დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მედიისთვის კომენტარი გააკეთა და ეპიდსიტუაცია შეაფასა. მან ასევე დაასახელა ის პროგნოზები, რაც შემზღუდველი ღონისძიებების პარალელურად არსებობს და ინფიცირების მაჩვენებელზე გავლენას მოახდენს:
- საქართველოში დღეს კორონავირუსის 2501 ახალი შემთხვევა გვაქვს. არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ახალი შემთხვევების რიცხვი განახევრებულია და პარასკევთან და შაბათთან მიმართებაში, უფრო ქვემოთაა. ეს ძირითადად განპირობებულია იმით, რომ ტესტირების რაოდენობა შაბათ-კვირას მცირდება. როგორც გახსოვთ, პარასკევს დღიურად ჩატარებული ტესტირების მაქსიმუმი გვქონდა, 18 ათასზე ოდნავ მეტი. შაბათს 15 ათასამდე, ხოლო გუშინ 10 ათასამდე იყო. ეს შაბათ-კვირის ჩვეულებრივი ფენომენია. როცა მხოლოდ PCR-ზე ვიყავით, მაშინაც კვირაობით 4-5 ათასი ტესტი კეთდებოდა, შემდეგ დღეებში კი ეს მაჩვენებელი იმატებდა. მოგეხსენებათ, რომ სამიზნე გვაქვს, ამ კვირის განმავლობაში ყოველდღიურად 20 ათას ტესტზე გავიდეთ ანუ მაქსიმალურად გავაფართოვოთ PCR ტესტირება, ასევე ანტიგენზე დამყარებული ტესტები. ძირითადი მიზანი გახლავთ, რომ ადრეულ ეტაპზე გამოვავლინოთ ინფიცირებულები და მათ იზოლირების შესახებ მივცეთ რეკომენდაცია, რომ თავიდან ავიცილოთ ინფექციის შემდგომი გავრცელება. ამიტომ, კიდევ ერთხელ მივმართავ მოსახლეობას და გთხოვთ, მიუხედავად იმისა, რომ შაბათ-კვირას ვთხოვეთ, ყველა პოლიკლინიკაში, ყველა იმ დაწესებულებაში, სადაც ამბულატორულ პირობებში შესაძლებელი იყო ტესტირების ჩატარება, მაინც შედარებით ნაკლები ნაკადი იყო. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ შეზღუდვების პირობებში მაქსიმალურად გავაფართოვოთ გამოვლენის მაჩვენებელი, რომელმაც შეიძლება იმოქმედოს და ოდნავ მეტი გვქონდეს ინფიცირებულთა რაოდენობა. Health Metrics-ის გვერდზე საქართველოზე გამოქვეყნებული მასალები შეგიძლიათ ნახოთ. იქ არის დაახლოებითი პროგნოზირება, რომ ჩვენ პიკში ვართ. თუ ყველა შევასრულებთ იმ რეკომენდაციებს, რაც დღეს დადგენილია, ამ სამი კვირის განმავლობაში, განსაკუთრებით პირბადის ტარების მაჩვენებელს, რომელიც ცოტა ზემოთ , 55-დან 65 პროცენტზე ავწიეთ, და ავიყვანთ მაქსიმუმზე, მაქსიმუმი კი 95 პროცენტია, ამ თვის ბოლოს ჩვენ შეიძლება ახალ შემთხვევათა რიცხვი გავანახევროთ და კლების სერიოზული ტენდენცია შეიქმნას ქვეყანაში. ხოლო აპრილისთვის ეს მაჩვენებელი ჩამოვიდეს დღიურად 200-ის ფარგლებში, რაც ძალიან მნიშნელოვანი იქნება ადამიანების ჯანმრთელობისთვის. კიდევ ერთხელ მივმართავ მოსახლეობას, ისარგებლონ შემოთავაზებით, დღეს ქვეყნის დაახლოებით 200-ზე მეტ ადგილზეა ტესტირება ხელმისაწვდომი. მხედველობაში მაქვს ანტიგენის ტესტირება. ყველა სტაციონარში სტაციონარიზირებული ავადმყოფისთვის და ასევე, თბილისში დაახლოებით 42 ამბულატორულ დაწესებულებაში და მთელი საქათველოს მასშტაბით დაახლოებით 150-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებაში ხელმისაწვდომია და ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს უფასოა. სიმპტომებიან ადამიანებს შეუძლიათ მიმართონ როგორც ექიმის დანიშნულებით, ისე ექიმის დანიშნულების გარეშე. მივიდნენ ე.წ. თვითდინებით, რომ აქვთ სიმპტომები და უნდა ჩაუტარდეთ უფასოდ. ამ ყველაფერს სახელმწიფო აფინანსებს. როგორც მოგეხსენებათ, ანტიგენის ტესტზე პასუხი 15-20 წუთშია. იტვირთება შესაბამის პორტალზე, თუ საჭიროა PCR ტესტის ჩატარება, პასუხი 24-48 საათშია. მაღლა მიდის გამოჯანმრთელების მაჩვენებელი. 137 499 ადამიანი გამოჯანმრთელდა კოვიდისგან. დღეს კი, სამწუხაროდ, 36 ადამიანი გარდაიცვალა.