როდის ითვლება გოგონასთვის ციკლი ნაადრევად ან დაგვიანებულად და რა უნდა იცოდეს დედამ მტკივნეულ მენსტრუაციაზე
როდის ითვლება გოგონასთვის ციკლი ნაადრევად ან დაგვიანებულად და რა უნდა იცოდეს დედამ მტკივნეულ მენსტრუაციაზე

მოზარდებისთვის ხშირად მენსტრუაცია დისკომფორტთან ასოცირდება, განსაკუთრებით არასასიამოვნო მაშინაა, როცა თან ტკივილი ახლავს. ბევრი მშობელი ამას ნორმალურ მოვლენად მიიჩნევს, თუმცა გასათვალისწინებელია ტკივილის ხარისხი, გამონადენის რაოდენობა, ხანგრძლივობა, შუალედი და სხვა. რა იწვევს ძირითადად მტკივნეულ მენსტრუაციას, როგორ უნდა ვუმკურნალოთ მას და რა კვლევების ჩატარებაა აუცილებელი. თემაზე ნინო იამანიძე, საპატრიარქოს სამედიცინო ცენტრის სამეანო მიმართულების ხელმძღვანელი გვესაუბრება:

- მტკივნეულ მენსტრუაციას სამედიცინო ენაზე დისმენორეა ეწორება. თავისი კლასიფიკაციით იგი ორად იყოფა. არის პირველადი და მეორადი. პირველადი დისმენორეა, რომელიც ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების სიჭარბითაა გამოწვეული, მეორადი დისმენორეა კი დაკავშირებულია
გენიტალურ სისტემასთან ასოცირებულ პათოლოგიებთან, ისეთი როგორიცაა ფიბროიდები(მიომა), ენდომეტრიოზი და სხვა. მოზარდებში ლომის წილი პირველად დისმენორეაზე მოდის, რა დროსაც საშვილოსნოს შიგნითა შრის ლორწოვანის დონეზე ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ჭარბი გამოყოფა ხდება და იწვევს სიმპტომთა კომპლექსს, რასაც ჩვენ მტკივნეულ მენსტრუაციას ვუწოდებთ. იშვიათი შემთხვევებია, როდესაც მოზარდ გოგონებს მეორადი დისმენორეით გამოწვეული კლინიკური სურათი უვლინდებათ.

- ტკივილის გარდა კიდევ რა სიმპტომებს უჩივიან მენსტრუაციის დროს?

- მტკივნეულ მენსტრუალურ სისხლდენებს ხშირად ახლავს შემდეგი თანდართული სიმპტომი: გულის რევა, ღებინება, საერთო სისუსტე, კუნთების ტკივილი. შესაძლებელია ასევე სხეულის ტემპერატურის მომატება, თუმცა ეს სიმპტომი არც თუ ისე ხშირია.

- რა კვლევებია საჭირო, როცა მოზარდი მენსტრუაციის დროს მუცლის ტკივილს უჩივის?

- პირველ რიგში, მშობელი უნდა გაერკვეს, რა ხასიათისა და ხარისხის
პრობლემასთან აქვს საქმე, ვინაიდან არსებობს ტკივილის მსუბუქი, საშუალო და მძიმე ფორმები. თუ ძლიერი ტკივილია და თან ახლავს გულისრევა-ღებინება, შრომის უნარის დაქვეითება, ფიზიკური აქტივობის მინიმუმამდე დაყვანა, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ ექიმი ჩაერთვება აღნიშნული პროცესის მართვაში, რაც შეეხება კვლევებს, ვინაიდან ეს გენიტალური სისტემისთვის დამახასიათებელი პრობლემაა, ულტრასონოგრაფიულ კვლევას წამყვანი როლი ენიჭება. ასევე, საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლოა ჩატარდეს ბიმანუალური კვლევა(რექტალური გასინჯვა), ჰორმონალური გამოკვლევა და სხვა. აუცილებელია ანამნეზის სრულფასოვანი შეკრება, გამოკითხვის დროს ვითვალისწინებთ გენეტიკურ ფაქტორს და აუცილებლად ვკითხულობთ, დედის ხაზით ხომ არ იყო მსგავის პრობლემა.
mshoblebi

- შეიძლება ტკივილი ყოველგვარი პათოლოგიის გარეშე მიმდინარეობდეს და მშობელი მშვიდად იყოს?

- ორგანიზმში ტკივილის სიმპტომის გამოწვევა უმიზეზოდ არასდროს ხდება. ტკივილი არ მოიაზრება, როგორც ნორმალური მდგომარეობა. აქიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გარკვეული ტიპის პათოლოგიაა. უბრალოდ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა ეტაპზე და როგორ ჩავერთოთ სამკურნალოდ და ხელის შესაწყობად.

- როდის უნდა მივხვდეთ, რომ ექიმის ჩართვა აუცილებელია პროცესში?

- ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლის ჩართულობას, ვინაიდან, ის მუდმივად საქმის კურსში უნდა იყოს სისხლდენის ინტენსივობაზე, მის ხასიათსა და რაოდენობაზე. არსებობს მენსტრუალური სისხლდენები, რომლებიც ნორმად ითვლება და ამიტომ, ნორმისა და პათოლოგიის აღქმის უნარი უნდა ჰქონდეს, ვინაიდან, როდესაც პათოლოგიური სისხლდენები ვლინდება, აუცილებელია ექიმთან ვიზიტი. სისხლის ჭარბი რაოდენობით დაკარგვის შემთხვევაში ორგანიზმი ჰემოგლობინის დეფიციტს განიცდის და მოზარდზე უარყოფითად აისახება. 2-3 პაკეტი დღე-ღამის განმავლობაში, რომელიც ჯერდება სისხლით, ნორმაა. საერთო მოცულობა დაახლოებით 80 მლ-ია. აქიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია მისი კონტროლი. საყურადღებოა სისხლდენის ხასიათი, მისი ფერი, კოლტებითაა თუ თავისუფალი სისხლის სახით. სისხლის ფერი ინდივიდუალურია და კონკრეტულად ვერ იტყვი, რა არის იდეალური ნორმა, მაგრამ არ უნდა იყოს მუქი ყავისფერი, გახანგრძლივებული, ჭარბი რაოდენობის იმიტომ, რომ ნორმის ფარგლებში, მენსტრუალური სისხლდება საშუალოდ 7 დღემდე გრძელდება. ხოლო მენსტრუალური ციკლის შუალედის ნორმად მიჩნეულია 24-დან 35 დღემდე. ამ დროის მონაკვეთში უნდა მეორდებოდეს მენსტრუალური სისხლდენა. 24-ზე ადრე ან 35 დღეზე გვიან ციკლის დარღვევად ითვლება და ყურადღებას საჭიროებს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ მოზარდის ორგანიზმი ზრდა-განვითარების და ჩამოყალიბების პროცესშია, ხოლო სრულფასოვნად ჩამოყალიბებას გარკვეული დრო სჭირდება. ჩამოყალიბების პროცესი კი მენარხედან ანუ პირველი მენსტრუაციიდან საშუალოდ 1,5-2 წლის განმავლობაში ხდება. თუ ამ პერიოდში აღინიშნება მენსტრუალური ციკლის მსუბუქი ხასიათის დარღვევები (გახშირებული,ზომიერად გახანგრძლივებული ან შემცირებული და გაიშვიათებული მენსტრუალური სისხლდენები, დიკომფორტი და მსუბუქი ხასიათის ტკივილი მუცლის ქვედა არეში) რომელიც არ იწვევს ზოგადათ ორგანიზმის ჰომეოსტაზის დარღვევას, ამ ეტაპისთვის შედარებით ნორმად ითვლება.

- ზოგიერთი მშობელი ნებისმიერ დარღვევას იმით ხსნის, რომ ჯერ გოგონას სხეული ჩამოუყალიბებელია და ფიქრობს, რომ ყველაფერი თვითონ დალაგდება. რა არის ის სიმპტომები, როცა ნამდვილად საჭიროა ექიმთან კონსულტაცია?

- თუ 1,5-2 წლის შემდეგ არ მოხდა მენსტრუალური ციკლის რეგულაცია, შესაბამისად ექიმს უნდა მიმართონ. თუმცა, ზემოთ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მოზარდის ჩივილები საშუალო სიმძიმის ან მძიმე სიმპტომატიკით ხასიათდება, რა თქმა უნდა, რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია. საშუალო სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებთ, აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ყველაზე ხშირად დისმენორეის გამოვლენა ხდება მენარხედან 6 თვის შემდეგ, ხოლო მისი ინტენსივობა კი 24 წლის შემდგომ მცირდება. მტკივნეული მენსტრუაცია უფრო ახალგაზრდა გოგონებისთვისაა დამახასიათებელი. 24 წლის შემდეგ სტატისტიკურად, უფრო მცირდება ეს სიმპტომი და უკანა პლანზე გადადის. ასაკთან ერთად დადებით ეფექტს ახდენს სქესობრივი ცხოვრების დაწყება, ორსულობა-მშობიარობის პროცესი, მიუხედასვად ამისა, გარკვეულ პაციენტებს რეპროდუქციული ასაკის ბოლომდე უნარჩუნდებათ აღნიშნული პრობლემა. მაგალითისთვის, თუ მოზარდს დასაწყისშივე მენსტრუაცია ძალიან მტკივნეული ან ძლიერი სისხლდენით იწყება, მშობელმა არ უნდა ჩათვალოს, რომ 2 წლის განმავლობაში დარეგულირდება და აუცილებლად ექიმს უნდა მიმართონ.

- მტკივნეული მენსტრუაციის მკურნალობის რა გზები არსებობს?

- მე ამ შემთხვევაში გავამახვილებ არაფარმაკოლოგიურ მკურნალობის მეთოდებზე ყურადღებას:
არსებობს კვლევები, რომლებმაც აჩვენა ფიზიკური აქტიურობის დადებითი ეფექტი. მუცლის ტკივილის დროს თბილი და არა ცხელი აბაზანებია რეკომენდებული, მნიშვნელოვანია გარკვეული სითბური ჯაჭვის შექმნა მუცლის ქვედა არეზე. საუბარია ნელ-თბილსა და არა ცხელზე. გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება კვების რაციონის შეცვლას. აღნიშნულ დღეებში უპირატესობა ენიჭება მცენარეული წარმოშობის პროდუქტებს, უჯრედისით გამდიდრებულ საკვებს, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით მდიდარ პროდუქტებს (თევზი და ზღვის სხვა პროდუქტები) ასევე, მნიშვნელოვანია კვების რაციონის ცხოველური წარმოშობის პროდუქტების დროებით ამოღებას, ისეთი როგორიცაა ხორცი, კვერცხი. ძალიან კარგია იოგა. რაც შეეხება მედიკამენტოზურ მკურნალობას, ყველაზე მარტივი ვიტამინოთერაპიაა. უკანასკნელმა კვლევებმა დაადგინა, რომ B ჯგუფის ვიტამინებს, პლაცებოსთან შედარებით, გაცილებით დადებითი ეფექტი აქვს. ასევე, მაგნიუმის შემცველი პრეპარატები კარგ ზეგავლენას ახდენს ტკივილის კუპირების მიზნით. სპეციფიური მკურნალობის სახით გამოიყენება უშუალოდ იმ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების (პროსტაგლანდინების) საწინააღმდეგო პრეპარატები, რომლებიც ბლოკავენ მათ აქტიურობას და ამ სახით იწვევენ ტკივილის შემსუბუქებას.

- როგორ სინჯავს მოზარდს გინეკოლოგი, რა თანამედროვე მეთოდები არსებობს, რომ გოგონასთვის ეს უხერხული არ იყოს და ექიმთან ვიზიტზე უარის თქმის მიზეზი არ გახდეს?

- პირველ რიგში, რეკომენდებულია კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა, მით უმეტეს ახალგაზრდა მოზარდი პაციენტისთვის, ვინაიდან უფრო მოსახერხებელი იყოს მასთან ურთიერთობა და შესაბამისად, მისი ნდობის მოპოვება,რაც წინასწარ უკვე წარმატებული შედეგის საწინდარია. რა თქმა უნდა, დღეს არსებობს თანამედროვე ინსტრუმენტალური კვლევები, რომლებიც გამოიყენება საჭიროების შემთხვევაში.

- როდის ითვლება გოგონასთვის ციკლი ნაადრევი ან დაგვიანებული და რა უნდა გააკეთოს მშობელმა, თუ ადრეულ ასაკში ეწყება გოგონას მენსტრუაცია ან პირიქით - აგვიანებს?

- ჩვენი ქვეყნის პირობებში დადგენილია, რომ საშუალოდ მენარხე გოგონებში დგება 12 წლის ასაკში, მაგრამ ნორმად ითვლება 10 წლიდან 15-16 წლამდე. თუ მოზარდს 10 წლამდე ეწყება მენარხე, ეს ნაადრევი პროცესია და თუ 16 წლის ზემოთ - უკვე დაგვიანებულია. 10 წლამდე მენსტრუაციას ნაადრევი სქესობრივი მომწიფება ეწოდება, ხოლო 16 წლის ზემოთ, როგორც ვთქვი, დაგვიანებული სქესობრივი მომწიფება. ამ დროს მშობელმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.

- რა არის ის აუცილებელი წესები, რაც უნდა დაიცვას გოგონამ ციკლის დროს და რაც მშობელმა უნდა ასწავლოს?

- პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ მშობლმა მოზარდს სრულფასოვანი ინფორმაცია მიაწოდოს, დაელაპარაკოს მენარხეს დადგომამდე, აუხსნას ამ მოვლენის მნიშვნელობის შესახებ, გადასცეს საკუთარი გამოცდილება, რათა მოზარდი ფსიქო-ემოციურად მომზადებული შეხვდეს ფაქტს. ასევე, მნიშვნელოვანია რჩევა-დარიგება ჰიგიენის დაცვასთან დაკავშირებით.

- მშობლების შფოთვის მიზეზია ჭარბი ან ზომაზე ნაკლები ოდენობის გამონადენი. როგორ უნდა აკონტროლოს მშობელმა, ჭრბი ხომ არაა სისხლდენა?

- როგორც ვთქვი, საფენების რაოდენობის კონტროლი მნიშვნელოვანია და, რა თქმა უნდა, მოზარდის ზოგადი მდგომარეობის შეფასება, აღნიშნულ დღეებში. პირველი სიგნალი მაინც მოზარდისგან მოდის. იმ მომენტში, როდესაც მოჭარბებული რაოდენობით აქვს სისხლიანი გამონადენი, მაშინვე ეუბნება დედას. თუ თან ახლავს საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა, ორგანიზმის ანემიზაციისთვის დამახასიათებელი კლინიკური მოვლენები, შესაბამისად ექიმთან კონსულტირება აუცილებელია.

- ყველაზე ხშირად რა გინეკოლოგიური დარღვევები გვხვდება მოზარდებში?

- ყველაზე ხშირია მენსტრუალური ციკლის დარღვევა, რომელიც განპირობებულია ჯერ კიდევ უმწიფარი ჰორმონალური სისტემის არსებობით, რაც ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის დამახასიათებელია. მენსტრუაცია მათ შემთხვევაში არარეგულარულია და ხშირად მოგვმართავენ აღნიშნული პრობლემით.

თამარ იაკობაშვილი

2708
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი