ცნობილი ინფექციონისტის, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ექიმმა მარინა ენდელაძემ პაციენტთა კითხვებს საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ლაივჩართვაში უპასუხა და თავისი გამოსვლა პაციენტთა გამხნევებით დაიწყო. მან დაადასტურა, რომ დაავადების მიმდინარეობისას ფსიქოლოგიურ განწყობას ნამდვილად აქვს მნიშვნელობა.
„ფსიქოლოგიურ განწყობას, იმედს, ნამდვილად უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მათ შორის ადამიანის ბუნებასაც. დადებითი განწყობა, იმედი, მართლაც ახდენს გავლენას კორონავირუსის მიმდინარეობაზე. ეს მეცნიერულად დამტკიცებული არ არის, მაგრამ ბევრი ასეთი შემთხვევა ვნახეთ, უამრავი კონტაქტი გვქონია და დავაკვირდით, დადებითი ემოციები ვისაც აქვს, ვისაც არ ეშინია, იმედიანად ვინც არის, მათთან დაავადებაც უფრო კეთილსაიმედოდ მიდის. აუცილებლად უნდა გქონდეთ დადებითი განწყობა, მითუმეტეს, ვიცით, რომ ძალიან დიდ პროცენტში ეს დაავადება მსუბუქად ან საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს და შეიძლება ასეთმა პაციენტებმა ბინაზე გადაიტანონ. ამიტომ არ უნდა გვქონდეს განსაკუთრებული შიში და ერთ საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას: ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ თამხლებ დაავადებებზე და ამ დაავადებებს მართლაც აქვთ მნიშვნელობა, მაგრამ ძალიან ბევრი პაციენტი გვყავდა, ვისთაც ვშიშობდით, რომ დაავადება დამძიმდებოდა, მაგრამ არ დამძიმდნენ, მათ შორის ძალიან სერიოზული თანმხლები დაავადების მქონენიც.
მართლაც უცნაური დაავადებაა და პროგნოზების გაკეთება რთულია, ვისთან წავა მძიმედ და ვისთან - მსუბუქად, მაგრამ როცა ადამიანს აქვს იმედი, აქვს დადებითი განწყობა და დარწმუნებულია, რომ ყველაფერი მშვიდობით ჩაივლის, მართლაც ასე ხდება ხოლმე“ - განაცხადა მარინა ენდელაძე.