უკრაინელი პედიატრი ევგენი კომაროვსკი იმუნიტეტის გაძლიერების ძირითად საკითხებს შეეხო. "3 პასუხი იმუნიტეტის შესახებ" - ასე ჰქვია მის ახალ ვიდეობლოგს, რომელშიც ბევრი საგულისხმო ინფორმაციაა მოწოდებული.
ევგენი კომაროვსკი:
"როცა პაციენტი იმუნიტეტის ამაღლებაზე საუბარს იწყებს, გულწრფელად გეტყვით, სულიერ ტკივილს განვიცდი. თქვენი კითხვები, საუბრები და ზოგადად, იმუნიტეტის თემის განხილვა მარწმუნებს, რომ ვიღაცებისთვის ეს ძალიან კარგი ხერხია დიდი ფულის საშოვნელად. პაციენტებსაც ჰგონიათ, ძალიან ბევრი რამ იციან იმუნიტეტეზე. "ექიმო, რა დავლიო, რომ იმუნიტეტი ავიმაღლო", "რა გავაკეთო, რომ ძალიან კარგი იმუნიტეტი მქონდეს?"
მარტივად რომ ავხსნათ, იმუნიტეტი არის სისტემა, რომელიც ორგანიზმში შეჭრილი ყოველგვარი დამაზიანებელი ფაქტორის წინააღმდეგ იბრძვის. ვთქვათ, რაღაც ბაქტერია მოხვდა ჩვენს ორგანიზმში და იმუნური სისტემა იწყებს მის განადგურებას. იწყება ორგანიზმის ბრძოლა. როცა საფრთხე განადგურებულია, ჩაირთვება სისტემა, რომელიც წყვეტს ბრძოლას. თითქოს ამბობს, "გავანადგურეთ ყველაფერი საშიში და ახლა დროა, დავმშვიდდეთ, დავლაგდეთ და განვაგრძოთ ძველებული ცხოვრება". ანუ გვაქვს სისტემა, რომელიც იბრძვის და გვაქვს ასევე სისტემა, რომელიც ბრძოლას წყვეტს და სიტუაციას ამშვიდებს. ეს ორივე სისტემა იმუნიტეტია. იმუნიტეტის გაძლიერებას რომ ითხოვთ, რომელი სისტემის გაძლიერება გსურთ, რომელიც ანადგურებს თუ რომელიც განადგურების პროცესს აფერხებს? ძალიან რთულია იპოვო წამალი, რომელიც ასე ჰარმონიულად იმოქმედებს. თუ მიიღებთ ბრძოლის გამაძლიერებელს, ინფექციური დაავადებების რისკი გაიზრდება, თუ მიიღებთ შემაფერხებელს, სხვაგვარი დაავადებების რისკი გაჩნდება. მოკლედ, ძალიან სევდიანი თემაა.
დღეს ვუპასუხებ 3 კითხვას, რომელიც პაციენტებისგან მივიღე:
ახლა წარმოვიდგინოთ სასწორის ერთ მხარეს ხახვი, ნიორი, ჯანჯაფილი, მეორე მხარეს კი უბედური მაკდონალდსი, რომელიც ყველაფერში მთავარ დამნაშავედ გამოჰყავთ. იქ ბევრია არამავნე ვეგეტარიანული საკვებიც, მაგრამ ყველას რატომღაც ყველაზე დიდი ჰამბურგერი ნებავს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ასეთი საკვების გარდა სხვა უამრავი ფაქტორი გვიქვეითებს იმუნიტეტს: ტკბილი, გაზიანი სასმელები, ცხოვრების წესი, სადაც ორპირი ნიავი პირდაპირ მომაკვდინებელ საშიშროებად მიგაჩნიათ ბავშვის ჯანმრთელობისთვის, როცა არავითარი ფიზიკური აქტივობა არ არსებობს - ბავშვები არ სეირნობენ, საათობისთ სხედან სმარტფონებით ხელში და ფიზიკურ შეჯიბრში კი არ იწვევენ ერთმანეთს, არამედ იმაში, ვის უფრო მაგარი ტელეფონი აქვს და ვის აცვია უკეთესი ბოტასები. ამის ფონზე გამოვაცხადო, რომ ხახვი, ნიორი აჭამეთ და ყველაფერი კარგად იქნება? ვერ მოგართვით. ადამიანურად იცხოვრეთ, ფიზიკურად დაიტვირთეთ, გაიღიმეთ, მოცილდით მაგ ოხერ დივანს და ტელევიზორს, ატარეთ ბავშვები სკოლაში, სადაც მარტო საგნებს კი არ ასწავლიან, არამედ ჯანსაღ გარემოს ყურადღებას აქცევენ, კლასებში ზომავენ და არეგულირებენ ჰაერის ტემპერატურასა და ტენიანობას, სათანადო ყურადღება ექცევა სპორტს, სადაც ხშირად დადიან ლაშქრობებში, ბოტანიკას და გეოგრაფიას სუფთა ჰაერზე ასწავლიან. იგივეს ვიტყვი ბაღებზე, სადაც ნებისმიერ ამინდში ბავშვი 4 საათის განმავლობაში გარეთ უნდა იყოს. აქაც გნებავთ ნიორი და ხახვი შემოგთავაზოთ? არ გამოვა. სიმართლე ვთქვათ, ბევრ თქვენგანს ეზარება ერთი ადგილის განძრევა. მოხვედით სამსახურიდან დაღლილი, საოჯახო საქმეებს მიხედეთ, მერე დაჯექით, ტელევიზორი ჩართეთ რომელიღაც დებილურ სერიალზე ან ტელეფონში ჩაიძირეთ. ამ დროს თქვენი შვილიც ზის და რაღაცას უყურებს, თან რამე სასუსნავს მიირთმევს. მესმის, რთული ცხოვრება აქვთ მშობლებს, მაგრამ აბრძანდით დივნიდან, ჩააცვით ბავშვს და გარეთ გაიყვანეთ. შემდეგ ვირუსების სეზონი რომ მოდის, გინდათ ნიორი აჭამოთ ან აბი დაალევინოთ და მშვიდად იყოთ? ასე არ გამოვა.