თუ თქვენს შვილს COVID-19-ის გადატანის შემდეგ აღენიშნება გახანგრძლივებული ტემპერატურა, გამონაყარი, გასტროინტესტინული სიმპტომები და სხვა, მნიშვნელოვანია, რომ პედიატრს დროულად მიმართოთ და გამორიცხოთ მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, ხოლო, დადასტურების შემთხვევაში, დროულად დაიწყოთ მკურნალობა. უფრო ზუსტად დამახასიათებელი სიმპტომებისა და კლინიკური გამოვლინებების შესახებ ექიმი პედიატრი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი თემურ მიქელაძე Mshoblebi.ge-სთან საუბრობს:
- ბავშვებში ძირითადად COVID-19-ის მსუბუქი ფორმები გვხვდება, თუმცა იშვიათ შემთხვევებში შეიძლება მიმდინარეობდეს მძიმედ და კლინიკური გამოვლინებები მოზრდილებისგან განსხვავდებოდეს. 2020 წლის აპრილში გაერთიანებულ სამეფოში კავასაკის სინდრომისა და ტოქსიური შოკის სინდრომის არასრული გამოვლინება აღიწერა.შემდეგ სხვადასხვა ქვეყანაში იმავე სინდრომების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია: აშშ, იტალია, ესპანეთი, გერმანია, აზიის ქვეყნები და ა.შ (სწორედ აღნიშნულ ქვეყნებში იყო COVID-19-ის მასიური გავრცელება). მიუხედავად იმისა, რომ MIS-C-ს შემთხვევები გაურკვეველია/აუხსნელია, ეს როგორც ჩანს, COVID-19 -ის იშვიათი გართულებაა ბავშვებში. ერთ ანგარიშში ლაბორატორიულად დადასტურებული SARS-COV-2 ინფექციის მატარებლებში 322 დაავადებულიდან (<21 წლამდე) 100 000 მოსახლეზე MIS-C-ის 2 შემთხვევა იყო, (ანუ 2:100 000). მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებს MIS-C-ით ახასიათებს კრიტერიუმები სრული ან არასრული კავასაკის დაავადებისა, ეპიდემიოლოგია განსხვავდება კლასიკური KD-სგან. MIS-C-ის შემთხვევათა უმეტესობა უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში იყო. პროპორციულად დაავადებულნი იყვნენ შავკანიანი და ლათინოამერიკელი ბავშები. კლასიკური KD ვლინდება და აზიანებს აზიური წარმოშობის ახალშობილებსა და ძირითადად 5 წლამდე ასაკის ბავშვებს.
MIS-C-ის პათფიზიოლოგია არ არის კარგად შესწავლილი, ითვლება, რომ გამოწვეულია ვირუსის პათოლოგიური იმუნური რეაქციით, KD-ს ზოგიერთი კლინიკური მსგავსებით - მაკროფაგების აქტივაციის სინდრომსა და ციტოკინების გამოყოფის სინდრომთან. თუმცა, MIS-C-ს აქვს იმუნოფენოტიპი, რომელიც განსხვავდება KD და მაკროფაგების აქტივაციის სინდრომისგან. დაავადებული ბავშების უმეტესობას აქვთ დადებითი სეროლოგია SARS-CoV-2-ის უარყოფითი PCR-ით, რაც კიდევ უფრო ამყარებს ჰიპოთეზას, რომ MIS-C უკავშირდება იმუნური რეგულაციების დარღვევებს მწვავე ინფექციის ჩათავების შემდეგ, ზოგიერთს აქვს დადებითი PCR ტესტი (მე პირადად მქონდა ორი შემთხვევა, როდესაც სეროლოგიით აღმოჩნდა SARS-CoV-2 Ig-G ანტისხეულები. ორივე პაციენტის ზოგადი მდგომარეობა გაუმჯობესდა).
მუცლის ღრუს ვიიზუალიზაცია - მუცლის ღრუს ულტრასონოგრაფიის ან CT კვლევის დასკვნებშია: თავისუფალი სითხე, ასციტი, ნაწლავის და მეზენტერიული ანთება, მოიცავს ტერმინალურ ილეიტსაც. მეზენტერიულ ადენოპათია/ადენიტი, ან პერიქოლეცისტური შეშუპება.
აუცილებელია კლინიკური ნიშნების დროული ამოცნობა და პაციენტის დროული ჰოსპიტალიზაცია მულტიპროფილურ პედიატრიულ კლინიკაში. მულტიდისციპლინური თერაპიული მართვა მოიცავს: ბავშვთა პროფილის ინფექციონისტის, რევმატოლოგის, კარდიოლოგის, ინტენსიური თერაპიის ექიმისა და ჰემატოლოგის ჩართვას. დროული და სწორად წარმართული თერაპიის დროს აბსოლუტურ უმრავლესობაში გამოსავალი კეთილსაიმედოა. P.S აღნიშნული მულტისისტემური ანთების სინდრომი არ არის ახალი და ის ხშირად გვხვდება სხვადასხვა ეპიდემიისა და პანდემიის დროს.
თამარ იაკობაშვილი