D ვიტამინი ადამიანის ორგანიზმისთვის ერთ-ერთი მთავარი და აუცილებელი ვიტამინია და მისი ნაკლებობა სხვადასხვა დაავადებისა თუ პრობლემის წყარო ხდება. რა იწვევს ყველაზე ხშირად D ვიტამინის ნაკლებობას, თემაზე ენდოკრინოლოგი ნათია ვაშაყმაძე გადაცემაში "პირადი ექიმი" საუბრობს:
- D ვიტამინის დეფიციტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მზის ნაკლებობაა. იმიტომ, რომ მზე ბუნებრივი წყაროა. დღიური მოთხოვნილების დაახლოებით 80-90% სწორედ მზეზე მოდის. ასევე, მზისგან დამცავი კრემები, რომლებსაც ვიყენებთ, აფერხებს D ვიტამინის წარმოქმნას კანში. გარდა ამისა, რაც უფრო მუქია კანი, მით უფრო ძნელად ხდება D ვიტამინის წარმოქმნა. ასევე, ასაკის მატება, დაბერების პროცესია მიზეზი, ეპიდერმისის შრე თხელდება და D ვიტამინის წარმოქმნა ქვეითდება. თირკმლის ქრონიკული დაავადება, ნეფროზული სინდრომები, როგორც წესი, D ვიტამინის დეფიციტს იწვევს. არის მედიკამენტები, რომლებიც მნიშვნელოვნად აქვეითებს აღნიშნული ვიტამინის დონესა და აქტივაციას. ასეთებია გლუკოკორტიკოიდები, ანტიფუნგალური პრეპარატები, სოკოს საწინააღმედგო, ანტირეტროვირუსული პრეპარატები და ასე შემდეგ. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ეს ყველაფერი ექიმმა გაითვალისწინოს და სწორი და ოპტიმალური დოზა იყოს შერჩეული ინდივიდუალურად, თითოეული პაციენტისთვის.