ბევრი ადამიანი წერს, რომ კორონავირუსზე ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა, თუმცა სიმპტომების გახანგრძლივების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ინფიცირებულები იყვნენ. რეალურად შესაძლებელია თუ არა, რომ PCR ტესტი დადებითი იყოს, სინამდვილეში კი ვირუსი არ გქონდეთ, ან პირიქით, როგორ უნდა გაიგოთ, გადატანილი გაქვთ თუ არა ვირუსი. თემაზე "საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის" ორგანიზებით გამართულ ლაივ შეხვედრაზე ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის კლინიკური განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გადაცემა "თქვენი კლინიკა"-ს წამყვანმა ბიძინა კულუმბეგოვმა ისაუბრა:
- PCR ტესტის ცრუ დადებითობა ნიშნავს იმას, რომ მე არ მქონდეს კორონავირუსი და ტესტი პოზიტიურს აჩვენებს. მსგავსი რამ PCR ტესტთან მიმართებით არ არსებობს. მისი ცრუ პოზიტიურობა, პრაქტიკულად, ბუნებაში არ არის, იმდენად მაღალტექნოლოგიური ტესტია. რაც შეეხება ცრუ უარყოფითობას, ანუ მჭირდეს დაავადება, მაგრამ არ მქონდეს ტესტი პოზიტიური, ამის ალბათობა, სხვადასხვა კვლევის მიხედვით, 7-დან 30 პროცენტამდეა. ეს ბევრ ტექნიკურ სირთულეზეა დამოკიდებული. შეიძლება ნაცხის აღების დროს არ მოხდა საკმარისი რაოდენობის ან ტექნიკურად სწორად აღება, ან ზღვრული კონცენტრაცია არ იყო ვირუსის იმ სინჯარაში, რაც მერე ლაბორატორიაში მიიტანეს. ძალიან ბევრი ნიუანსია. ამიტომ, კიდევ ერთხელ შევთანხმდეთ, ცრუ დადებითი PCR ტესტი არ გვაქვს, ცრუ უარყოფითი გვაქვს. ამიტომ, კლინიკური სიმპტომები თუ აღგვენიშნება, განვიხილოთ თავი, რომ კორონავირუსი გვაქვს და სახლში დავრჩეთ. ეს აუცილებელია. რაც შეეხება ანტიგენის სწრაფ ტესტს. მსოფლიოშიც და საქართველოშიც ათასობით ანტიგენის ტესტი კეთდება. მნიშვნელოვანი კვლევა ჩაატარა გერმანიაში იმუნოლოგმა და ვირუსოლოგმა დროსტენმა. მისმა ინსტიტუტმა ძალიან კარგი გაანალიზება გაუკეთა 5 ყველაზე პოპულარი ანტიგენის ტესტის სპეციფიკურობასა და მგრძნობელობას. ხუთი ტესტი ვირუსების რაოდენობაზე სხვადასხვაგვარად რეაგირებდა. 3,5 მილიონი ვირუსიდან 74 მილიონამდე არის აუცილებელი, რომ აღმოაჩინოს სწრაფმა ტესტმა, ყველაზე უფრო ხშირად ამ რაოდენობის ვირუსების ექსპოზიცია ადამიანებს სიმპტომების დაწყებიდან პირველი 7-10 დღის განმავლობაში აქვთ. ამიტომ, პირველი ერთი კვირის განმავლობაში ანტიგენის სწრაფი ტესტი, რომელიც ცილოვან კომპონენტებს აღმოაჩენს მნიშვნელოვანია და შეგვიძლია ვისარგებლოთ. სიზუსტე ამ ტესტს აქვს 95 %, ანუ ძალიან მაღალი სპეციფიკურობით გამოირჩევა. მესამე, სეროლოგიური სისხლის ტესტებია. ძალიან ბევრ ადამიანს აღელვებს საკითხი, გაიკეთონ ანალიზი და გაიგონ, ახლა აქვთ ინფექცია თუ გადაიტანეს. სისხლის ანალიზები, განსაკუთრებით ტესტები, რომლებშიც ჩვენს თვალწინ სისხლს აწვეთებენ, მათი დაბალი ტექნოლოგიური ხარისხის გამო, ხშირად ცდებიან და შეიძლება ჩვენ მივიღოთ ცრუ უარყოფითი ან ჯვარედინი რეაქციების გამო, ცრუ დადებითი. ამით იმის თქმა მინდა, რომ დღეს ამერიკის ინფექციონისტთა ასოციაცია და საზოგადოება, ყველა მოგვიწოდებს, რომ პაციენტს, თუ აინტერესებს გადატანილ ინფექციაზე პასუხი, უნდა გაიკეთოს მხოლოდ იმუნოგლობულინი G, არ უნდა გავიკეთოთ იმუნოგლობულინი M ან იმუნოგლობულინი A. მხოლოდდამხოლოდ იმუნოგლობულინი G-ის გაკეთებას აზრი აქვს პირველი სიმპტომების დაწყებიდან 3-4 კვირის შემდეგ. ანუ, 20 დღიდან 30 დღის შემდეგ. მოკლედ რომ ვთქვათ, სეროლოგია ანუ სისხლი, მიმდინარე დაავადების აქტივობისთვის არ გვჭირდება, ამისთვის უნდა გამოვიყენოთ PCR ტესტი ან ანტიგენის სწრაფი ტესტი. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ პაციენტი დაავადების დაწყებოდან მე-14, მე-16 ან მე-17 დღეს მოხვდა კლინიკაში, ამ დროს PCR და ანტიგენის სწრაფი ტესტი დიდი ალბათობით უკვე ნეგატიურია. დასაწყის პერიოდში, სიმტომებიდან გამოვლენიდან პირველი ერთი კვირის შემდეგ, ან კონტაქტიდან 5-6-7 დღეში, ვიკეთებთ PCR-ს ან ანტიგენს. პაციენტმა, რომელმაც სახლში გადაიტანა, PCR ტესტის გაკეთება ვერ შეძლო მატერიალურად, მაგრამ, აინტერესებს გადაიტანა თუ არა ინფექცია, მხოლოდ 3-4 კვირაში აქვს აზრი. ეს არის მთლიანად რაც შემიძლია ვთქვა იმუნოლოგიისა და სეროლოგიურ კვლევებზე კორონავირუსის დროს.