ბევრმა ადამიანმა ანტისხეულებზე გაიკეთა ტესტი და აღმოჩნდა, რომ გადატანილი აქვთ დაავადება ისე, რომ ვერც გაიგეს. რამდენი ასეთი მოქალაქეა ჩვენს ქვეყანაში და საჭიროა თუ არა ვაქცინაცია იმ შემთხვევაშიც, თუ უკვე გადავიტანეთ ვირუსი, თემაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ "ტელეკომპანია პირველის" ეთერში ისაუბრა:
- დაწყებული გვაქვს სეროპრევალენტობის კვლევა, რომლითაც გავიგებთ, რამდენია ასეთი მოსახლეობაში. მაგრამ, ჩვენი გამოთვლებით, დღეისათვის, მოსახლეობის დაახლოებით 14-15 პროცენტს ალბათ უკვე გადატანილი აქვს დაავადება. თუ ჩავთვლით, რომ სადღაც 200 ათასამდე ადამიანია, ვინც აღრიცხული გვყავს და ვისაც ჰქონდა დაავადება დადასტურებული და ამას დავამატებთ 2- ნახევარს ან მეტს, ვისაც უსიმპტომოდ ან ძალიან მსუბუქი სიმპტომებით ჰქონდათ, მაშინ ნახევარ მილიონ ჩვენს თანამოქალაქეს ეს ვირუსი უკვე გადატანილი აქვს. მაგრამ, ეს ძალიან ცოტაა იმისათვის, რომ ე.წ. კოლექტიური იმუნიტეტი შეიქმნას.