ბავშვებში ცხვირიდან სისხლდენას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს და ეს არც ისეთი საგანგაშო და სანერვიულოა, როგორც ამას უფროსები აღიქვამენ. რა იწვევს ცხვირიდან სისხლდენას, რა უნდა ვიცოდეთ მის შესაჩერებლად და რა გავრცელებულ, მაგრამ არასწორ ხერხს მიმართავენ ხოლმე მშობლები, თემაზე "ნიუ ჰოსპიტალსის" ბავშვთა გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გადაუდებელი დახმარების ექიმმა, ირინა წირქვაძემ ჯგუფში "თანამედროვე დედების კლუბი" ლაივჩართვისას ისაუბრა და მაყურებლის შეკითხვებსაც გასცა პასუხი:
- მსგავსი შემთხვევები მშობლისთვის შემაშფოთებელია. იმდენად შემაშფოთებელი, რომ ხშირად დედის სტრესი პატარა ბავშვებზე მძიმედ აისახება და ზოგჯერ უფრო სერიოზულად სამართავია, ვიდრე სისხლდენა. უხშირეს შემთხვევაში, ბავშვებში ცხვირიდან სისხლდენა არანაირ სერიოზულ ზეგავლენას არ ახდენს მათ ორგანიზმზე. მოზრდილებისგან განსხვავებით, კეთილთვისებიანი და მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს.
- ბავშვებში რა არის ყველაზე ხშირად ცხვირიდან სისხლდენის მიზეზი?
- მიზეზია მსუბუქი ტრავმაც კი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბავშვი დაცემისას ცხვირს დაარტყამს. არა მხოლოდ დაცემის, არამედ სირბილისას, როდესაც ეჯახება რაიმეს, მაგალითად კედელს, მაგიდას, ამ დროს შეიძლება ცხვირიდან სისხლდენა განვითარდეს. ხშირია ხოლმე რინიტის ანუ სურდოს დროს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცხვირის ლორწოვანის გარსი ხშირი გამოწმენდის შედეგად ზიანდება. შეიძლება იყოს ცხვირში უცხო სხეულის მოხვედრისას, რაიმე ნივთის ან საგნის ჩადებისას. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მშობელი ვერ ამჩნევს და არ იცის ამის შესახებ. შეიძლება მოგვმართოს იმიტომ, რომ ბავშვს ცხვირიდან სისხლდენა დაეწყოს და შემდეგ უკვე ჩვენ აღმოვაჩენთ უცხო სხეულს. ძალიან ხშირად ცხვირიდან სისხლდენის მიზეზია სუსტი კაპილარები. ასეთ დროს მშობელს შემიძლია ვურჩიო, რომ მაქსიმალურად გაუფრთხილდეს და ტრავმას მოარიდოს ბავშვი. ვიცი, რომ რთულია და ყოველთვის შეუძლებელია მის გვერდით ვიყოთ, მაგრამ პატარა ბავშვის გაზრდის სირთულე სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ძალიან უნდა ვეცადოთ, მარტო, მშობლის ზედამხედველობის გარეშე არ დარჩეს. თუ ბავშვს ცხვირის სუსტი კაპილარები აქვს, ამას მაშინ ვიგებთ, როდესაც ერთ დღეს სისხლდენის გამო საავადმყოფოში აღმოვჩნდებით ან დავურეკავთ ჩვენს ოჯახის ექიმს და ის გვირჩევს, რომ წავიდეთ ოტოლარინგოლოგთან და გავასინჯოთ. შემდეგ ექიმი გვეუბნება, რომ მას სუსტი კაპილარები აქვს და შეიძლება დაგვინიშნოს გარკვეული პრეპარატები. მაგალითად, ასკორბინის მჟავა, C ვიტამინი და რუტინის კომბინაცია, ასეთი პრეპარატია ასკორუტინი, რომელიც თითქოს აძლიერეს კაპილარებს, მაგრამ დამერწმუნეთ, ეს უფრო რეკლამაა, ვიდრე რეალურად განსაკუთრებული ეფექტი. ყველაზე კარგი, რაც შეიძლება ამ დროს გავაკეთოთ, დავიცვათ ბავშვი ტრავმისგან, რამდენადაც შესაძლებელია, და სურდოს ან იმ დროს, როდესაც ბავშვს სეზონური ალერგია აქვს, ფრთხილად ვიყოთ.
- რა უნდა გავაკეთოთ მაშინ, როდესაც ცხვირიდან სისხლდენაა?
- აქვე გეტყვით იმასაც, რომ ჩვილ ბავშვთა ასაკში ცხვირიდან სისხლდენა პრაქტიკულად არ გვხვდება. ჯანმრთელ ბავშვებზეა საუბარი. თუ პატარას არ აქვს შემადედებელი სისტემის პათოლოგია, ძალიან სერიოზული ინფექციები, რომელიც შემადედებელი სისტემის მოშლას იწვევს, ასეთ შემთხვევაში ისედაც არ მოიაზრება, რომ ბავშვი ბინაზე იყოს. ასეთი პაციენტები სამედიცინო დაწესებულებაში უნდა იყვნენ. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, ჩვილებსა და 3 წლამდე ასაკის ბავშებში, შემთხვევით რომ წამოუვიდეს ცხვირიდან სისხლი, ასეთი რამ პრაქტიკულად არ ხდება. ცოტა მეტ ასაკში მიზეზებზე უკვე გესაუბრეთ. 10 წლის შემდეგ ასაკის ბავშვებში, ჭარბწონიან, ენდოკრინული პათოლოგიის მქონე ბავშვებში, იქ, სადაც არტერიული ჰიპერტენზია, ანუ არტერიული წნევის მომატებაა, შეიძლება ცხვირიდან სისხლდენით გამოვლინდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა ეს დასახელებული მიზეზი არ არის სიცოცხლისთვის საშიში და სისხლდენაც, როგორც წესი, არაინტენსიურია. მშობლისთვისაა ხოლმე ეს ძალიან შემაშფოთებელი და უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი შვილის სიცოცხლის საფრთხე არ არსებობს.
ასეთ დროს, ნუ ჩავარდებით პანიკაში, იმიტომ, რომ პანიკაში ჩავარდნილი დედა თავადაც მოსავლელი ხდება ხოლმე. თუ გვინდა, რეალურად დავეხმაროთ ჩვენს შვილს, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მშვიდად ვიყოთ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ცხვირიდან არტერიული სისხლდენა ბავშვებში პრაქტიკულად არ გვხვდება, საუბარია კაპილარულ სისხლდენაზე. კაპილარული სისხლდენა ვიზუალურად გამოიყურება, რომ ბევრია, ჩამოეწვეთოს ტანსაცმელსა და იატაკზე, მაგრამ რეალურად ასეთ დროს დანაკარგი დიდი არ არის ხოლმე. ვიზუალურად უფრო ცუდად გამოიყურება, მშობლისთვის განსაკუთრებით, ვიდრე შეიძლება იყოს თავისი შედეგებით. მაგრამ, რა თქმა უნდა, უნდა ვიცოდეთ, როგორ შევაჩეროთ სისხლდენა. ბევრი მეთოდია გავრცელებული, წვეთების ჩაწვეთება, ტამპონების ცხვირში ჩადება და ასე შემდეგ. არსებობს ძალიან მარტივი და ეფექტური საშუალება, რომლითაც იოლად შეგვიძლია გავუმკლავდეთ ამ პრობლემას. კიდევ ერთხელ ვამბობ, კაპილარული სისხლდენა სწრაფად ჩერდება. საუბარია ჯანმრთელ ბავშვზე, რომელსაც სისხლის შემადედებელი ფაქტორები მოწესრიგებული აქვს და ანტიკოაგულანტებზე არ იმყოფება. ანტიკოაგულანტები პრეპარატებია, რომლებიც სისხლის გათხელებას იწვევს.
პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რა არ უნდა გავაკეთოთ და რა არის დიდი შეცდომა. დიდი შეცდომაა სისხლდენისას თავის უკან გადაწევა. ბავშვი არ უნდა დავაწვინოთ. უნდა დავსვათ და უმჯობესია იმისთვის, რომ ნაკლებად იყოს სტრესის ქვეშ, კალთაში დავისვათ. დედა, რა თქმა უნდა, გაწონასწორებული უნდა იყოს. ისტერიკაში მყოფი დედა თავის შვილს ვერ დაამშვიდებს. უნდა დავისვათ კალთაში, წინ უნდა გადავწიოთ, ორი თითით ძლიერი ზოწოლა ცხვირის რბილ ქსოვილებზე. ცხვირს ძვლოვანი ნაწილიც აქვს და რბილიც, ნესტოების მიმდებარედ. ორი ნესტოს მიმდებარე წერტილი თითებით უნდა დავახშოთ. საკმარისად ძლიერად უნდა დავაწვეთ ამ ადგილს იმიტომ, რომ უშუალოდ სისხლძარღვებზე ვახდენთ გარედან ზეწოლას. როდესაც სისხლძარღვი ზეწოლას განიცდის, სისხლის მიდინება წყდება. ვახშობთ სისხლძარღვს, ანუ სისხლი არ მიდის და ამას ვაკეთებთ უწყვეტად, 10 წუთის განმავლობაში. როდესაც თითების ზეწოლით სისხლის მიდინებას სისხლძარღვებში 10 წუთის განმავლობაში ვწყვეტთ, სისხლის შემადედებელი ფაქტორები მუშაობას იწყებს და სისხლს ადედებს. თუ მე ზეწოლას არ გავაკეთებ, რა თქმა უნდა, სისხლის მიდინება სისხლძარღვებში გაგრძელდება და ახლად წარმოქმნილი კოლტი, რომელიც ჩვენთვის უხილავია, მაგრამ რეალურად წარმოიქმნება, ჩამოირეცხება იმ სისხლის ნაკადით, რომელიც სიხლძარღვთან მიდის. ამიტომაა აუცილებელი, რომ სისხლძარღვები დავახშოთ.
- იქნება თუ არა საფრთხე, 10 წუთის განმავლობაში სისხლის მიდინება რომ შეწყდეს?
- რა საკვირველია, არანაირი საფრთხე არ არის. ქსოვლის კვება არ ირღვევა იმიტომ, რომ არსებობს უამრავი კოლატერალები ე.წ. კაპილარების ქსელი. 10 წუთი იმდენად უმნიშვნელო დროა, ქსოვლის სისხლით მომარაგება ვერანაირად ვერ შეწყდება ისე, რომ ამან მისი დაზიანება გამოიწვიოს.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, წინ გადახრილი თავი, უმჯობესია ბავშვი კალთაში ჩავისვათ იმისთვის, რომ უფრო მეტად დამშვიდდეს და ცერა და საჩვენებელი თითით ვახდენთ ზეწოლას ცხვირის რბილ ქსოვილებზე. ეს ზეწოლა 10 წუთის განმავლობაში გრძელდება.
არ არის რეკომენდებული, რომ ზეწოლა მოვუშვათ პერიოდულად. 10 წუთი უნდა ვეცადოთ, რომ ეს ზეწოლა არ მოიხსნას იმიტომ, რომ სისხლძარღვებში სისხლის მიდინება განახლდება და წარმოქმნილი კოლტი ჩამოირეცხება, შესაბამისად სისხლდენა არ გაჩერდება. ეს არის ცხვირიდან სისხლდენის შეჩერების მთელ მსოფლიოში მტკიცებულებებზე დაფუძნებული მეთოდი. ეს არ არის ჩემი პირადი გამოცდილება, მარტივი, მაგრამ ძალიან სასარგებლო მეთოდი აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, რომ სისხლდენა შეჩერდეს.
- უნდა ჩავუდოთ თუ არა ბავშვს ტამპონები?
- ტამპონსაც ზუსტად იგივე როლი აქვს , რასაც ზეწოლა აკეთებს. სისხლძარღვი უნდა დავახშოთ. რატომ გავაკეთო ეს მანიპულაცია ძალიან უსიამოვნო, სტრესისმომგვრელი საშუალებით, როდესაც ზუსტად იგივე ეფექტს ვიღეთ ძალიან მარტივი ღონისძიებით?
- ბავშვს სუსტი კაპილარები აქვს. შეიძლება თუ არა ეს ცხვირის წვეთებს უკავშირდებოდეს?
- დიახ, შეიძლება. ამიტომ, ცხვირის წვეთების დანიშვნა ცოტა საფრთხილოა. საუბარია სურდოს საწინააღმდეგო წვეთებზე. სამკურნალო წვეთები ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც ადგილობრივად ცხვირის ლორწოვან გარსში არსებული სისხლძარღვების შევიწროებას იწვევს. ცხვირის წვეთები უნდა დაინიშნოს ჩვენებით. თუ ბავშვს სურდო აქვს და ცხვირის სერიოზული გაჭედილობა, ჯობს წვეთებს მოვერიდოთ და დღის განმავლობაში სხვა საშუალებებით ვცადოთ. მაგალითად, ცხვირის ხშირი ჩარეცხვით, თუნდაც ფიზიოლოგიური ხსნარით ან ზღვის მარილით, რომელიც ყველა აფთიაქში სპეციალური, ქარხნულად დამუშავებული იყიდება. თუ მაინცდამაინც ვერ იძინებს და ღამე შფოთავს იმიტომ, რომ ვერ სუნთქავს, მხოლოდ ღამის საათებში ჩავასხათ ხოლმე, ისიც 2-3 დღე, სანამ გაციება თუ ვირუსული ინფექცია ცოტა არ შემსუბუქდება. ცხვირის წვეთების ბოროტად გამოყენება არ არის კარგი მით უფრო, რომ ქსილომეტაზოლინის შემცველი პრეპარატების მიმართ ერთგვარი შეჩვევა არსებობს. თუ მედიკამენტზე დამოკიდებულება განვითარდა, მერე დამერწმუნეთ მისი მოხსნა უფრო ძნელია. ამას გეუბნებით მე, რომელიც ქსილომეტაზოლინზე ვიყავი დამოკიდებული და ძალიან დიდი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ ამ პრეპარატის მოხსნა მომეხერხებინა.
-ცივის დადება რამდენად რეკომენდებულია?
- თუ ტრავმაა, ბავშვმა ცხვირი დაარტყა და ამის შემდეგ წამოუვიდა სისხლი, ცივის დადება რეკომენდებულია. მაგრამ, თუ ეს სურდოსთან და მსგავს მიზეზებთანაა ასოცირებული, ცივის დადება დიდ შედეგს არ მოგვცემს. უნდა გავაკეთოთ ის, რაზეც უკვე ვისაუბრეთ.
- შეიძლება თუ არა სუსტი კაპილარების მკურნალობა?
- სპეციალისტები ასკორუტინს ნიშნავენ ხოლმე, მაგრამ რომ ვთქვა, პრობლემა იყო და ასკორუტინის მიღების შემდეგ საბოლოოდ აღმოიფხვრა, ასეთი შემთხვევები მე არ მინახავს.
- ცხვირში ლიმონის ჩაწვეთება რამდენად რეკომენდებულია?
- სისხლდენას ლიმონი არ აჩერებს. თუ ლიმონის ჩაწვეთებაში ვგულისმობთ იმას, რომ ორგანიზმს C ვიტამინი მივაწოდოთ, მაშინ, დავალევინოთ. ლიმონის ცხვირში ჩაწვეთების შესახებ სამედიცინო ლიტერატურაში არსად წამიკითხავს.
- შეიძლება თუ არა ცხვირიდან სისხლდენა უმიზეზოდ განვითარდეს?
- რაღაც მიზეზი ყოველთვის არსებობს, თუნდაც სუსტი კაპილარები. ეს მიზეზი ჯობს, რომ გავარკვიოთ. მცირე ასაკში, პრაქტიკულად, სერიოზული არ არის ხოლმე. მოზრდილებში ცხვირიდან ხშირი სისხლდენის მიზეზი შეიძლება იყოს ისევ სუსტი კაპილარები და შეიძლება უფრო სეროზულ მიზეზებზე ვილაპარაკოთ, დაწყებული არტერიული ჰიპერტენზიდან, დამთავრებული სიმსივნეებით. ასეთი რამ ბავშვებში ძალიან იშვიათია.
- ცივი ნაყინი ან წყალბადის ზეჟანგში ამოვლებული ტამპონი თუ აჩერებს ცხვირიდან სისხლდენას?
- ცივი ნაყინის სისხლდენის შესაჩერებლად კავშირს ვერ ვხედავ. ასევე, დაზიანებულ კაპილარს დამატებით სტრესს და დაზიანებას ვაყენებთ იმით, თუ წყალბადის ზეჟანგით დასველებულ ტამპონს ცხვირში ჩავიდებთ. შეიძლება სისხლდენა გააჩეროს, მაგრამ რეკომენდებული არ არის.
რატომ უნდა გამოვიგონოთ ახალი მაშინ, როდესაც ვიცით, რომ 10 წუთის განმავლობაში ცხვირზე ზეწოლა აგვარებს პრობლემას. მაგრამ, თუ 10 წუთის მერე სისხლდენა არ ჩერდება, ოღონდ იმ შემთხვევაში, როცა სწორად ვაკეთებთ ყველაფერს, ან ბავშვი გონებას კარგავს, იმდენად ინტენსიური იყო სისხლდენა, ან კიდევ სხვა პრობლემებია, რა თქმა უნდა, ასეთი პაციენტი საავადმყოფოში უნდა მოხვდეს და იქ უკვე სპეციალისტი განსაზღვრავს მას ტამპონი სჭირდება თუ არა. პირველ რიგში, ვეცადოთ, რომ თავად გავაჩეროთ და თუ ვერ ვაჩერებთ და ძალიან ვშფოთავთ, რა თქმა უნდა, საავადმყოფოში უნდა წავიდეთ.