ჯანმრთელობააქტუალური
"ვაქცინის ყველა გართულება 60 დღემდე ვლინდება, ამიტომ დაველოდოთ ბრიტანეთის შედეგებს მარტამდე, ნუ ვიჩქარებთ ვაქცინის შემოტანას" - გიორგი ფხაკაძე
"ვაქცინის ყველა გართულება 60 დღემდე ვლინდება, ამიტომ დაველოდოთ ბრიტანეთის შედეგებს მარტამდე, ნუ ვიჩქარებთ ვაქცინის შემოტანას" - გიორგი ფხაკაძე
ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ ვიდეოლაივის მეშვეობით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაქცინის შემოტანა საქართველომ არ უნდა იჩქაროს. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ევროპაში მასობრივი ვაქცინაციის დაწყებიდან 60 დღე უნდა გავიდეს, რათა დავწმუნდეთ, რომ ვაქცინა უსაფრთხოა.
„ვაქცინის შესახებ გეტყვით იმას, რაზეც ბევრი არ ლაპარაკობს. როგორც იცით, "ფაიზერის" ვაქცინის შემთხვევაში ჯერ კეთდება ერთი ინექცია, 28 დღის შემდეგ კეთდება მეორე და აქედან 14 დღის შემდეგ იწყება იმუნიტეტის გამომუშავება. როცა ადამიანს გაუჩნდება იმუნიტეტი, ყველაზე
საინტერესო ამბავი მერე იწყება. პირველ 30-45 დღეში (იმუნიტეტის გაჩენიდან) გამოვლინდება, გამოიწვია თუ არა ვაქცინამ რაიმე უკუჩვენება. სწორედ ამ პერიოდში ამოტივტივდება ყველაზე მთავარი გართულებები. კლინიკურ კვლევებში ჩართულ ადამიანებს გამუდმებით უტარებენ ყველა სახის კვლევას, რათა დაადგინონ, გამოიწვია თუ არა რაიმე უკუჩვენება ვაქცინამ. ყველაზე სერიოზული გამოწვევები შეიძლება გამოჩნდეს სწორედ 30-45 დღეში. კიდევ უფრო დაზუსტებულია მონაცემები, როცა იმუნიტეტის გაჩენიდან გასულია 60 დღე. თუ 60 დღეში არაფერი გამოვლინდა, ესე იგი ვაქცინა არის უსაფრთხო. აქედან გამომდინარე ვამბობ, ნუ ჩქარობთ, დამშვიდდით და დაწყნარდით. როდის მიიღო ფაიზერმა ჯანდაცვის მსოფლიომ ორგანიზაციიდან თანხმობა? წინასაახალწლოდ, ჩავთვალოთ, 1-ლი იანვრიდან. ჯობია საქართველოში ვაქცინა შემოვიდეს მისი დამტკიცებიდან 60 დღის შემდეგ. ბრიტანეთში მიმდინარეობს ვაქცინაცია და იქ ისეთი ელექტრონული ბაზებია, მაშინვე
ამოტივტივდება, თუ რაიმე სახის გართულებები გამოიწვია. იქ ვერავინ ვერაფერს დამალავს. ყველაფერი ძალიან დიდი კონტროლის ქვეშ არის. ამიტომ დაველოდოთ, ხალხნო, პირველ შედეგებს, რომლებსაც უკვე თებერვალში დავინახავთ. თუ მასობრივი პრობლემები არ გამოჩნდა, ესე იგი უსაფრთხოა. ერთეულ შემთხვევებში შეიძლება ვინმემ გაიკეთოს ვაქცინა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალოს, მაგრამ სულ არ იყოს ეს ვაქცინის ბრალი - სიკვდილი დედამიწაზე ვაქცინაციით ხომ არ გაჩერდება. ჩემი რჩევაა, დაველოდოთ შედეგებს,“ - ამბობს გიორგი ფხაკაძე. მისი თქმით, ამ ეტაპზე საქართველო არც არის მზად ვაქცინაციის დასაწყებად, რადგან ერთიანი ელექტრონული სამედიცინო ბაზა არ აქვს.
თუ რომელი ვაქცინა შემოვა საქართველოში, ფხაკაძე ფიქრობს, რომ ეს ჯერ არავინ იცის.
„არავინ იცის, საქართველოში რომელი ვაქცინა შემოვა, რადგან საქართველოს ამ გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია. განსხვავებით სხვა პატარა ქვეყნებისგან, რომლებსაც ძლიერი პოლიტიკური თუ ეკონომიკური გავლენები აქვთ. სიმართლე ვთქვათ, რა ნამცეცებსაც გაიმეტებენ, მადლობა უნდა ვთქვათ. ამიტომ ნუ ვიჩქარებთ, დრო ჩვენს სასარგებლოდ მუშაობს. რატომ ვჩქარობთ. ვაქცინა კარგი ხაჭაპურივით არის გამზადებული და ღუმელშიც კი შედგმულია, მაგრამ გამოცხობა აკლია. ვაცადოთ 60 დღე. მარტამდე ყველა მისი უკუჩვენება გამოჩნდება. მანამდე მოვემზადოთ, ელექტრონული ბარათები დავამზადოთ, ექიმები დავატრენინგოთ. ინფრასტრუქტურა დავალაგოთ, უსაფრთხოების ზომები მივიღოთ, რომ ადამიანები ვაქცინაციის დროს არ დაინფიცირდნენ. როგორც ვთქვი, იმუნიტეტი მეორე დოზის გაკეთებიდან 14 დღეში ჩნდება. ანუ პირველი ინექციიდან თვენახევრის განმავლობაში თქვენ დაუცველი ხართ და ნებისმიერ ადგილას შეიძლება შეგხვდეთ ვირუსი, სადაც წესებს სათანადოდ არ იცავენ“, - აცხადებს ფხაკაძე.
წყარო
ბეჭდვა