კორონავირუსის გამოჩენის შემდეგ მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამრავალფეროვნდა. იგი იკვეთება როგორც სეზონური ვირუსებისათვის დამახასიათებელ ნიშნებთან, ასევე ნაწლავური ინფექციების სიმპტომებთან, რისი გარჩევაც ტესტირების გარეშე ძალიან რთულია. რამდენად ხშირია კორონავირუსისა და სეზონური გრიპის არევა და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება, ასევე, რა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ფილტვების ანთება არ გამოგრჩეთ და რა როლი აქვს კორონავირუსის მიმდინარეობისას ვიტამინებისა თუ სხვა პრეპარატების მიღებას, აქტუალურ კითხვებზე ჯანდაცვის სპეციალისტი, პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ექიმი-თერაპევტი მაკა ბულეიშვილი გვესაუბრება:
- როგორც იცით, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩვენს ქვეყანაში თებერვალში დაფიქსირდა. მარტსა და აპრილში სეზონური გრიპიც გვქონდა, თუმცა, კოვიდის შემთხვევები მცირე იყო. შემოდგომაზე ძალიან დიდი ძალისხმევა გვჭირდებოდა იმისათვის, რომ გაგვერჩია ერთმანეთისგან, რადგან, როგორც იცით, ბევრი სიმპტომი ერთნაირია. ესენია: ცხვირიდან გამონადენი, სურდო, ყელის ტკივილი, ხველა, ტემპერატურის მატება, ცემინება, კუნთების ტკივილი, ოფლიანობა, ზოგადი საერთო სისუსტე, თავის ტკივილი. ასევე, კოვიდ-19 თავისი სიმპტომებით კვეთაშია ნაწლავურ ინფექციებთანაც. ზაფხულში, როდესაც დისბაქტერიოზი, ნაწლავური ინფექციები ძალიან აქტუალურია, მნიშვნელოვანი იყო, რომ სიმპტომები კვლავ გაგვემიჯნა. ამ პერიოდში კორონავირუსმა მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ, კვლევების საფუძველზე გვეთქვა, ენტეროვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები, ფაღარათი ამ შემთხვევაშიც გვხვდება და დიფერენცირება რთულია. თუმცა, იმდენად პრეზენტაბელური გამოდგა, რომ რამდენიმე თვეში საშუალება მოგვეცა, მნიშვნელოვანი განსხვავებებიც გვეპოვნა. დაფიქსირებიდან 4-5 თვის შემდეგ გამოჩნდნენ პაციენტები, რომლებმაც ვირუსის მიმდინარეობისას ყნოსვისა და გემოვნების შეგრძნება დაკარგეს. დავაკვირდით ასევე იმასაც, რომ ჩვეულებრივი გრიპი 2-3 დღეში, მაქსიმუმ კი 6 დღეში, ალაგების სტადიაში გადადის, კარგად ექვემდებარება გრიპის საწინააღმდეგო სხვადასხვა საშუალებას, მათ შორის, ჩაის, ტემპერატურის დამწევებს და სხვა. კორონავირუსის დროს კი გახანგრძლივებულია პროცესი. 14 დღე გვაქვს იზოლაციისთვის. სეზონური გრიპისა და კოვიდ-19-ის გარჩევა ძალიან გვიჭირდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თანმხლები იყო. მქონია შემთხვევები, როდესაც პაციენტს მწვავე რესპირატორული ვირუსი ჰქონია და ყნოსვა დაუკარგავს. გემოვნების დაქვეითებაზე უფრო ნაკლებად მსმენია, თუმცა ყნოსვის დაკარგვის ეპიზოდები კორონავირუსისგან დამოუკიდებლად, რესპირატორული ინფექციის დროსაც მომხდარა. ხშირ შემთხვევაში კოვიდ-19-ის დროს არც ყნოსვაა დაკარგული და არც გემო და კუნთების გაუსაძლისი ტკივილით იწყება. მიუხედავად იმისა, რომ სეზონური გრიპის დროსაც სტკივათ ადამიანებს კუნთები და სახსრები, კორონავირუსის დროს პაციენტები აღნიშნავენ, რომ ეს არის ტკივილი, რომელიც არ ჰგავს არაფერს და არ ექვემდებარება არანაირ გამაყუჩებელსა თუ სხვა საშუალებას. ბოლო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომები გამოჩნდა. ესენია: ღებინების შეგრძნება, თავის ტკივილი და თავბრუსხვევის საშინელი ეპიზოდები, ყურის დაგუბება ან ტკივილი. ჩამოთვლილი სიმპტომების დროს, შესაძლოა პაციენტმა იფიქროს, რომ ინტოქსიკაციითაა მისი მდგომარეობა გამოწვეული. ეს ლოგიკურია, იმიტომ, რომ გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ფაღარათი, ტკივილი მუცლის არეში, ტემპერატურის მატება, ინტოქსიკაციას ახასიათებს. მაგრამ, ამავე დროს კოვიდ-19-ის სიმპტომებიცაა. გარდა ამისა, ხშირია კიდურებში დაბუჟების შეგრძნება, რაც სისხლის მიმოქცევის დარღვევასთანაა დაკავშირებული. ჰაერის უკმარისობის გამოხატულება, სატურაციის ვარდნა, ვენტილაციის დარღვევა, ჟანგბადის მიწოდების შემცირება, შებოჭილობა გულ-მკერდის არეში, კორონავირუსის დროს მნიშვნელოვანი სიმპტომებია. არ არის გამორიცხული, პაციენტს ტუჩების ირგვლივ სილურჯე აღინიშნებოდეს. ეს მაშინ ხდება, როდესაც ადამიანის ორგანიზმს საკმარისი რაოდენობის ჟანგბადი არ მიეწოდება. კოვიდ-19-ის დროს შესაძლოა პაციენტს პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში არაფერი აწუხებდეს, მაგრამ შემდეგ მოხდეს გარკვეული სიმპტომების გამოხატვა ან დამძიმება. უცებ დაეწყოს ჰაერის უკმარისობა ან სხვა ნიშანი. მრავალფეროვანი სიმპტომატიკა ახასიათებს და ყველა დეტალი მნიშვნელოვანია. როდესაც ექიმს ონლაინ უწევს დიაგნოზის დასმა, დეტალურად უნდა იყოს ანამნეზური მონაცემების გამოკითხვა, რომელ დღეს და როგორ დაეწყო პაციენტს ვირუსი. ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები შეიძლება მარტივადაც გამოვიდნენ, მაგრამ თანმხლები დაავადებების დროს, ორგანიზმი ოქსიდაციურ სტრესშია, აქიდან გამომდინარე, არსებული ქრონიკული დაავადება მწვავდება. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ანამნეზური მონაცემები დეტალურად შეფასდეს. კოვიდ-19 კოაგულაციის სერიოზულ დარღვევას იწვევს, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული ანალიზები გაკონტროლდეს როგორც მიმდინარეობისას, ასე მოხდის შემდეგაც. გარდა იმისა, რომ ექიმს დიფერენცირებული დიაგნოსტიკის ჩატარება უნდა შეეძლოს, ტესტირება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ყველაზე უტყუარი საშუალებაა.
- კორონავირუსის გადატანის შემდეგ, რა ანალიზები უნდა ჩაიტარონ ადამიანებმა და რომელ სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება?
- გასათვალისწინებელია პაციენტის მდგომარეობის გართულების ხარიხსი. ძალიან ბევრ ადამიანს კორონავირუსი უსიმპტომოდ ან მსუბუქი ფორმით გადააქვს. თუ პაციენტებს, განსაკუთრებით ხანდაზმულებს, აქვთ ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ბრონქული ასთმა, არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა და სხვა, ყველა მათგანი ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს და მდგომარეობიდან გამომდინარე ინიშნება მკურნალობა. შეიძლება დაავადება არ გამწვავდეს და 14 დღის განმავლობაში მსუბუქად მიმდინარეობდეს, მაგრამ ბევრი პაციენტი მირეკავს და გახანგრძლივებული სიმპტომების შესახებ მესაუბრებიან. მაგალითად, ამბობენ, რომ 26-ე დღეს კვლავ აქვთ ტემპერატურა. ხშირად არანაირ სიმპტომს არ ტოვებს და უმარტივესად სრულდება, მაგრამ, საკუთარ პაციენტებზე დაკვირვებით შემიძლია გითხრათ, რომ ზოგ შემთხვევაში სიმპტომები ყოველდღიურად იკლებს, ზოგჯერ კი - პირიქით. ბოლო პერიოდში კოვიდის შემდგომი გართულებების არსებობა ხშირად შეინიშნება. განსაკუთრებით ისეთი სიმპტომების დატოვება, რომლებიც საკმაოდ ყურადსაღებია. უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი ნიშნები: ხანგრძლივი სუბფერილიტეტი, პაციენტებს აღენიშნებათ ტემპერატურა 37,2-37,5, ესეც გარკვეულ საათებში. ასევე, როგორც თავად ამბობენ, დიდხანს რჩებათ კუნთებისა და ბეჭების გაუსაძლისი ტკივილი, ხველა. ფსიქოსომატური, ანუ ნერვული სისტემის სერიოზული პრობლემები ჩნდება. აღენიშნებათ უძილობა, ზოგიერთი პაციენტი კოვიდის დროს ტირის, აქვთ ნიჰილიზმი და დეპრესია. ხშირ შემთხვევაში ტოვებს თავის ტკივილსა და თავბრუსხვევას. კარდიოლოგიური გართულებებიც ხშირია, ასევე, შფოთვა, აგზნებადობა, ოფლიანობა გახანგრძლივებული დროით. პოსტკოვიდ პერიოდში ყურის დაგუბების ეპიზოდებიც ჩნდება ხოლმე, მოზარდებში ხშირად არა, მაგრამ ყურის ტკივილიც იყო გამოხატული. დროთა განმავლობაში ეს პრობლემები გაივლის, თუმცა აუცილებელია კვლევის გაგრძელება და ექიმთან კონსულტაცია. ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებოა ის, რომ შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში შაქრის მომატება აღინიშნება როგორც ჭამამდე, ასევე ჭამის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ კვების რეჟიმს იცავენ და მედიკამენტს იღებენ. ამიტომ, კოვიდის გადატანის შემდეგაც ძალიან მნიშვნელოვანია დაკვირვება. თუ ადამიანს კორონავირუსის მიმდინარეობის დროს D-დიმერისა და ფიბრინოგენის მატება ჰქონდა და კოაგულოგრამაში ცვლილებები შეინიშნებოდა, რა თქმა უნდა, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, თვითნებურად მედიკამენტების მიღება არ შეიძლება. განსაკუთრებით მაშინ, თუ პაციენტს ქრონიკული დაავადებები აქვს. აუცილებელია, რომ მკურნალ ექიმთან ჰქონდეთ კომუნიკაცია. პოსტკოვიდ პერიოდში D-დიმერის გაკონტროლება საჭირო იქნება იმ შემთხვევაში, თუ ვირუსის დასაწყისშივე იყო პრობლემა. თუ უსიმპტომოდ მიმდინარეობდა და ადამიანს აბსოლუტურად არაფერი აწუხებს, გამოკვლევა აღარ დასჭირდება. კარგი იქნება სისხლის საერთო ანალიზი და C-რეაქტიული ცილის, ლაქტატდეჰიდროგენაზისა და ფერიტინის ანალიზების გაკეთება იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს პნევმონია ჰქონდა. როგორც ვიცით, კოვიდი შემდგომში შესაძლებელია ბაქტერიული პნევმონიით გართულდეს. კომპიუტერული ტომოგრაფია მხოლოდ ჩვენებით კეთდება, ფილტვის დაზიანების ხარისხი კიკორონავირუსის შემთხვევაში 0-დან 24-დეა. პროცესი მართვადია, თუმცა მუდმივად საჭიროებს სპეციალისტთან კომუნიკაციას. არ შეიძლება თვითნებურად მედიკამენტებისა და სისხლის გამათხელებლების მიღება. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი თავად მაძლევს უკვე იმ მედიკამენტების ჩამონათვალს, რომლებსაც საკუთარი სურვილით, ექიმთან შეუთანხმებლად იღებენ. არ ვიცი, საიდან მოიპოვეს ეს სია, მაგრამ ხშირად მომდის ისეთი წერილები, რომ მიიღეს გარკვეული პრეპარატები, რომლებიც არ მოუხდათ. რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი. კორონავირუსის დადასტურებისას, პირველ დღესვე, როდესაც არანაირი სიმპტომი არ გაქვთ, ანტიბიოტიკებითა და დექსამეტაზონით მკურნალობა რომ არ უნდა დავიწყოთ პროფილაქტიკისთვის, ეს ცხადია. მან შეიძლება დამატებითი გართულება გამოიწვიოს და გაცილებით საშიში გახდეს.თუ 14 დღის შემდეგ, ისევ გაქვთ გარკვეული სიმპტომები, გადამდები აღარ ხართ, მიდით ექიმთან და შესაბამისი კვლევები ჩაიტარეთ.
- კორონავირუსის მიმდინარეობისას ვიტამინების მიღება რამდენად რეკომენდებულია?
- კოვიდ-19-ის დროს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანს არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება, არც ვიტამინი და არც რაიმე ტიპის ანტიბიოტიკი თუ ჰორმონი არ სჭირდება. მისი იმუნური სისტემა იმდენად ძლიერია, რომ დასძლია პროცესს. ადამიანი, რომელსაც კორონავირუსის დაწყებიდან 1-3 დღეში არაფერი აღენიშნებოდა და შემდგომ დაეწყო გარკვეული სიმპტომები, მაგალითად, ყელის ტკივილი, მშრალი ხველა, ასეთ შემთხვევაში თუ ხველა შემაწუხებელია, რა თქმა უნდა, უნდა დაუკავშირდეს ოჯახის ექიმს, მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე და შეიძლება მშრალი ხველისთვის, სიროფის სახით რაიმე მედიკამენტი ურჩიოს. ექიმი გადაწყვეტს, ესაჭიროება თუ არა ვიტამინები. მაგრამ, უნდა ვიცოდეთ, რომ არ არსებობს არც ვიტამინი და არც რაიმე პრეპარატი, რომლის მიღების შემდეგ კორონავირუსი არ გადაგვედება ან არ გაგვირთულდება. უზარმაზარი რაოდენობის C ვიტამინს სვამს მოსახლეობა. ყოველი მეორე პაციენტი მეუბნებოდა, რომ შუშხუნა C ვიტამინს იღებს პროფილაქტიკისთვის. რა თქმა უნდა, C ვიტამინი კარგია მაშინ, როდესაც გვჭირდება. მას ხომ თავისი გვერდითი მოვლენები აქვს. შეიძლება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება გამოიწვიოს. არ არსებობს მეცნიერული კვლევა, რომ კორონავირუსზე უნდა მიიღოთ რომელიმე ჯგუფის ვიტამინი და ეს პრევენციისთვის გამოგადგებათ. ზოგადად, თუ გაქვთ საერთო სისუსტე, ან ანამნეზში ანემია, თუ იცით, რომ ვიტამინების დეფიციტს განიცდით, თავისი დოზის დაცვით უნდა მიიღოთ. ანტიკოაგულანტებთან დაკავშირებითაც მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა. ურთულესი პრეპარატებია, არ შეიძლება ასე თვითნებურად, ინტერნეტში ამოკითხული ან სხვა ადამიანებისგან მიღებული რჩევით მიღება. ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, გჭირდებათ, თუ არა. ერთადერთი რჩევაა ჯანსაღი კვება, მოძრაობა, სირბილი, ვარჯიში, თამბაქოსა და ალკოჰოლურ სასმელებზე უარის თქმა.
- იმისთვის, რომ არ გამოგვრჩეს ფილტვების ანთება, რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება?
- პნევმონია გულ-მკერდის ღრუში მდებარე სასუნთქი გზების ანთებაა და უფრო ღრმად ვრცელდება სასუნთქ გზებზე, ვიდრე ბრონქიტი. შეიძლება იყოს ქვედა სასუნთქი გზების ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი ინფექცია. იგი თავის გავლენას ახდენს ორგანიზმზე და იწვევს როგორც ალვეოლების ანთებას, გროვდება სითხე და შეიძლება დაჩირქებაც მოხდეს. პნევმონიის სიმპტომებია მშრალი ან სველი ხველა, თანმხლები ცხელებით. ასევე, შეიძლება განვითარდეს შემცივნება და სუფებრილიტეტი. თავიდან შეიძლება 37,5- 37,3 იყოს. ადამიანი გრძნობს სისუსტესა და დაღლილობას, ადინამიურია, სულ წოლა უნდა და არ არის აქტიური. ამავე დროს ხველა აქვს. თუ ბაქტერიული არ არის, მშრალი ხველაა, ხოლო თუ ბაქტერიულია - სველი, პროდუქტიული, მოყვითალო ფერის ნახველით. თუ პნევმონიას ბრონქიტიც ერთვის, ასეთ დროს ამოხველებაც უჭირთ ხოლმე. პნევმონიის სიმპტომები შეიძლება მსუბუქიც იყოს და მძიმეც. მის სიმძიმეზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს, მათ შორისაა, გამომწვევის ტიპი, პაციენტის ასაკი, ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა. ფილტვების ანთება უფრო მძიმედ 5 წლამდე ასაკის ბავშვებში მიმდინარეობს. პნევმონიის რისკფაქტორებია სიგარეტის მოწევა, ახლო წარსულში გადატანილი რაიმე ვირუსული დაავადება, სასუნთქი გზების ისეთი ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა ბრონქული ასთმა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, მუკოვისციდოზი და სხვა. ამიტომ, თუ რამდენიმე დღის განმავლობაში აღგენიშნებათ ტემპერატურის მატება, შემცივნება, ხველა, რომელიც არ მცირდება ან უარესდება, ხველების შედეგად ნახველის ევაკუაციის გაძნელება, სუნთვის უკმარისობაც თუ ჩაერთვება ჩვეულ ფიზიკურ დატვირთვაზე, სუნთქვის ან ხველის დროს ტკივილი გულ-მკერდის არეში, გაციების ან გრიპის შემდგომ მდგომარეობის უეცარი გაუარესება, ექიმს უნდა მივმართოთ.
თამარ იაკობაშვილი