"მაღალი სიცხის დროს ბავშვის დაზელვამ შესაძლოა უფრო დიდი გადახურება გამოიწვიოს" - როგორ უნდა მოუაროთ სიცხიან ბავშვს
ყველა მშობელი ცდილობს დაიცვას ბავშვი გაციებისა და ვირუსებისგან, თუმცა ეს არც ისე მარტივია. მშობლებმა ზოგჯერ არ იციან სად უშვებენ შეცდომებს და რას აკეთებენ სწორად. ვირუსის და მაღალი ტემპერატურის დროს, ზოგიერთი ხშირად ისეთ მეთოდს მიმართავს, რომელიც დაუშვებელია. პედიატრმა, თსსუ პროფესორმა მაია ხერხეულიძემ გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა. მათ შორის, როგორ დავიცვათ ბავშვი ვირუსებისგან, ასევე როგორ მოვუაროთ მათ და როგორ ვკვებოთ ავადმყოფობის დროს.

ბებიების მეთოდი: არყით დაზელა, კომბოსტოს საფენი, სველი ტილოების დაფენა სხეულის არეში

ცივი წყლით დაზელა, ან
ცივი ტილოების სხეულზე მოთავსება მაღალი ტემპერატურის დროს არ არის მიზანშეწონილი. ცივი წყლის მოხვედრისას სისხლძარღვების შევიწროება ხდება და ამან შესაძლოა კიდევ უფრო დიდი გადახურება მოგვცეს. შესაძლოა ტემპერატურა გაზარდოს, ან ბავშვს დააწყებინოს კანკალი და კიდევ უფრო მეტი სითბო წარმოიქმნას. დაზელვას აქვს თავისი მნიშვნელობა, მაგრამ ამისთვის გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ თბილი წყალი. სხვა არანაირი მინარევების გამოყენება არ არის საჭირო. მცირე ასაკის ბავშვებში განსაკუთრებით არ შეიძლება სპირტის და სხვა სახის ალკოჰოლის გამოყენება დასაზელად. ერთის მხრივ მან შესაძლოა კანის გაღიზიანება გამოიწვიოს, ასევე, ბავშვებში ძალიან კარგად არის განვითარებული სისხლძარღვოვანი ქსელი, ამიტომ კანი
დან ძალიან ადვილად ხდება კანზე მოხვედრილი ნივთიერებების შეწოვა. შესაბამისად, სპირტიანმა საფენებმა შესაძლოა გაგვიუარესოს ზოგადი მდგომარეობა. თუ მაღალი ტემპერატურაა და დედა ხედავს, რომ ამ დროს ბავშვს გაყინული აქვს კიდურები, შეიძლება თბილ წყალში ჩავაყოფინოთ ხელი და ფეხი, დავზილოთ თბილი წყლით, რადგან სისხლძარღვები ოდნავ მაინც გავაფართოვოთ და სითბოს გაცემა გავაძლიეროთ. არ შეიძლება მაღალი ტემპერატურის დროს ზედმეტი ჩაფუთვნა. პირიქით, ტანსაცმელი უნდა იყოს ძალიან თხელი, რათა ბავშვმა ადვილად გასცეს სითბო. კომბოსტოს საფენებს ტემპერატურის დროს არ ვიყენებთ. თუმცა არის გარკვეული კვლევები, რომელიც ძირითადად მიმართულია ქალებზე. კომბოსტოს საფენებს ხმარობენ, როდესაც არის სარძევე ჯირკვლის გამკვრივება. ასევე მისი გამოყენება ხდება სახსრების პრობლემების დროს. აქვე მინდა ვთქვა, რომ კომბოსტოს გამოყენება ზიანს არ მოგვიტანს, თუმცა მაინცდამაინც არც სარგებელი ეფექტი აქვს.
mshoblebi

როგორ მოიქცეს მშობელი, როცა ბავშვს მაღალი ტემპერატურა აქვს.

ავადობის დროს უნდა გავზარდოთ სითხის რაოდენობა. შესაძლოა საკვებს იმდენად არ იღებდეს, მაგრამ სითხის მიღება აუცილებელია, რადგან ავადობის დროს ბევრი სითხე იკარგება და არ უნდა განვითარდეს გაუწყლოება. დიდი მნიშვნელობა აქვს ფიზიოლოგიური წყლით სასუნთქი გზების გამორეცხვას.
ხველაზე ძალიან კარგად მოქმედებს ოთახის დატენიანება. ხშირ შემთხვევაში ინფექციის და ანთების დროს ვითარდება შიდა სასუნთქი გზების სიმშრალე. ამიტომ თუ ამ დროს ბავშვის ოთახში დამატენიანებელს დავდგამთ, რომელიც უბრალო ჰაერს დაატენიანებს, შესაძლოა მანაც ძალიან შეგვიმსუბუქოს ხველა და სხვა სიმპტომები. ანუ, ძალიან მარტივად, წყლიანი ჯამი შესაძლოა გახდეს ძალიან კარგი საშუალება.

როგორ დავიცვათ ბავშვი ინფექციებისგან?

პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ შეიძლება შევუწყოთ ხელი ავადობის პრევენციას, რომ საერთოდ არ განვითარდეს ინფექციები. მოგეხსენებათ, გვიანი შემოდგომა და ზამთარი არის ძირითადად სასუნთქი სისტემის ინფექციების პერიოდი. ამ თვალსაზრისით გრიპი ერთ-ერთი მძიმედ მიმდინარე ვირუსია ვირუსულ ინფექციებს შორის. რაც უფრო მცირე ასაკის არის ბავშვი, ინფექციების სიხშირე მით უფრო მეტია. ამიტომ, პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ თავის დაცვაზე.

ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ჰიგიენის ნორმების დაცვა. როდესაც ბავშვი ან მოზრდილი ადამიანი არის ავად, ის უნდა დარჩეს სახლში, არ იაროს ქუჩაში, რადგან ავადმყოფობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია დასვენება. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ძილს.
როცა ჰიგიენაზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია ხელების დაბანა. ვირუსული ინფექციები ვრცელდება, მაგალითად, როდესაც ხველის და ცემინების დროს ხელს პირზე ვიფარებთ და შემდეგ ამ ხელს ვართმევთ სხვა ადამიანს, ჩვენ მას პრაქტიკულად გადავცემთ ინფექციებს. ამიტომ ვრცელდება ინფექცია ძალიან სწრაფად. ვირუსების თავიდან ასაცილებლად ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაცია. ვაქცინაცია ეს არის კაცობრიობის უდიდესი მონაპოვარი, რომელმაც საშუალება მოგვცა, ის დაავადებები, რომლებიც შიშის ზარს სცემდა წინა საუკუნეებში კაცობრიობას, საერთოდ აღმოფხვრილიყო. დაავადებები, რომელიც ძალიან რთულად მიმდინარეობდა, მაგალითად, დიფტერია, პოლიომიელიტი, ყივანახველა და ა.შ., პრაქტიკულად აღარ გვხვდება.
როცა ვირუსული ინფექციებისგან დაცვაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება გვერდი ავუაროთ კვების ნაწილს. მნიშვნელოვანია ძუძუთი კვების ხელშეწყობა. გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ წელს ჩატარდა კვლევა, რომელიც სხვა ბევრ პარამეტრთან ერთად მოიცავდა ძუძუთი კვების მაჩვენებელს საქართველოში. სამწუხაროდ, ეს მაჩვენებელი მკვეთრად ქვეითდება, რაც ნამდვილად საგანგაშოა. ძუძუთი კვების მაჩვენებლის ქვემოთ დაწევა ნიშნავს ავადობის და, სამწუხაროდ, სიკვდილიანობის სიხშირის ზრდას. ძუძუთი კვება არ არის მხოლოდ საკვები. ამიტომ ჩვენ ამას განსაკუთრებით დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. იმდენად ბევრია მასში ნებისმიერი ტიპის დამცველობითი ნივთიერება, ანტისხეულები, ლიზოცინი, ლაქტოფერინი თუ სხვა, ეს არის პრაქტიკულად პირველი აცრა, რაც შეიძლება ჩვენ შვილებს მივაწოდოთ.


მერი ბლიაძე


694
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი