"ნახევარ მილიონ ჩვენს თანამოქალაქეს ეს ვირუსი უკვე გადატანილი აქვს" - დასჭირდებათ თუ არა ვაქცინა იმ ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსი უკვე გადაიტანეს - პაატა იმნაძის პასუხი - მშობლები

"ნახევარ მილიონ ჩვენს თანამოქალაქეს ეს ვირუსი უკვე გადატანილი აქვს" - დასჭირდებათ თუ არა ვაქცინა იმ ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსი უკვე გადაიტანეს - პაატა იმნაძის პასუხი

2020-12-14 12:24:15+04:00

ბევრმა ადამიანმა ანტისხეულებზე გაიკეთა ტესტი და აღმოჩნდა, რომ გადატანილი აქვთ დაავადება ისე, რომ ვერც გაიგეს. რამდენი ასეთი მოქალაქეა ჩვენს ქვეყანაში და საჭიროა თუ არა ვაქცინაცია იმ შემთხვევაშიც, თუ უკვე გადავიტანეთ ვირუსი, თემაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ "ტელეკომპანია პირველის" ეთერში ისაუბრა:

- დაწყებული გვაქვს სეროპრევალენტობის კვლევა, რომლითაც გავიგებთ, რამდენია ასეთი მოსახლეობაში. მაგრამ, ჩვენი გამოთვლებით, დღეისათვის, მოსახლეობის დაახლოებით 14-15 პროცენტს ალბათ უკვე გადატანილი აქვს დაავადება. თუ ჩავთვლით, რომ სადღაც 200 ათასამდე ადამიანია, ვინც აღრიცხული გვყავს და ვისაც ჰქონდა დაავადება დადასტურებული და ამას დავამატებთ 2- ნახევარს ან მეტს, ვისაც უსიმპტომოდ ან ძალიან მსუბუქი სიმპტომებით ჰქონდათ, მაშინ ნახევარ მილიონ ჩვენს თანამოქალაქეს ეს ვირუსი უკვე გადატანილი აქვს. მაგრამ, ეს ძალიან ცოტაა იმისათვის, რომ ე.წ. კოლექტიური იმუნიტეტი შეიქმნას.

- დასჭირდებათ თუ არა ვაქცინა იმ ადამიანებს, ვინც კორონავირუსი უკვე გადაიტანეს?

- დღეისათვის არსებული სამეცნიერო მტკიცებულებებით ითვლება, რომ ვისაც გადატანილი აქვს, პირველ ეტაპზე არა, მაგრამ მოგვიანებით მათაც დასჭირდებათ ვაქცინაცია იმიტომ, რომ არის უკვე ცალკეული კვლევები, რომლითაც დგინდება, რომ ვაქცინა უფრო კარგ იმუნიტეტს იძლევა, ვიდრე გადატანილი ინფექცია.

- რა არის ის პერიოდი, როდესაც შეიძლება, რომ დაზღვეულები ვიყოთ იმისგან, რომ ვირუსი არ დაგვემართება, რადგან ერთხელ უკვე გვქონდა?

-სულ ახლახანს გამოქვეყნდა ერთ-ერთი სამეცნიერო პუბლიკაცია, რომელიც ამბობს, რომ გადატანის შემდეგ 8 თვე კარგი იმუნიტეტი რჩება. ასე, რომ, აქამდე არსებული მოსაზრებით 6 თვე უკვე 8 თვემდე გაიზარდა. ახალი დაავადებაა და, სამწუხაროდ, ბევრი რამ ჯერ კიდევ არ არის ცნობილი.