %-იანი დაცვა აქვს, განსხვავებით, კოვიდის ვაქცინისგან. მას 90%-იანი დაცვა აქვს, ორჯერადი ინექციით. იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს წევრი ვარ და თუ სადმე წავიდა ვაქცინა პირველად, საქართველოშიც შემოვა. პირველ ეტაპზე აიცრებიან რისკ ჯგუფები და არ არის აუცილებელი ბავშების აცრა, რადგან მათ მსუბუქად გადააქვთ.

- რამდენ ხანს შეგვიძლია ბავშვების გარეთ, სუფთა ჰაერზე გაყვანა?

- გარეთ, რა თქმა უნდა, უნდა გავიყვანოთ. უმჯობესია 20 წუთი გავიყვანოთ სამჯერ, ვიდრე მთელი დღის განმავლობაში, 2 საათი ერთდროულად. თუ კერძო სახლი და ეზო გვაქვს, იდეალურია. თუ არ გვაქვს, ჯობს წილადობრივად გავიყვანოთ. არის მეორე უკიდურესობა, ბავშვები ეკრანდამოკიდებულები გახდნენ. მაგრამ, მერწმუნეთ, ონლაინ გაკვეთილები აუცილებელია. ჩვენ გაუნათლებელი თაობა არ გვჭირდება. მშობლებმა ყურადღება უნდა მივაქციოთ, ონლაინ გაკვეთილების მიღმა, აგრესიულ თამაშებს და სხვა სოციალურ წყაროებს, საიდანაც ცუდ ინფორმაციას იღებენ, მათ შორის, კორონავირუსის შესახებ. ამ ინფექციას აუცილებლად გადავლახავთ და დროულად დავამარცხებთ. მთავარია, ყველა გავერთიანდეთ, დავიცვათ ექიმებიც და საკუთარი თავიც.

- ბავშვისთვის რამდენად საჭიროა ნიღაბის ტარება?

- 2 წლის შემდეგ შეგვიძლია ნიღბის გამოყენება. მაგრამ, მქონდა შემთხვევა, იზოლაციაში მყოფი ჩემი პაციენტის მშობელი შემხვდა მარკეტში, სადაც საკვებს ვყიდულობდი მაშინ, როცა თავადაც იზოლაციაში უნდა ყოფილიყო. ღია სივრცეში არ სჭირდებათ, მშობელმა უნდა გაიკეთოს. თუ ნიღაბი არასწორადაა გამოყენებული, ჯობს, საერთოდ არ გამოვიყენოთ. სამწუხაროდ, პაციენტების უმეტესობა ვერ ყიდულობს და ერთი და იგივე ნიღაბი ერთი კვირის განმავლობაში უკეთია. ასეთი ნიღბის გამოყენებას, ჯობს, საერთოდ არ გამოვიყენოთ.


2597
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები