კიროვის რეგიონული ბავშვთა კლინიკური საავადმყოფოს ქირურგებმა 16 წლის გოგონას ტრიქობეზოარის დიაგნოზი დაუსვეს. შემთხვევას დიდი რეზონანსი მოჰყვა, რადგან მოზარდებში საკმაოდ გავრცელებულ ჩვევას უკავშირდება.
ბეზოარი კუჭში თმის ან მცენარეული ბოჭკოსგან წარმოქმნილი მკვრივი მასაა, რომელიც კუჭსა და ნაწლავებში ვითარდება. ტრიქობეზოარი კი თმის, მატყლის, ბეწვის გადაყლაპვის დროს ყალიბდება. ეს პათოლოგია ძირითადად ცხოველებში გვხვდება, თუმცა, შემთხვევები ადამიანებშიც ფიქსირდება. 1991 წლამდე დაახლოებით 400 შემთხვევა იყო აღწერილი. ახლახან მსგავსი ფაქტი კიროვის რეგიონში გამოვლინდა.
ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე 16 წლის გოგონა მუცლის ტკივილით საავადმყოფოში მოათავსეს. გამოკვლევით დადგინდა, რომ პაციენტს 300-გრამიანი თმის ბურთი, რომლის დიამეტრი 10x15 იყო, კუჭში ჰქონდა. გოგონას უცხო სხეულის ამოსაღებად სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.
"თავიდან მუცლის ზედა ნაწილი მტკიოდა, თუმცა ტკივილი ძლიერი არ ყოფილა და ყურადღებაც არ მიმიქცევია. შემდეგ კი გაუსაძლისი ტკივილი დამეწყო და დედამ სასწაფო დახმარება გამოიძახა. ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა ჩამიტარდა და მითხრეს, რომ კუჭში უცხო სხეული იყო. ვიფიქრე, რომ შეიძლებოდა თმა ყოფილიყო, თუმცა, ამდენი ნამდვილად არ მეგონა," - ამბობს პაციენტი.
ყველაზე ხშირად მსგავსი შემთხვევები მოზარდ გოგონებში გვხვდება, რომლებსაც თმის კბილებით წიწკნა-კვნეტის მავნე ჩვევა აქვთ. გოგონამაც აღიარა, რომ მასაც აქვს ეს ჩვევა. თუმცა ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ეს მსგავს შედეგს გამოიღებდა.
პაციენტს სერიოზული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ახლა თავს კარგად გრძნობს. თავის მხრივ, მან პირობა დადო, რომ მავნე ჩვევას მოიშორებს.