ზამთრის არდადეგები ბევრი ადამიანისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა, რომ სხვადასხვა კურორტზე წაიყვანონ ბავშვები და გარკვეული დროის განმავლობაში, სუფთა ჰაერზე იყვნენ. თუმცა, ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, საქართველოში 31 იანვრამდე ზამთრის კურორტები დახურული იქნება. რა დადებით ეფექტს ახდენს ბავშვის ჯანმრთელობაზე ზამთრის კურორტი და იმავე ეფექტს იძლევა თუ არა ნებისმიერი სოფელი, სადაც თოვლია, ასევე რამდენად საყურადღებოა D ვიტამინის ნაკლებობა და როგორ უნდა განსაზღვროთ საპროფილაქტიკო დოზა - აქტუალურ კითხვებზე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ივანე ჩხაიძე გვესაუბრება:
- ზამთრის კურორტების ზეგავლენა ბავშვის ორგანიზმზე განპირობებულია მთისა და ტყის ჰაერის და ზამთრის კურორტის შესაბამისი ფიზიკური აქტიურობების ზეგავლენით. მთაში ყოფნა თქვენს ფილტვებს საშუალებას აძლევს, ისუნთქონ ჟანგბადით, რომელიც არ შეიცავს გაზებსა და დაბინძურებულ ჰაერს. სუფთა ჰაერი ხელს უწყობს სუნთქვის პრობლემების მოგვარებას და აადვილებს სუნთქვას. მათთვის, ვისაც ალერგია აქვს, მთაში ყოფნა ნებისმიერ ანტიალერგიულ წამალზე უმჯობესია! მთაში ყველაზე გავრცელებული ხე ფიჭვია. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ფიჭვი და ფიჭვის სურნელი ამცირებს მტრულ დამოკიდებულებას, დეპრესიასა და სტრესს. გარდა ამისა, ზამთრის კურორტები და მათთან ასოცირებული ფიზიკური აქტიურობა ბავშვებში ზრდის თვითდაჯერებულობას. თხილამურებით სრიალი და სნოუბორდი სპორტის ინდივიდუალური სახეობებია. სპორტის სხვა სახეობებისაგან განსხვავებით, არავინ გიდგას გვერდით, ვინც დაგეხმარება და შენი პროგრესი მთლიანად დამოკიდებულია შენსავე გონებრივ სიმტკიცეზე, სურვილსა და მისწრაფებაზე, გააუმჯობესო შედეგი. ასეთი ფიზიკური აქტიურობა განიხილება, როგორც თვითგამოხატვის ფორმა, აძლევს ახალგაზრდებს საშუალებას თავი დააღწიონ სტრესს, აძლიერებს მათ იდენტობას და საკუთარ თავს ანახებს იმ მხრიდან, როგორიც აქამდე არ ჰქონდათ. როგორც აღვნიშნეთ, ძირითადი სარგებელი, რაც ზამთრის პერიოდში ბავშვის დასვენებამ უნდა მოიტანოს, ეხება მის ჯანმრთელობაზე სუფთა ჰაერის და ფიზიკური აქტიურობის ზეგავლენას. ამ თვალსაზრისით, სოფელში წაყვანა ზამთრის ძვირადღირებული კურორტების შესანიშნავი ალტერნატივაა, ოღონდ უნდა გავითვალისწინოთ, რომ როგორც ზამთრის კურორტზე, ისე სოფლად, პანდემიის პერიოდში ხანგრძლივი უმოძრაობის გათვალისწინებით, ეს უნდა იყოს მაქსიმალური ფიზიკური აქტიურობის პერიოდი. რეგულარულ ფიზიკურ დატვირთვას შეუძლია დაეხმაროს ბავშვებსა და მოზარდებს გულისა და სასუნთქი სისტემის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში, ძვლებისა და კუნთების გაძლიერებაში, წონის კონტროლში, შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომების შემცირებაში და ისეთი დაავადებების განვითარების რისკის შემცირებაში, როგორიცაა: გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება, კიბო, ტიპი 2 დიაბეტი, სისხლის მაღალი წნევა, ოსტეოპოროზი, სიმსუქნე. გარდა ამისა, ფიზიკური დატვირთვა აუმჯობესებს ბავშვის კოორდინაციას, ბალანსს, პოზას და მოქნილობას, ძილს, მატებს ბავშვს თავდაჯერებულებას, აძლიერებს კონცენტრირების უნარს.
21-ე საუკუნეში მსოფლიოს მოსახლეობის 50%-ზე მეტი ადაპტაციის ზღურბლზე იმყოფება. ყველა ჩვენთაგანს უნდა გააჩნდეს სიმყარის გარკვეული მარაგი, რაც ჩვენი ორგანიზმის ადაპტაციური შესაძლებლობების დონეს ასახავს. ექიმებისათვის კარგად არის ცნობილი ე.წ. დატვირთვის სინჯები, რომლებიც გამოიყენება ე.წ. ცალკეული ორგანოებისა და სისტემების ფუნქციონირების ფარული დეფექტების გამოვლენის მიზნით. ჩვენი რეალობა ამ დატვირთვებს ყოველდღიურად გვთავაზობს – ეს არის რთული ეკოლოგიური სიტუაცია, ემოციური და ფიზიკური სტრესი. ერთადერთი ბერკეტი, რაც საშუალებას მოგვცემს, დავძლიოთ ადაპტაციური დაძაბულობა, ეს არის სრულფასოვანი, ოპტიმალური კვება.
ჩვენი კვება დღეს ორი უკიდურესობით ხასიათდება. ეს არის ცხოველური ცხიმების ჭარბი გამოყენება, რასაც მივყავართ სხეულის წონის მატებამდე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ათეროსკლეროზის განვითარებამდე და საბოლოო ჯამში სიკვდილიანობის მატებამდე. მეორე მხრივ ეს არის სრულფასოვანი ცხოველური ცილების დეფიციტი, რაც განაპირობებს მასის და სიმაღლის დაქვეითებას. ამასთან ერთად მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ე.წ. მიკრონუტრიენტების (ვიტამინების, მინერალური ნივთიერებების, მიკროელემენტების) დეფიციტი. ბავშვებში ეს განაპირობებს ანთროპომეტრული მაჩვენებლების ჩამორჩენას, შრომისუნარიანობის დაქვეითებას, დაავადებების მიმართ ბრძოლისუნარიანობის შემცირებას.
კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემას, რომელსაც ჯერჯერობით კარგად ვერ ვაცნობიერებთ, ჩვენი ენერგოდანახარჯების მნიშვნელოვანი შემცირება წარმოადგენს. დღეისათვის ჩვენი ენერგოდახარჯები საშუალოდ 2000 კილოკალორიას წარმოადგენს. ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია. მიზეზი – ზოგადი ცხოვრების არააქტიური წესია. ამასთან მიკრონუტრიენტების მოთხოვნილება კი არ შემცირდა, არამედ გაიზარდა კიდეც. ასე რომ, 21-ე საუკუნის საკვების ფორმულა, რომელიც ერთნაირად აქტუალურია როგორც განვითარებადი, ისე განვითარებული ქვეყნებისათვის – ეს არის ნატურალური ტრადიციული პროდუქტები და ბალანსირებული, ოპტიმალური, მიკრონუტრიენტებით მდიდარი კვება. ვიტამინების არასაკმარისი რაოდენობით მიღება მთელი მსოფლიოს პრობლემას წარმოადგენს. განვითარებად ქვეყნებში ის მჭიდროდ არის დაკავშირებული შიმშილთან ან არასაკმარის კვებასთან, მაგრამ განვითარებულ ქვეყნებშიც ვიტამინების მიღება არ შეესამება რეკომენდებულ ნორმებს. ის საკმარისია ვიტამინების დეფიციტის თავიდან აცილებისათვის, თუმცა არ არის საკმარისი ორგანიზმის მოთხოვნილების ოპტიმალური დაკმაყოფილებისათვის. ვიტამინები ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს წარმოადგენენ, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ცხოველმყოფელობისათვის. ისინი არ სინთეზირდებიან ორგანიზმში და მხოლოდ საკვებთან ერთად მიეწოდებათ. საკვებში ვიტამინების არარსებობამ ადამიანის ორგანიზმში მძიმე დარღვევები შეიძლება გამოიწვიოს. დღეისათვის ავიტამინოზი იშვიათია. გაცილებით ხშირია ვიტამინების დეფიციტი – ჰიპოვიტამინოზი - ერთი ან რამდენიმე ვიტამინის დეფიციტი. ჰიპოვიტამინოზს სეზონური ხასიათიც აქვს: ზაფხულისა და შემოდგომის განმავლობაში ორგანიზმი გარკვეულწილად გაჯერებულია ვიტამინებით. ასე მაგალითად, С-ვიტამინის მარაგი შეიძლება შენარჩუნდეს 2-6 თვის მანძილზე. თუმცა ზოგიერთი ვიტამინი სწრაფად იშლება და აუცილებელია მისი მუდმივი მიწოდება. ეს განსაკუთრებით ეხებს ვიტამინებს А, D, B1, B2, PP. ზამთრის გამნავლობაში, თუ არ მოხდა ვიტამინების დამატებითი მიწოდება, მათი მარაგი განილევა და ვითარდება ჰიპოვიტამინოზი. ვიტამინებზე მოთხოვნილება მატულობს ასევე ფიზიკური დატვირთვის მატებისას, ორგანიზმის გადაცივების, რიგი დაავადებების და სხვა დროს. ორგანიზმში ვიტამინების მიწოდება შეიძლება არასაკმარისი იყოს კვების პროდუქტების არასწორი დამუშავების გამო: კონსერვირება, შებოლვა, გახმობა, გაყინვა და სხვ. ჰიპოვიტამინოზის ნიშნებს წარმოადგენს სისუსტე, სწრაფი დაღლილობა, მადის დაქვეითება, შრომისუნარიანობის დაქვეითება, აპათია, დაავადებების მიმართ მდგრადობის დაქვეითება და სხვა.
რაქიტის სამკურნალოდ გამოიყენება ვიტამინი D. D ვიტამინის 10 μგ შეესაბამება 400 სე (საერთაშორისო ერთეული-IU). D ვიტამინის სამკურნალო დოზა დაავადების სიმძიმის მიხედვით ერთი კურსის განმავლობაში მერყეობს 200.000-600.000 სე-ს ფარგლებში კალციუმის ადეკვატური მიწოდების ფონზე. D ვიტამინის მიწოდების ყველაზე მისაღები ფორმაა ყოველდღიური მიცემა, 1.000-6.000 სე-მდე (50-150 μგ) დღეში. ახალშობილობის პერიოდში მაქსიმალური დოზაა 1.000 სე/დღეში, 1-12 თვემდე ასაკში – 3.000 სე/დღეში, 1 წლის ზემოთ 5000 სე/დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე და გრძელდება 1-3 თვე. მსუბუქი მიმდინარეობის დროს მკურნალობა საშუალოდ 1 თვე გრძელდება. შემდეგ D ვიტამინის დოზა მცირდება და ეძლევა საპროფილაქტიკო დოზა. სამთვიანი კურსი შეიძლება საჭირო გახდეს ძვლოვანი სისტემის მხრივ მკვეთრად გამოხატული ცვლილებების დროს. დოზის შემცირების მაჩვენებლად კლინიკურ სიმპტომატიკასთან ერთად, გამოიყენება შრატში ტუტე ფოსფატაზის დონის ნორმალიზება. თუ 2-4 კვირის შემდეგ არ აღინიშნება რენტგენოლოგიური, ასევე კლინიკური და ლაბორატორიული გაუმჯობესება სავარაუდოა რაქიტის ვიტამინ-D რეზისტენტული ფორმის არსებობა. უნდა გამოირიცხოს ისეთი დაავადებები, როგორიცაა მალაბსორბცია, ღვიძლის პათოლოგია და განხილული უნდა იქნეს ჩანაცვლებით თერაპიაზე დამყოლობა. ასევე უნდა გამოირიცხოს მედიკამენტების გამოყენება, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ D ვიტამინის დონეზე (ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატები - რიფამპიცინი, იზინიაზიდი; ანტიეპილეფსიური პრეპარატები - ფენობარბიტალი, კარბამაზეპინი, ფენიტიონი; სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები; შიდს-ის საწინააღმდეგო პრეპარატები; კორტიკოსტეროიდები). პაციენტებისთვის, რომელთაც გაუვითარდებათ D ვიტამინის უკმარისობა მალაბსორციის გამო, საჭიროა ვიტამინის უფრო მაღალი დოზები, ვიდრე D ვიტამინის უკმარისობისთვის რეკომენდებული დოზა (4.000–10.000 სე დღეში). D ვიტამინის უფრო მაღალი დოზირება ასევე აუცილებელია ბავშვებისთვის, რომლებიც ღებულობენ ზემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებს (კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებს ან გლუკოკორტიკოიდებს და სხვა).
D-ვიტანინის დეფიციტის დონის განსაზღვრისთვის უნდა გამოვიყენოთ რაქიტის დიაგნოსტიკის, მართვისა და პრევენციის ეროვნული პროტოკოლი. მასში აღნიშნულია, რომ 25 ჰიდროქსიქოლეკალციფეროლის ნორმალური მაჩვენებელია 50 ნმოლ/ლ-ზე მაღალი, მსუბუქი დეფიციტია 25-50 ნმოლ/ლ; ზომიერი დეფიციტია 12.5-25 ნმოლ/ლ; მძიმე დეფიციტია 12.5ნმოლ/ლ-ზე ნაკლები.
ცოტათი განსხვავებულ ციფრებს იძლევა ამერიკის პედიატრთა აკადემია: 25 ჰიდროქსიქოლეკალციფეროლის ნორმალური მაჩვენებელია 50-250 ნმოლ/ლ; მსუბუქი დეფიციტია 37.5-50 ნმოლ/ლ; ზომიერი დეფიციტია 12.5-37.5 ნმოლ/ლ; მძიმე დეფიციტია 12.5 ნმოლ/ლ-ზე ნაკლები.
თამარ იაკობაშვილი