ყველა მშობელი ცდილობს დაიცვას ბავშვი გაციებისა და ვირუსებისგან, თუმცა ეს არც ისე მარტივია. მშობლებმა ზოგჯერ არ იციან სად უშვებენ შეცდომებს და რას აკეთებენ სწორად. ვირუსის და მაღალი ტემპერატურის დროს, ზოგიერთი ხშირად ისეთ მეთოდს მიმართავს, რომელიც დაუშვებელია. პედიატრმა, თსსუ პროფესორმა მაია ხერხეულიძემ გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა. მათ შორის, როგორ დავიცვათ ბავშვი ვირუსებისგან, ასევე როგორ მოვუაროთ მათ და როგორ ვკვებოთ ავადმყოფობის დროს.
ხველაზე ძალიან კარგად მოქმედებს ოთახის დატენიანება. ხშირ შემთხვევაში ინფექციის და ანთების დროს ვითარდება შიდა სასუნთქი გზების სიმშრალე. ამიტომ თუ ამ დროს ბავშვის ოთახში დამატენიანებელს დავდგამთ, რომელიც უბრალო ჰაერს დაატენიანებს, შესაძლოა მანაც ძალიან შეგვიმსუბუქოს ხველა და სხვა სიმპტომები. ანუ, ძალიან მარტივად, წყლიანი ჯამი შესაძლოა გახდეს ძალიან კარგი საშუალება.
ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ჰიგიენის ნორმების დაცვა. როდესაც ბავშვი ან მოზრდილი ადამიანი არის ავად, ის უნდა დარჩეს სახლში, არ იაროს ქუჩაში, რადგან ავადმყოფობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია დასვენება. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ძილს.
როცა ჰიგიენაზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია ხელების დაბანა. ვირუსული ინფექციები ვრცელდება, მაგალითად, როდესაც ხველის და ცემინების დროს ხელს პირზე ვიფარებთ და შემდეგ ამ ხელს ვართმევთ სხვა ადამიანს, ჩვენ მას პრაქტიკულად გადავცემთ ინფექციებს. ამიტომ ვრცელდება ინფექცია ძალიან სწრაფად. ვირუსების თავიდან ასაცილებლად ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაცია. ვაქცინაცია ეს არის კაცობრიობის უდიდესი მონაპოვარი, რომელმაც საშუალება მოგვცა, ის დაავადებები, რომლებიც შიშის ზარს სცემდა წინა საუკუნეებში კაცობრიობას, საერთოდ აღმოფხვრილიყო. დაავადებები, რომელიც ძალიან რთულად მიმდინარეობდა, მაგალითად, დიფტერია, პოლიომიელიტი, ყივანახველა და ა.შ., პრაქტიკულად აღარ გვხვდება.
როცა ვირუსული ინფექციებისგან დაცვაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება გვერდი ავუაროთ კვების ნაწილს. მნიშვნელოვანია ძუძუთი კვების ხელშეწყობა. გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ წელს ჩატარდა კვლევა, რომელიც სხვა ბევრ პარამეტრთან ერთად მოიცავდა ძუძუთი კვების მაჩვენებელს საქართველოში. სამწუხაროდ, ეს მაჩვენებელი მკვეთრად ქვეითდება, რაც ნამდვილად საგანგაშოა. ძუძუთი კვების მაჩვენებლის ქვემოთ დაწევა ნიშნავს ავადობის და, სამწუხაროდ, სიკვდილიანობის სიხშირის ზრდას. ძუძუთი კვება არ არის მხოლოდ საკვები. ამიტომ ჩვენ ამას განსაკუთრებით დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. იმდენად ბევრია მასში ნებისმიერი ტიპის დამცველობითი ნივთიერება, ანტისხეულები, ლიზოცინი, ლაქტოფერინი თუ სხვა, ეს არის პრაქტიკულად პირველი აცრა, რაც შეიძლება ჩვენ შვილებს მივაწოდოთ.
მერი ბლიაძე