ჯანდაცვის სპეციალისტი, პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ექიმი-თერაპევტი მაკა ბულეიშვილი ჩვენს მკითხველს ესაუბრება არა მხოლოდ იმაზე, თუ რა კვლევებს უნდა ვიტარებდეთ პროფილაქტიკისთვის და რა პრობლემებია მედიცინის კუთხით რეგიონებში, არამედ გვიმხელს, როგორი დედა იყო თავად და რა პრიორიტეტები ჰქონდა შვილის აღზრდისას:
- სისტემატურად, პროფილაქტიკისთვის, რა კვლევებს უნდა ვიტარებდეთ და რა სიხშირით, რომ გარკვეული დაავადებები გამოვრიცხოთ?
- პირველ რიგში, იმისათვის, რომ გრიპის სეზონი მშვიდად გადავატაროთ, ვაქცინაციაა ყველაზე მნიშვნელოვანი. გრიპის ან ინფლუენსას ვირუსით გამოწვეული პნევმონია რომ თავიდან ავირიდოთ, აუცილებლად უნდა ვიყოთ აცრილი. აცრიდან 2 კვირის შემდეგ ანტისხეულების გამომუშავება ხდება. შესაბამისად, პაციენტს გრიპი რომც შეხვდეს, ძალიან მსუბუქად გადააქვს, აღარ რთულდება. კორონავირუსმა ხელი შეუწყო იმას, რომ წელს გრიპის ვაქცინაციის ჩატარების მსურველთა რაოდენობა გაიზარდა. სამკომპონენტიანი და ოთხკომპონენტიანი ვაქცინა არსებობს. ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატარა ბავშვებში, მოხუცებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში. ნებისმიერი ვაქცინაციის ჩატარებისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. ამიტომ პირველი რჩევა ვაქცინაციაა, მეორე კი ჯანსაღი ცხოვრების წესი, თამბაქოზე უარის თქმა. მოგეხსენებათ, რომ მწეველები არიან ერთ-ერთი მთავარი კანდიდატები, რომლებსაც შესაძლოა ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ქრონიკული ბრონქიტი და ფილტვის სხვადასხვა დაავადება განუვითარდეთ. იმუნური სისტემის გაძლიერება, ფეხით სიარული, ვარჯიში, რაციონალური და დოზირებული კვება. სათანადო ჰიგიენის დაცვა, ხელების ხშირი დაბანა, საპნით. ძალიან მნიშვნელოვანია ოთახის განიავება. თუ სახლში ვინმე დასნებოვნებულია, კორონავირუსით, გრიპით ან მწვავე რესპირატორული დაავადებით, იზოლაციაში უნდა იყოს. ადამიანი, რომელიც აცემინებს, ქუჩა-ქუჩა არ უნდა დადიოდეს და სხვებს არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს. დაინფიცირებულ ადამიანს საკუთარი ჭურჭელი უნდა ჰქონდეს.
- რეგიონებში, სხვადასხვა სოფელში ხშირად დადიოდით და ეხმარებოდით უამრავ ადამიანს, უტარებდით გამოკვლევებს. ძირითადად, რა პრობლემები აწუხებს იქ მოსახლეობას და დღეს რამდენადაა მედიცინა მათთვის ხელმისაწვდომი?
- 2014 წელს გერმანიიდან ჩამოვედი და რეგიონებში სიარული დავიწყე. მოგეხსენებათ, დღესაც არ არის სახარბიელო მდგომარეობა, განსაკუთრებით პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით, ოჯახის ექიმის ინსტიტუტის განვითარება კვლავ პრობლემაა. განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, სადაც შეიძლება ხუთ სოფელს ერთი ოჯახის ექიმი ჰყავდეს, საკმაოდ რთულია გამოწვევებთან გამკლავება. ბოლო წლებში ამბულატორიები კი გაკეთდა, დაიდგა შენობები, მაგრამ აღჭურვილობა აუცილებლად გადასახედია, რადგან ცარიელი ხელებით არ უნდა იყოს ოჯახის ექიმი. მოვლილი მაქვს საქართველო, ზოგ სოფელში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი. ეს იყო უდიდესი ბედნიერება, როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ოჯახის ექიმებისთვისაც. აპარატურა ჩამქონდა, ვუტარებდი სხვადასხვა გამოკვლევას. მე დავიწყე ეს პროექტი და მერე სხვებიც შემოგვიერთდნენ, რაც ძალიან კარგია. ეს იქ მცხოვრები ადამიანებისათვის დიდი შვება იყო და ყოველთვის სიხარულით მელოდნენ. ვეხმარებოდი, როგორც შემეძლო, ზოგს დაფინანსების საკითხებში სჭირდებოდა გარკვევა და ასე შემდეგ. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან ქალები. გაუსაძლისი შრომა უწევთ. 40 წლის ასაკში გაცილებით ასაკიანებს ჰგვანან, მაღალმთიან სოფლებში ბევრი პრობლემა აქვთ მოხუცებს. რეგიონებში კლინიკები კი არის, მაგრამ ვიდრე იქამდე ჩაიყვანენ პაციენტს, 4-5 სოფელს ერთი ექიმი ჰყავს და ეს საკითხი მოსაგვარებელია. პირველადი ჯანდაცვის მხრივ ძალიან სეროზული მუშაობა გვჭირდება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით კი სარგებლობენ, მაგრამ იმ კონკრეტულ პოლიკლინიკაში ეს ვერ ტარდება იმიტომ, რომ არ არის შესაბამისი აღჭურვილობა. პანდემიის პერიოდში პირველადი ჯანდაცვის როლი განსაკუთრებით გამოიკვეთა და ყველამ დავინახეთ, რაოდენ მნიშვნელოვანია. როდესაც ძლიერია პირველადი ჯანდაცვა, იქ, რა თქმა უნდა, პრევენციულად, დაავადებების გავრცელების რიცხვი ყოველთვის ნაკლებია. ამიტომ, ზოგადად, ეს რგოლი ძალიან მაღალ დონეზე უნდა იყოს განვითარებული. კარგი ოჯახის ექიმები გვყავს, მაგრამ ამას ყურადღება წლების განმავლობაში არ ექცეოდა და ახლა გამოჩნდა, რომ მათ უდიდესი როლი აქვთ პროცესის მართვაში. აქიდან გამომდინარე, ძალიან სერიოზული მუშაობაა საჭირო.
- დატვირთული სამუშაო გრაფიკის პარლელურად, დედა ხართ. როგორ გაზარდეთ შვილი, რა პრიორიტეტები გქონდათ, რას ანიჭებდით შვილთან ურთიერთობისას უპირატესობას და როგორ ფიქრობთ, რა შეცდომებს უშვებენ ხოლმე ძირითადად მშობლები?
- მყავს ერთადერთი ვაჟი, რომელიც სულ მალე 23 წლის გახდება. 4 შვილი მინდოდა, მაგრამ ალბათ ყველაფერი ერთად არ გამომივიდოდა. 23 წლის წინ, როდესაც ჩემი შვილი გაჩნდა, ვფიქრობდი, რომ კიდევ განვვითარდებოდი ჩემს დარგში. ყველანაირი პირობა მქონდა, ოჯახიდანაც ხელს მიწყობდნენ. კარგი დედა ვიყავი, მე და ჩემი შვილი ვმეგობრობთ. მის აღზრდაში ძალიან მეხმარებოდა დედა, დედამთილი. ბუნებრივ კვებაზე მყავდა, 3 თვის შემდეგ სამსახურში უნდა გავსულიყავი, იმიტომ, რომ ახალგაზრდა ექიმი ვიყავი, ძლივს ვიშოვნე ადგილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში და არ მინდოდა, დამეკარგა. არ დამავიწყდება, ნახევარ განაკვეთზე ვმუშაობდი, გავიქცეოდი, მივიღებდი პაციენტებს და უკან ვბრუნდებოდი ჩემს შვილთან. დღის განმავლობაში ორჯერ მივდიოდი და თან იმ ფონზე, რომ ტრანსპორტით გადაადგილება ძალიან შეფერხებული იყო. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად მიყვარს, მაგრამ ჩემმა კარიერულმა წინსვლამ, იმან, რომ ექიმი ვიყავი, ის, რომ ღამეები ვმორიგეობდი, რაღაცები მგონია, რომ დააკლო. ახლა ვფიქრობ, რომ მიუხედავად ბებიების ზრუნვისა, ალბათ მას მაინც დედა უფრო მეტად უნდოდა გვერდით ჰყოლოდა. თუმცა, დღეს ძალიან ამაყია ჩემით. დიდი ტკივილი იყო ჩემთვის ის, რომ მან სამედიცინო უნივერსიტეტი არ აირჩია. მინდოდა, მემკვიდრე დამეტოვებინა. როცა ვკითხე, რატომ არ უნდოდა ეს მიმართულება, მითხრა, რომ ეს უდიდესი შრომაა და არც ისე დაფასებულია ჩვენს ქვეყანაში. დაამთავრა საერთაშორისო ურთიერთობები, პანდემიის პირობებში გამომიტყდა, რომ დაგეძალებინა, შეიძლება ჩამებარებინა კიდეც სამედიცინო მიმართულებითო. თუმცა, არასდროს დამიძალებია არაფერი, ყოველთვის ვიცავდი მის უფლებებს, პატივს ვცემდი მის არჩევანს. ბავშვის არჩევანი და გადაწყვეტილებები ყოველთვის პრიორიტეტული უნდა იყოს. ფეხბურთზე დადიოდა. ერთ დღეს თქვა, რომ აღარ უნდოდა სიარული. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდოდა, გაეგრძელებინა, არ დამიძალებია. ბავშვებისთვის და განსაკუთრებით მოზარდებისთვის, უფლებები და განაცხადი ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვი ინდივიდია, პიროვნებაა და უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილების მიღების უფლება. არასდროს დამიძალებია რაიმე ფაფის ან საკვების მიღება. არც ეს შეიძლება. ზოგჯერ ბავშვს გული ერევა და მაინც აჭმევენ... მეგობრები ვართ, განიცდის, ასეთი დატვირთული გრაფიკი რომ მაქვს, თუმცა ძალიან ამაყია.
თამარ იაკობაშვილი